კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ნუ ჩაუჯდები ნავში... ქალს

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-27(914)



– კარგი, ნუ ამოიგდე გული, – ჩაეხუტა იაკო და ცრემლი მოსწმინდა.
– არა, მე არ დამიმთავრებია, – სლუკუნით განაგრძო ირმამ, – მერე ხელში შეგრჩება უსაქმური, უხეში, უზრდელი, უმომავლო და მთელ ქვეყნიერებაზე დაბოღმილი შურიანი ძველი ბიჭი, რომელსაც სინამდვილეში საკუთარი თავიც კი არ უყვარს, საკუთარი დედაც კი ფეხებზე ჰკიდია... მე კი სწორედ ასეთებს ვერ ვიტან ბავშვობიდან და ჩემმა გამოუცდელობამ სწორედ ასეთ ადამიანს გადამყარა...
– გეყოფა-მეთქი! – შეუტია იაკომ, – ლევანი უკვე წარსულია, რომლის გახსენებაც კი აღარ ღირს. შენ ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. ყოველგვარი ლევანისა და მასთან დაკავშირებული ტოქსიკური ისტორიების გარეშე.
ირმას უცებ მოეშვა გულზე და იგრძნო, როგორ ძალიან-ძალიან უყვარდა და. მისი სიტყვებითა და თანადგომით გამხნევებულს საბოლოოდ გამოუკეთდა გუნება და უკვე თითქმის გახალისებულმა, ინტერესით ჰკითხა:
– ეგ როგორ უნდა მოვახერხო?
– როგორ და, უპირველესად, რუხი ფერი არ უნდა მიიკარო არც გარედან და არც შიგნიდან. შეიცვალე დღის რეჟიმი და ცხოვრების წესი. ხომ აღარ გინდა, იყო ნაცრისფერი თაგუნა? ჰოდა, ნუ იქნები, ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული!
– იცი, ჩემი ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ შვილის გაჩენაც კი არ შემიძლია... – ისევ ცრემლი მოადგა ირმას.
– ჯერ ერთი, არც ეგ არის ქვეყნიერების დასასრული – უამრავი ქალი ვერ აჩენს შვილს, მაგრამ ზრდის სხვის გაჩენილს და ცხოვრობს ბედნიერად. მეორეც, ასე დარწმუნებული რომ ხარ შენს უშვილობაში, ერთხელ მაინც თუ იყავი ექიმთან ამ საკითხზე?
– არა...
– აბა, საიდან იცი, რომ შენ ხარ უშვილო? იქნებ ლევანის ბრალია ყველაფერი და აქეთ გაბრალებს, რომ იქით არ გქონდეს პრეტენზია?
– არა მგონია.
– კარგი. მაშინ, ახლავე აიღე ყურმილი, დაურეკე და უთხარი, დავბრუნდები, თუ ჩემთან ერთად ექიმთან წამოხვალ, რომ ერთად გავესინჯოთ უშვილობაზე-თქო და, ვნახოთ, რას გიპასუხებს.
– ეგ ერთხელ უკვე ვცადე, – გამოტყდა ირმა.
– მერე?
– მერე არაფერი. არ წამომყვა – შეწითლებულმა ირმამ თავი ჩაღუნა.
– უფრო ზუსტად? – არ მოეშვა იაკო.
 ირმამ პასუხი არ გასცა და უაზროდ გაიხედა ფანჯარაში.
– მაშინ, მე გეტყვი: ჯერ გაგინა, მერე ხელითაც შეგეხო და სახლიდან გაგდებითა და სახელის გატეხითაც დაგემუქრა. ასე იყო თუ არა?! – აღარ დაინდო იაკომ.
– ჰო, დაახლოებით... – აღიარა ირმამ, მაგრამ თავისდა გასაკვირად, ამჯერად ტირილი არ დაუწყია.
– ამიტომ, – ერთგვარი საზეიმო ხმით გამოაცხადა იაკომ, – ხვალვე მივდივართ კლინიკაში ჩემს ნაცნობ ექიმთან და დავადგენთ, შეგიძლია თუ არა ბავშვის გაჩენა. შენს უკვე ყოფილ ქმარს კი მოსტ...ნია პატრონი!...
– სულ გაგიჟდი, გოგო? რა სიტყვებს ამბობ, არ გრცხვენია? ერთი დედას ან ცხონებულ ბებოს ესმოდეს, კივილით შეძრავდნენ აქაურობას, – თან გაბრაზდა და თან სიცილი აუტყდა ირმას.
– მაცადე, ნუ მაწყვეტინებ! შემდეგ კი დავიწყებ მთავარ საკითხზე მუშაობას – შესაფერისი კანდიდატურა უნდა მოვძებნოთ.
– როგორი, ნორმალური? – გაეცინა ირმას, – აკი ნორმალურები არ არსებობენო?!
– იდეალურები არ არსებობენ, თორემ, საშუალოდ ნორმალურებს ვიპოვით როგორმე, – ოპტიმისტურად გამოაცხადა იაკომ.
– რომ ვერ ვიპოვოთ?
– მაშინ, თვითონ გვიპოვნიან, – ფარ-ხმალს არ ყრიდა იაკო.
– ჰო, გული მიგრძნობს, რომ უკვე დაძრულები არიან ჩვენს საპოვნელად, – დაცინვით თქვა ირმამ.
– რატომაც არა! ისე, მართლა რა მაგარი იქნებოდა, ახლა კარზე ზარი რომ გაისმას და შემოვიდეს ვინმე ძალიან ინტელიგენტი მამაკაცი და მოწიწებით იკითხოს: „უკაცრავად, ირმა აქ ცხოვრობს? რამდენი ხანია, თქვენ გეძებთ და ძლივს მოგაგენით!“
ირმას სიცილი აუტყდა და გამხიარულებული დივანზე გადაკოტრიალდა. იაკომაც მიჰბაძა და ორივე ერთად აკისკისდა. მერე კი მართლაც სასწაული მოხდა – ირმას ტელეფონმა დარეკა. ისევ უცნობი ნომერი იყო და ისევ ლევანი ეგონა, მაგრამ მაინც უპასუხა ზარს და შეტევისთვისაც მოემზადა, თუმცა, ლევანის ცინიკური ტექსტის ნაცვლად, სულ სხვა ფრაზა უთხრა მამაკაცის ხავერდოვანმა ბარიტონმა?
– უკაცრავად, ირმა ბრძანდებით?
– დიახ... – ირმამ გაოცებული შეხედა დას და მხრები აიჩეჩა, – აზრზე არა ვარ, ვინ არისო.
– იმდენი ხანია, გეძებთ, ძლივს მოგაგენით... უფრო სწორად, ძლივს გავიგე თქვენი ტელეფონის ნომერი. პირადადაც შემეძლო დაგლაპარაკებოდით, მაგრამ, რატომღაც, თავიდან ტელეფონით ვარჩიე დაკონტაქტება – ჩემი აზრით, ასე უფრო ადვილი იქნება ორივესთვის...
– კი მაგრამ, ვინ ბრძანდებით? – გაოცება ვერ დამალა ირმამ და სულაც არ უცდია გაკეკლუცება.
– მირიანი ვარ, თქვენი ახალი თანამშრომელი... ალბათ, გახსოვართ.
– ააა, დიახ, როგორ არ მახსოვხართ, – კიდევ უფრო გაუკვირდა ირმას, – ხომ მშვიდობაა, ბატონო მირიან?
– პრინციპში მშვიდობაა, უბრალოდ, აუცილებლად მინდოდა თქვენთან დალაპარაკება და... – კაცმა წინადადება აღარ დაასრულა და ღრმად ამოისუნთქა.
– და? – წაეშველა ირმა.
– და, შეხვედრა, – გაბედა მირიანმა.
მირიანი მართლაც ახსოვდა, მით უფრო, რომ სულ ახლახან გაიხსენა მისი გაუბედავი ყურადღების მცდელობები, მაგრამ, ვერ მიხვდა, რა თამაშს თამაშობდა ეს თითქმის უცნობი მამაკაცი გათხოვილ ქალთან, რომელსაც სამსახურში „უკარებას“ სახელით იცნობდნენ და, სიმართლე რომ ითქვას, აქტიურად არც არავინ ცდილობდა წესიერების გზიდან მის გადაცდენას.
მირიანის მორიდებულობამ ირმა ცელქობის ხასიათზე დააყენა და იქით „შეუტია“:
– რამე საქმე გაქვთ ჩემთან, ბატონო მირიან? თქვით, ნუ გერიდებათ!
– თქვენი ნახვა მინდა, – გადაწყვეტით თქვა კაცმა და პასუხს მორჩილად დაელოდა.
– როდის, ახლავე? – კინაღამ გაეცინა ირმას.
– მე ახლავე თანახმა ვარ, მაგრამ თქვენ, ალბათ, ხვალ უფრო გირჩევნიათ, – შეუთამამდა მირიანი.
– კი ბატონო, ხვალ იყოს, სად შევხვდეთ? – უცბად გადაწყვიტა ირმამ, მერე ყურმილი განზე გასწია დას შეთქმულივით გაუღიმა და ჩუმად უთხრა:
– დაიწყო...
– რა დაიწყო? – ხელის მოძრაობით ჰკითხა იაკომ.
– შენი წინასწარმეტყველება, – ჩურჩულით უპასუხა ირმამ და ისევ მირიანს „მიუბრუნდა“: – კი ბატონო, მოვალ, ეგ კაფე მეც ძალიან მიყვარს, როგორც ჩანს, რაღაც-რაღაცებში ერთნაირი გემოვნება გვქონია.
– მიხარია ამის გაგონება. კარგი, მეტს აღარ მოგაცდენთ. ხვალ საღამოს 7 საათზე გელოდებით. აბა, დროებით, – დაემშვიდობა მირიანი და ჯენტლმენურად დაელოდა, როდის გათიშავდა ყურმილს ქალი.
– თამაში დაიწყო და მე ვიღებ გამოწვევას, – ცოტათი დაბნეულმა და ცოტათი გაღიზიანებულმა თქვა ირმამ, – ვნახოთ, რა მოხდება. ექიმთან ვიზიტი კი ხვალ არ შედგება, მაგისთვის არ მეცლება.
– ექიმი ზეგაც მიგვიღებს, – უპასუხა არანაკლებ გაოგნებულმა იაკომ და გონზე მოსასვლელად ბარიდან ვისკის ბოთლი გამოიღო.
***
ირმამ ყურმილი გათიშა, აჟიტირებული წიოკითა და ხმამაღალი კისკისით წამოხტა და დედის გარდერობს ეცა, მაგრამ იქ შესაფერისი ვერაფერი იპოვა. გაახსენდა, რომ თავისი ტანსაცმლის ძირითადი ნაწილი სახლში ჰქონდა დატოვებული, იქ მისვლა კი, თუნდაც მალულად, გამორიცხული იყო, ამიტომ, სხვა გამოსავალი უნდა მოეძებნა. რამდენიმე წამს დაფიქრდა, მერე კი ისე შეხედა გაოცებულ დას, რომელიც კუდში დასდევდა და ეკითხებოდა, გამაგებინე, რა მოხდაო, თითქოს ახლა პირველად დაინახა და საბრალობელი ხმით უთხრა:
– ახლა შენ თუ მიშველი, თორემ დაღუპული ვარ.
– აღარ მეტყვი, რა მოხდა? – იკივლა მოთმინებიდან გამოსულმა იაკომ.
– მგონი, შენი წინასწარმეტყველება იწყებს ამოქმედებას, – საიდუმლო ჩურჩულით უპასუხა ირმამ და ჯინსი ამოიცვა.
– რა წინასწარმეტყველება? – ვერ მიხვდა იაკო, – და, საერთოდ, სად მიდიხარ ამ შუაღამისას?
ირმამ მხოლოდ ახლა გაიხედა ფანჯარაში, რომლიდანაც უკუნი სიბნელე მოჩანდა, რადგან ფანჯარა მთის ფერდობს გასცქეროდა, სადაც ჯერჯერობით ერთი სახლიც კი არ იყო ჩადგმული და ამიტომ იქ ძალიან ბნელოდა. სინათლის სხივსაც რომ ვერ მოჰკრა თვალი, კედელზე დაკიდებულ საათს შეხედა და გაოცებისგან წარბები აზიდა:
– არ არსებობს... უკვე თორმეტი ხდება?
– არსებობს, არსებობს! ახლა კი დაუბრუნდი რეალობას და დაწვრილებით მომიყევი, ვინ დაგირეკა და რატომ ამოვარდი კანიდან, – მკაცრად მოითხოვა იაკომ.
ირმა საბოლოოდ გამოფხიზლდა, სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და დას ძალიან დინჯად, სახეზე გაოცებააკრული ღიმილით ჩააბარა ანგარიში:
– დამირეკა მირიანმა და შეხვედრა მთხოვა... – მერე იმდენი კითხვის ნიშანი დაინახა იაკოს თვალებში წითლად და მწვანედ ანთებული, რომ საბოლოო კაპიტულაციის ნიშნად ორივე ხელი თავს ზემოთ ასწია და თვალების ეშმაკური ციმციმით განაგრძო: – ჰო, კარგი, გავიგე, თვალებზე დაგეწერა კითხვები. ამიტომ, განვაგრძობ ინფორმაციის მოწოდებას: მირიანი არის ჩვენი ახალი თანამშრომელი, დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც ორი თუ სამი თვის წინ გადმოიყვანეს ჩვენთან – უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. რაც შეეხება ანკეტურ მონაცემებს, ჩვენი ინსტიტუტის ჭორბიუროს მონაცემების თანახმად, არის 42 წლის, ცოლს ათი წლის წინ გაეყარა; ჰყავს ერთი ქალიშვილი, სტუდენტი, რომელიც ევროპის რომელიღაც ქვეყანაში სწავლობს; ყოფილი ცოლი მეორედ არის გათხოვილი. თვითონ მირიანი მარტო ცხოვრობს პატარა, კერძო სახლში, მთაწმინდაზე. ჰყავს მანქანა და ბაბუასეული სახლი, თუ არ ვცდები, იმერეთში... მგონი, სულ ეს არის, რაც მასზე ვიცი, – მხრები აიჩეჩა ირმამ, დას დამნაშავესავით შეხედა თვალებში და ღიმილით დაამატა, – მგონი, ამომწურავი ინფორმაციაა.
– არა, მაგ ინფორმაციას კიდევ ბევრი მონაცემი აკლია.
– მაგალითად?
– გაუკვირდა ირმას.
– მაგალითად, წონა, ფეხის ზომა, სექსუალური ორიენტაცია, ამჟამად ჰყავს თუ არა საყვარელი, რამდენი კბილი აქვს დაბჟენილი, უყვარს თუ არა ბაზარში სიარული, როგორი სიმთვრალე აქვს, ხომ არ წერს ლექსებს, რომელ სიმღერას ღიღინებს ბანაობის დროს, თვითონ ირეცხავს თუ არა წინდებს, როგორი მუსიკა უყვარს, როგორ სწავლობდა სკოლაში, როგორია საწოლში, აქვს თუ არა იუმორის გრძნობა. ხვრინავს თუ არა ძილში, ეხერხება თუ არა მზარეულობა, დადის თუ არა ბოზებში, გააქვს თუ არა ნაგავი... – ისე შეიჭრა იაკო როლში, რომ სუნთქვა შეეკრა და ძლივს ამოისუნთქა.
ირმას სიცილი აუტყდა და ვითომდა გულდაწყვეტით თქვა:
– ეგ ყველაფერი ჩემთვის უცნობია. მე მხოლოდ ის ვიცი, რაც გოგოების ერთმანეთთან გადაჩურჩულებასა და აზრთა ურთიერთგაზიარებისას მოვკარი ყური. არადა, მეგონა, რომ ჩემამდე მოღწეული ინფორმაცია თითქმის ამომწურავი იყო. როგორც ჩანს, დაზვერვა მოიკოჭლებს. მოკლედ, ყველა სფეროში არაპროფესიონალები მუშაობენ და იმიტომაც არის ქვეყანა კარგ დღეში!
ახლა იაკოს აუტყდა სიცილი:
– ეგაა, გოგო, არაპროფესიონალიზმი?! დარწმუნებული ვარ, ეგ ინფორმაცია მეორე დღესვე ჰქონდათ; თანაც შენს ყურამდე რაც მოვიდა, ალბათ, ათი იმდენი თავისთვის შეინახეს – რა იცი, რაში გამოადგებათ! უცოლო კაცი, კარგი გარეგნობით, შეძლებული, კარგი სამსახურით, კარგი წრით, ინტელექტუალი... რომელი ქალი არ შეცდება?! მაგრამ, იცი, რა მაინტერესებს? შენგან რა უნდა...
– რატომ, ასეთი საშინელი ვარ? – ცოტათი ეწყინა ირმას.
– საშინელი კი არა, გათხოვილი ხარ. თან, ვინ რა იცის, რა კრეტინი და ნაძირალა ქმარი გყავს, ყველას ბედნიერი ცოლი ჰგონიხარ. თანაც, შენი კრისტალივით სუფთა რეპუტაცია...
– ააა, – შვებით ამოისუნთქა ირმამ, – მე მეგონა, ის გაგიკვირდა, რომ ვიღაცას მოვეწონესავით.
– ეს „ვით“ რაღა იყო?
– ის იყო, რომ ჯერ არ ვიცი, რატომ უნდა ჩემთან შეხვედრა, – მართლა მოვეწონე  თუ რამე უფრო შორსმიმავალი მიზნები აქვს.
– შენთან რა შორსმიმავალი მიზნები უნდა ჰქონდეს, პრეზიდენტის ცოლი ხარ, პრემიერის თუ მინისტრის? და, საერთოდ, რატომ გაქვს იმის კომპლექსი, რომ, არ შეიძლება, კაცს მოეწონო? დარწმუნებული ვარ, იმ იდიოტმა ლევანმა დაგაკომპლექსა.
– იაკო, – მცირეოდენი ჩაფიქრების შემდეგ მიმართა ირმამ დას, – ძალიან გთხოვ, ასე აღარასოდეს მოიხსენიო ლევანი.
– აბა, როგორ მოვიხსენიო, ვაქო და ვადიდო? – აღშფოთდა იაკო.
– საერთოდ ნუ ახსენებ, დაივიწყე, რომ არსებობს.
– რატომ იცავ? – ისევ გაბრაზდა იაკო, – ცოტა ტკივილი და დამცირება მოგაყენა? ყველაფერი ხახვივით შერჩა და ჩემს სახლშიც აღარ ვუწოდო იდიოტი? თუ გულის სიღრმეში მაინც გიყვარს და ისევ აპირებ იმ... მასთან შერიგებასა და ყველაფრის პატიებას?
– არაფერსაც არ ვაპირებ, მაგრამ, რაღაცნაირად, არ მსიამოვნებს ასეთი ეპითეტებით მისი შემკობა, ასე თავს უფრო დამცირებულად ვგრძნობ. უფრო მეტიც, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მეც არ ვარ მასზე ბევრად უკეთესი... არ ვიცი, როგორ აგიხსნა, მაგრამ, მისი ამგვარი ლანძღვით გულს კი არ ვიფხან, უფრო ვღიზიანდები, ოღონდ, საკუთარ თავზე... მოკლედ, თუ ჩემი ხათრი გაქვს...
– კარგი, გავიგე. მაქსიმალურად შევეცდები, აღარ ვახსენო და, თუ ეს მაინც მომიწევს, მხოლოდ სახელით მოვიხსენიო, – უკან დაიხია იაკომ, თუმცა სახეზე მაინც ეტყობოდა სიბრაზე, – ახლა კი მთავარ თემას დავუბრუნდეთ: მე რით შემიძლია დახმარება?
– რით და, დილითვე ან მაღაზიაში უნდა წამომყვე ტანსაცმლის საყიდლად, ან შენი გარდერობიდან უნდა მათხოვო რამე, – მაშინვე გადაერთო ირმა უფრო სასიამოვნო თემაზე, – სასურველია, სპორტული.
– რატომ სპორტული? ცოტა „პრაზნიჩნი“ კაბა ან შარვალი არ ჯობია? რაც არ უნდა იყოს, პირველი პაემანია. თანაც, ჩემი აზრით, ჯობია, ჩემთან წამოხვიდე და ჩემი გარდერობიდან შეარჩიო რამე.
– მაღაზია რატომ არა?
– იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ძვირი დაგიჯდება, თანაც, ბევრი დრო დაგეხარჯება... ჰო, რატომ მაინცდამაინც სპორტული-მეთქი?
– არ ეგონოს, რომ მის გამო კანიდან ამოვძვერი და „საკუბოვედ“ გამოვიპრანჭე, – გაიცინა ირმამ, – ხომ შეიძლება, თავში აუვარდეს და მერე ამბიციები გაუჩნდეს?
– ბრძენი ქალი ხარ, მე მაგდენი არ მიფიქრია; მაგრამ, არც ის ივარგებს, ჰიპივით მიხვიდე, რამე შუალედური უნდა შეარჩიო.
– ასეც ვაპირებ, – თქვა ირმამ და უცბად დასერიოზულდა.
– რა დაგემართა? – შეცბა იაკო.
– არაფერი, – ამოიოხრა ირმამ, – უბრალოდ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე ადვილად და ასე მალე გადავიტანდი ქმრისგან წამოსვლას.
– მეც, – დაეთანხმა და.
– თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი ახსნაც და გამართლებაც, – ჩაილაპარაკა ირმამ.
– რა თქმა უნდა, – ისევ დაეთანხმა იაკო, – მაგრამ ძალიან გთხოვ, თავის გამართლება არ დაიწყო, თორემ მართლა გავგიჟდები!
– კარგი, თავს არ გავიმართლებ, მაგრამ ახლა ძალიან მომინდა, შენთან მაინც ვიყო ბოლომდე გულწრფელი.
– გისმენ, – თანაუგრძნობით შეეხმიანა იაკო.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3