კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ზურაბ ჯორბენაძე: „თუ ცვლილებები არ განხორციელდა, კიდევ ათი წელიწადი ასეთ ნაგავში ვიქნებით”

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი, პოლიტიკური პარტია „საქართველოს“ წარმომადგენელი, ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძეა.
ზურაბ ჯორბენაძე: ბოლო ოცი წლის განმავლობაში ერთ წრეზე ვტრიალებთ. ყველა ხელისუფლება, რატომღაც ყველაფერს თავიდან იწყებს და სამართლებრივი ინსტიტუტები გამუდმებული რეფორმების რეჟიმშია. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში სრული ნიაღვარი და სერიოზული პრობლემებია. სამართლიანი სახელმწიფოს არსი ორ საკითხში მდგომარეობს: ადამიანის ძირითადი უფლებების დაცულობა და სამართლებრივი ინსტიტუტების სანდოობა, რაც სამართლიანობის განცდას ქმნის. ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის განცდა ნულს ქვემოთაა და სამართლებრივი ინსტიტუტები ყოველთვის ხელისუფლებას ემსახურება. ჩვენს ქვეყანაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება – სამივე შტო უკუღმაა მოწყობილი. ყველა ახალი ხელისუფლება, მათ შორის „ქართული ოცნებაც“, მოსვლის შემდეგ ერგება სამართლებრივ ინსტიტუტებს და შემდგომ თავის სასარგებლოდ ამუშავებს მას. როცა ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ძალიან კარგად იცოდნენ, რა სამართლებრივ პრობლემასთან გვქონდა საქმე და რა უნდა გაეკეთებინათ. მათ უნდა შეეცვალათ მთელი საკადრო შემადგენლობა, გარდა ამისა, პროკურატურა არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, ის უნდა იყოს სასამართლოს კონტროლის ქვეშ. ამის ნაცვლად სასამართლოშიც და პროკურატურაშიც კლანები ჩემ თვალწინ დალაგდა. ნაციონალების დროს მთავარი მაკონტროლებელი ადეიშვილი იყო, ის ყველაფერს კეზერაშვილის მეშვეობით ახორციელებდა და ამას სასამართლო „აპრავებდა“, მიხეილ ჩინჩალაძის მეშვეობით. „მუსიკის ავტორი“ კუბლაშვილი და ლევან მურუსიძე იყვნენ. მურუსიძეს ჰქონდა პატარა კლანი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ასე მოერგო „ქართული ოცნება“ სასამართლოსა და პროკურატურას. დაწინაურდა ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც ხალხს ფულს, ქონებასა და ბიზნესს ართმევდა და ატერორებდა – კეზერაშვილის ფრთა. პრაქტიკულად, პროკურატურის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა. სასამართლო სისტემაში გაძლიერდა მურუსიძის კლანი, რომლისთვისაც სამართლიანობა კი არ არის მნიშვნელოვანი, მათთვის მთავარი ღირებულება საკუთარი კეთილდღეობაა. ახლა ქვეყნის დამაქცეველი მოსამართლეები უვადოდ არიან დანიშნულები. თუ წულუკიანი იუსტიციის მინისტრად დარჩა და სისტემაში არაფერი შეიცვალა, პროკურორი ყოველთვის ერთი ნიშნით იქნება გამორჩეული – ის დაემორჩილება ქვეყნის მთავარ ბატონ-პატრონს – ბიძინა ივანიშვილს. თუ არაფერი შეიცვლება, შედეგად მივიღებთ საზოგადოების ძალიან მაღალ პროტესტს, რამაც შეიძლება, ქვეყნის დესტაბილიზაცია და უმართავი პროცესები გამოიწვიოს. თუ ცვლილებები არ განხორციელდა, ჩვენ კიდევ ათი წელიწადი ასეთ ნაგავში ვიქნებით.
– თქვენ რატომ იმსახურებთ მხარდაჭერას?
– მე შედეგის მისაღწევად სამართლებრივი ბრძოლა, ანუ არჩევნების გზა ავირჩიე. ჩემთვის არც თანამდებობას აქვს მნიშვნელობა და არც ფულს, მთავარი ქვეყანაში სამართლებრივი ინსტიტუტების გასუფთავებაა, იმისთვის, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ. თუ მე მთავარი პროკურორი გავხდები, ვიქნები შეუვალი, ობიექტური და სამართლიანი. მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც სპეციალური პროგრამა აქვს შედგენილი.
პროგრამის მიზანი: წარმოდგენილი პროგრამის მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს პროკურატურის სისტემასა და სასამართლოში შექმნილი ძირითადი სამართლებრივი ხარვეზები და სისტემური პრობლემები. ფაქტია, რომ სისტემა უნდა გაჯანსაღდეს და მოსახლეობას დაუბრუნდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, პროკურატურის მიმართ.
აუცილებლად მიმაჩნია:
1. პროკურატურაში განხორციელდეს საკადრო ძირეული ცვლილებები, რისთვისაც ქვეყანაში ინსტიტუციურ დონეზე უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც არ იქნება ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომლის ხელმძღვანელსაც შეარჩევს და მაღალი ლეგიტიმაციით დანიშნავს საქართველოს პარლამენტი და ეს საგამოძიებო ორგანო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის მიმართ. მას უნდა დაევალოს, გამოძიებულ იქნას 2003-2012 და 2012-2018 წლებში პროკურორების, მოსამართლეების, პოლიციელების, მაღალი რანგის სახელმწიფო  მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულები.
2. პროკურატურის სისტემაში მოძიებულ უნდა იქნას 2003-2012 წლებსა და 2012-2018 წლებში მოქმედი პროკურორების მიმართ შეტანილი საჩივრები და განცხადებები, რომელთა შესწავლაც უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში და მეორე მხრივ, ახლად შექმნილ საგამომძიებლო ორგანოებში და ყველა ამ მოქმედ პროკურორს უნდა შეუჩერდეს  უფლებამოსილება, მათი საქმის შესწავლისა და გამოძიების დასრულებამდე.
3. ინსტიტუციურად პროკურატურა უნდა დაუბრუნდეს სასამართლო კონტროლის სფეროს და ამ მიზნით შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებში.
4. დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ ცალკე უნდა გამოიძიოს პოლიციელების, გამომძიებლებისა და შსს სხვა მაღალჩინოსნების მიმართ 2003 წლიდან დღემდე შეტანილი განცხადებები და საჩივრები და ამ საჩივრებისა და განცხადებების შესწავლამდე ყველა პოლიციელს, გამომძიებელსა და თანამდებობის პირს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება.
5. ძირეულად შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, მანამდე დათხოვნილი უნდა იქნას იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობა. ახალი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს მაღალი ლეგიტიმაციით, რის შემდეგაც შესწავლილი უნდა იქნას 1999 წლიდან 2012 წლამდე, ეგრეთ წოდებულ, „მიხეილ სააკაშვილის რეფორმიდან“, 2012 წლიდან დღემდე მოსამართლეების მიმართ შეტანილი განცხადებები და საჩივრები. ასევე, შესწავლილი უნდა იქნას იმ  მოსამართლეების საქმიანობა, რომლებმაც განიხილეს გახმაურებული საქმეები და რომელთა მიმართაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი პრეტენზიები და მათი საქმეების შესწავლის ეტაპზე ყველა მოსამართლეს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება.
უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი და უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეები დაინიშნონ ხელახალი ათწლიანი ვადით.
6. იუსტიციის მინისტრს ინსტიტუციურად არ უნდა ჰქონდეს პროკურატურაზე ზედამხედველობის ფუნქცია და მთავარი პროკურორის წარდგენის უფლება. პროკურატურაზე ზედამხედველობის ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს სასამართლოს, ხოლო მთავარი პროკურორის შერჩევისა და წარდგენის წესი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა შეარჩიოს არა იუსტიციის მინისტრმა და საპროკურორო საბჭომ, არამედ საზოგადოების ცნობილი ადამიანებისგან, იურისტებისგან, პარლამენტისგან და პრეზიდენტისგან შექმნილმა მაღალი ლეგიტიმაციის სათათბირო ორგანომ და უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, პარლამენტის შემადგენლობის სამი მეოთხედის უფლებით.
7. ახლად შექმნილ საგამომძიებლო ორგანოს გადაეცეს გამოსაძიებლად ზვიად გამსახურდიას მკვლელობის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობისა და სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიება, რომელთა მიმართაც საზოგადოება  აშკარა უკმაყოფილებას გამოთქვამს. ყველა ამ საქმეში მონაწილე გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი, რომელთა მიმართაც არის საფუძვლიანი ეჭვი, გამოძიების დამთავრებამდე უნდა იქნენ გადაყენებული.
წარმოდგენილი პროგრამა არის არა მარტო კომპეტენტური და გამოცდილი იურისტის მოსაზრება, არამედ ეს არის უსამართლობისგან შეწუხებული ქვეყნისა და ხალხის გულშემატკივარი ადამიანის სურვილი და იმედი მაქვს, რომ ფართო საზოგადოება პროგრამაში ამოიკითხავს თავის გულისტკივილს და იმ ძირითად პრობლემებს, რის გამოც საზოგადოება გამოხატავს სამართლიან პროტესტს.
скачать dle 11.3