კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რით დასრულდება მოსკოვ-ანკარის „ჩალიჩი“ და დარჩება თუ არა შავი ზღვა რუსეთ-თურქეთის ტბად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ჩვენს მეზობელ თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გასრულდა და ერდოღანი ისევ პრეზიდენტია, ხოლო უმრავლესობაში ისევ მისი პარტიაა. ცხადია, რომ კვლავაც თურქეთის პრეზიდენტს თავისი გეგმები აქვს და მკვეთრი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება, რის გამოც მან ლეგიტიმაცია  გაიმყარა. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თურქეთი „ნატოდან“ გამოვიდეს ან უფრო სარფიანად ივაჭროს დასავლეთთან, მით უფრო, რომ შავი ზღვის სრუტეებს თურქეთი აკონტროლებს. ამასობაში, თურქეთსა და რუსეთს შორის დიდი სიამტკბილობაა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ, თურქეთსა და „ნატოს“ შორის განხეთქილების შემთხვევაში, შესაძლოა, „ნატოს“ ხომალდებს შავ ზღვაში შემოსასვლელად პრობლემები შეექმნას. ეს კი ჩვენთვის, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ სასიამოვნოა. აპირებენ და შეძლებენ თუ არა თურქეთი და რუსეთი შავი ზღვის დასაკუთრებას და საქართველოს იზოლირებას? – ამ თემას ნოდარ ნათაძესთან ერთად განვიხილავთ.
ნოდარ ნათაძე: პროცესი აბსოლუტურად კანონზომიერია. რუსეთი და თურქეთი დღეს არიან გადაბმული ძმები და ორივენი ერთად მარცხდებიან.
– კანონზომიერი რატომ არის?
– იმიტომ რომ მიმდინარეობს მსოფლიო ომი და არის ორი ბანაკი. ერთია დასავლეთი, „ნატო“ მთლიანად და მისი მთავარი რეზერვი სამხრეთ ამერიკა და მეორეა – ჩინეთი პირველ ნომრად, რუსეთი – მეორე ნომრად და ისლამური სახელმწიფოების უმრავლესობა – მესამე ნომრად. ომი ჯერჯერობით ცივად მიმდინარეობს, მაგრამ როდის გაცხელდება, არავინ იცის. დასავლეთის სტრატეგია, რომელსაც ახორციელებს შეერთებული შტატები, ასეთია: ხდება ფრონტის გადატანა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ანუ დღეს ჭიდაობენ იმაზე, თუ ვინ შეასწრებს ცენტრალურ აზიაში.
– ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები ამის გამოხატულებაა?
– ახლო აღმოსავლეთში უმწვავესი დაპირისპირება არის ამის ერთ-ერთი გამოვლენა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ დასავლეთს უნდა, თავისი პოზიციები ცენტრალური აზიისკენ გადაიტანოს და იქ ჩინელებს შეასწროს. რაკი თურქეთმა ასეთი პოზიცია დაიჭირა, კანონზომიერია, რომ ამას, ალბათ, თურქეთში დამოუკიდებელი ქურთისტანის წარმოშობა მოჰყვება.
– იმიტომ უპირისპირდება აშშ-ს ერდოღანი?
– რასაკვირველია, ყველამ ყველაფერი იცის, ოცდამეერთე საუკუნეა და ბუზიც კი აღარ ჯდება ბუზის საკლავზე, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ პუტინმა ბლეფობით შეუქმნას თურქეთს შთაბეჭდილება, რომ მათ რუსეთთან ერთად შეუძლიათ ამ სიტუაციის მოგება. სინამდვილეში, არ შეუძლიათ. პუტინი დამარცხებული ფიგურაა და პოტენციალში თურქეთიც დამარცხებულია. დედამიწაზე უკვე შეიქმნა ერთი დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფო ერაყში და შეიქმნება სხვაც. კერიმ ერთი ძალიან ბრძნული ნაბიჯი გადადგა: მან დაიწყო ქურთების შეიარაღება და მათ პოტენციურ ძალას უფრო და უფრო ზრდის. აშშ-მა მიაღწია იმას, რომ ერაყში არსებობს დამოუკიდებელი ქურთისტანი და მას სხვა ტერიტორიებიც მიემატება. მე რომ ოფიციალური პირი ვიყო, ამდენის ლაპარაკის უფლება არ მექნება, ახლა შემიძლია, ვილაპარაკო თავისუფლად, რადგან არ ვარ ოფიციალური ფიგურა. ჩემი პროგნოზით: სირიაში არის ომი, ერთი მხრივ, რუსეთსა და, მეორე მხრივ, შეერთებულ შტატებს შორის და დემონსტრირებულ იქნა შეერთებული შტატების უპირატესობა. 60 წამის განმავლობაში ამერიკელებმა გაანადგურეს რუსული ტანკების კოლონა ისე, რომ არც ერთი რაკეტა მიზანს არ ასცდენია. პუტინის პოლიტიკა იმის იქით ვერ მიდის, რომ თავის მრევლს, ანუ ეგრეთ წოდებულ ვანკას, რუსეთის მასას, თავისი ძალა უჩვენოს. მის პოზიციას რუსეთში ჯერჯერობით მხოლოდ ეს ამაგრებს, თორემ განვითარებულმა რუსმა, ანუ თვალღია რუსმა, უკვე იცის, რომ პუტინს პერსპექტივა არ აქვს. პუტინი ჩვენი დაუძინებელი მტერია და მგონი, სიმულანტობს უფრო საშინელი ნაბიჯებისთვის მზაობას.
– ჩვენთან თუ ზოგადად?
– სიმულანტობა სჭირდება ვანკასთვის. როგორ მოახერხა პუტინმა, სობჩაკის შტაბის თანამშრომელმა, ელვისებური კარიერით გამხდარიყო რუსეთის პირველი კაცი?! – რუსებს ჩაუნერგა იმედი, რომ მათი იმპერიის აღდგენა შესაძლებელი იყო. მე ამის მოწმე ვარ: 1993 წელს, პარლამენტის წევრი ვიყავი. შევარდნაძე წავიდა ელცინთან მოსალაპარაკებლად და რამდენიმე კაცი წაგვიყვანა. შევარდნაძე და ელცინი ცალკე ლაპარაკობდნენ, ჩვენ სხვაგან ვიყავით, ოღონდ კრემლშივე. იქ გამიხმო რუსმა დიპლომატმა, რომელიც მოლაპარაკებათა რაუნდებზე რუსეთს წარმოადგენდა და იცოდა ჩემი ძალიან მტკიცე პოზიცია. მან მითხრა: ჩვენ დავკარგავთ ჩრდილო კავკასიას, მაგრამ თქვენ მათთან ომი გექნებათო. ესე იგი, ეს მათაც იცოდნენ, მაგრამ პუტინმა ჩაუნერგა იმედი, რომ გადაარჩენს რუსეთის „დერჟავას“ და რუსეთი დარჩება იმპერიად. ამ ბოლო მოვლენებმა ყველა რუსს, ვანკას გარდა, აჩვენა, რომ ეს იმედი ამაოა, ამიტომ ახლა რუსეთის ოდნავ მაინც თვალღია წრეები უკვე ემიჯნებიან პუტინს, ჯერჯერობით დაფარულად, მაგრამ ეს აშკარა გახდება.
– სანამ ისინი პუტინს გაემიჯნებიან და ყველას რუსს აეხილება თვალი, მანამდე მას ჩვენთვის ბევრის დაშავება შეუძლია.
– ჩვენთვის შეუძლია, მაგრამ ამას მსოფლიო არ დაუშვებს. ცალმხრივად ჩანს, რომ რუსეთის მიზანია ჩვენი დაპყრობა, ოღონდ მინიმუმი, რომლის მიღწევის იმედი მას აქვს, არის ის, რომ რუსეთი გახდება ამიერკავკასიის მეოთხე სახელმწიფო, ანუ რაღაც პოზიციას დაიტოვებს ამიერკავკასიაში. მე ვმუშაობდი მეცნიერებათა აკადემიის საშეფო კომისიაში, რომელიც ზრუნავდა საინგილოს ქართულ სკოლებზე და მახსოვს მათი ასეთი მცდელობა. ინგილოების რაიონებში მოსახლეობის უმრავლესობა ჩასახლებული ლეკებია. რუსებმა ლეკების პირით შემოგვიცურეს ასეთი წინადადება: თქვენ ქრისტიანული ქვეყანა ხართ, საინგილოს ტერიტორიას არავინ მოგცემთ, ჩვენ მუსლიმანები ვართ, მოდი, ვიბრძოლოთ, რომ საინგილო შეუერთდეს დაღესტანს. მათ უნდოდათ, რომ რუსეთს დაკანონებული პლაცდარმი დარჩენოდა სამხრეთ კავკასიაში და რუსეთი გამხდარიყო ამიერკავკასიის მეოთხე სახელმწიფო. ჩვენ, რა თქმა უნდა, წავუყრუეთ. ახლა რუსეთში, არავანკებში უკვე გულუბრყვილობად ითვლება პუტინის მომხრეობა და მასზე იმედის დამყარება.
– მაგრამ არავანკა ხომ ცოტაა რუსეთში დღეს?
– არავანკა ბევრია, რუსეთის ეკონომიკური წრეებისთვის კომუნიზმის ერთადერთი მომუშავე ლოზუნგი, „დავეწიოთ და გავუსწროთ კაპიტალისტურ ქვეყნებს“, აღარ არსებობს, იმიტომ რომ არარეალისტურია.
რუსეთს საქართველოში სასტიკი პოზიციები უჭირავს: ცხინვალი და აფხაზეთი და ორივეგან განლაგებული აქვს „ისკანდერები“ – დღეს რუსეთის ყველაზე სრულყოფილი რაკეტა. მაგრამ ეს დასავლეთსაც ესმის, ამიტომ რუსეთის ამ ტერიტორიებზე ბატონობის ყველა ფორმა დაწუნებულია იურიდიულად და პოლიტიკურად. მათ საქართველოს ტერიტორიაზე არც „ისკანდერებს“ შეარჩენენ და არც სამხედრო ნაწილების ყოფნას. სუფთა სტრატეგიულად, ამის საშუალება დღეს აქვს დასავლეთს. ეს ცნობილია. ასე რომ, ამ რუსულ-თურქულ ჩალიჩს პერსპექტივა არ აქვს.
მთელი ამ „ჩალიჩის“ პასუხად ამერიკელებმა სტაბილურად განალაგეს თავიანთი ფლოტი შავ ზღვაზე, ძირითადი ძალა „ნატოს“ წევრ რუმინეთსა და ბულგარეთში, მაგრამ ფოთშიც დააყენეს ძალიან ძლიერი გემი, რაკეტების გზის მომჭრელი დანადგარით, ანუ ეს არის ანტისარაკეტო გემი. მე ამას ასე ვაფასებ: მოხდა ისტორიული აქტი, შავი ზღვა გათავისუფლდა რუსულ-თურქული ტბის სტატუსისგან.
– მაგრამ სრუტეებს ისევ და მაინც თურქეთი აკონტროლებს.
– ერთი საიდუმლოა, რომელსაც ძალიან ცოტა ითვალისწინებს: ვიცით, რომ აჭარაში იდგნენ თურქები, რუსები მაშინაც თურქების გადაბმული მეგობრები იყვნენ და 1921 წელს რომ შემოვიდნენ და დაიპყრეს საქართველო, ბათუმის პორტების ხელის ხლება რუსებს არ უნდოდათ, იმიტომ რომ იმათი მეგობრები იყვნენ და შეთანხმდნენ. რუსეთის მხრიდან იყო სერგო ქავთარაძე, სტალინის პირადი მეგობარი და აქეთ იყო ქართული სარდლობა. რუსები გაჩერდნენ და ქართულ ჯარს გაადევნინეს ბათუმიდან თურქები. ანუ ქართველმა ჯარმა გაანადგურა თურქები ამ პორტებში და აიღო ბათუმი.
– დიახ. ჩვენ ვიომეთ აჭარისთვის.
– ეს იყო პირველი ნაბიჯი. მეორე ის იყო, რომ რუსული მეთერთმეტე არმია ჩაერია საქმეში და უკვე ქართველები განდევნა ბათუმიდან. ამ ბრძოლაში ქართველების მხრიდან პაპაჩემის ბიძა იღებდა მონაწილეობას, გვარად ხმიადაშვილი, ოფიცერი. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქართველმა არტილერისტმა კაპიტანმა მახარაძემ და რუსებმა ის ბათუმის აღებისთანავე დახვრიტეს. ეს ფაქტი ოფიციალურ ისტორიაში არ ფიგურირებს, ამიტომ თურქეთს მიაჩნია, რომ აჭარა აღებული აქვს კანონიერად და უნდა ბატონობდეს იქ. ქართველ დიპლომატებს კი არც ცოდნა აქვთ, არც ნამუსი, არც ერთგულება, არც პიროვნული ძალა, რომ ამას შეეწინააღმდეგონ. განაცხადონ ეს ფაქტი და მსოფლიოს წინ დაუდონ. ეს ამბავი გაკვრითაა ნახსენები ქუთათელის რომანში „პირისპირ“.  თუმცა თურქეთის მიერ აჭარაზე პრეტენზიას დასავლეთი არ შეურიგდება და შავ ზღვაზე რომ დღეს დასავლეთი ბატონობს და არა რუსეთი, ესეც ცნობილია.
სხვათა შორის, თურქეთი რომ „ნატოს“ მხარეზე იყო და იქით რუსული ფლოტი იდგა, თურქეთის ფლოტმა ძალიან მალე, რა თქმა უნდა, დასავლური დახმარებით, საცეცხლე ძალით გადააჭარბა რუსულ ფლოტს. აი, ახლაც, მე ასე ვატყობ, დასავლური ფლოტი, რომელიც შავ ზღვაში იმყოფება, ორიენტირებულია იმაზე, რომ რუსულ ფლოტს საცეცხლე ძალით გადააჭარბოს.
– შავი ზღვის სრუტეების კონტროლით თურქეთს რა სიურპრიზების მოწყობა შეუძლია „ნატოსთვის“?
– სტალინის დროს, საქართველომ რომ განაცხადა პრეტენზია ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე, ოთარ გიგინეიშვილი იყო უჭკვიანესი კაცი და საბჭოთა კავშირის ყველაზე უფრო კომპეტენტური ექსპერტი თურქეთის საკითხებში.
– მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
– ის მუშაობდა სტაჟიორად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რა თქმა უნდა, მუშაობდა თურქეთზე და პირადად მითხრა, სტალინს არ აინტერესებდა ჩვენი ტაო-კლარჯეთი, მას ჰქონდა ერთადერთი მიზანი – სრუტეები, მაგრამ მაშინ ვერ ჩაკეტა. ახლა კი, მგონი, საქმე იქითკენ მიდის, რომ ამ სრუტეების გასაღები თურქებს აღარ ექნებათ.
პუტინსაც სრუტეებზე უჭირავს თვალი, რომ შავი ზღვა „ნატოსთვის“ ჩაკეტოს?
– რასაკვირველია, ეს საოცნებოა მათთვის. მაგრამ ამას უკვე მესამე მსოფლიო ომის მიმდინარეობა ძალთა შეფარდებით გასცდა. დღეს, დღევანდელი საზომებით, შუა აზიაში გასვლის დასავლური გეგმა განხორციელდება. სხვათა შორის, რუსები ძალიან მსუბუქად ლაპარაკობენ ჩინურ შეღწევაზე, თუმცა შორეული აღმოსავლეთი, ფაქტობრივად, ჩინელებმა აითვისეს. მაგრამ ამას რუსეთში ტრაგიკულად არ განიცდიან. რატომ? იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ისინი თავიანთ იდენტობას გრძნობენ ჩინელებთან და არა – დასავლეთთან. და კიდევ არის ერთი ობიექტური გარემოება: ჩინეთი არ ჩქარობს ომის დაწყებას. 50 წელიწადი მაინც ჩინეთს ხელი არ გაქცევია ომის დასაწყებად. მას ჯერ ძალიან დიდი დე-ფაქტო პოზიციების მოპოვება უნდა. ამდენად, დღეს უცნობი, ანუ იქსი არის ჩინელი ერის, ჩინელი ხალხის, ჩინური რასის პოტენციალი – გონებრივი და სამრეწველო. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს წყვეტს ადამიანთა გონებრივი უნარი და ჩინელების გონებრივი უნარის ზომა-წონა, ამ მიმართულებით, ობიექტურად დანახული არ არის. არ ვიცით, რა ტემპით იმოძრავებენ ისინი შეიარაღებისა და სტრატეგიული აზროვნების სფეროებში. ეს არის იქსი, რომელზეც დამოკიდებულია მსოფლიო ისტორიის ბედი. ისე კი, დასავლური პოტენციალი ჩინურს გადააჭარბებს, მაშინ, როდესაც სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა უკვე იქნება დასავლეთის რეზერვში. დღეს ესფსიქოლოგიურად არ არის.
– თქვენი ვარაუდით, ერდოღანი რას აპირებს?
– როგორც პუტინი აძლევს ვანკას იმედს, რომ დერჟავას აღადგენს, ისე ერდოღანი აძლევს იმედს თურქებს, რომ ქურთულ პრობლემას გადაწყვეტს, ეს კი ნიშნავს, რომ ის მოსპობს ქურთულ წინააღმდეგობას.
скачать dle 11.3