კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ მოინათლა მუსლიმანი ჰასან ბერიძე სასწაულებრივად პატრიარქის ხელით და რა სასწაულები მოხდა მის წმიდანად შერაცხვამდე 3 დღით ადრე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მამა სევერიანე (ჰასან ბერიძე) მაჰმადიანი სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. უკვე ზრდასრულ ასაკში, მის ცხოვრებაში მომხდარი სასწაულის წყალობით, ქრისტიანად მოინათლა და მთელი დარჩენილი ცხოვრება სამაგალითოდ ცხოვრობდა. მიუხედავად კომუნისტების მხრიდან შევიწროებისა, ყოველთვის ახერხებდა საკუთარი მრწამსის დაცვას და მისი დამსახურებით უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტიანად.
დალი-შორენა ბერიძე-კიკავა (მამა სევერიანეს ძმისშვილი): მამა სევერიანე 1920 წლის 13 ივლისს დაიბადა აჭარაში, სოფელ ზესოფელში, მუსლიმანურ ოჯახში. მის მამას, ყედირ ბერიძეს უმაღლესი მაჰმადიანური სკოლა ჰქონდა დამთავრებული სტამბოლში და მაჰმადიანი სასულიერო პირი დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს. თუმცა, შვილების გადმოცემით, მის მენტალიტეტში იმდენად ღრმა იყო ქართული გენეტიკური ტრადიციები, რომ აჭარის გასაბჭოებისთანავე ყველაფერი ქართული მან პირველმა დააბრუნა ოჯახში: შეიტანა ღვინო, მეუღლეს ჩადრის გახდა სთხოვა და ყველა აკრძალულ ქართულ ზნე-ჩვეულებას იცავდა. მას მამა სევერიანეს გარდა, ორი ვაჟი ჰყავდა. დღეს სქემარქიმანდრიტი სისოი (მამა სერაფიმე), რომელიც 2014 წელს ბერად აღიკვეცა ყინწვისის მონასტერში და დომენტი, რომელიც აღესრულა ქრისტიანობაში და რომელიც დასაფლავებულია სოფელ ზესოფელში ცალკე, ახალ სასაფლაზე. ის იყო პირველი ქრისტიანი, რომელიც იქ დაიკრძალა და მისი სიკვდილის შემდგომ იქ ქრისტიანთა სასაფლაო გაჩნდა. დასაფლავების ღამეს საფლავზე დაეშვა ჯვრის ფორმის ნათება და შუქი იმდენად ძლიერი იყო, ვინც არ იცოდა, რომ ახლად გაჭრილ საფლავზე და საერთოდ იმ ტერიტორიაზე, ელექტროობა არ იყო,  ეგონათ, შუქი გაიყვანესო.
მახსოვს,  მეათე კლასში ვიყავი, მამა სევერიანემ გვერდით დამისვა და დამარიგა: „არასოდეს შეგეშინდეს, უფალი იქნება ყოველთვის შენთან და ნურასოდეს დაგაბრკოლებს იმაზე ფიქრი, თუ სხვები რას იფიქრებენ შენზე. ჩემს ცხოვრებაზე იცი შენ ყველაფერიო? როგორ დამცინოდნენ, როგორ მაშინებდნენ, ბაზრის კიბეებზე დავდგებოდი, იქ, სადაც ბევრი ხალხი იყო, სპეციალურად ხალხმრავალ ადგილებს ვეძებდი და ვყვიროდი: მოინათლეთ, ხალხო, მოინათლეთ, სანამ გვიანი არ არის.  ვუი! ვუი! ხასანი გაგიჟებულაო – გაჰკიოდა ხალხი. უშიშროება ცალკე დამდევდა, მავიწროებდა და მემუქრებოდა. რამდენჯერ ღამე, ლოცვის დროს, სანთლის შუქი რომ არ დაენახათ მეზობლებს, სქელ ფარდებს ჩამოვკიდებდი ფანჯრებზე, მაგრამ მერე ისევ,  საჯაროდ დავიწყებდი ქადაგებას. შენ ჯერ კიდევ დაბადებული არ იყავი, ბათუმში, ტელმანის ქუჩაზე წმიდა ნიკოლოზის ტაძართან უცხო 2 ბრგე ვაჟკაცი ამომიდგა მხრებში და ტაძარში შემიყვანეს, ფეხებს ძირს ვერ ვდგამდი და თითქმის შემასრიალეს, არაადამიანური შიში  ვიგრძენი და გაოგნებული ვყვიროდი. დამსვით, სად მიგყავართ-მეთქი... ისეთი  ბრძანებით მითხრეს:  ხასან, შენ უნდა მოინათლოო. უძლურად გავკივლე – ტაძარში მომნათლეთ-მეთქი, მღვდელი ამბიონიდან გამოვიდა და შემხედა, ნათლია სად გყავსო, ოღონდ თავი დამეღწია და ვუპასუხე: აი, ეს ბიჭი მომნათლავს-მეთქი – ერთ-ერთზე მივუთითე. გაკვირვებულმა  შემომხედა მოძღვარმა და მესანთლეს უთხრა, რა სჭირს ამას, აქ სხვა კაცს ვის ხედავსო,  შემდეგ ისევ მესანთლეს მიუბრუნდა: იქნებ შენ დაუდგე ნათლიადო. ასე, სასწაულებრივად მოვინათლეო. ნათლობაზე წმიდა გიორგის ხატი მაჩუქა ნათლიამ. ხატი ხელში დავიჭირე და დაბნეული ჩაქვში წავედი. სახლში შევედი, გულესერი შემომეგება და მკითხა, ხელში რა გაქვსო, მე გონს მოვეგე,  უხერხულად შევიშმუშნე – არ მინდოდა, ცოლს გაეგო, რომ გაუგებარ ვითარებაში მოვინათლე, ჩვენ ხომ ვმუსლიმანობდით და ღია ფანჯრიდან ხატი მოვისროლე, შემინდოს მისმა მადლმა. ამის შემდგომ შევეცადე დამევიწყებინა, რაც გადამხდა. ამასობაში 6 წვრილშვილიან მამას მარჩენალი ძროხა დამეკარგა. ორი დღე ვეძებეთ მე და გულესერმა, ვერსად მივაგენით.  მესამე დღეც გათენდა და  ჭიშკარს მეზობელი მოადგა, ფანჯრიდან გავიხედე და ამ კაცს ბაწრით ჩემი ძროხა ჰყავდა თან. მეუღლე გაეგება, მე ოთახში დავრჩი და ფანჯრიდან ვუსმენდი მათ საუბარს. „გულესერ, მაპატიეთ, მაპატიეთ, ეს რა მომივიდა, ძროხა მე მოვიპარე, განა აქ მოსვლას გავბედავდი? მაგრამ ორი ღამეა, ჩემთან თეთრ ცხენზე ამხედრებული კაცი მოდის, მკერდზე შუბს მაჭერს და მეუბნება, ძროხა პატრონს წაუყვანე და მოუბოდიშეო“... ეს თქვა და დაუჩოქა... უცებ თითქოს სხივი შემოიჭრა ჩემს გონებაში, გამახსენდა ხატი, რომელზეც თეთრ ცხენზე ამხედრებული შუბიანი მხედარი იყო აღბეჭდილი, ქურდი სულ გადამავიწყდა. ჩავვარდი ბაღჩაში, ხატი მოვძებნე, ჩქარ-ჩქარა გავწმინდე და სახლში შემოვიტანე, კედელზე საპატიო ადგილას ჩამოვკიდე,  დაბრუნებულ გულესერს ყველაფერი მოვუყევი. იმ დღიდან შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. ტაძარში სიარული დავიწყე.  თავიდან, სანამ გავერკვეოდი ყველა ხატი ჩვეულებრივი ადამიანების სურათები მეგონა, სხვადასხვა დამსახურების გამო აღბეჭდილი. როცა წმიდა ნიკოლოზის ტაძარს ვეწვიე და მთავარანგელოზების ხატთან სანთლის დასანთებად მივედი, ისევ ის ბრგე ვაჟკაცები დავინახე, მეცნო და მედავითნეებს დავუძახე, ბიჭებო, შეხედეთ, შეხედეთ, ეს ის კაცებია, მე რომ ტაძარში შემომიყვანეს-მეთქი, მათ გაეცინათ – ესენი კაცები კი არა მთავარანგელოზები არიანო. მოძღვარს დაუძახეს და მე თან დაზაფრული, თან ბედნიერი ვუყვებოდი ამ ამბავს, ის მოძღვარი დღეს პატრიარქია.“ მას პატრიარქთან სიცოცხლის ბოლომდე ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაო სულ ეკლესია-მონასტრებში იყო და დღედაღამ ლოცულობდა, მიუხედავად სასულიერო პირად აღკვეცის არაერთგზის შეთავაზებისა, დიაკვნად მხოლოდ გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე აღიკვეცა. გარდაცვალების წინ, როცა  სულს უფალს აძლევდა, მისი ქალიშვილი თინა ეჯდა თავთან.  შვილო, ეს რა ხდება, რამდენი არიან, რამდენი არიან, 10, 20, არა 100... არა მეტიც იქნება, მთელი ლეგიონია, რამდენი ბოროტი აკრავს დედამიწასო – აღმოხდა, ილოცეთ, ილოცეთო. მამაო 1996 წლის 22 აგვისტოს გარდაიცვალა. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ინიციატივა იყო, რომ  სევერიანე სოფელ ბუკნარში, მისივე  აშენებულ მთავარანგელოზების ტაძარში დაეკრძალათ, მაგრამ ტაძრის გვერდით მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი წინააღმდეგი წავიდა. მათი აზრით, ტაძრის ეზოდან გამომავალი წყაროს წყალი, რომლითაც სარგებლობდნენ, სასაფლაოს გამო წაიბილწებოდა. ამიტომ ცხედარი საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვიდან 40 დღის განმავლობაში წყარო დაშრა, არხში წვეთი წყალი აღარ იყო. აღნიშნულმა ფაქტმა იმდენად იმოქმედა ამ ადამინებზე, რომ სასწრაფოდ მოექცნენ ქრისტეს რჯულზე...
ჰასანი კომუნისტების რეჟიმის დროს კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, მაგრამ როგორც კი აღმსარებელი გახდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მერე ჩაქვში გადავიდა ბუღალტრად. არცერთი ეკლესია არ დაუტოვებია მოულოცავი. ჩუმად იპარებოდა ხოლმე კოლმეურნეობიდან და მთელი საქართველო შემოიარა. ამის გამო ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები. მაგრამ ძალიან მშრომელი ადამიანი იყო, საკუთარი ლიმონის პლანტაციები ჰქონდა და ოჯახს მატერიალურად თავისი შრომით უზრუნველყოფდა. ბევრ ადამიანს ნათლავდა ჩუმად. სალოცავად ხშირად ქუთაისში დადიოდა და ძალიან ბევრი იქ მიჰყავდა მოსანათლად. რადგან აქ უფრო  მეტი საფრთხე იყო. მის ოჯახს ბევრი არასასიამოვნო კომენტარის ატანა უწევდა. შვილები ქუჩაში რომ გაივლიდნენ, ესმოდათ: ეს რა გააკეთა ჰასანმაო. შეშინებული იყვნენ შვილები, რადგან მათი მამა ბოროტს ხედავდა, შვილებს უყვებოდა, უბნებოდა, ძალიან ბევრნი არიან და მებრძვიანო. ერთი შვილი იხსენებდა, რომ თავიდან ეგონა, მამა გაუგიჟდა. მის სახლში ყოველთვის ენთო სანთელი. ოჯახისთვის საჭირო საყიდლების სიაში პირველი კილოგრამობით სანთელი ეწერა და პური მის შემდეგ მოდიოდა.
„სანთლებს დედაჩემი აკეთებდა. ბევრი ვიყავით – ექვსი დედმამიშვილი და ღამეში ორმოცდაათი სანთელი მაინც გვჭირდებოდა. ამას დიდი თანხა უნდოდა. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, ვუთხარი: მამა, ავეჯი არ გვაქვს და ის შევიძინოთ, რა ამბავია სანთელში ამდენი ფულის გადაყრა-მეთქი, – ღმერთმა მაპატიოს. წამიყვანა და ჩემთან ერთად იყიდა თაფლის სანთელი მთელი ერთი წლის, ათი ტონა მანდარინის საფასურით ტონობით იყო, ოთხი გზა დამჭირდა, მანქანით რომ სახლში მომეტანა. ტახტებში ჩაალაგა და გვითხრა, ჩემი სიმდიდრე სანთელია. თქვენ დღეს მარადიულ სიცოცხლეზე არ ფიქრობთ და მე მდიდარი ვარ, რომ შემიძლია ისე გაგზარდოთ, რომ მარტო დღევანდელი ცხოვრებით კი არ იცოცხლოთ, მარადიულზე იფიქროთო“ – ყვება მისი შვილი.
– მამათქვენი, მამა სისოი იხსენებს: ადრე, მღვდლის დანახვაზე გზიდან გადავდიოდი და მიუხედავად იმისა, რომ მამაო მარხვის დაცვას მთხოვდა, მასთან ერთად სუფრაზე განზრახ ვჭამდი არასამარხვო კერძებსო, თუმცა შემდეგ რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება.
დალი-შორენა ბერიძე-კიკავა:
თანდათან ძმის ლოცვამ და საუბარმა გაჭრა და მამაჩემიც აღმსარებელი გახდა ოთხმოცდაათიან წლებში. მამა გურამმა და მეუფე იობმა შესთავაზეს სასულიერო პირად აღკვეცილიყო. მამა 50 წელს იყო გადაცილებული, იმ ასაკში მისთვის უკვე რთული იყო ბევრი წესის აღსრულება და თავიდან შორს დაიჭირა თავი. იმ პერიოდში შუქი არ იყო ქვეყანაში. ერთ დღეს დიდი ჭექა-ქუხილი იყო. მეხმა ეზოში ხე მოტეხა და ნაფოტები მიმოიფანტა გარშემო. ეზოში რაღაცა გაბრწყინდა და მამამ თქვა, მგონი ხეს წაეკიდა ცეცხლიო და გარეთ გავიდა. გავიდა და ნახა, რომ ნაფოტზე ფოსფორით ღვთისმშობლის ხატი იყო გამოსახულიყო. მამამ ეს ნიშნად მიიღო და სასულიერო პირობას დათანხმდა. ღვთის ნებით, აჭარაში ძალიან ბევრი ეკლესია აშენდა მისი თაოსნობით და ბევრსაც რესტავრაცია გაუკეთდა. მამა სევერიანეს როლი ხომ შეუფასებელია, მაგრამ არანაკლებია, მამა სისოისიც. სასულიერო გზა აირჩია ჩემმა ძმამაც – მამა ბასილმაც, რომელიც ახალშენის მოძღვარია და ბათუმის სემინარიის რექტორი.
– როგორც ვიცი, მამა სევერიანეს წმინდანად შერაცხვამდე სამი დღით ადრე მისი ფოტოდან მირონდენა დაიწყო.
– რამდენიმე დღის წინ, მიიღო სინოდმა მამა სევერიანეს წმიდანად შერაცხვის გადაწყვეტილება. მანამდე სამი დღით ადრე დაუწყია მირონს დენა მისი ფოტოდან, მაგრამ მამას ხმა არ ამოუღია შიშით, აკვირდებოდა, რა მოხდებოდა. მესამე დღეს მამა ბასილმა დაურეკა: გილოცავ, შენი ძმა წმიდანად შერაცხესო.
скачать dle 11.3