კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი – მრავალწლიანი ისტორიითა და გამოცდილებით, თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მძლავრ პროფესიულ-სამეცნიერო ბაზას ეფუძნება და მრავალწლიანი გამოცდილებითა და მკურნალობის უახლესი, თანამედროვე მეთოდებით გამოირჩევა. მედიცინის დოქტორი, ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უჯრედული ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ჭიპლარის სისხლის ბანკ „ჯეოქორდის“ სამედიცინო დირექტორი – ბატონი გოჩა შათირიშვილი მოგვიყვა ონკოლოგიის ცენტრის განვითარების მოკლე ისტორიასა და უჯრედული ტექნოლოგიების მიღწევების შესახებ.
გოჩა შათირიშვილი: 1997 წელს ბატონმა კოტე მარდალეიშვილმა თავის ორ თანამოაზრესთან, ბატონ გიორგი ლოლაძესა და ბატონ ვლადიმერ ხატელიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა დღეს ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრად წოდებული კლინიკა, რომელიც ხალხში ცნობილია, როგორც  „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“. ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში  და გადაწყვიტეს, რომ პაციენტების უკეთ მომსახურების მიზნით საჭირო იყო ისეთი კლინიკის ჩამოყალიბება, სადაც პაციენტებს საშუალება ექნებოდათ, თანამედროვე, მსოფლიო და ევროპის მიღწევების შესაბამისად ემკურნალათ. ასე შეიქმნა ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკა, რომლის სათავეებთან  ქართველ ექიმებთან ერთად, გერმანელი ონკოლოგი ალბერტ შელერიც იდგა. იმ პერიოდში ის იყო ერთ-ერთი პირველი კერძო კლინიკა საქართველოში, რომელსაც დღეს უკვე 21-წლიანი ისტორია აქვს. ამ წლების განმავლობაში ბატონმა კოტემ აღზარდა სპეციალისტების ძალიან ძლიერი გუნდი, მნიშვნელოვნად გააფართოვა და დანერგა ონკოლოგიური პაციენტების კვლევისა და მკურნალობის უახლესი მეთოდები.  
– თქვენ როგორ მოხვდით ამ კლინიკაში?
– წლების განმავლობაში ვმუშაობდი გერმანიაში, ლუბეკის სამედიცინო უნივერსიტეტში. იქ დავიცავი სადოქტორო ხარისხი და 2000 წელს, საქართველოში დაბრუნების  შემდეგ, ვიპოვეთ ერთმანეთი. მაშინ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ონკოლოგიაში ითვლებოდა უჯრედული თერაპია, რის გამოც ჩვენს კლინიკაში გაიხსნა უჯრედული ლაბორატორია. თავდაპირველად დავიწყეთ ფეტალური ღეროვანი უჯრედების კვლევა, ვსწავლობდით მათ გამოყოფა-დამუშავებას, კრიოპრეზერვაციას, შენახვას, გამრავლებას, ვახდენდით მათ ბაქტერიოლოგიურ და ვირუსოლოგიურ კვლევებს, იმუნოფენოტიპირებას. 2006 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ჭიპლარის სისხლის ბანკს „ჯეოქორდს“. თავდაპირველად მერიისგან მივიღეთ გარკვეული გრანტი, რამაც საშუალება მოგვცა, იმ ახალშობილებისთვის, რომელთაც ოჯახში უახლოესი ნათესავი ონკოლოგიური ან ჰემატოონკოლოგიური დაავადებით ჰყავდათ, უფასოდ შეგვენახა ჭიპლარის სისხლი. ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯები, ხოლო 2007 წლის იანვრიდან  დავიწყეთ კომერციული შენახვა. დღეს ჩვენი ბანკი ათასობით ქართველ და უცხოელ კლიენტს უნახავს ჭიპლარის სისხლს.
– რა თანამედროვე მკურნალობის მეთოდებით ებრძვით კიბოს?
– კლინიკის ძირითადი მიმართულებაა ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა.  ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა  კი მოითხოვს  ახალი, ინოვაციური მეთოდების გამოყენებას. ჩვენს კლინიკაში, ტრადიციულ მეთოდებთან ერთად, 2011 წლიდან დანერგილია სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნოთერაპიის მეთოდი ლიმფოკინაქტივირებული კილერი უჯრედების გამოყენებით ანუ ლაკ თერაპია. ბუნებრივი (ნატურალური) კილერი უჯრედები ლიმფოციტების ნაირსახეობაა, რომელთა ფუნქცია ორგანიზმში წარმოქმნილი კიბოს უჯრედების განადგურებაა.  ლაკ თერაპიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სპეციალურ ინკუბატორებში მოვახდინოთ ამ უჯრედების გამრავლება და გააქტიურება გარკვეული ბიოლოგიური დანამატების, ეგრეთ წოდებული ზრდის ფაქტორების საშუალებით. კილერი უჯრედები ბევრად აგრესიულები ხდებიან სიმსივნის წინააღმდეგ. 10-14 დღის შემდგომ გააქტივებული კილერი უჯრედები  შეგვყავს პაციენტის ორგანიზმში და ისინი ეფექტურად ებრძვიან კიბოს უჯრედებს.  აღნიშნული პროცედურა მოიცავს 8 ინიექციას და ხორციელდება 5 თვის განმავლობაში.
     უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი, ნამკურნალევია 80-ზე მეტი  პაციენტი სრულიად განსხვავებული დიაგნოზებით, მათ შორისაა: თავისა და კისრის ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნეები (ხორხის, ენის, ცხვირ-ხახის კიბო), ასევე სანერწყვე ჯირკვლის კიბო, ფარისებრი ჯირკვლის არადიფერენცირებული კიბოს არაოპერაბელური შემთხვევები, ფილტვის კიბო, მსხვილი ნაწლავის კიბო, მელანომა,  საშვილოსნოსა და საკვერცხის კიბოს შორსწასული შემთხვევები.  პაციენტთა უმრავლესობას ჩაუტარდა ლაკ თერაპიის განმეორებითი კურსი. პაციენტთა 30-40 პროცენტში მიღწეულ იქნა სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ერთეულ შემთხვევებში კი, ისინი სრულიად გამოჯანმრთელდნენ.
2013 წლიდან დავიწყეთ, ეგრეთ წოდებული,  ინდივიდუალური სიმსივნის საწინააღმდეგო დენდრიტული ვაქცინების შექმნა და გამოყენება. ეს კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო ვაქცინაა, რომელიც პერსონალიზირებულია, ანუ კონკრეტული პაციენტისთვის მზადდება მისივე სიმსივნური ქსოვილისა და დენდრიტული უჯრედებისგან. დენდრიტული უჯრედები იმუნური სისტემის  ერთ-ერთი უმთავრესი უჯრედებია, ისინი სიმსივნის ცილებს ჩაიჭერენ და T კილერ ლიმფოციტებს წარუდგენენ. შედეგად, გააქტივებული  T კილერი ლიმფოციტები ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. დენდრიტული ვაქცინის მისაღებად ვენური  სისხლიდან გამოიყოფა დენდრიტული უჯრედები, ხდება მათი გამრავლება და ინკუბაცია იმავე პაციენტის სიმსივნურ ცილებთან, რაც ააქტივებს დენდრიტულ უჯრედებს. გააქტიურებულ და გამრავლებულ  ერთ დენდრიტულ უჯრედს ორგანიზმში შეყვანის შემდგომ სამი ათასამდე T კილერი  ლიმფოციტის აქტივაცია შეუძლია.
მკურნალობის ამ მეთოდს ვიყენებთ გავრცელებული, ინოპერაბელური სიმსივნური დაავადებების არსებობის შემთხვევაში.  სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მკურნალობის ამ მეთოდით, უმრავლეს შემთხვევაში, შევძელით პაციენტთა სიცოცხლის გახანგრძლივება და ხარისხის გაუმჯობესება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა საკვერცხის კიბო, მსხვილი ნაწლავის კიბო, მელანომა, კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო.  
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– უახლოეს მომავალში ჩვენს კლინიკაში ორი მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება.
ერთი თვის წინ ლონდონში ერთ-ერთ მასშტაბურ კონფერენციაზე გახლდით, სადაც გავეცანით ჭიპლარის სისხლის ბუნებრივი კილერების კიბოს სამკურნალოდ გამოყენების მეტად დამაიმედებელ შედეგებს. აქედან გამომდინარე, წელს სამეცნიერო კვლევის ფარგლებში ვიწყებთ  ამ მაღალეფექტური მეთოდის დანერგვას.  
     გარდა ამისა, გამიზნულია სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნოთერაპიის ახალი და გაუმჯობესებული მეთოდის – ეგრეთ წოდებული ციკ (ციტოკინ-ინდუცირებული კილერი უჯრედებით) თერაპიის დანერგვას, რაც კიბოს წინააღმდეგ აქტივირებული T კილერი ლიმფოციტების გამოყენებას გულისხმობს.
ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს და ვფიქრობთ, რომ კიბოს სამკურნალოდ უჯრედული თერაპიის ახალი მეთოდები, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ვითარდება, ჩვენთანაც საკმაოდ ეფექტურად იქნება დანერგილი და გამოყენებული.
მისამართი: ლისის ტბის მიმდებარედ 4,  თბილისი.
ტელ.: 243 01 00; 243 02 00.

скачать dle 11.3