კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 იძებნება სიკვდილით მოთამაშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-26(913)



– აი, მოვედი, გურამ.
მინისტრმა სოდას გაუღიმა და უთხრა:
– ასე სწრაფად როგორ მიხვედი და მოხვედი, ჰიუ?
– არც წავსულვარ. არ გამიყოლეს ჩემმა უფროსმა კოლეგებმა და ისინი მხოლოდ მანქანამდე მივაცილე.
– კეთილი, ჰიუ, – გაეცინა მინისტრს და დააყოლა, – წავიდეთ, ცოტა წავიხემსოთ. როგორც ვიცი, სუფრა უკვე გაშლილია და გველოდებიან.
***
გურმანი და დროსტარების მოტრფიალე ჰიუსტონ სოდა უკვე კონდიციამდე იყო მისული და ის-ის  იყო ქალები უნდა მოეთხოვა, რომ მინისტრის მობილურზე უცნობის ზარი შევიდა და როდესაც უპასუხა, მამაკაცის ბოხმა ხმამ უთხრა:
– გამარჯობა, გურამ.
– გაგიმარჯოს. ვის ველაპარაკები?
– იმას, ვისაც, ალბათ, მთელი „ფებეერი“ ეძებს მთელს მსოფლიოში.
მინისტრი საკმაოდ გამოცდილი ადამიანი იყო და არაერთხელ ჩავარდნილა ექსტრემალურ სიტუაციაში, საიდანაც ღირსეულად გამოსულა. ამჯერად კი ელდა ეცა და ცოტა არ იყოს, დაიბნა კიდეც. თუმცა, მთელი ნებისყოფა მოიკრიბა და უპასუხა:
– ნუთუ, სიმონ ბასილელს ველაპარაკები?!
– დიახ. სწორედაც რომ, სიმონ ბასილელი გახლავართ.
– გისმენთ.
– როგორც ვხვდები, ახლა თქვენ და თქვენს ქართველ და ამერიკელ კოლეგებს სხვა საქმე არ გაქვთ, გარდა იმისა, რომ მე მეძებთ და დიდი სურვილი გაქვთ, „ეშმაკის ამონასუნთქი“ დაიბრუნოთ და მე ის არ ავამოქმედო.
– თქვენ სწორად ჩასწვდით საქმის არსს, ბატონო სიმონ, – ირონიით მიუგო მინისტრმა „მსოფლიო ძებნილს“.
– ბატონო მინისტრო, კარგია, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში იუმორის გრძნობას ინარჩუნებთ. მაგრამ მინდა, გაუწყოთ, რომ ჯერ ერთი, ამ საუბრის მიხედვით, ჩემი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია და ტყუილად ნუ გაირჯებიან შესაბამისი უწყებები. მთავარი კი ისაა, რომ ჩემი პირობა, რომელსაც ალბათ, უკვე კარგად ხართ გაცნობილი, კვლავ ძალაშია და თუკი ის არ შესრულდება, „ეშმაკის ამონასუნთქი“ პირველად ვაშინგტონში იხილავს დღის სინათლეს.
– სამწუხაროა, ბატონო სიმონ ასეთი სიტყვების მოსმენა და ნება მიბოძეთ, გკითხოთ.
– ბრძანეთ.
– როგორც თქვით, გაშიფვრის არ გეშინიათ და შეგიძლიათ, საკმაო დრო დამითმოთ. გცალიათ?
– დიახ, – მოკლედ მიუგო ბასილელმა.
– მაშინ რამდენიმე შეკითხვაზე მიპასუხეთ.
– მკითხეთ.
– რატომ გაიტაცეთ „ეშმაკის ამონასუნთქი“?
– პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამერიკელებმა იცოდნენ – ისინი ყოვლისშემძლეები არ არიან და მათი მოხელთება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მართალია, თერთმეტი სექტემბერი მათ მიერვე იყო მოწყობილი, რასაც კომპეტენტური ამერიკელი ექსპერტები ამტკიცებენ, მაგრამ „ეშმაკის ამონასუნთქის“ აფეთქება მართლა პანდორას ყუთის გახსნა იქნება და ამას დიდი კატასტროფა მოჰყვება. ამიტომ, ასი მილიონი დოლარი და ამერიკელების ევროპიდან წასვლა იქნება საპირწონე იმისა, რომ „ეშმაკის ამონასუნთქი“ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არ აფეთქდეს.
– ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი პასუხია და იქნებ დააზუსტოთ, ბატონო სიმონ?
– რა დავაზუსტო?
– თქვენი ქმედების ზუსტი მოტივი. ის პოლიტიკურია თუ ეკონომიკური?
– პოლიტიკურ-ეკონომიკური. ერთი მეორეს ხელს არ უშლის, – მიუგო ბასილელმა მინისტრს და დააყოლა, – ასე რომ, ჯობია, ამერიკელებმა იჩქარონ გადაწყვეტილების მიღება და ქვეყანას საფრთხეში ნუ ჩააგდებენ.
– ბატონო სიმონ, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ მარტო მოქმედებთ და თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, ასეთ საქციელზე წასვლა გაიძულეს.
– ნუთუ მართლა? – ირონიით იკითხა ბასილელმა.
– დიახ. ასე მიმაჩნია. მეტსაც გეტყვით. სავარაუდოდ, თქვენი ცოლ-შვილი მოიტაცეს დაინტერესებულმა ძალებმა და ამგვარად გაიძულეს ამ ნაბიჯზე წასვლა.
– თქვენ ცდებით. მე სრულიად მარტო ვმოქმედებ და უკვე განგიმარტეთ, რატომ გადავდგი ასეთი ნაბიჯი.
– და, მაინც, ბატონო სიმონ, დარწმუნებული ვარ, რომ ცრუობთ. თქვენი მდგომარეობის ადამიანი უკიდურესი იძულების გარეშე ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა.
– ბატონო გურამ, – სიტყვა შეაწყვეტინა ბასილელმა მინისტრს, – ახლა არანაირი აზრი არ აქვს ამის გარჩევას და არც ვაჭრობას დაგიწყებთ. თანხა და ვადები იცით. ჯობია, ის გაიგოთ, თუ როგორ ვაპირებ ასი მილიონის ისე აღებას, რომ არ გავება. მართალი გითხრათ, სწორედ ამის გამო დაგირეკეთ და მეტი არაფრისთვის.
– გისმენთ. ბრძანეთ – როგორ აპირებთ ამ თანხის აღებას ჩავარდნის გარეშე?
– მოდი, ასე შევთანხმდეთ, ზუსტად სამ საათში დავრეკავ და საბანკო ანგარიშის მისამართს გიკარნახებთ. თუკი იქ ხუთი წუთის განმავლობაში სულ რაღაც ათი მილიონი დოლარი არ ჩაირიცხება, მაშინ „ეშმაკის ამონასუნთქი“ ძალიან მალე ვაშინგტონში აფეთქდება. ეს სიტყვები, ბატონო გურამ, უფრო იმ ადამიანების მისამართითაა ნათქვამი, ვინც ახლა ჩვენს საუბარს ისმენს და ტყავიდან ძვრება, რომ ჩემი ადგილსამყოფელი დაადგინონ, რაც, როგორც უკვე გითხარით, შეუძლებელია. აბა, დროებით, ბატონო მინისტრო. სამი საათის შემდეგ შეგეხმიანებით, – თქვა ბასილელმა და ტელეფონი გათიშა.
მინისტრისა და ბასილელის საუბარი თხუთმეტიოდე წუთი გაგრძელდა და მთელი ამ დროის განმავლობაში გურამი მაგიდიდან მოშორებით იდგა და ლაპარაკობდა. სუფრის წევრები კი, სულგანაბული უმზერდნენ მას, თუმცა არ იცოდნენ, ვინ დაურეკა მინისტრს.
საუბარი რომ დაასრულა და გურამი ჩაფიქრდა, სოდამ მას უთხრა:
– გეტყობა, გურამ, რომ სერიოზული საუბარი გქონდა და თქვენმა ვაშინგტონელმა სტუმრებმა ხომ არ დაგირეკეს სასტუმროს ნომრიდან?
მინისტრმა შემთვრალ სოდას თვალი შეავლო და ყველას გასაგონად თქვა:
– სიმონ ბასილელმა დამირეკა.
ჰიუსტონ სოდას ცივმა ოფლმა დაასხა. მყისიერად გამოფხიზლდა. სკამიდან წამოდგა და მინისტრს ჰკითხა:
– რა უნდოდა მაინც?
– ასე თქვა, – თუ ფულს არ გადამიხდით, „ეშმაკის ამონასუნთქს“ ვაშინგტონში ავაფეთქებო.
– ჩვენებს უნდა შევატყობინოთ, – თქვა სოდამ და მობილურს დასწვდა, რომ დაერეკა. თუმცა, მისმა მობილურმა დაიზრიალა და სოდამ უპასუხა.
– გისმენთ.
– მელორ სპირსი ვარ, სოდა.
– გისმენთ, მისტერ სპირს.
– ამ წუთას ვაშინტონიდან დამირეკეს და მაცნობეს, რომ სიმონ ბასილელი მინისტრს ტელეფონით ესაუბრა და ულტიმატუმი წაუყენა. ის თავისი პირობების შესრულებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინტონში „ეშმაკის ამონასუნთქის“ აფეთქებით იმუქრება. ყველაზე სავალალო კი ისაა, რომ ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა ბასილელის ადგილსამყოფლის დადგენა ვერ მოახერხეს, რაც საქმეს ართულებს. როგორც ბასილელს უთქვამს, ის სამი საათის შემდეგ დაურეკავს მინისტრს და საბანკო ანგარიშის მისამართს ეტყვის, სადაც ათი მილიონი უნდა გადავრიცხოთ. სასწრაფოდ თათბირი უნდა მოვიწვიოთ და ამ საკითხზე ვიმსჯელოთ. მინისტრს დაურეკეთ და უთხარით, რომ „მოდულში“ ნახევარ საათში საგანგებო თათბირი ჩატარდება. ისე კი, უცნაურია, რატომ არ შეგვატყობინა მინისტრმა ბასილელის ზარის შესახებ? ის ხომ ვალდებული იყო, ეს გაეკეთებინა. მისი ასეთი საქციელი საეჭვოდ მეჩვენება.
– სწორედ ახლა აპირებდა გურამი ამის გაკეთებს, მისტერ სპირს და ტყუილად ეჭვობთ?
– ახლა აპირებდა? – გაიმეორა სპირსმა.
– დიახ, – დაუდასტურა სოდამ.
– სად ხარ, სოდა?
– მინისტრთან ერთად ვსადილობ, მისტერ სპირს და ერთად მოვალთ „მოდულში“, – მიუგო სოდამ სპირსს და ტელეფონი გაუთიშა.
***
საგანგებო თათბირი „მოდულის“ შენობაში კვლავ ჰიუსტონ სოდას კაბინეტში გაიმართა და მას ისევ მელორ სპირსი უძღვებოდა, რომელიც ჩაწითლებული თვალებით იმზირებოდა. მან მინისტრს შეავლო თვალი და საქმიანად უთხრა:
– ბატონო მინისტრო, ჩვენს უწყებას ვაშინგტონში ჩაუვარდა ხელთ თქვენი და სიმონ ბასილელის საუბრის ჩანაწერი და სწორედ ამის გამო შეგკრიბეთ აქ ასე სასწრაფოდ. ამიტომ, უნდა დავგეგმოთ ჩვენი მოქმედების გეგმა, რომ ტერორისტი შევიპყროთ და სასიკვდილო ბაქტერიებით სავსე ყუმბარის აფეთქების საშუალება არ მივცეთ.
– ბატონო სპირს, მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ვაშინგტონში ჩემი და ბასილელის საუბარი კი არ ჩაუვარდათ ხელში, არამედ თქვენი კოლეგები ჩემს ტელეფონს უსმენენ და ამგვარად გახდა ეს ფაქტი ცნობილი.
– მოდი, დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით, ბატონო მინისტრო. ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე თქვენი ტელეფონის უკანონო მოსმენა და გარწმუნებთ, რომ როგორც კი გამტაცებელს დავაკავებთ, „ეშმაკის ამონასუნთქს“ დავიბრუნებთ და სიტუაციის სტაბილიზებას მოვახდენთ, თქვენი „ტელეფონის საკითხს“ მაშინვე მწვავედ წამოვჭერი ჩემს ხელმძღვანელობასთან.
– მისტერ სპირს, თქვენ რომ ჩემს ადგილზე იყოთ, რა რეაქცია გექნებოდათ? – ჰკითხა გურამმა სპირსს.
– თქვენნაირი, ბატონო მინისტრო. თუმცა, თავს შევიკავებდი ამ საკითხის გამწვავებისგან.
– კეთილი. აღარ ვილაპარაკოთ, – გაეცინა გურამს და წვერზე ხელი ჩამოისვა.
– ბატონო მინისტრო, – უთხრა სპირსმა გურამს, – ჩვენმა უწყებამ ყველა მის ხელთ არსებული საშუალების მობილიზება მოახდინა და სრულ მზადყოფნაშია, რომ როდესაც ბასილელი დაგირეკავთ, სულ მალე, მისი ადგილსამყოფელი დადგინდეს,  სპეციალურმა ძალებმა კი, მისი აყვანა და „ეშმაკის ამონასუნთქის“ დაბრუნება მოახერხონ. ხოლო, თუკი ამის გაკეთება ტექნიკური საშუალებით არ მოხერხდება, მაშინ, იქნებ, ეს თქვენ შეძლოთ?
– ხუმრობთ, მისტერ სპირს? – უთხრა ამერიკელს მინისტრმა, თუმცა მშვენივრად იცოდა, თუ სად უმიზნებდა სპირსი და მისი უფროსობა.
– არა, ბატონო გურამ, სულაც არა. ხუმრობის დრო გვაქვს?
– მაშინ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს? ბასილელს ვკითხავ, სად იმყოფება და ის თავის კოორდინატებს ჩამაწერინებს?
– არა, რა თქმა უნდა, ის ზუსტ მისამართს არ გეტყვით, მაგრამ იქნებ ის მაინც გაარკვიოთ, ბასილელი თავის ყუმბარიანად კვლავ საქართველოშია თუ მის საზღვრებს გარეთ?
– თუკი ბასილელის სიტყვებით ვიმსჯელებთ, ბატონო სპირსს, ის საქართველოში არ იმყოფება, რადგან ვაშინგტონში აპირებს ამ საშინელი ყუმბარის აფეთქებას, – უთხრა მინისტრმა ამერიკელს და თვალი თვალში გაუყარა.
შეშინებულმა სპირსმა თავი გააქნია და თქვა:
– და მაინც, იმედი ვიქონიოთ, რომ ის ცრუობს და ქვეყნის საზღვრებს არ გასცდენია.
– ბატონო სპირს, თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს და შეგიძლიათ, მთელი გულწრფელობით მიპასუხოთ?
– დიახ. ბრძანეთ, ბატონო გურამ, თქვენთან, – სპირსმა მაგიდის ირგვლივ მსხდომებზე მიუთითა მინისტრს, – დანარჩენ  ქართველ კოლეგებთან და მეგობრებთან არაფერი გვაქვს დასამალი.
– კეთილი, – თქვა გურამმა და დაამატა, – მითხარით, ბატონო სპირს, თქვენთვის ხომ მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, რომ „ეშმაკის ამონასუნთქი“ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არ მოხვდეს და საქართველო არ გაღელვებთ?
– რას ბრძანებთ, გურამ? – თქვა სპირსმა.
– მაშინ რას მივაწეროთ ის, ბატონო სპირს, რომ როდესაც ჩვენი პირველი თათბირის დროს ბიუროს დირექტორის მოადგილეს ესაუბრეთ, მან გითხრათ, „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამტაცებელს ფულს არ გადავუხდით. მთავარია, ეს ბაქტერია საქართველოში იმყოფებოდესო. თქვენ კი საპირისპიროს ბრძანებთ?
– საიდან შეიტყვეთ ჩვენი საუბრის შინაარსი? – წამოიძახა აღშფოთებულმა სპირსმა. მინისტრმა კი მიუგო:
– მოგისმინეთ, ბატონო სპირს და იქიდან.
– მოგვისმინეთ? – დაიბნა სპირსი და გონება რომ მოიკრიბა, დააყოლა, – კი მაგრამ, ვინ მოგცათ ამის უფლება ან როგორ შეძელით ეს?
–  ბარი-ბარსა ვართ, ბატონო სპირს, – გაეცინა მინისტრს და დაამატა, – თუკი თქვენ გვისმენთ, რაც დაუშვებელია, მაშინ ჩვენც იმავეს ვაკეთებთ და ნუ გიკვირთ. თქვენ თვითონ არ მითხარით ახლახან, თქვენ რომ გისმენენ ახლა ეს არააო მნიშვნელოვანი?
– კი მაგრამ, როგორ შეძელით ეს, ბატონო მინისტრო. ჩვენი ტექნოლოგიები საუკეთესოა მსოფლიოში და ჩვენს მოსმენას რუსებიც ვერ ახერხებენ.
– აი, ჩვენ კი ვახარხებთ.
– როგორ?
– ეს ჩვენი პატარა საიდუმლოა, ბატონო სპირს და მართალი ბრძანდებით, ეს არაა ახლა  მთავარი. მთავარი ისაა, რომ თქვენ, ანუ შეერთებულ შტატებს, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, სულ ფეხებზე გკიდიათ ჩემი სამშობლო, რაც მისტერ დევიდსის სიტყვებიდან თვალნათლივ ჩანს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ასე მხოლოდ ის ფიქრობს და არა სხვებიც. თუმცა, ზემოხსენებული ბატონი საკმაოდ გავლენიანი მაღალჩინოსანია და ჩემდა სამწუხაროდ, რაღაც ასპექტში, მას საქართველოს ბედის გადაწყვეტა ძალუძს.
– ბატონო მინისტრო. მოდი, ეს არასასიამოვნო მომენტი დავივიწყოთ და საქმეს დავუბრუნდეთ, – თქვა სპირსმა.
– ანუ, ბატონო სპირს, თქვენ არ მიგაჩნიათ არაფრად ის, რომ საქართველოში, თქვენი წყალობით, შეიძლება, დიდი კატასტროფა მოხდეს და მთავარია, უბედურება შტატებს არ შეეხოს, ხომ?
– არა, ბატონო მინისტრო, რას ბრძანებთ, – სახე წამოეჭარხლა სპირსს და დაამატა, – უბრალოდ, დრო არ ითმენს და კატასტროფა მართლა რომ არ მოხდეს, ამიტომ ვთქვი ეს.
– ბატონო მელორ სპირს, – წვეროსანმა ქართველმა მკაცრი გამომეტყველება მიიღო და ცივი ხმით უთხრა, – ჩვენ მიერ მოპოვებულმა ჩანაწერმა რომ ამ კედლებს მიღმა არ გააღწიოს, გირჩევთ, თქვენი შეფები დაარწმუნოთ იმაში, რომ საქართველოს ნუ გადააქცევენ საექსპერიმენტო ტერიტორიად და ამის ერთი მემილიარდედი პროცენტიც კი არ დაუშვან. ას მილიონზე ასმილიონჯერ მეტი ღირს ჩემი სამშობლო და ჩემი მოვალეობაა მისი უსაფრთხოების დაცვა.
– მელორ სპირსმა უკვე მშვენივრად იცოდა, რომ „მათხოვრული ქვეყნის“ უშიშროების მინისტრი კერკეტზე კერკეტი კაკალი იყო და მასთან ხუმრობა არ ღირდა. ამიტომ უთხრა:
– მერწმუნეთ, ბატონო გურამ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება და თქვენს მშვენიერ სამშობლოს ვერავინ დაჩაგრავს.
– იმედი მაქვს, ბატონო სპირს, რომ ეს მართლაც ასე იქნება, – მშვიდად თქვა გურამმა და ოთახში შეკრებილებს გადახედა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3