კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რა საიდუმლო განკარგულება გასცა ლავრენტი ბერიამ, რომელიც საბჭოთა კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე მას უამრავი ცრუბრალდება წარუდგინეს, ერთ-ერთი ბრალდება სიმართლეს შეეფერებოდა და საბჭოთა კანონით ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. თუმცა, ეროვნული კუთხით, ბერიას „დანაშაული“ უაღრესად პატრიოტული საქციელი იყო... სახელმწიფო ბრალმდებელი (გენერალური პროკურორი) რომან რუდენკო თავის გამოსვლაში ამბობდა: „მოქალაქე ბერიამ, იყო რა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა. საიდუმლო ბრძანებით მან უხეშად დაარღვია კანონი და არაქართული ეროვნების ადამიანებს კატეგორიულად აუკრძალა ქართული გვარების მიღება“. თავისი გამოსვლის ამ ნაწილში რომან რუდენკო აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს. კონკრეტულად კი, საქმე ეხება 1934 წლის საიდუმლო განკარგულებას იმის შესახებ, რომ „მმაჩის“ ბიუროში გვარის შესაცვლელად მისული არაქართული ეროვნების მოქალაქეები გადაერწმუნებინათ თავიანთ განზრახვაში და უკან გაეტანათ განცხადებები ამის თაობაზე. გენერალი სერგო გოგლიძე მოსამართლეს უყვებოდა: „მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას უამრავი, თავზე საყრელი საქმე ჰქონდა, ის (ბერია) ყურადღების მიღმა არაფერს ტოვებდა. არცერთი ინფორმაცია არ რჩებოდა წაუკითხავი. ასე ჩაუვარდა მას ხელში „მმაჩის“ ბიუროებიდან შემოსული სტატისტიკა არაქართველების სურვილის თაობაზე, რომ მათ ქართული გვარები მიეღოთ, ანუ გადმოქართველებულიყვნენ. 1934 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეროვნების შეცვლის მსურველთა რაოდენობამ ქვეყნის (საქართველოს) მასშტაბით 18 ათასს მიაღწია. ეს რიცხვი, ფაქტობრივად, გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა და ბერია ამან უაღრესად შეაშფოთა. მან დამიბარა, „მმაჩის“ სტატისტიკა მომცა და როდესაც გავეცანი, მითხრა:
– ეს სავალალო რიცხვია, სერგო. თუკი დროზე რამე არ მოვიფიქრეთ, სულ რაღაც ორიოდე წელიწადში საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი ქართულ გვარზე გადავა და ეროვნებას შეიცვლიან. შინაგანად კი არაქართველებად დარჩებიან და ეს ბევრად უფრო სახიფათო ტენდენციაა. ამიტომ, როგორმე ხელი უნდა შევუშალოთ მას. აღვკვეთოთ ეს საშინელება და მთავარი როლი ამ  საქმეში შენ და შენმა უწყებამ უნდა შეასრულოსო.
იმავე დღეს, მრავალსაათიანი ბჭობა-განხილვის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ „მმაჩის“ ბიუროებში „ენკავედეს“ თანამშრომელი დაგვესვა ფორმით, რომელიც ეროვნების შეცვლის მსურველს ჭკუისდამრიგებლურ საუბარს ჩაუტარებდა ეროვნების შეცვლის სურვილის მავნებლობის თაობაზე... და მართლაც, ამან  ასპროცენტიანი შედეგი გამოიღო და ეროვნების შეცვლის ყველა მსურველმა უარი თქვა თავის პირვანდელ განზრახვაზე. შემდგომ კი „მმაჩის“ ბიუროში  მსგავსი ხასიათის ერთი განცხადებაც არ შესულა...“
საგულისხმო ფაქტია, რომ ინტერნაციონალისტი, კომუნისტური საქართველოს მეთაური ლავრენტი ბერია, სინამდვილეში, ბევრად უფრო ეროვნული მოღვაწე იყო, ვიდრე ეროვნული მთავრობის ყველა ერთად აღებული მესვეური. საქმე ისაა, რომ საქართველოდან გაქცეული ნოე ჟორდანიას მთავრობის მმართველობის პერიოდში ეროვნება შეიცვალა და  გადმოქართველდა 510 ათასი ადამიანი და სწორედ ქართველთა ამ მასამ დაუჭირა მხარი საქართველოს გასაბჭოებას... ნიშანდობლივია ისიც, რომ ლავრენტი ბერიას საქართველოს მმართველობის სათავეში ყოფნის დროს ქართველი მოსახლეობის ზრდამ 12 პროცენტს მიაღწია და 1935-1936 წლებში მოსახლეობა (ქართველი ეროვნების) 305 ათასით გაიზარდა, რაც არც მანამდე და არც მას მერე არ დაფიქსირებულა. ბერიამ შეიმუშავა უნიკალური სისტემა, რის მიხედვითაც იზრდებოდა მრავალშვილიანი ქართული ოჯახების რაოდენობა. ასეთ ოჯახებს კი სახელმწიფო ყოველმხრივ ეხმარებოდა მატერიალურად. შენდებოდა ნათელი, კეთილმოწყობილი ბინები და იქ ასეთი კატეგორიის ხალხს ასახლებდნენ. ბერიასვე ინიციატივით, საქართველოს სასკოლო პროგრამებში გაძლიერდა საქართველოს ისტორიისა და ქართული ენა-ლიტერატურის სწავლება. მისივე (ბერიას) ძალისხმევით უმაღლეს სასწავლებლებში დაინერგა მთელი რიგი ტექნიკური დისციპლინები, რომლებიც მანამდე საქართველოში არ ისწავლებოდა და ცოდნის გასაღრმავებლად ქართველი სტუდენტები მოსკოვისა და ლენინგრადის ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებლებში იგზავნებოდნენ. ლავრენტი ბერიას ვაჟი სერგო ბერია იხსენებდა: „მამას მიაჩნდა, რომ ჰუმანიტარულ პროფესიებთან ერთად ქართველები, ხაზს ვუსვამ – ქართველები, ტექნიკურ დისციპლინებსაც უნდა დაუფლებოდნენ და ამისთვის ბევრი რამ გააკეთა. მან მეც ამ კუთხით მირჩია სწავლის გაგრძელება. დავუჯერე მას და სარაკეტო საქმის სპეციალისტი გავხდი...“
მიუხედავად არაერთი დანაშაულისა, რაც ბერიას ჩაუდენია თავისი მმართველობის დროს (თუმცა ხრუშჩოვსა და კამპანიას, როგორც ახლა ირკვევა, ბერიაზე ბევრად მეტი უდანაშაულო სისხლი ჰქონიათ დაღვრილი) ბერია ბევრად უფრო პროგრესული და ეროვნული ადამიანი იყო, ვიდრე სხვა მისი კოლეგა. უნგრელი მკვლევარი იშტვან რაკოში ბერიაზე წერდა: „უნდა ვაღიაროთ, რომ ლავრენტი ბერია სტალინური სისტემის ჩინოვნიკი იყო და საბოლოო ჯამში, კომუნისტური სისტემის სიძლიერისთვის იღვწოდა. მაგრამ, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეს ადამიანი (ბერია) სტალინთან ერთად თუ არა, სტალინის შემდეგ ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო საბჭოთა პოლიტიკურ ლიდერთა იმ ნაცრისფერ ფონზე, რომელიც დიდი მიღწევებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა და იმის ნაცვლად, რომ ჭეშმარიტი სახელმწიფოებრივი საქმე ეკეთებინათ, ინტრიგნობით იყვნენ დაკავებულები...“
სიმართლე რომ ვთქვათ, ინტრიგები არც ლავრენტი ბერიასთვის იყო „უცხო ხილი“. თუმცა, საბჭოთა „ჟანდარმერიის მარშალი“ თავის ამ ნიჭს ხშირ შემთხვვაში, სახელმწიფოს ინტერესებისთვის იყენებდა და თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, წვრილმანებში არასდროს ახურდავებდა...
რიტორიკული შეკითხვაა და ალბათ, ძნელია, ცალსახად გასცე მას პასუხი – ვინ იყო ბერია? საბჭოეთის მსხვილი ჩინოვნიკი, რომელიც მხოლოდ უმაღლესი ძალაუფლებისკენ მიილტვოდა თუ კომუნისტის ნიღაბს ამოფარებული პატრიოტი, ვინც თავის სამშობლოს არაერთი სიკეთე გაუკეთა?
скачать dle 11.3