კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 სულიერი ცხოვრების შესახებ


რა არის მოწყალება
ღირსი ისააკ ასური მოწყალების შესახებ წერს: „მოწყალება მართლმსაჯულებას ეწინააღმდეგება. მართლმსაჯულება ზუსტი საზომის გათანაბრებაა; რამეთუ თითოეულს უბოძებს იმას, რასაც მან მიაღწია; საზღაურის მიზღვისას კი, რომელიმე მხარეს გადახრას ანდა მიკერძოებას არ დაუშვებს.
მოწყალება კი, მადლით აღძრული მწუხარებაა და ყველას მიმართ თანაგრძნობით იხრება: ვინც ბოროტებას იმსახურებს, მას სანაცვლოს ბოროტებით არ მივაგებთ; ხოლო ვინც სიკეთეს იმსახურებს, მას საზღაურს ჭარბად მივუზღავთ“.
მოწყალება უნდა გავარჩიოთ გარეგნული კეთილმოქმედებისგან, როდესაც გული მოწყალების საქმეებში არ მონაწილეობს.
სიკეთის (მადლი) საკეთებლად შესაძლოა, აღგვძრას ყველაზე მდაბალმა და ცოდვილმა გრძნობებმაც, როგორიცაა: პატივმოყარეობა, ამპარტავნება (ქებისთვის), ზიზღიანობა (რათა მალე გათავისუფლდეს მთხოვნელისგან), თავისმოყვარეობა, დიდების წყურვილი და სხვა მსგავსი. ასე რომ, ქველმოქმედების ერთი ფაქტი ჯერ კიდევ არ მიუთითებს სულის სარგებელზე.
პავლე მოციქული გვასწავლის: „შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუველად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემდა“  (I კორ. 13,3). ღირსი სერაფიმე საროველიც ბრძანებდა, რომ სულიწმიდის მოსახვეჭად მხოლოდ ის საქმეები გამოდგება, რომლებსაც ადამიანი ქრისტეს გამო, მისი ნებისა და მცნებების აღსასრულებლად იქმს. ამიტომ მოყვასისთვის შეწევნა მოწყალების შესახებ ღვთის მცნებების აღსრულებას უნდა ეფუძნებოდეს და აუცილებლად სიყვარულის თანხლებით.
დეკანოზი იოანე წერს: „მიაყურადეთ საკუთარ თავს, როდესაც ღარიბი ადამიანი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, რაიმეს გთხოვთ: მტერი ეცდება, ამ დროს თქვენი გული მოიცვას სიცივით, გულგრილობითა და უსულგულობითაც კი გაჭირვებულის მიმართ. გადალახეთ საკუთარ თავში ეს არაქრისტიანული და არაადამიანური განწყობა, გაიღვივეთ გულში თანამგრძნობი სიყვარული ყველაფრით თქვენი მსგავსი ადამიანისადმი, ქრისტეს ამ ნაწილისადმი, სულიწმიდის ამ ტაძრისადმი, რათა ქრისტე ღმერთმაც შეგიყვაროთ. რაც უნდა გთხოვოთ გაჭირვებულმა, შეძლებისდაგვარად აღასრულოთ ის.
ხელი გაუმართე გაჭირვებულს მზადყოფნით, მოჩვენებითობის, დაეჭვებისა და წვრილმანი ცნობისმოყვარეობის გარეშე; გახსოვდეს, რომ ღარიბის სახით თავად ქრისტეს ეხმარები, ვითარცა წერილ არს: „მშიოდა და მომეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე“ (მათე 25, 35). „რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მათე 25,40).
გახსოვდეს, რომ შენი მოწყალება არაფერია იმ ადამიანთან, ღვთის შვილთან შედარებით. გახსოვდეს, რომ მოწყალება მიწა და ფერფლია; გახსოვდეს, რომ ნივთიერ წყალობას აუცილებლად უნდა მოსდევდეს სულიერი: ალერსიანი, ძმური, გულითადი მიმართვა მოყვასისადმი; ნუ შეამჩნევინებ, რომ ის შენგან დავალებულია, სიამაყეს ნუ გამოიჩენ...
ვერანაირი მსხვერპლი და გლახაკთათვის მოწყალება ვერ შეცვლის მოყვასისადმი სიყვარულს, თუ ის გულში არ არის; რამეთუ მოწყალების გაღებისას მუდამ უნდა ზრუნავდე იმაზე, რომ ის მოწყალედ, გულწრფელად, სიხარულით გაიღო და არა გულდაწყვეტითა და მათზე განაწყენებით.
თავად სიტყვა „მოწყალება“ გვიჩვენებს, რომ ის გულის საქმე და მსხვერპლი უნდა იყოს, უნდა გაიღოთ სიბრალულითა და თანაგრძნობით მატერიალურად თუ მორალურად გაჭირვებულისადმი. სიყვარულისთვის დამახასიათებელია სიხარული მოყვასის, საყვარელი ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენის გამო.
ისინი, ვინც მშიერ-მწყურვალს პურს ან ფულს დანანებით, მზაკვრული მზერითა და უგულოდ აძლევენ – იგივეა, რაც ეს პური და მოწყალება შხამით გასცე, თუმცა კი, ეს სულიერი შხამი უხილავია.
ღმერთო! მასწავლე მოწყალების გაღება სიამოვნებით, ალერსითა და სიხარულით და გვწამდეს, რომ მისი გაღებით კი  არ ვკარგავთ, არამედ გაღებულზე უსაზღვროდ მეტს მოვიპოვებთ“.
ღირსი ისააკ ასურიც ბრძანებს: „თუ გაჭირვებულს რაიმეს მისცემ, დაე, შენი გახარებული სახე აღემატებოდეს შენს მოწყალებას და მისი მწუხარება კეთილი სიტყვით ანუგეშო. როცა ამას იქმ, მაშინ შენი სიხარული მის შემეცნებაში შენს მოწყალებას აღემატება, ანუ ის სხეულის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე მეტია“.
ზოგიერთები ამბობენ: „დახმარება არ შემეძლო... სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო...“ წმიდა იოანე ოქროპირი ასეთებს ეუბნება: „არავის შეუძლია თავის მართლება (მობოდიშება) იმით, თითქოსდა რაიმე სიკეთის გაკეთება სურდა, მაგრამ არ შეეძლო; რამეთუ უდავოდ არ შეეძლო იმიტომ, რომ არ სურდა“.
ჭეშმარიტ სიმდიდრეს უფალი გვიგზავნის მოწყალების საქმეებისთვის, როდესაც ჩვენ ერთგულად და სწორად ვსაზღვრავთ (ვანაწილებთ, ვიყენებთ) ჩვენ უმართებულო (მატერიალური) სიმდიდრეს – ეს გარეგნული მოწყალებაა.скачать dle 11.3