კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ირაკლი გოგორიშვილი – პაციენტების საყვარელი ინოვატორი ექიმი ქართული კარდიოლოგიის სამსახურში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

 “კლინიკა „ჰელსიკორის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,ერთ-ერთი საუკეთესო კარდიოლოგი ირაკლი გოგორიშვილი რამდენიმე ათეული წელია, საქართველოში  უახლესი კარდიოლოგიური მიღწევების კვალდაკვალ მუშაობს. ბევრი ჯილდოსა და დაფასების მიღმა, დაუღალავი შრომითა და ადამიანებთან განსაკუთრებული მიდგომით, მთავარი ჯილდო, პაციენტების სიყვარული და აღიარება მოიპოვა.

ირაკლი გოგორიშვილი: ექიმების ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი ექიმი იყო და ბავშვობიდან მქონდა ამ სფეროსთან შეხება. სიმართლე გითხრათ, თავიდან ჩემს მშობლებს უფრო უნდოდათ, რომ ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სურვილი მეც გამიჩნდა და ამ პროფესიით დავინტერესდი.
– ინტერვენციულ კარდიოლოგიაში როგორ მოხვდით?
– ჯერ კიდევ მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მშობლების ერთ-ერთმა მეგობარმა მიამბო ახალ დარგზე, რასაც ინტერვენციული მედიცინა ჰქვია და გულისხმობს, გააკეთო ოპერაციული ჩარევა დიდი ჭრილობების გარეშე, მხოლოდ ერთი ნაჩხვლეტით სისხლძარღვში შესვლით. მაშინ ეს ფანტასტიკად მეჩვენებოდა, მაგრამ, როდესაც 20 წლის ასაკში ეს ამბავი მოვისმინე ძალიან მოვიხიბლე და აი, უკვე ორი ათეული, წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული.
– სად დაიწყო და როგორ განვითარდა თქვენი სამედიცინო კარიერა?
– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე და პრაქტიკულად, მაშინვე დავიწყე მუშაობა „ჯოენის“ სამედიცინო ცენტრში, ოღონდ კარდიოქირურგიაში. მაგრამ ჩემს ოცნებას მაინც არ მოვეშვი და მოგვიანებით გავემგზავრე გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, სადაც 2 წლის განმავლობაში ვსწავლობდი. მქონდა შესაბამისი პრაქტიკა, მივიღე იქ მუშაობის უფლებაც და ავიღე გერმანული დიპლომი ინტერვენციული კარდიოლოგიის სპეციალობით. მას მერე  მქონდა არაერთი სტაჟირება და სწავლება, მათ შორის, ინგლისში, ამერიკასა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი განათლების ძირითადი საფუძვლები გერმანიაში შეიქმნა.
– ბევრი მიმართულებით ინოვატორი ხართ. საქართველოში, თქვენ იყავით პირველი ინტერვენციული კარდიოლოგი, რომელმაც დანერგა სხივის არტერიიდან, ანუ ხელიდან კათეტერიზაციის მეთოდი, რასაც მაშინ სკეპტიკურად უყურებდნენ...
– ნებისმიერ სფეროში, თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო, უნდა შემოიტანო და დანერგო რაღაც ახალი, რაც შეცვლის და გაამარტივებს რთულად შესასრულებელ საქმეს. საქართველოში სხივის არტერიიდან, ანუ ხელიდან სტენტირება 1999 წელს პირველებმა ჩვენ გავაკეთეთ და ეს იყო ინოვაცია იმ
დროს, რასაც ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ წლები გავიდა და მსოფლიო მედიცინამ აღიარა, რომ სხივიდან მიდგომა ბევრად უკეთესი და უსაფრთხოა. შემიძლია ვთქვა, რომ დღესაც ჩვენი კლინიკა არის მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ უარი ვთქვით ბარძაყიდან მიდგომაზე და პრაქტიკულად, ყველა პროცედურა სხივიდან კეთდება.
   საქართველოში პირველად კლინიკა „ჰელსიკორში“ ჩატარდა აორტის სარქველის შეცვლა, ასევე, არაქირურგიული მეთოდით. ტექნოლოგია ისე განვითარდა,  რომ შეიქმნა სარქველი, რომელიც კათეტერშია ჩაკეცილი (როგორც სტენტი) და შეგიძლია, არტერიიდან მიდგომით შეიყვანო და მომუშავე გულზე ჩააყენო. მეტსაც გეტყვით, ეს ყველაფერი ხდება ნარკოზის გარეშე, ფხიზელ პაციენტზე – თან რომ ელაპარაკები და თან სარქველს უცვლი. მეორე დღეს პაციენტს უკვე ფეხზე ადგომის საშუალება აქვს.
   აქვე მინდა ვთქვა, რომ დღეს, პრაქტიკულად, ყველაფრის გაკეთება შეიძლება სტენტირების საშუალებით და ამ პროცედურით, 90 პროცენტში, ბევრად ნაკლები ტრავმით იგივე შედეგი გვაქვს, რასაც ადრე ქირურგია იძლეოდა. თუ ქირურგიული ჩარევის დროს საჭირო იყო ზოგადი  ნარკოზი, გულმკერდის გახსნა და გულის გაჩერება, პლუს შემდგომი ერთი კვირის საავადმყოფოში გატარება, დღეს სტენტირება მხოლოდ ერთ პატარა ჩხვლეტას გულისხმობს წინა მხარზე.
– თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის, რამდენად კომფორტულია კლინიკა „ჰელსიკორში“ მოღვაწეობა?
– სამი წელია, რაც ამ კლინიკაში ვარ და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი, ძალიან მობილური, ენერგიული და მიზანზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც ძალიან მოკლე დროში მიაღწია იმდენს, რასაც სხვა კლინიკებმა ათწლეულები მოანდომეს.  მინდა აღვნიშნო, რომ  კლინიკა „ჰელსიკორში“ მოქმედებს როგორც კერძო, ისე საყოველთაო დაზღვევა.
– ვიცით, რომ პაციენტების საყვარელი ექიმი ხართ, მათ შორის ცნობილი ადამიანების, ისიც ვიცი, რომ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უარი განაცხადა გერმანიაში სტენტირებაზე – იქ რა მინდა, როცა საქართველოს ირაკლი გოგორიშვილი ჰყავსო..  რთულია მათთან ურთიერთობა და მათი გულის
მოგება?

– მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ხშირად გვიყვარს ერთმანეთის კრიტიკა და გვიჭირს ვინმეს წარმატების აღიარება, მე აღფრთოვანებული ვარ ჩემი პაციენტებით, ისინი იმდენად ინფორმირებული და გათვითცნობიერებული არიან ბევრ საკითხში,  რომ არაფერი გამოეპარებათ, ყველაფერს ყველაზე ობიექტურად აფასებენ და საბოლოოდ, არასდროს ტყუვდებიან. პაციენტს ექიმის მხრიდან, უპირველესად, გულწრფელი ყურადღება და თანადგომა სჭირდება. გამოგონილი გულისხმიერებით მათ ვერ მოატყუებ. მნიშვნელოვანია, ექიმმა პაციენტს საკმარისი დრო დაუთმოს და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს. მე ვცდილობ, ყველა მათგანს საკუთარი ოჯახის წევრივით მივუდგე და ალბათ, ისინიც გრძნობენ ამ დამოკიდებულებას.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი წარმატება?
– ამ კითხვის პასუხად შემიძლია ჩამოვთვალო ჩემი სამეცნიერო რეგალიები, მთელი რიგი კონფერენციები, სადაც დიდი წარმატებით გამოვსულვარ ან ის ოპერაციები, რაც პირველად მე შემისრულებია საქართველოში, მაგრამ სულ სხვა პასუხი მაქვს: ერთხელ, როდესაც სახლში მანქანით ვბრუნდებოდი, გზაზე მოხუცმა კაცმა ისე სწრაფად გადამირბინა, რომ ძლივს მოვასწარი დამუხრუჭება, გავბრაზდი და როცა შევხედე ჩემი პაციენტი აღმოჩნდა, რომელიც ერთი წლით ადრე  აბსოლუტურად უიმედოდ, კარდიოგენული შოკით მოიყვანეს და სტენტირება გავუკეთეთ, როცა ეს კაცი ცოცხალი და ენერგიული დავინახე, ყველაზე ამაყი იმ წამს ვიყავი.скачать dle 11.3