კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№26 როგორ დაეხმარება ალექსანდრე თექთუმანიძის მიერ შექმნილი სიზმრების მართვის ხელსაწყო გულით დაავადებულებს

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

„ჩემი ხელსაწყოს შექმნის შემდეგ ადამიანს მიეცემა საშუალება, აღარ დაკარგოს სიცოცხლის ნახევარი ძილში ფუჭად და ეს დრო სასარგებლოდ გამოიყენოს, წარმოსახვაში შეასრულოს ის საქმე და დავალებები, რომელსაც რეალურად ვერ ხსნის და შემდეგ სიზმარში ამოხსნილი რეალობად აქციოს. ადამიანი შეძლებს გახდეს საკუთარი სამყაროს რეჟისორი“ – ეს 17 წლის აბიტურიენტის, ალექსანდრე თექთუმანიძის სიტყვებია, რომელიც სიზმრის მართვის ხელსაწყოზე მუშაობს.
ალექსანდრე თექთუმანიძე: სიზმარში ადამიანი იხსენებს, რომ მას სძინავს – ეს არის მთავარი არსი. რეალურ ცხოვრებაში ადამიანს ყოველთვის ახსოვს, საიდან მოვიდა აქ, სადაც ამ მომენტისთვის იმყოფება, სიზმარში ან საერთოდ არ ახსოვს, ან ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა ძალიან სპონტანურად ხდება. სიზმრის მართვის მიღწევა გონებრივი ვარჯიშის შედეგადაც შეიძლება, მაგრამ ამას ძალიან ბევრი ვარჯიში უნდა და თან, ვერანაირად ვერ იქნება ზუსტი. შეიძლება, ერთხელ გამოგივიდეს და მეორედ – არა. ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა მოწყობილობა, რომელიც ამაში დაგვეხმარებოდა.
– როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მოწყობილობა?
– ჯერ სიზმრის შესახებ უფრო დეტალურად მოგიყვებით. ძილი ციკლებად იყოფა და ერთ ღამეში დაახლოებით ოთხი-ხუთი ციკლი გვაქვს. თითოეული ციკლის ბოლოს ვხედავთ სიზმარს. ციკლები, თავის მხრივ, ფაზებადაა დაყოფილი. თითო ციკლში ხუთი ფაზაა და ბოლო ფაზას „რემ“ ანუ, ჩქარი ძილის ფაზა ჰქვია. ამ დროს, იზრდება ტვინის აქტივობა, თვალის კუნთები ძალიან სწრაფად მოძრაობს და იმატებს პულსიც. ამით შეგვიძლია გავიგოთ, როდის ხედავს სიზმარს ადამიანი. როცა ამას მივხვდებით, გარე გამღიზიანებლით უნდა მივაწოდოთ სიგნალი, რომლის საშუალებითაც ის იგრძნობს, რომ სძინავს. რაც შეეხება მოწყობილობას, იქნება ნიღაბი, თვალების წინ შუბდიოდებით, ანუ ძალიან პატარა ნათურებით, რომელიც ძალიან კარგად ანათებს.
– რა სირთულეები უკავშირდება ამ პროცესს?
– ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე „რემ“ ფაზის დადგენაა. იდეალური ვარიანტი იქნებოდა ტვინის ენცეფალოგრამის გაკეთება, მაგრამ თუ ამას გასაყიდად გამოიტან, ძალიან ძვირი დაჯდება და თან, ძალიან დიდი იქნება. ვცდილობ, ეს პულსის გაზომვით გავაკეთო, მაგრამ საკმაოდ რთულია, რადგან პულსის სენსორები ნაკლებად ზუსტია. თუმცა, ვცდილობ, მაქსიმალურად გავასწორო. ყველაზე რთული სიზმარში თავის შენარჩუნებაა. როცა ადამიანს სიზმარში ახსენდება, რომ სძინავს, იწყება ნერვიულობა, იმატებს ტვინის აქტივობა, რის გამოც შეიძლება, ადამიანს გაეღვიძოს, მაგრამ ამას დროდადრო მიეჩვევა და სიზმარში თავის შენარჩუნებას ადვილად შეძლებს.
– რის საშუალებას მოგვცემს, რას გავაუმჯობესებთ ამ გამოგონებით?
– ადამიანი შეძლებს, შექმნას თავისი პატარა სამყარო, სადაც ყველაფერს გააკეთებს, თუნდაც იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში მისთვის შეუძლებელია. ჩვეულებრივი სიზმარი შეიძლება, კინოს ყურებას შევადაროთ, ლუციდური სიზმარი კი, ის ფილმია, რომლის სცენარსაც თავად ვქმნით. ძილის ამ ფაზაში ტვინი მაქსიმალურად კონცენტრირებულია და სხვა გამღიზიანებელზე არ რეაგირებს. სიფხიზლის დროს, თუნდაც მათემატიკური ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში, პარალელურ რეჟიმში, შეიძლება სხვა რამეზეც ვფიქრობდეთ. ამ დროს გონება გაფანტულია, ლუციდური ძილის დროს კი, მხოლოდ ერთ საკითხზეა კონცენტრირებული, რასაც, ბუნებრივია, უკეთესი შედეგი მოჰყვება. ამიტომაცაა, რომ შეიძლება, ამოცანა ძილის წინ ვერ ამოვხსნათ, სიზმარში კი ეს მოვახერხოთ. გამოცდილება, რაც ამ პერიოდის განმავლობაში დამიგროვდა, მაჩვენებს, რომ სიზმარში ძალიან კარგია მათემატიკური მაგალითების ამოხსნა და ისეთ საკითხებზე ფიქრი, რომლის გადაჭრაც სინამდვილეში გვიჭირს.
– ძილის დროს ადამიანის ორგანიზმი, განსაკუთრებით ტვინი, ისვენებს. თუ საკუთარ თავზე ამგვარად ვიმოქმედებთ, როგორ აისახება ეს ძილის ხარისხზე?
– ადამიანს დღე-ღამეში, დაახლოებით, ცხრა საათი სძინავს. ამ სიზმრის ხედვის პროცესი სულ ბოლოს, დილისკენ, დაახლოებით, ოცი წუთის ხანგრძლივობის იქნება. ბევრი არაა, მაგრამ სიზმარში დრო ძალიან ნელდება. გარდა ამისა, ამ დროს ფიქრი განსაკუთრებულად დიდ რესურსს არ მოითხოვს. ადამიანი ისედაც ფიქრობს, ამ ფაზაში ტვინი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას ახარისხებს მოკლევადიანი და სამუდამო მეხსიერებისთვის, ანუ აქტიურია. ტვინი გულის მსგავსად არასდროს ითიშება.
– პრაქტიკულად როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს აპარატი?
– მას სახეზე საძილე ნიღბის მსგავსად გაიკეთებთ. ზედ დამაგრებული იქნება პატარა მიკროსქემა, ელემენტი, სენსორები, მაგრამ ყველაფერი იმდენად პატარაა, რომ შემაწუხებელი ნამდვილად არ იქნება. ძილის წინ ჩართავთ და მორჩა, მეტი არაფერი გევალებათ. დანარჩენს, ყველაფერს თვითონ განსაზღვრავს. შეგეძლებათ დილისთვის მაღვიძარაც დააყენოთ, რომელიც ნელ-ნელა გაგაღვიძებთ და არა უცბად. მისი მთავარი მიზანი ძილის გააზრებაა, მაგრამ დამატებით, სხვა ფუნქციებიც ექნება, მაგალითად, გულით დაავადებულ ადამიანებს გააღვიძებს მაშინ, როცა ისინი კოშმარებს ხედავენ – ამ დროს ადამიანი ღელავს, რასაც სენსორები დააფიქსირებენ.
– ახლა რა გეგმები გაქვს და როგორია შენი პროფესიული ინტერესები?
– ახლა, ცოტა ხანს ამ საკითხზე ისე აქტიურად ვერ ვმუშაობ. ორ კვირაში  პასუხს ველოდები მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური უნივერსიტეტიდან. „სივი“ გავგზავნე, გასაუბრებები გავიარე და ვნახოთ.
– როგორი გამოხმაურება დაიმსახურა შენმა იდეამ?
– ზოგს ძალიან მოსწონს ეს იდეა. განსაკუთრებით მათ, ვინც ლუციდური სიზმრებითაა დაინტერესებული და იცის, რა წვალებაა ეს ვარჯიშები – უამრავი დრო მიაქვს, მაგრამ, პრაქტიკულად, შედეგი არ აქვს. თუმცა ეს სკოლებშიც ისწავლება, რუსეთში  ბევრი სკოლაა, სადაც ამის შესახებ ასწავლიან. თვალსაჩინოებისთვის მაგალითს მოვიყვან: დავუშვათ, ხართ ინჟინერი და გინდათ დიდი პროექტის გაკეთება, მაგრამ არ იცით, როგორ მოუხდება ამ რელიეფს ეს შენობა. შეიძლება 3D მოდელის შექმნა, მაგრამ გაცილებით კარგი იქნება, თუ ამ შენობას სიზმარში შექმნით, ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც გსურთ, ყველა დეტალსა და შუქ-ჩრდილს, შემდეგ კი დაინახავთ, როგორი იქნება ის ცოცხალ გარემოში და არა მაკეტზე. ამ შემთხვევაში შეგეძლებათ ყველაფერი კარგად დაათვალიეროთ, ოთახებშიც შეხვიდეთ და ამის შემდეგ დაიწყოთ ამ პროექტის განხორციელება. ეს ამ სიზმრის გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია. თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ეს სიზმარი არ არსებობს. არადა, ლუციდური სიზმრის არსებობა მეოცე საუკუნეში დაამტკიცეს ჩიკაგოს უნივერსიტეტში. თუმცა ოლიმპიადაზე არ დაიჯერეს ამის არსებობა. უმეტესობას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება სიზმრის კონტროლი. ზოგი ამის პრაქტიკულ გამოყენებას ვერ ხედავს. მაგალითად, სიზმარში ვერ ვისწავლითო, კი ბატონო, სიზმარში ვერ ვისწავლით, მაგრამ მე ვფიქრობ, სიზმარში თვითშემეცნებაც ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსაყენებელია. რაც არ ვიცით, იმას სიზმარში ვერ ვისწავლით, რეალობისგან განსხვავებით, იქ ამისთვის სახელმძღვანელოები არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია, გონებაში აზრების დალაგება და საკუთარ ცოდნაში ჩამოყალიბება, კავშირების მოძებნა, მიღებული ცოდნის გააზრება, რაც უფრო პროდუქტიულიც გამოგვივა, ვიდრე სიფხიზლეში. კარგი იქნება, თუ ამ საქმისთვის სპონსორი გამოჩნდება.
скачать dle 11.3