კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ ატარებს მარიამ თუშიშვილის შექმნილ ძვირად ღირებულ სამკაულებს ფლორენციის მერის მეუღლე და როდის ხდება ის უსქესო

ნინო კანდელაკი ანი რევია

ერთი შეხედვით, 35 წლის მარიამ თუშიშვილი ნაზი, სიფრიფანა გოგოა, თუმცა, მამაკაცური შესაძლებლობები მასში იმ დროს იღვიძებს, როცა მუშაობას იწყებს და ამ დროს, სხვა განზომილებაშია. მას პროფესიონალურ დონეზე აქვს ათვისებული ტრადიციული მინანქარი და საოცარ, ექსკლუზიურ ნაკეთობებს ამზადებს. მისი ნამუშევრები გამოფენებზე ხშირადაა წარდგენილი და უცხოეთის ბევრ ქვეყანაშიც იყიდება.
მარიამ თუშიშვილი: რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ და ხელსაქმით ვარ დაკავებული. ოჯახში არავინ ხატავდა, დედა კარგად კერავდა და მახსოვს, მის გვერდით ვიჯექი და მეც, ჩემს თოჯინებს ვუკერავდი კაბებს, ან კიკინებიან თოჯინებს ვქსოვდი, ან ცხვირსახოცებს ვქარგავდი. ანუ, რომ არ მეცელქა, მასაქმებდა და ეს პროფესიაში გადამეზარდა. სამი წლისას პირველი გამოფენა მქონდა ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეაში. იქ ბავშვობიდან დავდიოდი და ხატვას ვსწავლობდი. ამას წინათ, დედამ იპოვა ჩემი დახატული საქორწილო კაბა და ფეხსაცმელები ყვითელ-წითელი ქუსლით. ამ ნახატებში ჩემს მომავალს ვხედავდი და ვდებდი. 2002 წელს დედის ინიციატივით მივედი გალერეა „ორნამენტში“ ტიხრული მინანქრის შესასწავლად. მას მერე შემიყვარდა, მონუსხული ვარ ამ დარგით. ეს არის ის, რაც ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს და თითოეული ნივთის დამზადებაში უდიდეს სიყვარულს ვაქსოვ.
– გარდა ამისა, თბილისში ბევრი სახლი და სკვერი გაქვს მოხატული. კედლების მონუმენტური დეკორატიული მოხატვის იდეა საიდან წამოვიდა?
– სულ ვხუმრობ, რაც ბავშვობაში კედლებზე არ მიხატია, დიდობაში დავიწყე-მეთქი (იცინის). სკოლის პარალელურად, ნიკოლაძეში ფერწერას ვსწავლობდი. შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში, მონუმენტური, დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ძირითადად, გარე კედლის ინტერიერ-ექსტერიერის მხატვრობას გვასწავლიდნენ. პირველ კურსზე რომ მიგვიშვეს კედლებთან, ამ საქმით მაშინ „მოვიწამლე“. სტუდენტობის დროს ბატონმა გია ბუღაძემ წაგვიყვანა იაშვილის კლინიკაში, სადაც ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილება უნდა გახსნილიყო. ფასადი უნდა მოგვეხატა. ეს იყო ჩემი პირველი კონტაქტი ფასადსა და კედელთან. კედლები და ჭერი ბავშვებისთვის ფერადი ნახატებით მოვხატეთ. შემიყვარდა ეს საქმე და ჩემი სადიპლომო ნამუშევარიც, აკვაპარკის მოხატვა იყო. ახლაც, რომ დავდივარ ქუჩებში, სულ კედლებს ვაკვირდები და ხალხს გიჟი ვგონივარ (იცინის). აკვაპარკში, ახლაც არის ჩემი სადიპლომო ნამუშევარი, იაშვილის კლინიკა კი, გადაღებეს. არ დამავიწყდება, იაშვილის კლინიკის მოხატვის დროს იქ გერმანელი ელჩის ოჯახი მოვიდა. ეს ოჯახი ლვოვის ქუჩაზე ცხოვრობდა და როცა ჩვენი ნამუშევარი ნახეს, თავისი ეზოს მოხატვა შემოგვთავაზეს. საქართველომდე ისინი, დიდი ხანი, თურმე, მექსიკაში ცხოვრობდნენ და უნდოდათ, რომ თბილისური ეზო მექსიკურ სტილში გაეფორმებინათ. ეს იყო პირველი დაკვეთა. შემდეგ იყო ბევრი სკვერი და ბაღი. მოვხატეთ ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილება, საბურთალოზე – კუტუზოვის ქუჩა, ყაზბეგის გამზირი, ნუცუბიძის მესამე მიკროში – სკვერი, აფრიკის პარკი, ამფითეატრის სტილის ნაგებობა, გლდანის მე-6 მიკროში – პარკი, ასევე, სვანეთის უბანში შენდებოდა ეკლესია, რომლის კედელი ქართული
თემატიკით მოგვახატვინეს – ეს იყო ომიდან დაბრუნებული გამარჯვებული მეომრებისა და ბედნიერი ხალხის შეხვედრის სცენა. 4-5-მეტიან ხარაჩოზე ისე დავდიოდი, ჩამოვარდნაზე არც კი მიფიქრია.  მიყვარს სიმარტოვეში მუშაობა და  შესაბამისი მუსიკა. იმ მომენტში, არაამქვეყნიური ვარ, სხვა განზომილებაში ვარ. ორი ღამე გადამიბია მშიერ-მწყურვალს და დრო ვერ მიგრძნია.
– ხატვის პარალელურად, ტიხრული მინანქრისა და ასრტოლოგიური ქვების გამოყენებით სასწაულ სამკაულებს აკეთებ. როგორც ვიცი, მათ ძირითადად, უცხოელები ყიდულობენ.
– დიახ, ჩემი მინანქრისგან დამზადებული სამკაულების მომხმარებელი, ძირითადად, ტურისტები არიან. ვიღებ შეკვეთებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ჩემს ნაკეთობებს გერმანიასა და ამერიკაში ვაგზავნი. მე სულ ვატარებ გულზე დაკიდებულ საქართველოს რუკას, მწვანე და ოქროსფერ ფერებშია. ჩემთვის ჩემი ქვეყანა მწვანე და მზისფერია. ზოგადად, ჩემს ნამუშევრებში მწვანე ფერი სჭარბობს და ეს იმის პროტესტია, რომ ვზივართ უფერადო შენობებში და გვაკლია ბუნებასთან კონტაქტი. სულ ფიქრებსა და ძებნაში ვარ. მინდა, ისეთი რამ გავაკეთო, რაშიც ჩემს ენერგეტიკას ჩავდებ. ადამიანს რომ შევხედავ, ზუსტად ვხვდები, რომელი ფერის სამკაული მოუხდება. როცა ცუდ განწყობაზე ვარ, სამუშაოდ არ ვჯდები, რომ ეს განწყობა სამკაულზეც არ გადავიდეს. მინანქარი საკმაოდ მამაკაცური საქმეა. დაზგასთან რომ ვდგავარ, სამკაულის გაპრიალების, ჭრისა და დაჩაქუჩების დროს, უსქესო ვარ და ჩვეულებრივი კაცი ვხდები (იცინის). აივანზე ვიჯექი და ტელეფონზე ვსაუბრობდი, წონასწორობა ვერ დავიცავი და გადავვარდი. 4 მეტრი ვიფრინე ჰაერში და სანამ მიწაზე დავეცემოდი, ვფიქრობდი, ღმერთო, ოღონდ ხელი არ მოვიტეხო, რომ მუშაობა შევძლო-მეთქი (იცინის). ზოგადად, რეინკარნაციის მჯერა და მე წარსულ ცხოვრებაში, მეთექვსმეტე საუკუნეში, ფრანგი მხატვარი ვიყავი, რომელიც დანით მოკლეს, ეს ერთ-ერთმა რუსმა ბოშამ გამომითვალა. გენში მხატვარი არ მყავს, დანის მეშინია და მგონი, ცოტა ფრანგული გარეგნობაც მაქვს (იცინის).
– მარიამ, მართალია, რომ ფლორენციის მერის მეუღლე ატარებს შენ მიერ დამზადებულ მინანქრის საყურეს?
–  ჩემი ახლობელი მუშაობდა ფლორენციის მერის ოჯახში, მას უნახავს ჩემი ნამუშევრები და დაინტერესებულა, რა ლამაზიაო.  მოკლედ, ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა, რომ მისი მეუღლისთვის ქართული მინანქრის საყურეები ეჩუქებინა. იტალიიდან დამიკავშირდა და შემიკვეთა. როდესაც ნამუშევარი უნახავს, ის ქალბატონი აღფრთოვანებულა, მანამდე მინანქარი ნანახი არასოდეს ჰქონდა და  ვერ იჯერებდა, რომ ასეთი ნივთი ხელით იყო შესრულებული. ვიცი, რომ სულ ატარებს და ძალიან მოსწონს. ამერიკაში კი, პროფესორ ქალს გავუკეთე სათვალის ჩამოსაკიდი მინანქრით და სულ კისერზე აქვს ჩამოკიდებული. თბილისის ქუჩებში ხშირად ვხვდები უცნობ ადამიანებს ჩემი სამკაულებით. აეროპორტში ვმუშაობდი და იქ ვხედავდი ბევრ უცხოელზე ჩემს სამკაულს და მეღიმებოდა. უკვირდათ, რას იღიმიო და ვეუბნებოდი, ჩემი ნამუშევარია-მეთქი. ჩემს ხელწერას თვალდახუჭული ვხვდები, თვალში მხვდება. საკმაოდ ძვირი ღირს ექსკლუზიური და საავტორო ნივთი, ამიტომ მას, ძირითადად, უცხოელები ყიდულობენ. მაგალითად, რვაფეხას საყურეები, ათას დოლარად გაიყიდა გერმანიაში.
скачать dle 11.3