კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ნუ ჩაუჯდები ნავში... ქალს

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

შესავლის მაგივრად
სინამდვილეში, ნათქვამია, ნუ ჩაუჯდები ნავში მეფესო, მაგრამ ავტორმა გადააკეთა ეს ცნობილი გამოთქმა. სათაური ძალიან გაიწელებოდა, თორემ, კიდევ მიუმატებდა რამდენიმე სიტყვას, მაგალითად, „რომელსაც ახლახან აწყენინეს“. ეს ბოლო სამი სიტყვა კი სხვა ფრთიანი ფრაზიდან არის მოპარული. მგონი, რომელიღაც ფილმში ამბობს მთავარი გმირი: ნუ ენდობი ქალს, რომელსაც ახლახან აწყენინესო, რაც, პრინციპში, იმავე აზრს შეიცავს, რასაც ავტორის მიერ შერჩეული სათაური და მაინც, უფრო მეტი სიზუსტისა თუ სიმძაფრისთვის, თავის მხრიდან, ის კიდევ ერთ სიტყვას ჩაუმატებდა: „დაუმსახურებლად“ – და მთლიანობაში გამოვიდოდა აბსოლუტურად გამართული და ზუსტად მიმანიშნებელი შეგონება: „ნუ ჩაუჯდები ნავში ქალს, რომელსაც ახლახან დაუმსახურებლად აწყენინეს“. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალი, რომელსაც, თუნდაც დამსახურებულად აწყენინეს (ანუ ის ამის ღირსი იყო), მაინც არ არის სანდო, რადგან, ნაწყენი და გულნატკენი ადამიანი, მით უმეტეს, ქალი, ძალიან არაპროგნოზირებადია; მას არ სჩვევია უკან დახევა, თუნდაც დარწმუნებული იყოს, რომ თავისი საქციელით ყველაზე მეტად თვითონ დაზარალდება.
***
ირმამ ნამტირალევ თვალებზე ცივი წყალი შეისხა და საკუთარ გამოსახულებას არც კი შეხედა სარკეში. თითქმის არ უძინია. მთელი ღამე თავის აუწყობელ ცხოვრებაზე ფიქრობდა და მხოლოდ გამთენიისას ჩათვლიმა, დაღლილმა და განერვიულებულმა.
გუშინ ისევ წამოვიდა სახლიდან – ეს უკვე მერამდენედ. ყოველი წამოსვლისას ფიქრობდა, უფრო სწორად, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამჯერად აღარ ეპატიებინა, აღარ დაბრუნებულიყო მასთან და ჭკუაც ესწავლებინა (თუმცა, როგორ – ეს ჯერ არ იცოდა)... მაქსიმუმ ერთი კვირა ძლებდა  მის გარეშე. ამ დროის გასვლის შემდეგ კი იჯდა სახლში და, ან სულ მობილურს დასცქეროდა, ან კარისკენ ჰქონდა ყური – ელოდებოდა, ქმარი როდის შეეხმიანებოდა და როდის სთხოვდა უკან დაბრუნებას. ისიც დიდხანს არ აგვიანებდა, უფრო ხშირ შემთხვევაში, ურეკავდა და, ვითომ არაფერი მომხდარაო, ჩვეულებრივად ჰკითხავდა, სახლში როდის მოხვალო. ირმაც, წინადადებას არ დაამთავრებინებდა, მაშინვე დაავლებდა ხელს თავის ჩანთას, თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა და აცრემლებული მიადგებოდა მის კარს, იქით ითხოვდა პატიებას და მთელი ღამე ხმამაღლა ტიროდა მის მკერდში თავჩარგული. ქმარიც დიდსულოვნად მიუტევებდა ხოლმე „თავის ჩურჩუტ გოგოს“ მორიგ სულელურ ნაბიჯს; შემწყნარებლურად მოისმენდა მის ბოდიშებს; ერთ-ორ ღამეს მასთან გაატარებდა, მოეფერებოდა და ეტყოდა, შენისთანა მაგარი ქალი არასდროს მყოლიაო. მერე თავისი მხრიდან დაიფიცებდა, რომ გვერდზე აღარასოდეს გაიხედავდა; რომ უბედნიერესი კაცი იყო, ასეთი ცოლი რომ ჰყავდა... იმ წუთებში ირმა მართლაც უბედნიერესი ქალი იყო, ასეთ სიტყვებს რომ ისმენდა თავისი სათაყვანებელი ქმრისგან, მაგრამ, უცბად, სრულიად უდროო დროს, გაახსენდებოდა ხოლმე, რა სიტყვებით „ამკობდა“ ქმარი, როცა მორიგ ღალატში გამოჭერილი, იქით ექაჩებოდა დასარტყმელად და ზიზღითა და დაცინვით აღსავსე სახით უყვიროდა დამამცირებელ სიტყვებს:
„ზედ რომ არავინ გიყურებდა, შემეცოდე და იმიტომ შეგირთე, თან, მთვრალი ვიყავი, თორემ, ფხიზელი შენ როგორ მოგიყვანდი ცოლად! შენისთანა ნაცრისფერ თაგვებს სალმის ღირსადაც კი არ ვთვლიდი! ისარგებლე ჩემი სიმთვრალით, შემეტენე ნასვამს, მოაჯექი ჩემს ქონებას და ახლა აქეთ გაქვს პრეტენზიები?! თუ გნებავს, რომ ჩემი ცოლი გერქვას, ამიტანე ისეთი, როგორიც ვარ, მე შენ გამო ცხოვრების წესს ვერ შევიცვლი!  შენ რა ქალი ხარ, ერთ კვირაში მომბეზრდი, შვილს ვერ აჩენ, სულ ცხვირ-პირი ჩამოგტირის!.. ანგელოზივით გოგოები შენატრიან შენს ბედს. ერთი მითხარი, შენი დაქალებიდან რომელს ჰყავს ჩემნაირი ქმარი! მაგრამ, ვერ აფასებ შენს იღბალს, შენი ისტერიკიანი დედაც მოვ...!“
ამ სიტყვების გახსენებაზე ჯერ ტკივილი და წყენა გაუჯდებოდა ირმას სულში, გულში, მთელი სხეულის ყოველ უჯრედში, მერე კი ერთადერთი კითხვა მოიცავდა მის გონებას: „თუ მართლაც ასე ფიქრობს ჩემზე, რატომ არ გამეყრება?“ მაგრამ ირმა ვერაფრით სცემდა პასუხს ამ კითხვაზე და ეს „რატომ“ წლების განმავლობაში რჩებოდა პასუხგაუცემელი.
ახლაც იგივე კითხვა ამოტივტივდა და, რადგან ისევ ვერ გასცა პასუხი, ნერვებაშლილი მივიდა საწერი მაგიდის უჯრასთან, ხელის ფათურით მოძებნა ოდესღაც „შავი დღისთვის“ გადანახული სიგარეტის ღერები, სლუკუნ-სლუკუნით გალასლასდა სამზარეულოში და გამომხმარ ღერს მოუკიდა. იმდენი ხანი იყო, აღარ მოეწია, რომ პირველივე ნაფაზმა კინაღამ დაახრჩო. მერე, როგორც იქნა, გაუარა ხველამ და უცებ საშინელი შიმშილი იგრძნო, მაგრამ ვერც კარადაში და ვერც მაცივარში საინტერესო ვერაფერი იპოვა და იძულებული გახდა, საკმაოდ ძველი პურის ქერქი და ყველის გამომშრალი ნაჭერი გაეღეჭა, მაგრამ ყელში არ გადაუვიდა და თეფშზე დატოვა. დედაზე უნდოდა გაბრაზება – რატომ არასდროს აქვს სახლში თუნდაც ელემენტარული პროდუქტიო, მაგრამ ახლა გაბრაზების თავიც არ ჰქონდა. უცნაურმა სურვილმა მოუარა – ვიღაცასთან ეჩხუბა, ეყვირა, „ორთქლი გამოეშვა“. მაგრამ უცბად იგრძნო, რომ ჩხუბი და ყვირილი კი არა, უნდოდა ვინმე ძალიან შინაურისა და ახლობლისთვის გადაეშალა გული და ბავშვივით ხმამაღლა ებღავლა.  დედასთან დავას, კამათს ან გულის გადაშლას აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც ვერ მიუხვდებოდა სატკივარს, მაინც არ გაამართლებდა, მერე გული წაუვიდოდა და ისევ ირმას მოსავლელი გახდებოდა; დაქალებთან არ უნდოდა თავის პირად სატკივარზე საუბარი – რატომღაც, ეგონა, რომ ამით თავს დაიმცირებდა. მერე მიხვდა, რომ სწორედ იაკო სჭირდებოდა, უმცროსი და, რომელიც, მართალია, ხანდახან კარგადაც მიტუქსავდა ხოლმე, მაგრამ მაინც ყველაზე უკეთ უგებდა. ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია, სასწრაფოდ აკრიფა იაკოს ნომერი.
– გისმენ! – მოისმა შეშფოთებული ხმა, – ხომ მშვიდობაა?
ირმას ისე გაუხარდა, მის გამო ვიღაცას რომ შეეშინდა, გულაჩუყებულმა ისევ ტირილი დაიწყო და სლუკუნით ჰკითხა:
– შეგიძლია, დედასთან მოხვიდე?
– რა დაემართა? – იკივლა იაკომ.
– არაფერი, დამშვიდდი. დედა მამიდასთან არის, რამდენიმე დღე იქ დარჩება, მე ვარ ჩვენს სახლში. მარტო ვარ და შენ მჭირდები.
– ისევ წამოხვედი? – დადარაჯებით იკითხა იაკომ; მხოლოდ მან იცოდა ირმას „პაბეგების“  შესახებ.
– ჰო, – ამოისლუკუნა ირმამ.
– რამდენ წუთში აპირებ ისევ იმ ნაძირალასთან გაქცევას და პატიების თხოვნას? – იაკოს დის ქმართან დაბრუნება უფრო აღიზიანებდა, ვიდრე მისი იქიდან გამოქცევა.
– აღარასოდეს, – მტკიცედ უპასუხა დამ.
– ხვალ დილას დავბრუნდები მივლინებიდან, მანდ დამელოდე, – უთხრა და ყურმილი გათიშა.
ქალი იმისთვის გაჩნდა ამქვეყნად, რომ ქმარს ემსახუროს, – ბავშვობიდან ამას ჩასჩიჩინებდა დედა, – ოჯახი მაშინ არის მტკიცე და მაშინ  სცემს პატივს ქმარი ცოლს, როცა ცოლი კომფორტსა და სიმშვიდეს უქმნის სახლში; როცა უთქმელად ხვდება, რა გაუხარდება; როცა არ შეაწუხებს პრეტენზიებითა და ზედმეტი შეკითხვებით...
ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ირმას დედა, ქალბატონი ნატალია, მართლაც ასეთი ცოლი იყო და თავის ორ ქალიშვილსაც ამ პრინციპებით ზრდიდა. ნაცნობებს, მეზობლებსა თუ ნათესავებს მართლაც სანიმუშო ოჯახის დიასახლისად მიაჩნდათ, მაგრამ მხოლოდ ირმამ იცოდა, რამდენი დამცირების გადაყლაპვის, რამდენი ცრემლის ფასად უჯდებოდა დედამისს ეს „საგარეო“ ბედნიერება. იცოდა ირმამ, რომ მამამისი ყველასთან ღალატობდა ცოლს – მეზობლებთანაც, დაქალებთანაც, თავის თანამშრომლებთანაც და „შემთხვევით“ ქალებთანაც; ისიც იცოდა, რომ ნატალიას თითოეული ღალატის შესახებ ჰქონდა დაწვრილებითი ინფორმაცია, მაგრამ ერთხელაც არ უსაყვედურია ქმრისთვის, ვითომ აზრზეც არ იყო. ერთხელ ირმამ იმასაც მოჰკრა ყური (მაშინ 14 წლის ხდებოდა), როგორ შესჩივლა ნატალიამ დედას ქმარზე, მან კი დატუქსა და უთხრა, სამაგიეროდ, თან გყვებათ შენ და ბავშვებს, არ გშიათ, არ გცივათ არ გწყურიათ და მეტი რა გინდა; არ გაბედო და ხმა არ ამოიღო, თორემ რამე რომ მოხდეს, იცოდე, სახლში არ შემოგიშვებ და სადაც გინდა, იქ წადი შენი შვილებიანადო. მაშინ ნატალიამ ერთი კი წაისლუკუნა და ამით დაასრულა ამ თემაზე ლაპარაკი – არასდროს აღარც წამოსცდენია ქმარზე საყვედური არავისთან, თუმცა ირმას იმ დღიდან თითქმის აღარ უყვარდა მამა, დედა კი  უფრო ეცოდებოდა, ვიდრე უყვარდა. ირმამ ისიც კი არ იცოდა, იყო თუ არა ამ ყველაფრის საქმის კურსში მისი და – იაკო, თუმცა, სავარაუდოდ, აზრზე არ იყო, თორემ თავისი პირდაპირი ხასიათის პატრონი, აუცილებლად „გაურჩევდა საქმეს“ დედასაც და მამასაც.
ირმას ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა ხვალინდელი დღე, რომ იაკო ენახა და მისთვის გადაეშალა გული. მხოლოდ მისგან თუ მიიღებდა სასარგებლო და საჭირო რჩევასა და გამოსაფხიზლებელ „შემოლაწუნებასაც“.
ნატალია თავის მულთან, ირმას მამიდასთან იყო რამდენიმე ხნით გადასული – ქეთოს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, სახლში ყავარჯნებით დადიოდა და მიხედვა სჭირდებოდა. ამიტომაც დაბრუნდა ქმრისგან გამოქცეული ირმა მშობლების სახლში ასე თამამად, თორემ, ნატალია სახლში რომ ყოფილიყო, მართლა არ გაუღებდა შვილს კარს.
დასთან დალაპარაკების შემდეგ ირმა ოდნავ დამშვიდდა და გადაწყვიტა, მის ჩამოსვლამდე ცოტათი მოეწესრიგებინა თავი, თორემ, იცოდა, რომ „ჭექა-ქუხილი“ არ ასცდებოდა – „რას დაემსგავსე“. ამიტომ, აბაზანაში შევიდა, გრილი შხაპის შემდეგ ყავა მოიდუღა და ცხელივე დალია. მხოლოდ ამის შემდეგ გაიშრო ფენით თმა, მაკიაჟიც გაიკეთა და სარკეში რომ ჩაიხედა, ხასიათზეც მოვიდა – ესიამოვნა, სარკიდან მოვლილი, მოწესრიგებული დამშვიდებული და სანდომიანი ქალი რომ შემოსცქეროდა.
– რა ცოტა სჭირდება ქალს გასალამაზებლად, – ხმამაღლა მიმართა თავის ორეულს, – იცოდე, ამაზე უარეს ფორმაში აღარასოდეს დამენახო, თორემ, არ ვიცი, რას გიზამ! – მერე თვალი ჩაუკრა თავის გამოსახულებას და, თავისდა გასაკვირად, ჩუმი ღიღინით აიღო ბინის გასაღები, ფეხზე გამოიცვალა, თხელი პიჯაკი ჩამოიღო საკიდიდან, ჯიბეში საფულე ჩაიდო და სუპერმარკეტში ჩაირბინა. კიბეზე იგრძნო, როგორ მოშიებოდა. სასწრაფოდ იყიდა ის საჭმელი, რომელიც თვითონ უყვარდა (და არა მის ქმარს), სასუსნავებითაც გაავსო საკმაოდ მოზრდილი პარკი და სახლში შესვლისთანავე გააწყო მაგიდა.
ცოტა რომ დანაყრდა, იგრძნო – ისევ მოუნდა საკუთარი გამოსახულების დანახვა და სარკისკენ გაიქცა. ჯერ კრიტიკული თვალით შეათვალიერა სარკიდან მომზირალი ქალი, მერე კმაყოფილების ღიმილი გაუკრთა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
– ღმერთო, რა ცოტა ჰყოფნის ქალს, – ჩაიჩურჩულა უკვე ხასიათზე მოსულმა, – მით უმეტეს, ჩემნაირ სულელს... – მერე ახლოს მივიდა სარკესთან, საკუთარ თავს თვალებში ჩახედა და სასიამოვნოდ გაოცდა, როცა სევდისა და ტკივილის ნაცვლად იქ პაწაწინა ეშმაკუნები დაინახა.
– რამ ამახუნტრუცა ამხელა ქალი! – შეუწყრა თავს, თუმცა თვალების გამომეტყველება არ შეუცვლია. თვალებში ჭინკების დანახვაზე ბებიას შეგონება გაახსენდა, ლამის ყოველდღე რომ უმეორებდა უკვე მოწიფულ ირმას:
– გენაცვალოს ბებო, კარგად დაიმახსოვრე, რასაც ახლა გეტყვი: კაცს უბრალო დალაპარაკების დროსაც კი არ გაუსწორო თვალი. კაცი ოხერია, სულ გამორჩენაზე ფიქრობს და, თვალებში თამამად თუ შეხედავ, მით უფრო – ღიმილით, ის აუცილებლად გამოწვევად მიიღებს, ჩათვლის, რომ თავს სთავაზობ და აუცილებლად მოგთხოვს ამ შეთავაზების ასრულებას.
 ირმამაც ისე კარგად დაიმახსოვრა ეს შეგონება, რომ მთელი ცხოვრება თვალებდახრილი ელაპარაკებოდა კაცებს, საკუთარ ქმარსაც კი. ძალიან გვიან მიხვდა, რომ ამიტომაც არ ინტერესდებოდნენ მისით ჯერ ბიჭები (სკოლის და სტუდენტობის წლებში), მერე კი – კაცები. ქალი, რომელიც სულ თვალებდახრილი დადის, სულ ვიღაცის ზურგსაა ამოფარებული და არ უყვარს, თუ არ იცის საკუთარი ინდივიდუალიზმის წარმოჩენა, კაცისთვის ცარიელი ადგილია, თუნდაც ძალიან ლამაზი იყოს. ასეთი ქალით მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაინტერესდებიან „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ – მამაკაცები: თუ გაიგეს, რომ ამ ქალის მშობლებს დიდი ქონება გააჩნიათ. ეს ყველაფერი რომ გაახსენდა, ახლა ამდენი წლის შემდეგ, გაბრაზდა ირმა ბებიაზე. ვის რაში სჭირდებოდა მისი შუასაუკუნეობრივი შეგონებები? ის არ ეყო, შვილი რომ გააუბედურა, შვილიშვილიც ზედ მიაყოლა და თავი დიდი მორალისტი ჰგონია. მხოლოდ ახლა მიხვდა, თავისი გარეგნობის, ინტელექტის, განათლებისა და ნიჭიერების მიუხედავად, რატომ არ იყო პოპულარული გოგო არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში და რატომ არასდროს ჰყოლია სერიოზული თაყვანისმცემელი, განსხვავებით მისი დაქალისგან, რომელიც, ობიექტურად თუ შეაფასებდა, და არა ქალური შურით, ნამდვილად არაფრით გამოირჩეოდა ძალიან საშუალო გოგოებისგან, გარდა სამი თვისებისა: იყო თამამი, ბიჭებთან ურთიერთობაში საკმაოდ აქტიური (ოღონდ, მიიტყუებდა და არაფრის უფლებას არ აძლევდა) და ყოველთვის აჟუჟუნებული თვალებით „ეთამაშებოდა“ იმ მამაკაცს, ვისი გულის მონადირებაც სურდა, რაც თითქმის ყოველთვის გამოსდიოდა. შესაბამისად, მოზარდობის ასაკიდან მოყოლებული, მუდმივად თაყვანისმცემლებით იყო გარემოცული. ერთხელ ჰკითხა კიდეც ირმამ მაცაცოს, როგორ ახერხებ ამასო, რაზეც მან სიცილით უპასუხა:
– ბებიაჩემის წყალობით.
– ბებიაშენი რა შუაშია შენს კავალრებთან? – გაუკვირდა ირმას.
– შუაში კი არა, თავშია. მეშვიდე თუ მერვე კლასში ვიყავი, პირველი ლექცია რომ ჩამიტარა. ბებო, თუ გინდა, რომ ბიჭებს მოსწონდე, თვალებით ისრების სროლა უნდა ისწავლო, ოღონდ არ უნდა გადააჭარბო, რომ არ გათამამდნენ და რამე ზედმეტი არ გაკადრონო. ჰოდა,  სარკის წინ ცოტაოდენი წავარჯიშების შემდეგ საკმაოდ კარგად დავეუფლე ამ სუფთა ქალურ „ხელოვნებას“ და დღემდე წარმატებით ვიყენებ.
– ბრძენი ქალი ყოფილა შენი ბებო, – გულწრფელად შეაქო ირმამ მეგობრის ბებია, – ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
– ჰო, მართლა ბრძენი ქალი იყო. სხვა ჭკვიანურ დარიგებებსაც მაძლევდა, მაგრამ თვალებით გასროლილი ისრების თეორია ზენიტია. ამ წესის გამოყენება ყველა ასაკშია რეკომენდებული, – სიცილით უთხრა მაცაცომ.
– რა, ახლაც „ისვრი ისრებს“? – ჩაეკითხა ირმა.
– ჰო-მეთქი, ხომ გითხარი.
– კი მაგრამ, შენ ხომ გათხოვილი ხარ და შვილიც გყავთ?
– მერე რა, სიმართლე გითხრა, ახლა უფრო სახალისოა, – ისევ გაეცინა მაცაცოს.
– მერე, შენი ქმარი? იმისთვის თუა სახალისო? – წარბი შეიკრა ირმამ.
– ნუ ხარ, გოგო, ხონჟა. ჯერ ერთი, ამ მეთოდს, უპირველეს ყოვლისა, ჩემს ქმართან ვიყენებ, რომ უფრო დამაინტრიგებელი იყოს ჩვენი ურთიერთობა.
– ანუ?
– ანუ, ცოლი მუდმივად უნდა ეპრანჭებოდეს და ეკეკლუცებოდეს ქმარს, რათა მისი ცხოვრების მთავარმა მამაკაცმა ინტერესი არ დაკარგოს მეუღლის მიმართ და ის ყოველთვის ერთადერთ და განუმეორებელ ქალად მიაჩნდეს.
– სხვა მამაკაცებთან? – ირონიით ჰკითხა ირმამ.
– რა „სხვა მამაკაცებთან“? – ვერ მიუხვდა მაცაცო ირონიას.
– სხვა მამაკაცებთან რაღაში გჭირდება ისრები, თუკი ქმარი გიყვარს და მასაც უყვარხარ?
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3