კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ უმკლავდება ირაკლი კავსაძე ამერიკაში ნახევარმილიონიან ვალს და რატომ დატოვა მან პაატა ციქურიშვილთან ერთად ამერიკაში დაარსებული თეატრი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„პატარა უფლისწული“ ის სპექტაკლია, რომლის დასადგმელადაც ცოტა ხნის წინ, ირაკლი კავსაძე თბილისში ჩამოვიდა. ამ ნაწარმოებთან მის ოჯახს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და ამიტომ, გადაწყვიტა, ეს სპექტაკლი დედისთვის მიეძღვნა, წამყვანი გმირი კი მამა ყოფილიყო.
ირაკლი კავსაძე: ჯერჯერობით საქართველოში არ დავბრუნებულვარ, ეს, უბრალოდ, შემორბენაა, რომელიც სპექტაკლ „პატარა უფლისწულს“ უკავშირდება. ამერიკაში ყოფნის დროს საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც რეჟისორმა, მუსიკალურმა გამფორმებელმა და ამან მომცა ბიძგი, ჩემი თავისთვის მეთქვა: დიახ, მე შემიძლია სპექტაკლის გაკეთება. თუმცა, არის საკითხები, რომელშიც გზადაგზა ვიღებ გამოცდილებას. საერთოდ, ხელოვანი მუდმივად გამოცდის წინაშეა. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, კმაყოფილების შეგრძნება არასდროს გიპყრობდეს. მადლობა ღმერთს, თვითკრიტიკის უნარი მაქვს, ეს ადამიანს წინსვლაში ეხმარება. ერთხელ რუსთაველის თეატრი ლატვიაში იყო გასტროლზე. მაშინ მე 14 წლის ვხდებოდი. ჩემი დაბადების დღე გასტროლის დასრულების შემდეგ დღეს, ბანკეტების პერიოდს დაემთხვა. ეს დღე ოქროს ხალხთან ერთად აღვნიშნე, თამადა ბატონი რამაზ ჩხიკვაძე იყო. მაგ პერიოდში ფეხბურთს ვთამაშობდი და როცა რამაზმა ჩემი სადღეგრძელო შესვა, მითხრა: რაც არ უნდა სასწაულები აკეთო ფეხბურთში, შენ მაინც არტისტი გამოხვალ, სხვა ვარიანტი არ არსებობსო. მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე კარგად – თავი მაღლა არასდროს ასწიო, თორემ ხომ იცი, სამკაპი რა არის? გაგთხრიან ყელში და დაბლა ჩამოგაგდებინებენ თავს. მერე ამას ვეღარაფერს უშველი. ამიტომ, რაც უფრო მაღლა წახვალ, მით უფრო დაბლა დასწიე თავიო. ეს მე ისე მივიღე, როგორც ანდერძი ადამიანისგან, რომელიც ჩემი კუმირია. ყოველთვის ვაკონტროლებ საკუთარ თავს, რომ რაღაც ამდაგვარი არ დამემართოს, თორემ ცხოვრება არ მაპატიებს.
– რაც შეეხება ამ სპექტაკლს, დედის იუბილეს უკავშირდება ეს ყველაფერი?
– წელს დედაჩემის ოთხმოცი წლის იუბილეა. შარშან გადავწყვიტე, ეს სპექტაკლი დამედგა, მაგრამ მაშინ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა და რადგან წელს იუბილეა, ვიფიქრე, რომ დავამთხვევდი. ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან დიდი ხანი მქონდა გეგმაში, რადგან დედაჩემსაც აქვს ნათამაშები „პატარა უფლისწული“ და მისადმი განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. ვარჩევდი ადამიანს, ვისაც შეიძლებოდა ეს როლი ეთამაშა და შარშან, ჩამოსული რომ ვიყავი, ჩემი დის შვილიშვილი, ჩემი სეხნია ირაკლი „აღმოვაჩინე“. თავისთვის თამაშობდა ბურთს და მივხვდი, რომ ზუსტად „პატარა უფლისწულის“ ტიპაჟი იყო. ჩემთვის ეს გახდა მთავარი ბიძგი, რამაც მათქმევინა – მე ვდგავ ამ სპექტაკლს და რაც შეიძლება, მალე. როგორც ამბობენ, ცხოვრებაში თეთრი რაში ერთხელ ჩამოგიქროლებს და კარგად უნდა მოახტე, რომ არ გადმოვარდე.  შვილთაშვილთან ერთად სპექტაკლში თავად კახი მონაწილეობს, მაგრამ არა როგორც პერსონაჟი, არამედ კახი, როგორც მთხრობელი. ჩემი აზრით, პატარა უფლისწულში ეგზიუპერმა თავის თავი ჩადო, ვადში კი – საკუთარი მეუღლე და გადავწყვიტე, მეც ამ გზით წავსულიყავი. რადგან ეს სპექტაკლი დედაჩემს მივუძღვენი, მინდოდა, მასში კახი ყოფილიყო წამყვანი, როგორც მისი ცხოვრების მეგზური, რომელთან ერთადაც 23 წელი გაატარა. ამიტომაც არის კახი, როგორც კახი და არა რომელიმე პერსონაჟი.
– როგორია მოგონებები დედაზე?
– რთულია მოგონება, როცა რაღაც ძალიან განსაკუთრებულთან გაქვს საქმე. დედა ბრძენი ქალი იყო, მისი ფიზიკური მდგომარეობა რაც უფრო უარესდებოდა, გონებრივად უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მახსოვს ჩემი დეიდაშვილის ფრაზა დედაჩემის პრინციპული საუბრის შემდეგ: ტოტასთან (დეიდა შემოკლებით – რუსულიდან) „დავილი“ არ ვარგა. ასეთი იყო, რამეს რომ იტყოდა, ისე იტყოდა, საწინააღმდეგო აზრზეც რომ ყოფილიყავი, მიგახვედრებდა, რომ მართალს ამბობდა. ფიზიკურად რომ დასუსტდა, მსახიობები მასთან მოდიოდნენ და რეპეტიციებს სახლში გადიოდნენ. რჩევისთვის უცნობი ხალხი აკითხავდა, სულით ავადმყოფები მოდიოდნენ და ისე ესაუბრებოდა, დამშვიდებულს და საოცრად ბედნიერს უშვებდა. ჩვენი ოჯახის საღამოები ინტელექტის ზეიმი იყო.
– ბატონი კახის დამოკიდებულება დედისადმი და მათი სიყვარულის ამბავი.
– კახი ძალიან უთქმელია. მას არასდროს უთქვამს დედაჩემისთვის „მიყვარხარ“, მაგრამ მთელი მისი ცხოვრება ამას ამტკიცებს. სიმართლე გითხრათ, არც მე მითქვამს ეს სიტყვა ჩემი მეუღლისთვის, ჩემთვის თითქოს ზედმეტია. მთავარია, ეს დამოკიდებულეა შენს ქცევაში გამოხატო. ასე იყო კახიც, რომელსაც დღემდე არ განელებია ეს გრძნობა და ამას კარგად ვხედავ, როცა სპექტაკლში მის გამოსვლას ვუყურებ. ვუთხარი, ეს ყველაფერი „იმას“ მიუძღვენი-მეთქი. არც დედა მიხსენებია, არც ბელა და ისიც ზუსტად „მას“ უძღვნის, რაც მის თვალებში ჩანს.
– როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, როცა მსახიობობა გადაწყვიტეთ?
– ერთი კი გვკითხა მეც და ჩემს დასაც – შეძლებთ, მორალური და ფსიქოლოგიური დარტყმების ატანასო? თეატრში გავიზარდეთ და თითქოს ყველაფერი ნანახი გვქონდა, მაგრამ მთავარ სამზარეულოში არ ვყოფილვართ, იმ მთავარ კარში არ შევსულვართ. მაგრამ როცა ეს გვკითხა, იმდენად გვინდოდა ეს პროფესია, ვუპასუხეთ, როგორ არაო. ყველაფერზე თავს ვაქნევდით, მაგრამ, როცა ჩავაბარეთ, თეატრში მოვედით და ის მთავარი კარიც შევაღეთ, მერე მივხვდით, რაზეც იყო საუბარი. არტისტის ცხოვრება მუდმივი განცდებია. იგივე გზა გაიარა ჩემმა შვილმაც და ვუთხარი: ესაა, შვილო, შენი პროფესია, უნდა შეეგუო-მეთქი. ერთ დღეს შეიძლება, თქვა: მორჩა, აღარ მინდა არტისტობა, მაგრამ მეორე დღეს: რას ჰქვია აღარ მინდა?! ამას უნდა მიეჩვიო.
– კარიერა აქ დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ ამერიკაში წახვედით, რამ გადაგაწყვეტინათ?
– მეგობრები მახსენებენ, პირველი კურსიდან ამერიკა გეკერა პირზეო. მაგრამ ჩემთვის ამერიკა, უბრალოდ, იდეალი ქვეყანა კი არ იყო, მინდოდა იქ ჩემი საქმე მეკეთებინა. მოკლედ, ველოდი თეთრ რაშს, მაგრამ პარალელურად, რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი, შეძლებისდაგვარად, ფილმებსა და რეკლამებშიც ვმონაწილეობდი. ამერიკაში 2000 წელს წავედი, მაგრამ მაშინ – მხოლოდ სასეირნოდ, ოჯახთან ერთად. იქ ინსტიტუტელი მეგობარი პაატა ციქურიშვილი შემხვდა. მეგონა, გერმანიაში იყო, მაგრამ გავიგე, რომ ამერიკაში იყო და საკუთარი – სტანისლავსკის თეატრი ჰქონდა. შევხვდით ერთმანეთს და რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა მეორედ ჩავედი, გადავწყვიტეთ, ჩვენი თეატრი გაგვეკეთებინა, პაატას მანამდე სხვა პარტნიორი ჰყავდა. 2001 წელს ჩამოვაყალიბეთ „სინეტიკ თეატრი“, რომელიც დღემდე მოქმედებს, მაგრამ მე წამოვედი. შარშან სეზონი დავხურე და დავემშვიდობე, თუმცა, ჩემი ქალიშვილი იქ არის. მივხვდი, რომ რაღაც სხვა უნდა ვქნა, კინოც მომენატრა. ოცდაოთხსაათიანი მუშაობა მარტივი არაა და მივხვდი, რომ სხვა რამისთვის დრო აღარ მრჩებოდა. ისიც გავიფიქრე, რომ ჩემი თავი ამოვწურე. ახლა ისევ გვირაბში ვიყურები, თუმცა, ამჯერად მე თვითონ უნდა ვუხმო თეთრ რაშს, რომ ლოდინი არ მომიწიოს. უკვე დადგა დრო, რომ არჩევანი გავაკეთო, მიღირს თუ არა. ბავშვურად ახალგაზრდა აღარ ვარ და ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, დინებას კი არ მივყვე, არამედ არჩევანი თავად გავაკეთო.
– ბევრი მსახიობისგან მსმენია, რომ სხვაგან ვერ იმუშავებს, რადგან მხოლოდ ეს არის მისი პროფესია. ვიცი, როცა ამერიკაში გადახვედით, მსახიობობის პარალელურად, თქვენ ძალიან ბევრი რამ შეითავსეთ.
– როგორ გეკადრებათ, სხვა სამსახურებიც მაქვს. იქ მარტო არტისტობით თავს ვერ ირჩენ. აქ ცოტა სხვა წარმოდგენები აქვთ. რადგან იქ არტისტი ხარ, ესე იგი, კარგად ხარ. ამას წინათ სუფრაზე ერთი მეუბნება: ოო, შენ იქ კარგად ხარ, როგორც ვიცი, ამერიკაში ბიზნესები და საკუთარი შენობები გაქვსო. რესტორანი თუ რაღაც ამდაგვარი მიხსენა. დედას გაფიცებ, საიდან მოგაქვს ასეთი რამეები-მეთქი, ვკითხე. ამათთვის მსახიობობა ამერიკაში „ჰოლივუდთანაა“ გაიგივებული, – „ჰოლივუდი“ კი – მილიონებთან. მაგრამ არ იციან, რომ „ჰოლივუდშიც“ არ იწყებენ პირდაპირ მილიონებიდან. ისეთი წარმოდგენა აქვთ, თითქოს მე ხეებიდან ვკრეფ ფულს, თან იმდენს, რამდენიც მომინდება. იქ ყველა არტისტი სხვაგანაც მუშაობს. ის სამსახურები ჩემი გადარჩენის წყაროა. როგორც არტისტს, ახლა ამერიკაში არანაირი შემოსავალი არ მაქვს. ძირითადად, ზუსტად იმ სამსახურებზე ვარ დამოკიდებული. ჩემს ანგარიშს რომ შეხედო, შეიძლება, არც დაიჯერო, რომ ჩემია, თუმცა წარმოდგენები სხვანაირი აქვთ.
– ვკითხულობდი თქვენს შესახებ: საკუთარი სამსართულიანი სახლი ამერიკაში და ასე შემდეგ.
– მაქვს, მაგრამ ახლა გადასახადი რომ მაქვს და ვფიქრობ, საიდან მოვიტანო ეს ფული, ამას არავინ კითხულობს? ამაშია საქმე. სამსართულიან სახლთან ერთად, ნახევარი მილიონი რომ მაქვს ვალი, ის ხომ უნდა დავფარო. ასე რომ მქონდეს საქმე „ქეშად“ ვიყიდდი, მაგრამ როგორც აქ დამკვიდრდა ბანკიდან გამოტანილი სესხით სახლის ყიდვის ტენდენცია, ასე გავაკეთე მეც. ვერ ელევა ქართველი ამ წარმოდგენებს: მანქანაც ჰყავს კაცო, თან სამი, მაგრამ რის ხარჯზე ხდება ამის შენახვა, არავის აინტერესებს. ძალიან საწყენია ეს ყველაფერი. მრავლად მსმენია ჩემს თავზე, რა მაგრად ვყოფილვარ და დავჭყიტავ ხოლმე თვალებს. ისიც მითხრეს, „ჰოლივუდში“ წადიო. წავიდა ჩვენგან რამდენიმე მსახიობი, მაგრამ დაბრუნდნენ, განწყობით – „ჰოლივუდი არ გამაგონოთ“. მხეცი თუ არ ხარ, იქ დაიკარგები. ჩემს შვილსაც ეს ვუთხარი, თუ შენ აქ ფეხის მოკიდება გინდა, მგელი უნდა იყო. სხვანაირად გამორიცხულია, დაიკარგები, ვერც მე გიშველი და ვერც პაატა-მეთქი. ესაა ამერიკა, არავინ თქვას, მე იქ ვისწავლე და ამერიკას ვიცნობო. სტუდენტი ვერ ხედავს რეალურ ამერიკას. მაგ ასაკში მეც ეიფორიაში ვიყავი, ეს რა მაგარი რამეა-მეთქი, მაგრამ მერე, ცხოვრება რომ საკუთარ მხრებზე ვიგრძენი, მივხვდი, რომ რეალური ამერიკა ცოტა სხვანაირია.
– რაც შეეხებათ შვილებს?
– ირინკა, როგორც ვთქვი, „სინეტიკის თეატრშია“. უმცროსი – ამერიკაში დაიბადა 2002 წელს. მაინცდამაინც არტისტობით არაა გატაცებული. ძალიან კარგად ხატავს და ლექსებსა და პოემებს წერს. ძალიან უყვარს ცხოველები და პირველად ძაღლი რომ მოითხოვა, მაშინ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. იქ ძაღლის ყოლის უფლება რომ მოგცენ, ამისთვის სპეციალურ აპარტამენტებში უნდა აიღო ბინა. ამიტომ ფიზიკურად არ გვქონდა ამის საშუალება, თუმცა სახლს რომ ვიყიდით, მერე, კი ბატონო-მეთქი, ვუთხარი. მაგრამ სახლის ყიდვა ასე ადვილი არ არის, რაღაც ხომ უნდა გქონდეს. შეიძლება, შემოსავალი გაქვს, მაგრამ ბანკმა ეს არასაკმარისად ჩათვალოს. სანამ სახლს საბოლოოდ ვიყიდდი, რამდენიმეჯერ უარი მივიღეთ. ბოლოს, რომ ვიყიდეთ და სახლში პირველი ღამე გავათენეთ, ჩემი შვილი მეუბნება, ხომ ვიყიდეთ სახლი, ახლა ძაღლი მინდაო. ქვისლისგან წამოვიყვანეთ ყავისფერი ლაბრადორი, რომელიც უკვე ექვსი წელია, ჩვენთან ცხოვრობს და ჩემი შვილია, ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. რამდენჯერ მითქვამს მეუღლისთვის, ეს რომ არ გვყოლოდა, რა გვეშველებოდა-მეთქი. კახიმ რომ ნახა, თავიდან ეჭვის თვალით უყურებდა. მერე ჩემმა მეუღლემ დამიძახა, ტელეფონი დამრჩა ქვემოთ და ამომიტანე, გთხოვო. ტიქსი, მოდი აქ, მამიკო, დედას წაუღე ეს ტელეფონი-მეთქი და ჩავუდე პირში. გაოცებული უყურებდა კახი, როგორ შეასრულა თხოვნა ჩვენმა ბიჭმა. ჩემი მესამე შვილია, მამიკოს ვეძახი.
– და ბოლოს, მეუღლე.
– ჩემი მეუღლე მსახიობ მალხაზ გორგილაძის ქალიშვილია. ჯერ მეგობრები ვიყავით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, თითქოს მანამდე არც მინახავს, ჭანჭიკი გადამიტრიალდა და სიყვარულის თვალით შევხედე. 27 წელია, დაქორწინებულები ვართ, თან, ჩემი დაბადების დღესაა ჩვენი ქორწინების იუბილე. მინდა, ჩემს თავს სიცოცხლის ბოლომდე მასთან ერთად ყოფნა ვუსურვო. ერთმა მკითხა, ქალები გიყვარსო? მე ქალებს პატივს ვცემ, სიყვარული ერთადერთია და ის ერთადერთი ჩემი მეუღლეა-მეთქი ვუპასუხე. როცა არაჩვეულებრივი მეუღლე გყავს, ცხოვრება უკეთესი ხდება.
скачать dle 11.3