კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (51)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№25 რა უნდოდა საქართველოში ბერქა ყაენს, რატომ შემოვიდა ტფილისში და რა ვერსიები არსებობს მისი სიკვდილის შესახებ

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

 ჩინგიზ ყაენს რამდენიმე ცოლი ჰყავდა, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარულით პირველი ცოლი, ბორტე უყვარდა. ბორტემ მას ოთხი ვაჟი გაუჩინა. ისინი მიიჩნეოდნენ უმაღლესი ხარისხის უფლისწულებად და სწორედ მათ ოჯახებს შორის განაწილდა ჩინგიზ ყაენის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები. ჩინგიზისა და ბორტეს ვაჟებს ერქვათ ჯუჩი, ჩაღატა, უგედეი და თოლუი.
ჯუჩის მემკვიდრეობის საფუძველზე, ჯუჩის უფროსმა ძემ, ბათო ყაენმა, დააარსა ჯუჩის ულუსი, რომელსაც ოქროს ურდოს უწოდებდნენ.
ჩინგიზ ყაენისა და ბორტეს მეოთხე ძის, თოლუის მესამე ვაჟმა, ჰულაგუმ, ირანსა და მის მომიჯნავე ტერიტორიებზე დააარსა თავისი სამთავრო. ჰულაგუს ილხანი უწოდეს, რაც ნიშნავს ხალხების ხანს, ყაენს. მის სამფლობელოს საილხანოდ მოიხსენიებდნენ. ამ ულუსის ქვეშევრდომები, ვასალები გავხდით ჩვენ.
1260-იანი წლებიდან მონღოლთა დიდი იმპერიის ფორმალურმა ერთიანობამ რღვევა დაიწყო. ჰულაგუ ახალი გარდაცვლილი იყო და  ტახტზე მისი ვაჟი, აბაღა იჯდა. ბათო ყაენის მიერ ჩრდილო კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილის, რუსეთისა და მომიჯნავე ტერიტორიებზე დაარსებულ სხვა სახელმწიფოს – ოქროს ურდოს, განაგებდა ბათო ყაენის ძმა, ბერქა.
ბერქასა და ჰულაგუს შორის დიდი ბრძოლები გაიმართა შირვანში და ჩრდილო კავკასიაში, სადაც თავი ისახელეს ჩვენმა მეფემ, დავით მეშვიდე ულუმ, სამცხის მთავარმა სარგის ჯაყელმა და სხვებმა. მრავალი ქართველი შეიწირა შირვანში, დარუბანდსა და თერგის პირას მონღოლთა შორის გამართულმა ბრძოლებმა.
1265 წელს, გაზაფხულზე, დარუბანდის გავლით, სამხრეთ კავკასიაში ისევ შემოიჭრა ბერქა ყაენის არმია. ავანგარდს მისი ძმის შვილიშვილი, ნოღაი სარდლობდა. უკან ძირითადი ნაწილებით მოჰყვებოდა ბერქა. ახლა უკეთ მომზადებულიყო ჯუჩის ძე, მეტი ჯარისკაცი შეეგროვებინა – მთელი ოქროს ურდო წამოეყვანა, თავისი ვასალებით. მოტივაციაც მეტი ჰქონდა – გამწარებული იყო ჰულაგუიანების ოჯახზე ჯუჩიდი ბერქა. სურდა, თავისი ძმების შვილების – ხუთარის (თუთარის), ბალაღასა (ბალახანის) და ყულის მკვლელობის გამო, შური ეძია. ასევე, ამბობენ, მაჰმადიან ბერქას უნდოდა, ჰულაგუიანებისთვის სამაგიერო გადაეხადა მათ მიერ ბაღდადის განადგურებისა და ხალიფას მკვლელობისთვისო. ეს იყო ფაქტობრივი ჯიხადი საილხანოს წინააღმდეგ.
მთავარი მიზანი, კი, ალბათ, სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთის დაპატრონება გახლდათ – ახალი ტერიტორიების დასაკუთრება, აბაღა ყაენისთვის წართმევა. ბერქა ჯუჩის ულუსის საკუთრებად მიიჩნევდა შირვანსა და ადარბადაგანს, საიდანაც პერსპექტივები გადაეშლებოდა საქართველოსკენ, ერაყისა და მცირე აზიისკენ.
აბაღა ყაენმა ჩვენი მეფე, დავით ულუ მიიწვია დამხმარედ. სხვა გზა არ ჰქონდა ლაშას ძეს, აბაღა ყაენის ვასალი იყო და ვალდებულება ჰქონდა, ქართულ ჯართან ერთად, მის სამხედრო კამპანიაში მიეღო მონაწილეობა.
იმ წელს ორ საყაენოს შორის პირველი შეტაკებები შირვანში მოხდა. ოქროს ურდოს ავანგარდს სარდლობდა, როგორც ვთქვით, ნოღაი, ბერქას ძმის შვილიშვილი, ხოლო საილხანოს ავანგარდს აბაღა ყაენის ძმა, იუშუმუთი მეთაურობდა. ნოღაი დამარცხდა და თვალიც დაკარგა (სხვა ვარიანტით, მას თვალი, რამდენიმე წლით ადრე, თერგის ბრძოლაში დაუკარგავს). ის იძულებული გახდა, უკან დაეხია. ამ დროისთვის ბერქა შირვანში ძირითადი ძალებით შემოვიდა.
შირვანში შევიდა საილხანოს არმიის ძირითადი ნაწილიც. აბაღას ჯარმა გადალახა მტკვარი და მის მარცხენა ნაპირზე აპირებდა ბრძოლის გამართვას. მაგრამ, ცნობები მოუვიდა, ბერქას ძალიან დიდი ძალები ჰყავსო. ილხანმა  ბრძანება გასცა, უკან გადმოელახათ მდინარე. ხიდი დაანგრევინა აბაღამ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაბანაკდა. მოადგა ბერქა მტკვარს აურაცხელი ჯარით. აბაღა ყაენი შებრძოლებას მოერიდა, გააგზავნა სპეციალური ნაწილები მტკვრის აღმა და ხიდები დაანგრევინა. 14 დღე მთავარი ჯარები პირისპირ იდგნენ მტკვრის გაღმა-გამოღმა და ისრებს უშენდნენ ერთმანეთს. მტკვარი ძალიან ადიდებულიყო და მდინარეზე გადმოსვლა ვერ შეძლო ბერქამ.
შემდეგ, ბერქა ყაენი ამოჰყვა მტკვარს ამოღმა და მოაოხრა შირვანი, ჰერეთი, კახეთი, ივრისპირი მცხეთამდე. ტფილისში უამრავი ქრისტიანი მოკლეს. დაინგრა არაერთი ქალაქი: ხორნაბუჯი, ხუნანი, რუსთავი, უფლისციხე... ტფილისის ხიდი გადალახეს და გადმოვიდნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.  ბერქას ჯარი გარეჯისკენ დაიძრა. გაანადგურეს გარეჯის მონასტერთან არსებული დასახლებები.
დიდი საფრთხე მოელოდა მონღოლთა შორის საომარ ტერიტორიად ქცეულ საქართველოს სხვა მხარეებსაც. მაგრამ, როგორც მემატიანე წერს: მოჰხედა ღმერთმა წყალობით ჩვენს ქვეყანას და ბერქა ყაენს რაღაც სენი შეჰყარა. არაბული წყაროთი ცნობილია, რომ ბერქას ფეხების ტკივილი აწუხებდა თურმე. ებრაული წარმოშობის, ირანელი მაჰმადიანი ისტორიკოსისა და მონღოლთა ვეზირის, რაშიდ ად-დინის ცნობით, მსგავსი დაავადება ასევე აწუხებდა, თურმე, ბერქას უფროს ძმას, ბათოს და ბიძას, ჩინგიზ-ყაენის მესამე შვილსა და მემკვიდრეს, დიდ ყაენ უგედეის. აღნიშნული გენეტიკური დაავადება ჩინგიზ-ყაენის პირველი და საყვარელი ცოლისგან, ბორტესგან გადასცემოდათ მემკვიდრეობით. შესაძლოა, სხვა რაიმე ავადმყოფობა შეეყარა ყაენ ბერქას. მაშინ გავრცელებული იყო მუცლის სენი, ტიფი.
ყველასთვის მოულოდნელად, ბერქა ყაენი საქართველოში მოკვდა. მისმა ჯარისკაცებმა წაიღეს ყაენის გვამი, გაიარეს დარუბანდის კარი და გადავიდნენ ჩრდილოეთში, თავიანთ ურდოში.
ბერქა ყაენის გარდაცვალების შესახებ საქართველოში სხვა ვერსია არებობდა. ეს ლეგენდაა და არ უნდა იყოს სიმართლე. თუმცა, მაინც საინტერესოა. ლოვარდ ტუხაშვილი წერს:
„ოქროს ურდოს მბრძანებელი ბერქა-ყაენი სამასათასიანი ლაშქრით დაიძრა სამხრეთის მონღოლთა ურდოს – საილხანოს წინააღმდეგ. ჩრდილოელებმა გამოიარეს დარუბანდი და აპირებდნენ ირანში შეჭრას. 1263 წელი იყო, თვე აპრილი. რაღაც საოცრად ადიდებული მოდიოდა მტკვარი. ვერაფრით გადალახეს ბერქას მეომრებმა მდინარე. ჩვენდა საუბედუროდ, ვიღაცამ ურჩია ყაენს, გაჰყოლოდა მტკვრის მარცხენა ნაპირს, თბილისში ასულიყო და მეტეხის ხიდით გადასულიყო სამხრეთში. დაიძრა ბერქა და ერთი მზგებსის შემდეგ ხორნაბუჯის საერისთაოში ჩამოაღწიეს მონგოლ-თათართა უზარმაზარმა ბრბოებმა. მტერმა ,,მოჭამა“ ივრისპირეთი და ალაზნისპირეთი, გაანადგურა აყვავებული სოფლები, გაძარცვა ეკლესია-მონასტრები, შემუსრა ციხე-სიმაგრეები. ქუდზე კაცი გამოიძახა შალვა ბერის-ძე საღირისძემ. ხორნაბუჯის საერისთაოს ლაშქარი თანამედროვე მაღაროს სამხრეთით განლაგდა, ყათრების ქედის წინამდებარე ველზე. ხუთი-შვიდი ათასი კაცის გამოყვანა შეეძლო მხოლოდ შალვა ერისთავს. აქეთ – ხუთი-შვიდი ათასი ქართველი, იქით – სამასი ათასი თათარი....
... უთანასწორო ფიცხელი ბრძოლა გაიმართა ქიზიყის ბოლოს, მიწა იწვოდა მხედართა ფეხთა ქვეშ, დაემსხვრათ ქართველებს მახვილები, შემოეფლითათ ჯაჭვის პერანგები, სისხლისფრად შეიღება პატარა მდინარე ოლე. თათართა გვამებისგან მთელი ბორცვები აღიმართა ივრისპირეთში. სამი ვაჟით იბრძოდა შალვა საღირისძე, სამივე დაეცა გმირული სიკვდილით, გაშმაგდა მამა, გაარღვია მონღოლ-თათართა რაზმები, მიიჭრა ყაენთან, ხმლით გადაუსერა მხარი, აჩეხეს შალვა მონღოლებმა. სამი დღის შემდეგ ბერქა-ყაენი გარეჯის მთებზე გარდაიცვალა. ისტორიული ტრადიციით, ღმერთმა დასაჯა. ლეგენდა კი ამბობს, შალვა ხორნაბუჯელის მახვილისგან მიყენებულმა ჭრილობამ მოუსწრაფაო სიცოცხლე. გარეჯის მთებიდან უკან გაბრუნდა მონღოლთა ლაშქარი.“
скачать dle 11.3