კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 იძებნება სიკვდილით მოთამაშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24(911)


გამოძიების ფედერალური ბიუროს ანტიტერორისტული და საგამოძიებო განყოფილებების უფროსები, ჯონი ჰარისი და მელორ სპირსი, „ბიუროს“ დირექტორის კაბინეტიდან გამოსვლიდან თორმეტი საათის შემდეგ უკვე თბილისში იყვნენ. მათ ჰიუსტონ სოდა დახვდა, რომელიც „ბიუროს“ წარმომადგენელი იყო და თანამემამულეებს უთხრა:
– კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება.
სპირსმა და ჰარისმა თავშეკავებულად ჩამოართვეს ხელი რანგით უმცროს კოლეგას, რომელმაც მათ უთხრა:
– მრავალსაათიანი ფრენის მერე დაღლილები იქნებით. თქვენთვის საუკეთესო ნომერი შევუკვეთეთ უმაღლესი კლასის სასტუმროში და იქ მივდივართ.
– სოდა! – კბილებში გამოსცრა მელორ სპირსმა და დაამატა, – რა დროს სასტუმრო და დასვენებაა? აქ ჩვენ პრობლემის სასწრაფოდ მოსაგვარებლად ჩამოვედით და ლაბორატორიაში წაგვიყვანეთ!
– როგორც იტყვით, სერ! – მიუგო სოდამ „ბიუროს“ საგამოძიებო განყოფილების უფროსს და ოციოდე მეტრში მდგომი „შევროლეტის“ „ჯიპის“ მძღოლი ხელით მოიხმო.
მანქანა ადგილიდან დაიძრა. „ბიუროს“ ანტიტერორისტული განყოფილების უფროსმა, ჯონი ჰარისმა კი სპირსის სიტყვებს დაამატა:
– გეტყობათ, რომ ამ თაგვის სოროში გვარიან დროს ატარებთ, მთავარი მოვალეობა გავიწყდებათ და ამიტომაც იტაცებენ ბოროტმოქმედები  საიდუმლო ლაბორატორიებიდან სასიკვდილო ვაქცინებს.
„თაგვის სოროში“ ჰარისი თბილისსა და საქართველოს გულისხმობდა.
– არა, სერ, რას ბრძანებთ. რის გართობა. ან, როგორ უნდა გაერთო ამ მართლაც თაგვის სოროში. დღე და ღამე ვმუშაობთ. ეს შემთხვევა კი, ერთადერთია და არც მსგავსი მომხდარა აქ ოდესმე, და საერთოდ, სიტუაციას ვაკონტროლებთ, – თავი იმართლა ჰიუსტონ სოდამ, რომელმაც მხარი აუბა თავის რანგით უფროს კოლეგას და თბილისს მანაც „თაგვის სორო“ უწოდა.
სინამდვილეში კი, სოდა სულაც არ მიიჩნევდა თბილისს თაგვის სოროდ. დროსაც მშვენივრად ატარებდა საქართველოს დედაქალაქში და არც ელიტური ლამაზმანების სექსუალურ მომსახურებაზე ამბობდა უარს. ამასთანავე, ჰიუსტონ სოდა ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს საუკეთესო რესტორნებში ვახშმობდა, სადაც მას ქართველი მაღალჩინოსანი ძალოვნები პატიჟებდნენ.
ამერიკელები „შევროლეტში“ მოთავსდნენ, რომელსაც ასევე „ბიუროს“ ამერიკელი თანამშრომელი მართავდა, სოდა – მძღოლის გვერდით, სპირსი და ჰარისი კი – უკანა სავარძელზე.
სოდა მუხლებზე დადგა, უკან შეტრიალდა და ვაშინგტონიდან ჩამოფრენილი უფროსების შეკითხვებს პასუხობდა.
– ამ მომენტისთვის ბასილელის ირგვლივ რა არის გარკვეული? – ჰკითხა სოდას სპირსმა.
– არც ბასილელი ჩანს, სერ და არც მისი ცოლ-შვილი. საგულდაგულოდ შევამოწმეთ ბასილელის ორი საცხოვრებელი ბინა და ერთი აგარაკი წავკისში, აქვე, თბილისის მახლობლად. ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოვაჩინეთ. დაკითხულია მისი ყველა მეზობელი თუ ნათესავ-მეგობარი და ნაცნობი. არავინ არაფერი იცის. ყველა მათი გამოვლენილი საკონტაქტო პირის ბინებსა თუ აგარაკებთან სპეციალური ოპერატიული ჯგუფები არიან ჩასაფრებულები და მათი ან რომელიმე მათგანის გამოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. შემოწმებულია, აგრეთვე, ბასილელისა და მისი ცოლის კომპიუტერები და სოციალური ქსელები. იქაც არაფერია საეჭვო. მოსმენაზეა ჩართული ცოლ-ქმრის ტელეფონები და ისინი გამორთულია, – თქვა სოდამ.
– ესე იგი, ამ საქმის ირგვლივ აბსოლუტური სიცარიელეა, – დაასკვნა ჰარისმა.
– ვმუშაობთ, სერ. „ეშმაკის ამონასუნთქის“ გატაცებიდან სულ რაღაც ცხრამეტი საათი გავიდა და საქართველოს მთელი ძალოვანი სტრუქტურები და „ბიუროს“ სპეციალური საიდუმლო-ოპერატიული ქვედანაყოფი ფეხზე დგას და მუხლჩაუხრელი ეძებს გამტაცებლებს.
– ამ ჯგუფს ლინდა მეთაურობს, ხომ? – ჰკითხა სოდას ჰარისმა.
– დიახ, სერ, ლინდა ჯექსონი, – მიუგო სოდამ.
– მაგარი გოგოა ლინდა, – ღიმილით თქვა ჰარისმა.
– გასაჟიმად? – ჰკითხა სპირსმა.
– როგორც ქალიც მაგარია, მაგრამ მოერიდე მასეთ სიტყვებს, სპირს. ლინდამ არ გაგიგოს, – გაეცინა ჰარისს და დააყოლა, – იყო ერთი შენისთანა უკმეხი ფლეიბოი. ლინდა „დაევასა“ და „შებმა“ დაუწყო და იცი, რა დაემართა ბოლოს?
– მაინც რა? – გაღიზიანდა სპირსი.
– რა და, იმ ტუტუცმა ფლეიბოიმ ლინდას დაუჯერა და ფლორიდაში მასთან ერთად ოკეანეში შეცურა. ისე შორს შეიტყუა, ლინდა რომ უკან გამობრუნდა, იმ სულელმა ფლეიბოიმ ნაპირი ვეღარ დაინახა და დაპანიკდა. ლინდა კი, ნაპირზე გამოვიდა და ფლეიბოის ვერტმფრენი გაუგზავნა, რომ არ დამხრჩვალიყო. სწორედ რომ, სულზე მიუსწრეს ძალაგამოცლილს და წყლიდან ამოათრიეს. მას მერე ფლეიბოი სათოფეზეც არ ეკარებოდა ჩვენს ლინდას. სხვა ფლეიბოის კი, ლინდამ სპარინგის დროს ქუსლით ყბა მოსტეხა და ექვსი თვით მწყობრიდან გამოიყვანა. ასე რომ, სპირს, არ გირჩევ ლინდასთან ხუმრობას და მასზე ასეთ ლაპარაკს.
სპირსს არ ესიამოვნა ჰარისის პასუხი და უხერხული სიტუაცია ნაწილობრივ მაინც რომ „გაელაითებინა“, ვითომ ხუმრობით, ორივე ხელი ასწია და კოლეგას მიუგო:
– მესმის, მესმის, კოლეგა. მართალია, არ ვიცნობ ამ ალქაჯს, მაგრამ უკვე ხელს ვიღებ მასთან არშიყზე.
„გამოპენისებული“, – გაიფიქრა ჰარისმა სპირსზე. სოდას კი, რომელიც ასევე მშვენივრად იცნობდა ლინდა ჯექსონს, გუნებაში გაეცინა და გაიფიქრა: „რა სამწუხაროა, რომ ჰარისმა სპირსს ლინდაზე მოუყვა, არადა, რა შოუს ვიხილავდი, ამ კვერცხს რომ მასთან გაარშიყება ეცადაო“, – ჰარისს კი უთხრა:
– დიახ, სერ! ლინდა ჯექსონი თავისი საქმის ნამდვილი ასია და ბრწყინვალედ მუშაობს.
– ქვედანაყოფში სულ კაცები ჰყავს, ხომ?
– დიახ, სერ! სულ მამაკაცები და ის იქ ერთადერთი ქალია.
– ქალი და რა ქალი! ოცდათექვსმეტისაა და ოცდახუთისნაირად გამოიყურება. მისი შემხვედვარე ვერ იტყვი, რომ ყველაზე რკინის მკვნეტელ მამაკაცსაც კი სულს ამოართმევს – ჰოლივუდის კინოვარსკვლავივით გამოიყურება. ერთი სიტყვით, უმაღლესი კლასია. სადაა ახლა?
– „მოდულის“ შენობაში, სერ!
– ეგ „მოდული“ რაღაა, სოდა? – ჰკითხა სოდას სპირსმა.
– საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ოფისი, სერ, – მიუგო სოდამ.
თბილისში სასწრაფოდ მოვლინებული ჰარისი და სპირსი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. არაოფიციალურად კი, უფროსად მაინც სპირსი ითვლებოდა, რადგან ის საგამოძიებო განყოფილების უფროსი იყო. თბილისში სასწრაფო გამოძიებისთვის იყო ჩამოსული და ჰარისს მისი მოთხოვნები უნდა შეესრულებინა. სპირსმა თავისი უფლების აღდგენას მიჰყო ხელი და სიტუაცია რომ გაეკონტროლებინა, საუბრის სათავეები საკუთარ ხელში აიღო და სოდას უთხრა:
– სოდა, – სპირსმა საათს დახედა, – ახლა ადგილობრივი დროით დილის რვის ნახევარია და საიდუმლო ლაბორატორიის უფროსი რონალდ დოგი სამსახურში იქნება?
– დიახ, სერ, იქაა, რაც „ეშმაკის ამონასუნთქი“ დაიკარგა, მისტერ დოგი ლაბორატორიიდან არ გამოსულა, – უპასუხა სპირსს სოდამ.
– მაშ ასე, სოდა, ჯერ ლაბორატორიაში მივალთ. დოგს გავესაუბრები და ადგილზე დავათვალიერებ ყველაფერს. შემდეგ კი, „მოდულში“ წავალთ და ლინდა ჯექსონისა და ამ საქმეზე მომუშავე ყველა პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით გაფართოებულ თათბირს ჩავატარებ. ადგილობრივებიდან ვინ კურირებს გამოძიება-ძებნის პროცესს?
– უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სერ, – თქვა სოდამ და დაამატა, – თავად მისტერ გენერალი უძღვება ყველაფერს.
– უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გენერალი? – ირონიით თქვა სპირსმა და დააყოლა, – გენერალს ამ დროს, ალბათ, სძინავს და იზრუნეთ, რომ ჩვენს იქ მისვლამდე გააღვიძონ და ადგილზე დაგვხვდეს, თათბირისთვის მზად, რა თქმა უნდა, გაპარსული და პირდაბანილი.
– არც გენერალს დაუძინია, სერ, მას მერე, რაც ეს მოხდა, – მიუგო სოდამ სპირსს და ღიმილით დააყოლა, – იმის პირობას კი ვერ მოგცემთ, რომ წვერგაპარსული დაგხვდებათ, რადგან გენერალი წვერს ატარებს.
სპირსს მეტი არაფერი უთქვამს. სოდამ კი მობილურიდან თავის თანაშემწეს დაურეკა „მოდულში“ და სპირსის სიტყვები გადასცა.
***
სოდამ და თბილისში სასწრაფოდ მოვლინებულმა „ბიუროელებმა“ საიდუმლო ლაბორატორიაში სულ რაღაც ერთი საათი დაჰყვეს. რონალდ დოგს ეტყობოდა, რომ დიდი სტრესი გადაიტანა და მათ გაუპარსავი დახვდა. სპირსმა მასთან საუბრისას ახალი ვერაფერი გაიგო. ბოლოს გაამხნევა, გამოემშვიდობა და თავის ამალასთან ერთად „მოდულისკენ“ აიღო გეზი.
ქალაქის გარეუბნიდან, სადაც საიდუმლო მიწისქვეშა ლაბორატორია მდებარეობდა, „მოდულის“ შენობამდე „შევროლეტის“ „ჯიპს“ ნახევარი საათიც არ დასჭირვებია. საკმაოდ შორი მანძილის მიუხედავად, დაცარიელებული გზატკეცილი და თბილისის ქუჩები „შევროლეტმა“ სწრაფად გაიარა. მით უმეტეს, რომ მძღოლი აშკარა წესების დარღვევით მოძრაობდა. არც შუქნიშნებზე ჩერდებოდა და ისეთ მანევრს ახორციელებდა, რომ ავარიული სიტუაცია იქმნებოდა. ჩვეულებრივ, „ადგილობრივ მოკვდავს“ საპატრულო პოლიცია საკმაოდ ძვირად დაუჯენდა მსგავს „ცელქობას“. საგანგებო „შევროლეტს“ და მის ნომრებს კი, სამართალდამცველები კარგად ცნობდნენ და აბა, ვინ გაბედავდა მათ გაჩერებას.
რაც უფრო ქალაქის ცენტრისკენ მიიწევდა „ჯიპი“, მით უფრო ყურადღებით აკვირდებოდნენ განათებულ ქუჩებსა და შენობებს ამერიკელები და ეტყობოდა, რომ პირველი შთაბეჭდილება ეცვლებოდათ საქართველოს დედაქალაქზე.
– არც თუ ისე თაგვის სორო ჩანს ეს ქალაქი, როგორც თავიდან მეგონა, – თქვა ჰარისმა და დააყოლა, – ვფიქრობ, რომ აფრიკის ბევრ ბინძურ ქალაქზე სუფთა და თანამედროვე უნდა იყოს.
– ვფიქრობ, რომ მოსკოვზე სუფთაც კი, – დაამატა სპირსმა და დასძინა, – შარშან მოსკოვში მომიწია ჩასვლა და ისეთი სიბინძურე დამხვდა, როგორსაც ნიუ-იორკის ნაგავსაყრელზეც ვერ ნახავ.
– ბატონებო, თბილისი უძველესი კულტურის ქალაქია და ათას ხუთას წელზე მეტი ხნისაა, ხოლო ეს ქვეყანა, საქართველო,  კი, სამი ათას წელზე უფრო ძველია. ქართველებს, ასევე, უძველესი დამწერლობა აქვთ და ერთ-ერთი პირველი ქრისტიანები არიან, –  „გაანათლა“ სოდამ კოლეგები.
– ჩვენ თუ სამასი წლისაც არ ვართ, რითი გვჯობიან? – ბოროოტად ჩაიქირქილა სპირსმა, რომელშიც ამერიკულმა ჰომოფობიამ იფეთქა და სოდას მწველი მზერა ესროლა.
– მე არ მითქვამს, რომ რამეში გვჯობიან, სერ! მე, უბრალოდ, გითხარით, რომ ეს ხალხი და ქვეყანა უძველესია მსოფლიოში, – მშვიდად მიუგო სოდამ სპირსს, რომელსაც „არ ეპიტნავა“ რანგით უმცროსი კოლეგის „ურჩობა“ და თქვა.
– ძველი ერი, ძველი დამწერლობა... უკანალში გაიკეთონ ეგ დამწერლობა. ბევრი ძველი ერი კი დიდი ხანია,  უკვე იქ გაუჩინარდა. ვფიქრობ, არც ამათ დარჩენიათ დიდი დრო. ყველა, ვინც ჩვენი ხელიდან იკვებება, ლაქია და უუნაროა და ასეთები მალე გადაშენდებიან ხოლმე, – სპირსმა კვლავ მწველი მზერა ესროლა სოდას და მოულოდნელად ჰკითხა:
– აბა, სოდა, ერთი ისეთი ადამიანი მაინც დამისახელე ქართველებიდან, ვისაც მთელი მსოფლიო იცნობს, – სპირსს ჩაეცინა. ხელები გააქნია და დაამატა, – არა, მთელი მსოფლიო არაა საჭირო, ისეთი ვინმე მითხარი, ვისაც მე ვიცნობ, – სპირსს უფრო მეტად სარკასტულად გაეცინა და დააყოლა, – ვერ დამისახელებ, სოდა, რადგან მე არცერთი ქართველის სახელი არ მსმენია ჩემს სიცოცხლეში.
– სტალინი, სერ! – მშვიდად მიუგო სპირსს სოდამ.
– სტალინი? – ჩაიხითხითა სპირსმა და დააყოლა, – ცდები, სოდა. სტალინი რუსი იყო. ის საბჭოთა იმპერიას მართავდა.
– არანაირად არ ვცდები, სერ. მართალია სტალინი საბჭოთა იმპერიას მართავდა ოცდაათ წელზე მეტხანს, მაგრამ ის ეროვნებით ქართველი იყო. გვარად ჯუღაშვილი. სტალინი კი ფსევდონიმია და ფოლადს ნიშნავს. სხვათა შორის, ჯუღაშვილი, ანუ ჯუღა, რკინის ნაჭერს ნიშნავს ქართულად. სტალინი ქალაქ გორში დაიბადა. თბილისიდან სამოცდაათი კილომეტრის დაშორებით. იქვე გაიზარდა და თუკი დროს გამონახავთ და სურვილიც გექნებათ, მის სახლ-მუზეუმს დაგათვალიერებინებთ, – უთხრა სოდამ სპირსს, რომელსაც მოულოდნელობისგან ენა ჩაუვარდა მუცელში.
სოდა გუნებაში გამარჯვებას ზეიმობდა. გახარებული იყო ჰარისიც, რომელსაც არაფრად ეპიტნავებოდა რანგით ტოლი კოლეგის მასზე უფროსობა. ამიტომ სპირსს უთხრა:
– სპირს, ნუთუ არ იცოდი, რომ სტალინი ქართველი იყო და ის რუსი გეგონა?
– შენ რა, იცოდი? – გაბრაზებით მიუგო სპირსმა.
– რა თქმა უნდა, – მხრები აიჩეჩა ჰარისმა, რომელმაც სტალინის ქართველობა ორიოდე წუთის წინ გაიგო და დაამატა, – ვიცოდი და თუკი დროს გამოვნახავ, აუცილებლად ვეწვევი მის სახლ-მუზეუმს გორში.
„მოდულამდე“ სპირსს კრინტიც არ დაუძრავს და მოთმინებით იტანდა ჰარისის მწარე-მწარე კბენებს მისი მისამართით. ანტიტერორისტული სამსახურის უფროსი კი, გულში ზეიმობდა ყოყოჩი და ჰომოფობი სპირსის „გაფარჩაკებას“ და მრავალმნიშვნელოვნად უყურებდა ხოლმე ჰიუსტონ სოდას, რომელიც ვაშინგტონელ სტუმრებზე გულში ფიქრობდა: „არა, მეგობრებო, ეს ის არაა, რაც თქვენ გგონიათ და ტყუილად ფიქრობთ, რომ აქაურობა თაგვის სოროა. ამაში კი სულ მალე პირადად დარწმუნდებით“.
***
საგანგებო თათბირი „მოდულში“ „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ საგამოძიებო განყოფილების უფროსმა მელორ სპირსმა ჰიუსტონ სოდას კაბინეტში ჩაატარა. თავად სპირსის, ჰარისის, სოდასა და ლინდა ჯექსონის გარდა, თათბირს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წვერიანი გენერალი და კიდევ რვა ყველაზე მაღალი რანგის ძალოვანი მაღალჩინოსანი ესწრებოდა. მათ სპირსს ყველა არსებული ინფორმაცია გააცნეს, რომელიც იმ მომენტისთვის ხელთ ჰქონდათ და ყველაფერი რომ შეაჯამა „ბიუროს“ „მთავარმა გამომძიებელმა“ დამსწრეებს, პირველ რიგში, კი, ქართველ მაღალჩინოსნებს უთხრა:
– თქვენი ძალისხმევა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია, როგორც ამ ინფორმაციებიდან ჩანს, ნახევარი ნაბიჯითაც კი ვერ წაიწიეთ წინ. ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია.
– ბატონო სპირს, ყველა ჩვენი უწყება მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული და წამითაც არ გავჩერებულვართ. ყუმბარის დაკარგვიდან კი, ჯერ მხოლოდ ოცი საათია გასული, – უთხრა წვეროსანმა გენერალმა სპირსს, რომელმაც უხეშად გააწყვეტინა სიტყვა:
– შენ რა, ოცი საათი ოცი წამი ხომ არ გგონია? ამ დროში მთელი მსოფლიოს მოსპობა შეიძლება და ჯერ არაფერი გაგიკეთებიათ სასიკეთო.
– მისტერ ვაშინგტონიდან მოვლინებულო მეგობარო, – კბილებში გამოსცრა გენერალმა, რომელსაც თვალები უელავდა, – ზრდილობას მოუხმეთ და ისე მოიქეცით, როგორც ეს პატივცემულ სტუმარს შეეფერება. ეს – ერთი. და მეორე – ლაბორატორიის დაცვა მთლიანად თქვენმა მხარემ აიღო საკუთარ თავზე და ყველაფერი საკვანძო მხოლოდ თქვენგან კონტროლდება, ადგილობრივები კი, ბრძანებებს ასრულებენ და არც თუ ისე ურიგოდ. ასე რომ, ყუმბარის დაკარგვა თქვენ მიერ კონტროლირებადი ხალხის ხელში მოხდა და მათ უნდა მოჰკითხოთ. და, მესამე – თუ ასეთი დამოკიდებულება გექნებათ ჩვენ მიმართ, გარწმუნებთ, რომ საქმე ვერანაირად ვერ წაიწევს წინ და ამით ყველა ვიზარალებთ. ხოლო, ასე რომ არ მოხდეს, გირჩევთ, ჩვენ მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ.
მელორ სპირსი ასეთ გაგრძელებას არ მოელოდა და სიმწრისგან მთელი შიგნეულობა აემღვრა. თუმცა, დროზე მოთოკა თავი და გენერალს უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, გენერალო, უტაქტობისთვის, მაგრამ გამიგეთ, რომ შემთხვევა საგანგებოზე საგანგებოა და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს. ამიტომ, ნერვები სიმებივით გვაქვს დაჭიმული. თანაც, ეს მრავალსაათიანი გადმოფრენა...
სპირსმა პაუზა გააკეთა. ლინდა ჯექსონმა კი კოლეგას ღიმილით უთხრა:
– თქვენ ნამდვილი ამერიკელივით მოიქეცით სერ, საკუთარი შეცდომა აღიარეთ მეგობრების წინაშე და სიტუაცია განმუხტეთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3