კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ვისი დავალებით მუშაობდა 19 წლის ლავრენტი ბერია აზერბაიჯანის მუსავატურ კონტრდაზვერვაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე ბრალდების ერთ-ერთი მუხლი იყო – სამშობლოს ღალატი. ფაქტად კი, მოყვანილი ჰქონდათ ბერიას მუშაობა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის, ეგრეთ წოდებულ, მუსავატურ დაზვერვაში. ამ ფაქტს არც თავად ბერია უარყოფდა და ამბობდა, რომ მუსავატებთან ის ბოლშევიკურმა პარტიამ მიავლინა და საიდუმლო პარტიულ დავალებას ასრულებდა. პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი გოლსკი წერს: „ბერია მუსავატებში კიროვის უშუალო მითითებით  შეიგზავნა და ეს დამტკიცებული ფაქტია. კიროვს კი ეს დავალება სტალინმა მისცა, რომელიც ბაქოსა და მთელ აზერბაიჯანში ბოლშევიკურ გადატრიალებას ამზადებდა. მომავალი აჯანყებისთვის იქ დიდძალ იარაღს აგზავნიდა და ბაქოში თავისი საიმედო კაცი სჭირდებოდა. თავის მოხსენებაში სტალინს კიროვი სწერდა: „კობა, ძვირფასო, შენი მითითებისამებრ, შევარჩიე საიმედო ადამიანი, რომელიც აჯანყების გულში დიდად დაეხმარება ჩვენებს. ესაა ლავრენტი ბერია – შენთვის კარგად ნაცნობი ახალგაზრდა კაცი, რომლის შესახებაც ადრე უვე გელაპარაკე. მართალია, ის (ბერია) მხოლოდ სულ რაღაც ცხრამეტი წლისაა, მაგრამ ძალიან გამოცდილი მუშაკი და ნიჭიერი ადამიანია. მასთან უკვე მქონდა ერთი შეხვედრა, ვისაუბეთ და გადავწყვიტეთ, რომ მას მუსავატებთან შევგზავნით. ყველაფერი უკვე მზადაა და მხოლოდ შენი ნებართვაა საჭირო. შენი „მირონიჩი“. სტალინმა კიროვს ეს ნებართვა ანასტას მიქოიანის მეშვეობით გაუგზავნა, რომელიც ბაქოს ბოლშევიკური იატაკქვეშეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და ბერია დავალების შესრულებას შეუდგა“.
საგულისხმო ფაქტია, რომ მუსავატურ დაზვერვაში მუშაობის ფაქტი ლავრენტი ბერიას არაერთხელ წამოაძახეს მტრებმა და პოლიტიკურმა ოპონენტებმა, მაგრამ მას ყოველთვის სტალინი იცავდა. გოლსკი წერს: „ბოლშევიკურ პარტიაში, სულ მცირე, ორი დიდი გარჩევა მაინც იყო ბერიას მუსავატებთან მუშაობის თაობაზე და ბერია ორივეჯერ გამართლდა. მას სტალინი დაუდგა გვერდით და მავანთ ენა მუცელში ჩააგდებინა. 1921 წლის აპრილში ლავრენტი ბერია  აზერბაიჯანის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული საგანგებო კომისიის („ჩეკა“) საიდუმლო-ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 22 წლის ბერიას ასე დაწინაურებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ძველი ბაქოელი იატაკქვეშელი ბოლშევიკი უმარ ჰუსეინოვი. ის ამბობდა, რომ ბერია პარტიაში შემოპარული ჯაშუში იყო და მის სასწრაფოდ დაპატიმრებას, გასამართლებასა და სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. ჰუსეინოვი თავის სიტყვებს ასე ადასტურებდა (ნაწყვეტი მისი საჩივრიდან): „ბერია 1919 წელს ბაქოში მუსავატურ კონტრდაზვერვაში მუშაობდა. იმ პერიოდში მე არალეგალურად ვმოქმედებდი  და პარტიის დავალებით აჯანყებას ვამზადებდი აზერბაიჯანში. ერთ საღამოს მუსავატურმა კონტრდაზვერვამ კონსპირაციულ ბინაში დამაპატიმრა და დაკითხვაზე წამიყვანეს. სწორედ იქ ვნახე ბერია, რომელიც ჩემს დაკითხვას ესწრებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროვოკატორი და გამცემი ამირ კაბიროვი იყო და მისი დაბეზღებით შემიპყრეს. მე  იმავე ღამეს მოვახერხე გაქცევა და სხვა კონსპირაციულ ბინაში გადავედი. გამცემი კაბიროვი კი, ჩვენმა მებრძოლებმა ორი დღის მერე მოკლეს. ვადასტურებ ჩემს სიტყვებს და დაჟინებით მოვითხოვ ბერიას დაპატიმრებას...“ ჰუსეინოვს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი მუსავატელთა კლანჭებიდან თავის დაღწევა ლავრენტი ბერიას დამსახურება იყო და გამცემი კაბიროვიც ბერიას ინფორმაციის შედეგად მოსპეს... ძველი ბოლშევიკი ჰუსეინოვი კერკეტი კაკალი იყო. მას კარგად იცნობდნენ პარტიაში და სტალინთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა. როგორც მოგვიანებით აზერბაიჯანის „ჩეკას“ უფროს მირჯაფარ ბაგიროვი ყვებოდა, ჰუსეინოვი თავის კაბინეტში მიიწვია და უთხრა:
– უმარ, შენთან კობას (სტალინს) უნდა ლაპარაკი და დაგირეკავსო.
და მართლაც, სტალინს ბაგიროვის ტელეფონზე დაურეკავს და უმარ ჰუსეინოვისთვის უთქვამს, – ბერია ჩვენი კაცია, სანდო და პატიოსანი. მუსავატებთან ერთად ჩემი დავალებით მუშაობდა და ციხიდანაც მან გაგაქციაო. მხოლოდ  ამის შემდეგ დამცხრალა ძველი ბოლშევიკი და თავისი საჩივარი გაუნადგურებია.
ბერიას აზერბაიჯანის გასაბჭოებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა მინიჭებული და მან ეს ბრწყინვალედ შეასრულა. მუსავატებთან მუშაობისას ბერიას კონტრდაზვერვის თანამშრომლის საგანგებო რწმუნებულის საბუთი ჰქონდა, რომელიც „ქვას ხეთქავდა“. მას კონტროლგამკაცრებულ და კბილებამდე შეიარაღებული სამხედროებით გატენილ ბაქოში თავისუფლად გადაადგილების უფლება ჰქონდა. მაშინ, როცა სამხედრო პატრული ყოველი ფეხის ნაბიჯზე საგულდაგულოდ ჩხრეკდა ნებისმიერ ტრანსპორტს, აჯანყებისთვის განკუთვნილი იარაღით იყო დატვირთული, დროგები, რომელთაც ბერია აცილებდა, აბსოლუტურად თავისულად გადაადგილდებოდა მთელ ქალაქში და დანიშნულების ადგილებამდეც მშვიდობიანად აღწევდნენ. მოგვიანებით კი, ბერიამ აჯანყებულთა შტაბს ქალაქ ბაქოს დაცვის საიდუმლო გეგმა მიუტანა და ბოლშევიკებმა სწორედ ამის წყალობით მოახერხეს შედარებით მცირე ძალებით დიდი ძალების დამარცხება და ბოლშევიკური გადატრიალების მოწყობა. ბერია კი, გადატრიალების მსვლელობისას მუსავატების თვალწინ „დაიღუპა“ და ამ თამაშიდან სუფთად გამოვიდა. ანასტას მიქოიანი ასე ყვებოდა ამ ამბავს: „ბერიას „სიკვდილი“ მისი მუსავატი კოლეგების თვალწინ იმიტომ დავგეგმეთ, რომ  იატაკქვეშეთში წასულებს, ბერიას გაშიფვრის შემთხვევაში, მასზე შური არ ეძიათ. ამიტომ, მუსავატი ოფიცრების თვალწინ ჩვენმა მებრძოლებმა პატარა ფარდული მას მერე ააფეთქეს, რაც იქ შესული ლავრენტი სწრაფად გავიდა სათადარიგო გასასვლელით და უკვე სამშვიდობოზე იყო...“
საგულისხმო და კურიოზული ფაქტია ის, რომ, როდესაც უკვე გასაბჭოებულ ბაქოში მუსავატების ერთ-ერთი მეთაური, პოლკოვნიკი შამილ ალახვერდიევი შეიპყრეს და „ჩეკაში“ დაკითხვაზე მიიყვანეს, იქ მას ლავრენტი პავლეს ძე „გამოეცხადა“. არადა, პოლკოვნიკი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ნახა, თუ როგორ „აფეთქდა“ ბერია. ალახვერდიევს ჯერ გული შეუწუხდა, რადგან იფიქრა, ეშმაკი გამომეცხადაო. ხოლო, როცა დარწმუნდა, რომ მის წინ ცოცხალი ბერია იდგა და ყველაფერი გაიაზრა, ისე გამწარდა, რომ კბილებით მარცხენა ხელის ვენებს ეცა და გადაიღრღნა...
პოლკოვნიკი ალახვერდიევი არ დაუხვრეტიათ. ის 20 წლით ჩასვეს ციხეში. თუმცა, 1929 წელს, ბერიას ძალისხმევით, გათავისუფლდა. „ჩეკას“ კონსულტანტი გახდა და ახალი მთვრობის სპეცსამსახურს თავის მდიდარ გამოცდიილებას უზიარებდა.
скачать dle 11.3