კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (66)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№24 რატომ გადაწყვიტა თამთა ხუხუნაიშვილმა სიყვარულისთვის სიმღერის დათმობა და როდის მოხდა მასა და მის შეყვარებულს შორის დიდი აფეთქება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

თამთა ხუხუნაიშვილი „X ფაქტორის“ ახალი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტია, რომელიც განსაკუთრებით კარგ შეფასებებს იმსახურებს და როგორც თავად გვითხრა, საკუთარ სიმღერაზე, ჯერჯერობით, ნეგატიური შეფასება არც ხალხისგან მოუსმენია, რის გამოც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და სიხარულს გრძნობს.
თამთა ხუხუნაიშვილი: ძალიან ვნერვიულობდი, იმიტომ რომ სიმღერის მხრივ, დიდხნიანი შესვენება მქონდა. ვიცოდი, რომ კარგად ვმღეროდი, მაგრამ ამდენად კარგ შეფასებებს არ ველოდი. ჩემთვის ჟიურის თითოეული სიტყვა სტიმულია. თავიდან, ჩემი მთავარი მიზანი იყო, გამოვსულიყავი და ძალიან მაგრად მემღერა, მომდევნო ტურებზე არ მიფიქრია. სიმართლე რომ ვთქვა, მეორე ტურზე ცოტა ჩავფლავდი – თუ სიმღერას ვერ ვგრძნობ, ისე ვერ ვმღერი როგორც საჭიროა და ზუსტად ეგ დამემართა. მაგრამ მესამე ტურით, თამამად ვიტყვი – ძალიან კმაყოფილი ვარ. სცენაზე რომ გამოვდივარ, იმხელა ემოციით ვივსები, საერთოდ, ყველაფერი მავიწყდება, ჩემს თავთან მარტო ვრჩები და სიმღერას თავიდან ბოლომდე ვგრძნობ. ლაივზე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ეს სიმღერაც კარგად გამომივიდა, ერთადერთი, რაც ვერ მოვიშორე, ფეხის კანკალია. ამიტომაც დავდივარ წინ და უკან, რომ ეს არ შემეტყოს (იცინის).
– რა გზა გამოიარე აქამდე?
– ბევრმა იცის, რომ ხუხუნაიშვილების გვარი, მუსიკალური თვალსაზრისით, გამორჩეულია, იგივე „შვიდკაცას“ მაგალითი რომ ავიღოთ. ჰოდა, ჩემი გვარის პატრონს, რომ არ მემღერა, არ შეიძლებოდა (იცინის). ოჯახიც მუსიკალური მყავს და მეც ხუთი წლიდან ვმღერი. სტუდიაში დავდიოდი და იქ დავიწყე სერიოზულ დონეზე სიმღერა, მერე უკვე ჩემთვის, სახლში ვმღეროდი. ყოველთვის ყველაფერს ხომ იმიტომ ვაკეთებთ, რომ ხალხს მოეწონოს და მათგან დადებითი ემოციები მივიღოთ. ახლა ისეთი დოზით ამჟღავნებს ხალხი ჩემდამი სიყვარულს, უბედნიერესი ვარ. იმდენად სავსე ვარ დადებითი ემოციებით, რა უნდა მოხდეს, რომ მოვიწყინო. მაგრამ კარგი იქნება თუ ეს ემოციები ახლა ესემესებზეც აისახება.
– შეყვარებულის ამბებიც მომიყევი, რომლის გამოც ძალიან დიდი ხანი თავს იკავებდი, სცენაზე გამოსულიყავი და გეთქვა, რომ შენ ამ საქმის კეთება ძალიან მაგრად შეგიძლია.
– ყველა ურთიერთობაშია რაღაც დაბრკოლებები და ჩვენც ზუსტად ეგ ეტაპი გვქონდა, რომელიც გადავლახეთ. იყო რაღაც პერიოდი, როცა არ იქნებოდა სწორი, რომ ავდგარიყავი და მემღერა. უბრალოდ, არ შეესაბამებოდა იმ სიტუაციას. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ეს ყველაფერი ჩემი საქციელიდან გამომდინარე იყო. იმ მომენტში, როცა მეუბნებოდა, რომ არ უნდა მემღერა, ის მართალი იყო. როცა ადამიანი ცოტა ეჭვიანია და ძალიან უყვარს ვიღაც, აუცილებლად იეჭვიანებს. ვერ ვუგებ ისეთ ადამიანს, რომელსაც უყვარს, მაგრამ საერთოდ არ ეჭვიანობს. და როცა ეჭვიანობს, მაშინ ჩხუბი და კამათი მოსალოდნელია, მაგრამ სიყვარულის გადასარჩენად აუცილებლად უნდა წახვიდე დათმობაზე. მით უმეტეს, როცა ზუსტად იცი, რომ ეს დროებითია და საჭიროა. ანალოგიურად წამოვიდა ის ახლა დათმობაზე.
– იმ ეტაპზე, სიყვარულსა და სიმღერას შორის არჩევანი სიყვარულის სასარგებლოდ გააკეთე. რთული არ იყო?
– ძალიან რთული იყო, იმიტომ, რომ სიმღერა ყველაფერზე მეტად მიყვარს. შესაბამისად, ძალიან ძნელია მასზე უცებ უარის თქმა. მაგრამ მე მარტო სიმღერით ვერასდროს გავძლებ. ოჯახიც მჭირდება და გვერდით საყვარელი ადამიანიც. როგორც არ უნდა მიყვარდეს სიმღერა, კარიერისტი არ ვარ. პირველ რიგში საყვარელ ადამიანებს ვაყენებ და კარიერაც იმიტომ მიხარია, რომ საკუთარ თავთან ერთად, მათ და ხალხს ვასიამოვნო. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ სიმღერას თავს ვერასდროს დავანებებდი და რამდენი დროც არ უნდა გასულიყო, მაინც დავუბრუნდებოდი. ამიტომ, იმ მომენტში ჯობდა, ასე მოვქცეულიყავი. თუ რამეზე უარს ვიტყვი, მერე წუწუნი აღარ მიყვარს. თუ დავთმე, ესე იგი, იმ მომენტში ასე იყო საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ გამიჭირდა. მაგრამ ყველაფერი რომ ჩაწყნარდა, გადავწყვიტე, რომ თემაზე ღიად გველაპარაკა, რადგან სიმღერის გარეშე უკვე ცუდად ვიყავი. სხვანაირად გავაფრენდი, ვერ გავძლებდი. ჩემდა საბედნიეროდ, მან ეს ისე მიიღო, როგორც საჭირო იყო.
– თუმცა თავიდან ამის გამო დაშორდით კიდეც.
– კი, მაგრამ მარტო მაგ მიზეზით არა (იცინის). ეს დაემატა და მერე მოხდა დიდი აფეთქება. „X ფაქტორში“ რომ მოვედი, იმ მომენტში დაშორებულები ვიყავით. თან, იცით რა არის ცუდი? ყველას თავისებური დასკვნა რომ გამოაქვს. ყველას ინდივიდუალურად ხომ ვერ აუხსნი სიმართლეს. ამას არასასიამოვნო კომენტარები მოჰყვა მაყურებლისგან: რად უნდა ის შეყვარებულიო, წავიკითხე. შენ რა იცი, ჩვენ რა გამოვიარეთ და როგორი ურთიერთობა გვაქვს? რომ იცოდნენ, მაშინ გავიგებდი მათ აზრს, მაგრამ ამ ფონზე, ვცდილობ, ამას დიდი ყურადღება არ მივაქციო.
შეყვარებული რასაც გიშლიდა, ზუსტად ის გააკეთე, მაგრამ საბედნიეროდ, თქვენი ურთიერთობა „ჰეფი ენდით“ დასრულდა. როგორ შერიგდით?
– კომენტარები რომ წავიკითხე, ბევრი ამბობდა: აი, იმღერა და ყველამ რომ თქვა ძალიან მაგარი გოგოაო, იმიტომ შეურიგდაო. ეს სრული სისულელეა. მე რომ ახლავე გამოვვარდე პროექტიდან, ჩვენს ურთიერთობაში აბსოლუტურად არაფერი შეიცვლება – ეს არის სიყვარული. ყოველი დაშორებისას ვამბობთ, რომ ეს ბოლოა, მაგრამ გულის სიღრმეში ორივემ ვიცით, რომ არცერთი ჩხუბი ბოლო არაა. ისე შეგვიყვარდა ერთმანეთი, რომ ცალ-ცალკე წარმოუდგენლები ვართ. გაბრაზების მიუხედავად, მაინც ვეხმიანებოდით ერთმანეთს, უბრალოდ, ბოლოს ვამბობდით, რომ ეს მეგობრული საუბარი იყო (იცინის). „X ფაქტორში“ რომ გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ დაშორებულები ვიყავით, მითხრა, ძალიან მაგრად იმღერეო. თუმცა, ვიგრძენი, რომ  ამ ისტორიის გაჟღერება „გაუტყდა“. რომ დავფიქრდი, მეც იგივე ვიგრძენი და მივხვდი, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, სასწაულ ამბავს ავტეხდი, დაშორება კი არა, ყველაფერს ავაფეთქებდი (იცინის). ყოჩაღ მის გამძლეობას. მით უმეტეს, ბიჭისთვის ეს ყველაფერი რთულია და მისი ძალიან მადლიერი ვარ. ეთერში რომ პირველი ვიდეო გავიდა, შევხვდით, ვილაპარაკეთ და მივხვდით, უნდა შევრიგებულიყავით. ავუხსენი, რომ სიმღერა ჩემი არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც გაიგო. დღეს ის, ჩემს ოჯახთან ერთად, ჩემი უდიდესი გულშემატკივარია.
– რაღაც დოზით, ამის მიზეზი, ალბათ, ეჭვიანობაც იყო. ახლა რომ გულშემატკივრებისა და თაყვანისმცემლების არმია გაგიჩნდა, ამას როგორ ეგუება?
– ეს ბიჭი ოქრო და ბაჯაღლო აღმოჩნდა (იცინის). ხანდახან რომ ვუფიქრდები და თავს მის ადგილას წარმოვიდგენ, ახლა რომ მე ბათუმში, ის კი თბილისში იყოს, გადაღებებისა და ამდენი კომენტარების გარემოცვაში, გავაფრენდი. ისეთი ეჭვიანი ვარ, ოცდაოთხი საათი მის გვერდით ვიქნებოდი. ბრავო, ძალიან მიხარია და უზომოდ მადლობელი ვარ მისი, ასე რომ გამიგო და ამ დონეზე მიდგას გვერდში.
– რაც შეეხება ოჯახს?
– ვცხოვრობთ: მე, დედა, მამა, ბებია, ძმა, რძალი და ძმისშვილი. სხვათა შორის, რომ არა დედა, შეიძლება, პროექტში არ გამოვსულიყავი. ძალიან დიდი დაბრკოლება იყო ეს სიტუაცია ჩემს ცხოვრებაში. დედა ყოველთვის გვერდით მედგა და სულ მეუბნებოდა, რომ სიმღერა არ უნდა შემეწყვიტა, პროექტში უნდა გავსულიყავი. იმ მომენტში თავი დაკარგული მქონდა. აღარ ვიცოდი, ვინ ვიყავი, რას და რატომ ვაკეთებდი. სულ სხვა ადამიანი გავხდი და რომ არა დედა, ახლა აქ ნამდვილად არ ვიქნებოდი. მისი უსაზღვროდ მადლობელი ვარ. ჩემთვის დედა უდიდესი სტიმულია ბავშვობიდან დღემდე. გამორიცხულია, რომ ჩემს კონცერტს არ დაესწროს. თუ იქ არ არის, შინაგანად ძალიან ცუდად ვარ. იგივეს ვიტყვი მამაზე და ძმაზე, რომელსაც ჩემი წარმატება ჩემზე მეტად უხარია და ყველანაირად მიბიძგებს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო. მოკლედ, მთელი ოჯახი ჩემ გვერდითაა.
– პროფესიასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს, აპირებ, მთლიანად მუსიკას მიუძღვნა თავი?
– ახლა ბათუმში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. სიმღერას თავს არ დავანებებ, მაგრამ მარტო ამით საქართველოში ბევრს ვერ მიაღწევ. მამა სულ ამას მიმეორებდა, მაგრამ მაშინ მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდი, დღეს უკვე კარგად გავიაზრე. მართალია, სიმღერით შეიძლება, შემოსავალი მქონდეს, მაგრამ იმდენი არა, რამდენიც საჭიროა, ამიტომ, პარალელურად, სხვა პროფესია აუცილებელია. მინდა, სწავლა გავაგრძელო. თუმცა, ზოგადად, გეგმების დაწყობა არ მიყვარს, რადგან ვიცი, რომ ისე მაინც არ მოხდება, როგორც მე მინდა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
скачать dle 11.3