კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 იძებნება სიკვდილით მოთამაშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სპეცკავშირის ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა. „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორმა, როგორც იქნა, გაახილა თვალი და კედლის საათს შეხედა. ისრები ღამის სამ საათს უახლოვდებოდა. ტელეფონის ყურმილს დასწვდა და უპასუხა:
– გისმენთ.
– ბოდიში, ბატონო დირექტორო, რომ ასე გვიან გაწუხებთ, მაგრამ საგანგებო მდგომარეობაა, – მოესმა „ეფბეერის“ დირექტორს, თავისი მოადგილის ხმა.
– რა, მოხდა, საიმონ? – მოკლედ იკითხა დირექტორმა და საწოლში წამოჯდა.
– „პანდორასთან“ დაკავშირებით სერიოზული პრობლემა შეიქმნა, სერ. ოფისში უნდა მოხვიდეთ და აქ მოვითათბიროთ, – დაუკონკრეტა დირექტორის მოადგილემ თავის შეფს.
– ნახევარ საათში შემოგიერთდებით, – თქვა ბრაიან დევიდსმა. სპეცკავშირის ტელეფონი გათიშა და საწოლიდან წამოდგა.
– რა მოხდა, ძვირფასო, რუსები ხომ არ შემოგვესივნენ? – ჰკითხა დევიდსს გამოღვიძებულმა მეუღლემ და საწოლში გაიზმორა.
– სასწრაფო საქმეა, მეგი და უნდა წავიდე. დაიძინე, საყვარელო, დაიძინე, – უთხრა დევიდსმა ცოლს. ლოყაზე აკოცა და საძინებლიდან გავიდა.
ბრაიან დევიდსი სწრაფად „იხოდებოდა“, თან „პანდორაზე“ ფიქრობდა და ცდილობდა, გამოეცნო, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. „პანდორა“ კი, ბიუროს მიერ კურირებული საიდუმლო საქმიანობის კოდური  სახელწოდება იყო, რომელიც შორეულ საქართველოში ხორციელდებოდა. კონკრეტულად კი, ის იყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც საიდუმლო მიწისქვეშა ლაბორატორიაში მასობრივი ზემოქმედების ქიმიობაქტერიულ ნივთიერებებს ამზადებდნენ. ეს მიწისქვეშა ლაბორატორია კი, საქართველოს დედაქალაქის შემოგარენში მდებარეობდა და მთელი სიმძლავრით მუშაობდა. იქ ასი მეტრის სიღრმეზე თეთრ ხალათში გამოწყობილი მეცნიერები ყველაზე მომაკვდინებელი შხამებითა და ბაქტერიებით მანიპულირებდნენ. ქმნიდნენ სხვადასხვა მოქმედების მომაკვდინებელ ვაქცინებსა და მათ გასანეიტრალებელ ანტივაქცინებს. ამ უზარმაზარ ბუნკერში ამერიკელი მეცნიერების გვერდით ქართველი მეცნიერებიც მუშაობდნენ. ლაბორატორია ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით იყო აღჭურვილი. ჰქონდა დაცვის უმაღლესი დონე. მასში შეუმოწმებლად შეღწევა და გამოსვლა შეუძლებელი იყო და ყველაფერს მაღალი მგრძნობელობის ელექტროტექნიკა აკონტროლედა. მიუხედავად ასეთი მაღალი სტანდარტებისა, ასეთი ზესახიფათო ლაბორატორიის საკუთარ ტერიტორიაზე განლაგება ამერიკელებმა არ ისურვეს. საქართველოს მთავრობას შეუთანხმდნენ და სანაცვლოდ, წელიწადში ოც მილიონ დოლარს უხდიდნენ. ეს კი ზღვაში წვეთიც არ იყო იმ აუნაზღაურებელ ზარალთან, რაც იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი ამ მიწისქვეშა ბუნკერში შექმნილი რომელიმე ვაქცინა უკონტროლოდ ამოაღწევდა ზედაპირზე და ხალხში გავრცელდებოდა...
***
ვაშინგტონის დროით, ღამის ოთხის ნახევარი იყო, როდესაც „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორის კაბინეტში ამ უწყების ხელმძღვანელობა შეიკრიბა. დევიდსმა კოლეგებს მზერა მოავლო და თავის მოადგილეს უთხრა:
– გისმენთ, საიმონ, შეგვიყვანეთ საქმის კურსში.
საიმონმა ჩაახველა და თქვა:
– ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პერიფერიული რესპუბლიკის, საქართველოს დედაქალაქის, თბილისის გარეუბანში ხორციელდება პროგრამა, კოდური სახელწოდებით „პანდორა“, იქ, ჩვენი და ადგილობრივი მეცნიერები, მიწისქვეშ განლაგებულ ბუნკერში ძლიერმოქმედ ტოქსინებზე, ანტიტოქსინებზე, ვაქცინებსა და ანტივაქცინებზე მუშაობდნენ. როგორც ამ ორიოდე საათის წინ თბილისიდან  ჩვენმა წარმომადგენელმა მაცნობა, ლაბორატორიიდან ზედაპირზე ამოაღწია უახლესმა ბაქტერიამ, სახელწოდებით „ეშმაკის ამონასუნთქი“. ესაა ადამიანებზე მასობრივი ზემოქმედების მოხდენის ძალიან ძლიერი საშუალება. მისი ჰაერში გაშვების შემდეგ საკმარისია, უმცირესი ატომისოდენა ბაქტერია შეისუნთქოს ადამიანმა, რომ ის უკიდურესად აგრესიული და უმართავი ხდება. ირგვლივმყოფთ სასიკვდილოდ ესხმის თავს და ანადგურებს. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა კი, თორმეტი საათის განმავლობაში შეუძლია, შემდეგ კი, სრულიად ეცლება ძალები და თავადაც იღუპება, თუ რა თქმა უნდა, მას სხვა მისივე მსგავსი არ მოუღებს ბოლოს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კაკლისოდენა ყუმბარაში მოთავსებული ბაქტერიები ასი ათას ადამიანზეა გათვლილი. სწორედ ერთი ცალი ასეთი ყუმბარა გამოიტანეს თბილისის ლაბორატორიიდან ადგილობრივი დროით თხუთმეტ საათზე. მაშინ, როცა ვაშინგტონში ღამის ორი საათი იყო, ანუ ამ ორიოდე საათის წინ.
– როგორ მოხერხდა ასეთი რამ? როგორც წესი, ასეთი ტიპის ლაბორატორიებს უმაღლესი კატეგორიის დაცვა აქვთ, – თქვა „ბიუროს“ ლაბორატორიების განყოფილების უფროსმა და საიმონს მიაჩერდა.
– როგორც შემატყობინეს, ლაბორატორიაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა, რადგან ერთ-ერთი თანამშრომელი ბრმა ნაწლავის მწვანე შეტევას უჩიოდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ვარაუდობენ, სწორედ იმ თანამშრომელმა გაიტანა „ეშმაკის ამონასუნთქი“ ბაქტერიებით სავსე ყუმბარა ლაბორატორიის გარეთ და მიიმალა. სასწრაფოს ეკიპაჟი დაძინებული აღმოაჩინეს მანქანაში, გზატკეცილზე. გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებები ყუმბარის დაკარგვისთანავე განხორციელდა. ბოროტმოქმედის ძებნაში ჩაერთნენ ადგილობრივი საუკეთესო ძალები, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ყველაზე სავალალო  კი ისაა, რომ ბოროტმოქმედმა დატოვა დახურული შეტყობინება. მასში წერს, რომ თუკი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ევროპაში თავისი სამხედრო ბაზების დემონტაჟს ამ ერთი თვის ვადაში არ მოახდენს, ხოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ას მილიონ დოლარს არ გადაუხდის მას, „ეშმაკის ამონასუნთქიანი“ ყუმბარა ვაშინგტონში აფეთქდება. დამზადდება სხვა, უფრო ძლიერი ყუმბარებიც და ამ ბაქტერიებით მთელი შტატები მოიფინებაო.
– ასეთი ყუბარების დამზადება კუსტარულად შესაძლებელია? – ჰკითხა საიმონს ბრაიან დევიდსმა.
– კუსტარულად არა, სერ, მაგრამ თუკი ის რომელიმე სერიოზულ ტერორისტულ ორგანიზაციას დაუკავშირდება, ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელია. თავად გამტაცებელი მედიკო-ბიოლოგიის დოქტორია და „ეშმაკის ამონასუნთქის“ საიდუმლო ფორმულის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის. ტერორისტულ ორგანიზაციებს კი, საკმაოდ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები აქვთ და საკმარისია, „ჩვენი გმირი“ იქ მოხვდეს, რომ ამ სასიკვდილო იარაღის დამზადებას წინ ვერაფერი დაუდგება, – მიუგო საიმონმა შეფს.
– საინტერესოა, როგორ მოახერხა „ჩვენმა გმირმა“ ბუნკერიდან ყუმბარის გამოტანა, – იკითხა დირექტორმა.
– უბრალოდ, სერ, კაკლისოდენა, ყუმბარა მან გადაყლაპა და კუჭით გამოიტანა.
– რა ჰქვია „ჩვენს გმირს“?
– სიმონ ბასილელი, – მიუგო შეფს საიმონმა.
 ***
ორმოცდახუთი წლის სიმონ ბასილელი, საიდუმლო ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი იყო და მედიკო-ბიოლოგიის დოქტორის ხარისხს ფლობდა. უმაღლესი განათლება სიმონმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. დოქტორის ხარისხიც იქ დაიცვა და სამი წელიწადი ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებულ ტოქსინთა და ბაქტერიათა ლაბორატორიაში იმუშავა. შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუნდა და საიდუმლო ლაბორატორიის ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა. ბასილელი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაქორწინდა ქართველი ემიგრანტის ქალიშვილზე, მზია ქანთარიაზე და მათ ტყუპი გოგონა ჰყავდათ – ხუთი წლის მარიამი და ქეთევანი. სიმონ ბასილელის მეუღლე მზია, პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერი  იყო და ქართულ-ამერიკული ერთობლივი ფირმის თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი.
სიმონი, ისევე როგორც მისი რანგის ყველა ამერიკელი თუ არაამერიკელი ლაბორატორიის თანამშრომელი, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საფუძვლიანად შეამოწმა მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვეს ლაბორატორიის ყველაზე დახურულ ნაწილში სამუშაოდ. ანუ, სიმონ ბასილელს სრულიად ენდობოდნენ და სწორედ ეს მომენტი  აღმოჩნდა მთავარი ბაქტერიიანი ყუმბარის გატაცებისას.
თბილისის დროით დღის თორმეტი საათი იყო. თეთრ ხალათსა და სპეციალურ დამცავ აღჭურვილობაში გამოწყობილი სიმონი ლაბორატორიის სექტორ „იქსში“ იმყოფებოდა. ეს სექტორი იქ ყველაზე გასაიდუმლოებულია და მასში შესვლის უფლება მხოლოდ რვა ადამიანს აქვს. სწორედ „იქსში“ ინახება უკვე დამზადებული მასალა და იქიდანვე ხდება მათი გაცემა შესაბამისი მოთხოვნის მიხედვით. ასეთ მოთხოვნას კი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, გამოძიების ფედერალური ბიუროს, „პენტაგონის“, ამ სტრატეგიული უწყებების ხელმძღვანელების ბეჭედი და ხელმოწერა უნდა ერთვოდეს თან, ან, სულაც, თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის ხელმოწერები. ერთი სიტყვით, სექტორი „იქსი“ ლაბორატორიის „საკრალური“ ადგილია..
სიმონ ბასილელმა იქ ყოფნისას განაცხადა, რომ ძალიან ცუდად იყო და „მუცელი ჭრიდა“. სიმონი სკამზე ჩამოჯდა და ფერწასულმა განუცხადა იქვე მყოფ ლაბორატორიის უფროსს, რონალდ დოგს, – ჩირქიანი ბრმანაწლავი მაქვს. შეტევა მომცა. შეიძლება, გამისკდეს და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეთო. სიმონი სასწრაფოდ ამოიყვანეს ლიფტით ასი მეტრის სიღრმიდან და დაცვის ოთახში დააწვინეს. „სასწრაფო“ რომ მოვიდა და ბასილელი გასინჯეს, ექიმმა მისი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში წაყვანა მოითხოვა. ნახევარი საათის შემდეგ კი, ლაბორატორიის ადმინისტრაციაში, საიდანაც ექიმი გამოიძახეს, სასწრაფო დახმარების სადისპეტჩეროდან დარეკეს. მორიგემ თქვა, რომ „სასწრაფოს“ ეკიპაჟი კავშირზე არ გამოდიოდა და ისევ მანდ ხომ არ არიან და რატომ არ პასუხობენო. ამ ზარის შემდეგ ლაბორატორიის ოპერატიული სამსახური შეფუცხუნდა და ეს ინფორმაცია ლაბორატორიის უფროსს, რონალდ დოგს აცნობეს, თავად კი სასწრაფო დახმარების მანქანის მარშრუტს გაჰყვნენ. ლაბორატორიის ოპერ-თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარების მანქანა სამიოდე კილომეტრში, ფიჭვნარში აღმოაჩინეს.  მძღოლი და ექიმ-სანიტარი დაძინებული დახვდათ. სიმონ ბასილელი კი, მანქანაში არ იყო. ამის პარალელურად, რონალდ დოგმა განყოფილება „იქსის“ სეიფი შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ უახლესი ბაქტერიებით, „ეშმაკის ამონასუნთქით“, სავსე, კაკლისოდენა ყუმბარა გამქრალიყო. თავზარდაცემულმა დოგმა ამის შესახებ მაშინვე შეატყობინა „ეფბეერის“ წარმომადგენელს თბილისში. ეს უკანასკნელი კი, სასწრაფოდ დაუკავშირდა „ბიუროს“ დირექტორის მოადგილეს ვაშინგტონში; ინფორმაცია დაწვრილებით გადასცა და თან ჰკითხა:
– რას გვიბრძანებთ, სერ?
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე, რომელიც მანამდე მშვიდად ისმენდა თბილისში მომხდარ საშინელ ამბავს, ერთბაშად აფეთქდა და თავის, რანგით დაბალ კოლეგას უღრიალა:
– რა ბრძანება გინდა, შე კრეტინო? ისე იმოქმედე, როგორც ინსტრუქციაში წერია და გამტაცებლისა და „საქონლის“ ძებნაში შენს ხელთ არსებული საუკეთესო ძალები ჩართე. გასაგებია?
– გასაგებია, სერ!
– ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყე და მისი მსვლელობის შესახებ ყოველი ნახევარი საათის... – საიმონმა პაუზა გააკეთა და შეასწორა, – ნახევარი არა, ყოველ საათში ერთხელ მომახსენე. ხოლო, თუკი რამე სასწრაფო და საგანგებო იქნა, მაშინ დაუყოვნებლივ მაცნობე. გასაგებია?
– გასაგებია, სერ!
– იმოქმედე! – თქვა საიმონმა და თბილისში მყოფ წარმომადგენელს ტელეფონი გაუთიშა. შემდეგ თავი გააქნია, ამოიხვნეშა და სპეცკავშირის ტელეფონით ბრაიან დევიდსს  სახლში დაურეკა.
***
ვაშინგტონის დროოით, დილის ექვსი საათი შესრულდა. ორსაათ-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრაიან დევიდსის კაბინეტში „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ ხელმძღვანელობა შეიკრიბა და თბილისში მდებარე საიდუმლო ლაბორატორიაში მომხდარ ინციდენტზე ბჭობდნენ.
ანტიტერორისტული განყოფილების უფროსი უხმოდ უსმენდა კოლეგებს და არაფერს ამბობდა. ერთ მომენტში მან შექმნილი პაუზით ისარგებლა და თქვა:
– დავუშვათ, მოხდა ისე, რომ ვერც ბოროტმოქმედს მივაგენით, ვერც „ეშმაკის ამონასუნთქს“ და ეს ბაქტერია ხალხში გავრცელდა. მაშინ ისღა დაგვრჩება, რომ ანტიბაქტერიებით სავსე ყუმბარა ავაფეთქოთ და ამგვარად გავანეიტრალოთ ეს საფრთხე.
– რას ამბობთ, აქამდე საქმე არ უნდა მივიდეს. სანამ ბოროტმოქმედი ყუმბარას ააფეთქებს, მანამდე უნდა მოვახდინოთ ამ პროცესის ჩაქრობა, – თქვა „ეფბეერის“ დირექტორმა და ანტიტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელს მწველი მზერა მიაპყრო.
– რა თქმა უნდა, პროცესის სასწრაფოდ ჩაქრობაა ჩვენი მთავარი ამოცანა და ძალიანაც რომ გვინდოდეს, სხვა ვარიანტი, უბრალოდ, არ გაგვაჩნია, – თქვა „ბიუროს“ დირექტორის მოადგილემ და დააყოლა, – საქმე ისაა, კოლეგებო, რომ „ეშმაკის ამონასუნთქის“ ანტივაქცინა ჯერჯერობით შექმნილი არაა და მასზე მუშაობა თბილისის ლაბორატორიაში ამჟამად მიმდინარეობს.
– ესეც დამატებითი პრობლემა, – თქვა ბრაიან დევიდსმა. სავარძლიდან წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. შემდეგ მაგიდაზე ჩამოჯდა და კოლეგებს განუცხადა:
– საეჭვოა, რომ ეგ ბასილელი მარტო იყოს და ვფიქრობ, მას თანამზრახველებიც ჰყავს. უფრო მეტიც, გამორიცხული არაა, რომ „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამტაცებელი იძულებით მოქმედებდეს.
– გეთანხმებით, სერ. შეიძლება, მართლაც მასეა ყველაფერი,– დაემოწმა დევიდსს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და დაამატა, – სიმონ ბასილელი გულდასმით შეამოწმეს და მხოლოდ ამის მერე დაუშვეს „იქს“ სექტორში სამუშაოდ ანუ, ის აბსოლუტურად სანდო ადამიანად იყო მიჩნეული. მისი ასეთი რადიკალური ცვლილება კი, მხოლოდ სერიოზული იძულების შედეგი შეიძლება იყოს.
– მეტი რაღა სერიოზული მიზეზი უნდა იყოს, ეს ავაზაკი ას მილიონ დოლარს გვთხოვს, – თქვა ფინანსური განყოფილების უფროსმა, რომელიც ყოველთვის „ბიუროს“ ყველა საიდუმლო თათბირს ესწრებოდა.
– ოჯახი, ცოლ-შვილი. მას მეუღლე და ორი ტყუპი, მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. არაა გამორიცხული, რომ სწორედ მათზე ძალადობის მუქარით გაატაცებინეს ბასილელს „ეშმაკის ამონასუნთქი“, – უთხრა საგამოძიებოს უფროსმა ფინანსურის უფროსს.
– ფული არაა არგუმენტი? – თქვა ფინანსურის უფროსმა.
– არ მგონია, ბასილელი ფულის გამო წასულიყო ასეთ რისკზე და ეგ ასი მილიონი მისი იდეა არ უნდა იყოს, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი.
– ვითომ რატომ?
– იმიტომ, რომ მას თვეში ათი ათასი დოლარი აქვს ხელფასი. ხუთიც – მის მეუღლეს. გარდა ამისა, კიდევ ერთი ამდენი მეუღლის შეკვეთებიდან შესდის მათ ოჯახს და ყოველთვიური ოცდაათი ათასი დოლარი მნიშვნელოვანი შემოსავალია.
– ხუმრობთ? – თქვა ფინანსურის უფროსმა და დააყოლა, – გინდათ, დამაჯეროთ რომ ოცდაათი ათასად მდიდრულად იცხოვრებ და რისკზე არ წახვალ?
– ყოველ შემთხვევაში, ბასილელი არ უნდა წასულიყო რისკზე. საქართველო მათხოვრული ქვეყანაა. ხალხი ნახევრად შიმშილობს და თვეში ოცდაათი ათასი აბსოლუტური უმრავლესობისთვის უტოპიაა.
– ამ საშინელ გარემოში რატომ ავაშენეთ ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი? – თქვა მთავარმა ფინანსისტმა და დააყოლა, – წესით, სადაც ყველაზე ღარიბია ხალხი, იქ უფრო მეტია კრიმინალური ქმედებების პოტენციური საფრთხე.
– სწორედ იმიტომაც აშენდა იქ ჩვენი ლაბორატორია, რომ ცხოვრების მათხოვრული დონეა. ადამიანების სიცოცხლე არაფერი ღირს და რამე რომ მოხდეს, ისინი დაზარალდებიან და არა – ჩვენ. თანაც, ზარალის კომპენსაციაც ბევრად უფრო ნაკლები დაგვიჯდება, ვიდრე სხვაგან. მაგალითად, თუნდაც უნგრეთში, – ღიმილით მიუგო საგამოძიებო განყოფილების უფროსმა ფინანსური განყოფილების უფროსს.
– კეთილი, კოლეგებო, მომისმინეთ, რამდენი მათხოვარია საქართველოში და ვინ რამდენს შოულობს, ჩვენი პრობლემა არაა. ჩვენ ახლა სულ სხვა თავსატეხი და სატკივარი გვაქვს. ანტიტერორისტული და საგამოძიებო განყოფილების უფროსები დაუყოვნებლივ გაფრინდებით თბილისში და ადგილზე იმოქმედებთ. თათბირი დამთავრებულია და დავიშალოთ, – თქვა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, საათს დახედა და დაამატა, – შვიდის ნახევარია. რვაზე „თეთრ სახლში“ უნდა მივიდე და პრეზიდენტს პირადად მოვახსენო თბილისში მომხდარის შესახებ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3