კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-23 (910)


ყირამალა ისტორია ორმოცდამეშვიდე
(ფინალი)

ქატო იქა, ფქვილი აქა
(მოქმედი პირები: ეკა, ვაჟა, ლაშა, დუდუ, ნოდარი, ლანა და ქალბატონი მართა)

ვაჟამ ეჭვით შემომხედა. მე ჯიქურ შევხედე, მაგრამ თვალების დაფახულება არ დამვიწყებია, თურმე, რას არ გაგაკეთებინებს ქალს გაჭირვება (მხოლოდ გაჭირვება ვითომ?): ეჭვი გეპარება, რომ სიმართლეს ვამბობ?! ოდესმე მომიტყუებია შენთვის?! ან რატომ არ ენდობი შენს თავს და გგონია, რომ არ შეიძლება, შენი მადლიერი ვიყო?! იქნებ მეც მივხვდი, მეც დაგიჯერე. იქნებ შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც მე მჭირდება და რომელთანაც ბედნიერი ვიქნები?! – ვცდილობდი, რაც შეიძლება, თბილად შემეხედა მისთვის და მეტი დამაჯერებლობისთვის ერთი-ორი კურცხალიც გადმოვიგორე თვალებიდან, – ბევრ რამეზე ვიფიქრე ამ 24 საათში და ბევრ რამეს მივხვდი. შენ ყოველთვის ჩემ გვერდით იყავი და მე ყოველთვის ცუდად გექცეოდი, იმიტომ რომ უმადური ვარ. შენ ისეთს მიტან, როგორიც ვარ. და მეც მინდა, გადაგიხადო იმ სიკეთის სამაგიერო, რაც შენ ჩემს ოჯახს გაუკეთე და უკეთებ, – ცრემლები უკვე ღვარად მომდიოდა: ოღონდ დამპირდი, რომ აღარასდროს ახსენებ იმის სახელს და თავს დაანებებ.
ამის გაგონებაზე ვაჟა ოდნავ დაიძაბა. მე თითქოს ვერ შევნიშნე და ისევ სლუკუნით განვაგრძობდი: არ მინდა, რომ პრობლემები შეგექმნას. გთხოვ, – და მისი ხელი ავიღე ორივე ხელით: ძალიან გთხოვ.
– კარგი, რაც გინდა, მთხოვე. შევთანხმდით, ჩემი საყვარელი ეკა, – გამიღიმა. ძალიან ბედნიერი ჩანდა: შენ წინ დაჯექი, ჩვენ უკან დავსხდებით.

დუდუმ უცებვე აანთო ტელეფონის ფანარი.
– ქალის ხმა გაიგონე? – ვკითხე დაფეთებულმა.
– არანაირი ხმა არ ყოფილა, – მშვიდად მიპასუხა.
– არც სროლის? – დავაზუსტე.
– სროლის კი, ოღონდ მაშხალა იყო, იარაღიდან არ უსვრიათ… ვიპოვით. რაღაც ამერია, ეტყობა.
დუდუმ ტელეფონი ამოიღო და ჩემი სიმშვიდეც გაიპარა. ამის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. და, პრინციპში, ჩემ გარდა არც არავინ იყო დამნაშავე,. მე რომ არ მედედლა, არც არაფერი მოხდებოდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისე იქნებოდა, როგორც მე მინდოდა. იმ სქემით, რომელსაც მე მოვიფიქრებდი და ერთხელაც ამან არ გაამართლა. მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. დუდუს ხმა შორიდან მესმოდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი.
და თუ არ მიიტანა ფული?! არა, მიიტანდა. და თუ ის მიიტანს, მე რატომ წამომყვება?! აბა, იმ ნაბიჭვარს ხომ არ წაჰყვება?! და რატომ არ უნდა წაჰყვეს?! მე დავტოვე და იმიტომ. მერე ხომ დავბრუნდი?! რომ აღარ მაპატიოს?! როგორ დავტოვე?! ისევ მოვიდეს და თუ უნდა, გაუჩერებლად მლანძღოს, სანამ ტვინი არ გამეხვრიტება და მერეც ილაპარაკოს…
– რაღაც აირია იქ, – დუდუს ხმა შორიდან ჩამესმა, – ადგილი შეიცვალა. დამირეკავენ, გაარკვევენ.
ფარდულში სიბნელეში  ვისხედით.
– მანქანაში დაველოდოთ. იქ უფრო უსაფრთხო უნდა იყოს, –  წამოვდექი და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე, რომ გზა გამენათებინა. სულ გადამავიწყდა, რომ ზარის ხმა გამოვრთე. ნოდარს რამდენჯერმე დაერეკა. მაშინვე გადავურეკე.
– ვერაფრით დაგიკავშირდით, ბატონო ლაშა. აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა. თქვენ კი მითხარით, არაფერია საჭიროო, მაგრამ ჩვენ მაინც განვაგრძობდით იმ ტიპის თვალთვალს. დღეს საეჭვოდ გადაადგილდებოდნენ. მგონი, ვიღაცას კვალს უბნევდნენ.
– ნოდარ, შეგიძლია, მისი ადგილმდებარეობა დამიდგინო? – უცებ გამოვცოცხლდი.
– რა თქმა უნდა, ოღონდ არ ვიცი, თვითონ რომელ მანქანაშია. ერთი საზღვართანაა, მეორე – ცოტა აქეთ, ბარში.
– ორივე ლოკაცია ჩამიგდე ახლავე, – ვუთხარი ნოდარს და გავუთიშე.
– იარაღი გაქვს? – მკითხა დუდუმ. თავი გავაქნიე უარის ნიშნად: ჩემი დაცვა ასე სწრაფად ვერ ჩამოვა. ერთი მანქანით ვერ გავარკვევთ, რომელ ადგილას უნდა წავიდეთ.
– ჯერ იქ მივიდეთ, რომელიც უფრო ახლოსაა, – შემომთავაზა დუდუმ.
ამ დროს ჩემს ტელეფონზე შეტყობინებაც მოვიდა. თვალებს არ დავუჯერე, იმ ნაბიჭვრის ნომრიდან: „ლაშა, სასწრაფოდ წადით მაქედან. სწრაფად. მანქანით არა, ფეხით და დაიმალეთ“. მაშინვე ნოდარს დავურეკე: უცებ უნდა გამიგო, იმ ტიპის მობილური სად ფიქსირდება და დუდუ ავაჩქარე. ესე იგი, ცოცხალია! მიუტანია ფული! ბედნიერების შეგრძნება ბურთივით მოაწვა დიაფრაგმას ქვემოდან და სუნთქვა შემიკრა. მაგრამ რატომ უნდა წავიდეთ აქედან სასწრაფოდ?! რაღაც ისევ არ მომწონდა: ეს ისტორია არ იყო დამთავრებული.
მეგობარს დავურეკე მატანში, ავუხსენი, სად ვიყავით. თან, იმაზე ვფიქრობდი, როგორ აღმოჩნდა იმ ნაბიჭვრის ტელეფონი ეკას ხელში. ჩემმა მეგობარმა ადვილად გვიპოვა. ამასობაში ჩემს დაცვასაც შევატყობინე, რომ სასწრაფოდ წამოსულიყვნენ თბილისიდან და გზაში შეგვხვედროდნენ.
წესით, ეკა სახლში უნდა მიეყვანა იმ ნაბიჭვარს: სხვა ვარიანტს გამოვრიცხავდი. ამიტომ ლანას დავურეკე და ვთხოვე: ლანა, გამიგე, ეკას დედა სახლშია? და კიდევ, რა უყვარს.
– ვის რა უყვარს, ლაშა? – ლანას ინტონაციაში გაოგნებამ თითქოს ტელეფონიდან გამოაღწია.
– ქალბატონ მართას, რომელი ყვავილები, მაგალითად, ან რამე განსაკუთრებული თუ უყვარს, რაც მის გულს მოიგებს, – გავუმეორე.
ტელეფონის მეორე მხარეს პაუზა დაეკიდა. მერე გავიგე მოკლე პასუხი: გავიგებ.
– მომწერე ეგრევე.
ლანას გავუთიშე და ნოდარს დავურეკე: არის რამე ახალი?
– ერთი მანქანა მოდის თბილისისკენ. მეორე ისევ საზღვართანაა.
– ჩემზე ადრე ხომ არ ჩავლენ?
– არ მგონია. ნელა მოძრაობენ. ერთ ადგილას შეყოვდნენ ნახევარი საათით, – დააზუსტა ნოდარმა.
როგორც იქნა, დუდუსთვისაც მოვიცალე, რომელსაც, რაც ჩემი დაცვის მანქანაში გადავსხედით, ტელეფონი არ გაუშვია ხელიდან: არ გინდა, მიამბო, რა ხდება შენს თავს?
– ჯერ შენი ამბავი დავასრულოთ და მერე. სად გვეჩქარება?!
– როგორც იტყვი, – აღარ დამიძალებია. ამასობაში ლანასგან შეტყობინებაც მოვიდა. გადავუგზავნე თანამშრომელს და მივაყოლე, რომ ეს ყველაფერი აეტანათ ჩემი დის სახლში. ლანასაც მივწერე: მადლობა, დაიკო. გამოეწყვე. ლამაზი კაბა ჩაიცვი და დამელოდე. ნახევარ საათში ვიქნები შენთან და დუდუს ვკითხე: როგორ გამოვიყურები?
დუდუმ თავისი თეთრი კბილები გამოაჩინა: არ მგონია, დაგიწუნონ, თუმცა უკეთესად აჯობებდა.
– არა უშავს. ამის გადადება არ შეიძლება, – თავი შევიგულიანე.
ლანა საგულდაგულოდ გამოწყობილი დამხვდა. ხმას არ იღებდა, მაგრამ ვიცოდი, რომ კითხვები ჰქონდა, მაგრამ უცხო ადამიანს ერიდებოდა. მეც ამით ვსარგებლობდი და არაფერს ვიმჩნევდი, თითქოს ის ხდებოდა, რაც უნდა მომხდარიყო. ლანამ მაინც ვერ მოითმინა: ეკა როგორაა? სადაა? შენ კიდევ ცოტა მოწესრიგებულიყავი, მართა უცნაური ქალია. ცხვირაბზუებული. გაუპარსავი ხარ. ვაითუ, არ მოეწონო?! – ის ირონიული ინტონაცია, რომელიც მის ბოლო ფრაზას ამოჰყვა, ლანასთვის ადრე არასდროს შემიმჩნევია.
– სამაგიეროდ, შენ ხარ ლამაზი, – ვუთხარი და ლოყები დავუჩქმიტე, როგორც ბავშვობაში. უცებ გამხიარულდა: არ გშიათ? სადილიც გავამზადე.
– არა, დრო არ გვაქვს, თან, გზაში წავიხემსეთ. დუდუ, შენ ხომ არ გშია? – ვცადე, გამომესწორებინა უგულისყურობა.
– აბა, რა დროს ჭამაა ახლა? – დუდუმ გულღიად გაიცინა.
სამივენი ეკას სახლის კართან ჩავმწრივდით. მე, ქალბატონი მართასთვის განკუთვნილი ძღვენით ხელდამშვენებულს, გვერდს დუდუ მიმშვენებდა. ლანა, როგორც მთავარი დამრტყმელი და მეწინავე ძალა, კართან პირველი დადგა და ზარი დარეკა. კარი სანდომიანმა, მაგრამ ცოტა შეუვალი სახის ქალბატონმა გაგვიღო. ქუთუთოები ოდნავ შესიებული ჰქონდა, ცხვირი ჩამოთლილი, რომელიც თითქოს საგანგებოდ გამოყვანილი ლამაზი ნესტოებით მთავრდებოდა.
 – მართა დეიდა, შეიძლება?
– მოდი, გენაცვალე, ეკას ველოდები. ვნერვიულობ, ტელეფონი სახლში დაუტოვებია. შუქიც ყველგან ანთებული იყო. სად დაიკარგა ეს გოგო, არც კი ვიცი. ვაჟამ დამირეკა, ხომ იცი ვაჟა?! ჰო, იცი, კი... მომყავსო. რამე ცუდი ხომ არ მოხდებოდა? მეორე დღეა, გული მიტირისავით. უი, მარტო არ ხარ? ხომ მშვიდობა გაქვთ? ეკას რამე მოუვიდა? – მასპინძელი გაფითრდა და ლამაზი ნესტოები დაებერა.
– არა, არა, საქმე გვაქვს და თქვენი დახმარება გვჭირდება. ეს ჩემი ძმაა და მისი მეგობარი. შემოვალთ, თუ შეიძლება და სახლში დავილაპარაკოთ.
– რა თქმა უნდა, მობრძანდით… დაბრძანდით, – შეგვიძღვა ქალბატონი მართა.
სამივენი მისაღებ ოთახში შევლაგდით.
– ეს არის შენი ძმა? გგავს. თქვენი მეუღლე როგორ არის? – მოულოდნელად მკითხა ეკას დედამ: ლანა ახსენებს ხოლმე.
– აღარ მყავს...
– უი, რა მოხდა? მე რომ არაფერი გამიგია?! ლანა?! რას ამბობთ, რა საწყენია. სულ ახალგ… – შეწუხდა ჩვენი მასპინძელი.
– არა, ცოცხალია, ჯანმრთელადაცაა. დავშორდით ერთმანეთს. უბრალოდ, ვერ შევეწყვეთ... ეს თქვენ, – ვუთხარი და გავუწოდე ყვავილები, მისი საყვარელი ტკბილეული კი, მაგიდაზე დავდე.
– ჩემი საყვარელი ორქიდეები… გმადლობთ და რა დამსახურებისთვის? – ქალბატონ მართას ნათქვამს ეკას ინტონაცია ამოჰყვა და წარბიც ეკასნაირად აეწია ოდნავ მოჭუტული მარცხენა თვალის ზემოთ: აბა, გისმენ, ყმაწვილო.
– ეს დუდუ გახლავთ, დიდებულიძე, ჩემი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, – დუდუ წამოდგა, ქალბატონ მართასთან მივიდა, დაიხარა, ტუჩები მის ხელთან მიიტანა და ეამბორა. ეკას დედას აშკარად ესიამოვნა ეს ჟესტი: დღეს ცოტამ თუ იცის, რომ ქალის ხელი კი არ უნდა მიიტანო ბაგეებთან, არამედ თავად უნდა დახარო თავი ქალის ხელამდე, – და დუდუს ისე კეკლუცად გაუღიმა, მისი ასაკი რომ არ მცოდნოდა, რამეს ვიფიქრებდი. დუდუმ გალანტურად დაუკრა თავი და თავის ადგილას დაჯდა.
მე დაზეპირებულივით ერთი ამოსუნთქვით წარმოვთქვი: ნაჩქარევად მოგვიწია მოსვლა. გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და იმიტომ, მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებ და როგორც წესია და რიგი, ისე გავაკეთებთ. როგორც თქვენ იტყვით და ისურვებთ. მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს და მინდა, რომ მისი ხელი გთხოვოთ. თან, ჩვენ ბავშვს ველოდებით და...
ლანამ თავი დაღუნა და სწრაფ-სწრაფად ჩაილაპარაკა: მეც ახლა გავიგე, მართა დეიდა, ბავშვებს გეფიცებით, აი, ამ წამს... არაფერი შემიმჩნევია, თორემ თქვენ ამას როგორ დაგიმალავდით?! ან როგორ ვაკადრებდით თქვენს ოჯახს... წარმოდგენა არ მაქვს, მეც თქვენს დღეში ვარ...
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. თვალგაფართოებული ქალბატონი მართა ხან ლანას უყურებდა, ხან – მე, ხან – დუდუს, რომელსაც აშკარად ახალისებდა ეს სანახაობა. მე სახალისოდ ჯერ არ მქონდა საქმე, იმიტომ რომ ეკას რეაქცია არ ვიცოდი, თუმცა მე რომ ამ ბინიდან ასე იოლად ვერავინ მიმაბრძანებდა, ეს ზუსტად მქონდა გააზრებული.
უხერხულად ჩამოწოლილი სიჩუმე კარის მიჯახუნების ხმამ დაარღვია: დედა, დედა, მოვედი.
გული ოდნავ ამიჩქარდა. არა, ოდნავ არა, საკმაოდ და ოთახში ეკა შემოვიდა. ეკას თვალების გარდა ვეღარაფერს ვხედავდი. ისე მომინდა მასთან შეხება, იმ ნაბიჭვრის ხმას რომ არ გამოვეფხიზლებინე, საერთოდ არ მაინტერესებდა იქმყოფების არსებობა.
– ამას აქ რა უნდა? – თქვა ვაჟამ და ჩემკენ წამოვიდა.
ეკამ გზა გადაუღობა: ეს ჩემი სახლია და შენ არავინ გეკითხება, აქ ვის რა ესაქმება!
– ეკა, როგორ ელაპარაკები? რა სირცხვილია, – ქალბატონი მართა ფეხზე წამოდგა.
– რასაც მოგიყვები, იმას რომ მოუსმენ, მერე ვნახოთ, ვის შერცხვება!
– ეკა, ნუ ჩაერევი. მე გავარკვევ, თან, ახლა ამის ადგილი არ არის, – დავუყვავე ეკას.
– მე შენთან არაფერი მაქვს გასარკვევი, შე პიჟონო, გასაგებად გითხარი უკვე ყველაფერი, – შემომიღრინა ვაჟამ.
– აქ არ გიპასუხებ არაფერს. ეკას ხელის სათხოვნელად მოვედი და ამ დღეს არ ჩავიშხამებ, – ვუთხარი, ოღონდ, თან გავუღიმე.
– საბუთების გაგზავნისას მოგივიდა ეგ იდეა? კეთილშობილებამ გძლია? – ეკამ დოინჯი შემოირტყა, – გმადლობ, შენ ჩვენს გეგმებში აღარ ხარ.
– ეკას აღარ აინტერესებ, ჩვენ ამაზე უკვე მოვილაპარაკეთ, – ჩაიცინა ვაჟამ.
– აი, ჩვენ კი არაფერზე მოგვილაპარაკია, – ახლა ვაჟას მიუტრიალდა ეკა.
– კი, ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ მე ამას თავს დავანებებ და შენ ამას დაანებებ თავს.
– ჰოდა, მოგატყუე. აი, ასე, ავდექი და ურცხვად მოგატყუე. ერთხელ მეც ხომ უნდა გაგაბრიყვო?! აბა, სულ შენ ხომ არ გააბრიყვებ ყველას? კინაღამ დამავიწყდა, ვეღარც დანარჩენებს გააბრიყვებ აწი. აბაა?!
დასასრული შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3