კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (115)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

№24 რატომ დაემუქრა კაკო კვანტალიანს ბერია გაქრობით და რა უწინასწარმეტყველა მან ახალგაზრდა ედუარდ შევარდნაძეს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

დაიბადა სამტრედიაში. იქვე, სამტრედიაში, კიბის ქვეშ მოწყობილ სცენაზე დაუწყია არტისტობა და გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, თბილისში წამოსულა – სწავლობდა უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 21 წლისა კი, უკვე მარჯანიშვილის გვერდითაა – კიბის ქვეშ მოწყობილი სცენიდან პირდაპირ მარჯანიშვილის ორბიტაზე მოხვედრილა. ჯერ მარჯანიშვილმა იწამა მისი ნიჭიერების, შემდეგ მთელმა საქართველომ…
1967 წლის ივლისის მიწურულს, ცხელი ზაფხულის ერთ დღეს პლეხანოვი მემაწვნე თათარი „ბაჯის“ მოთქმით კივილმა გააყრუა. მოდიოდა და კიოდა „ბაჯი“, დასტიროდა კაკო კვანტალიანს, შვილის გადამრჩენელ კაცს… კვანტალიანებთან მაწონი დააქვს ერთ თათრის ქალს. მისი სახელი არავინ იცის – „ბაჯის“ ეძახიან. „ბაჯი“ ყოველ დილით, 6 საათზე მიდის კვანტალიანებთან. მსახიობი მაწონს ართმევს. ეს რიტუალი წლობით გრძელდება. ერთ დღესაც „ბაჯი“ ტირილით თავს იკლავს. კვანტალიანი ეკითხება: რა მოხდა, რა გჭირს. „ბაჯიმ“ არც ქართული იცის, არც – რუსული. მეორე დღეს ქალიშვილს მიიყვანს თარჯიმნად. თურმე 12 შვილი ჰყოლია. უფროსი ვაჟი ქორწილში ყოფილა, ჩხუბი ატეხილა, ვიღაც დაუჭრიათ, ყველას თავი დაუძვრენია, მხოლოდ ის დაუჭერიათ და ხუთი წელი მიუსჯიათ. ბაჯის „თარჯიმანი“ გოგონა კვანტალიანს ეტყვის: სოფელში რომ გაიგეს, დედას მაწონი დააქვს თქვენთან, გვითხრეს, სთხოვეთ, კეთილი კაცია, აუცილებლად დაგეხმარებათო. კვანტალიანი „ბაჯის“ დაამშვიდებს: მაცადეთ და ციხიდან გამოვიყვანო. შეწყალების კომისიას გრიგოლ აბაშიძე ხელმძღვანელობს (ავტორი რ. შატაკიშვილი) გრიგოლ აბაშიძე კვანტალიანის მეზობელია წყნეთში. კვანტალიანი გულს გაუწვრილებს აბაშიძეს, ყოველ დილით 7 საათზე ურეკავს და ახსენებს. ბოლოს მარტო იმ თათარი ბიჭის სახელს ეუბნება – „აგაჯანა“, და ყურმილს უკიდებს. იმდენს იზამს აგაჯანას მართლა გამოაშვებინებს. „ბაჯიც“ გამოაცხობინებს დიდ ტორტს, უკან ამოიყენებს თავის 12 შვილს სიმაღლის მიხედვით და კვანტალიანს მიადგება… კვანტალიანი უკან გაატანს ტორტს. გაატანს ზრდილობიანად. აი, ქუთაისელ რიჟინაშვილს კი, რომელსაც თბილისში ჩაწერაში დაეხმარება და ის „მაღარიჩს“ იკისრებს – იმ პერიოდში იშვიათ დიდ ფერად ტელევიზორს მიართმევს, წიხლს უკრავს ტელევიზორზე და კიბეებზე დააგორებს…
ხშირად აკითხავდა პარტიულ ბოსებს – ხან ვისი ბინის თაობაზე, ხან – ვისაზე. როცა სხვა საკითხზე მიდიოდა, მდივნებს აფრთხილებდა, უთხარით, ამჯერად ბინა არ მინდა, სხვა საკითხზე მოვედიო...
...კაკო კვანტალიანი გრიშა კოსტავას მეგობარი იყო. ის ხშირად აკითხავდა პარტიულ ბოსებს, გაჭირვებულების დასახმარებლად, მაგრამ პარტია სძულდა. პარტიაში ცოცხალი თავით არ შევიდა, არ ვარ, ბატონო, პარტიის ღირსიო. უპარტიობის გამო დაკარგა ლენინის როლი. თავსაც დაკარგავდა, იღბლად გადაღებებზე რომ არ ყოფილიყო დაკავებული და იმ შეკრებებზე ევლო, სადაც გრიშა კოსტავა დადიოდა. არადა, აპირებდა, თურმე, მაგრამ გადაღებები, რეპეტიციები… და ის გადარჩა. გრიშა კოსტავა დახურულმა სასამართლომ უმძიმესი ბრალდებით გაასამართლა და თავისუფლება აღუკვეთა. კაკო კვანტალიანმა მოახერხა და სასამართლოს შემდეგ გრიშა კოსტავა და მედეა ჯაფარიძე შეახვედრა. სწორედ მაშინ უთქვამს გრიშა კოსტავას თავისი ულამაზესი მეუღლისთვის, რომ დროზე გათხოვილიყო, რადგან მოცდას აზრი არ ჰქონდა... შემდეგ სწორედ მედეა ჯაფარიძის ხელშეწყობით შეირთავს კაკო  კვანტალიანი მასზე გაცილებით ახალგაზრდა მშვენიერ მაია ჭიპაშვილს – რეპრესირებული ოჯახიდან და მის უმცროს დებს მამობას გაუწევს (კაკო კვანტალიანის მეუღლე 26 წელიწადი ხელმძღვანელობდა მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმს). გრიშა კოსტავას დაპატიმრების შემდეგ, მის ძმას – მერაბ კოსტავას მამასაც – დააპატიმრებენ. გადასახლებიდან დაბრუნებული ოჯახი კვანტალიანებმა სადილზე მიიპატიჟეს, მაშინ, როცა ბევრს მათთვის გამარჯობის თქმისაც კი ეშინოდა...  
ოლღა ბებიას პროტოტიპი
მსახიობის დედა – ანეტა სესილია თაყაიშვილის ოლღა ბებიას პროტოტიპი იყო. თავად სესილია თაყაიშვილი ამბობდა: „მე თუ ვინმემ შთამაგონა და თუ ვინმე მედგა თვალწინ ოლღა ბებიას თამაშისას, ეს კაკო კვანტალიანის დედა, ქალბატონი ანეტა გახლდათ!“ ქალბატონი ანეტაც ოლღა ბებიას მსგავსად ზრდიდა ობოლ შვილიშვილს – ბიძინა კვანტალიანს, რომელსაც დედა 6 თვისას გარდაეცვალა. შვილიშვილები იხსენებენ, რომ ქალბატონ ანეტას წერა-კითხვა არ სცოდნია ხეირიანად, მაგრამ ქალური გონიერებით გამოირჩეოდა...  ქალბატონი ანეტა იქ, სამტრედიაში გაიგებს, რომ თბილისში, ოპერაში „აბესალომ და ეთერის“ პრემიერაა. თბილისში მოჯამაგირეს გამოგზავნის ბილეთებისთვის. მოჯამაგირე ფულს გამოჭამს და ბილეთებს ქანდარაზე უყიდის. თბილისში ურმით ჩამოსული და ჩიხტიკოპით დამშვენებული ანეტა აღშფოთდება და წყენას მხოლოდ სპექტაკლით მინიჭებული სიამოვნება გადაავიწყებს.
 უკიტროდ დარჩენილი
კაკო კვანტალიანს უზომოდ ჰყვარებია კიტრი და მწვანილი. ხმა დადიოდა, კაკო კვანტალიანი ძილშიც კირტს ჭამსო. ყიდულობდა თვითონ, თან ბლომად და
ყოველდღე მიირთმევდა. ერთხელ ბიძინა კვანტალიანს უკვე ავადმყოფი ბიძისთვის წყნეთში 40 კილო კიტრი აუტანია, მესამე დღეს მსახიობს ძმისწულისთვის დაურეკავს: „არ გრცხვენია, ბიძინა, ბიჭო, უკიტროდ მტოვებ“? რომ უკითხავს, 40 კილო იყო, რა იქნაო, უპასუხია: მე რომ მიყურებენ, ესენიც მადაზე მოდიან და ყველანი ჭამენო. ერთხელ ბაზარში ერთ გლეხს კიტრი ცოცხალი თავით არ მიუყიდია. არა ხარ შენ კაი კაცი, მაგდანას ბალღებს ვირი როგორ წაართვიო, და უშვერი სიტყვებით დაუწყია ლანძღვა. ამშვიდებენ, ეგ კინოშია მასე, ეს მსახიობიაო. არაო. აუკრეფია კიტრი იმ გლეხს და საერთოდ გაქცეულა ბაზრიდან. უკიტროდ დარჩენილი კვანტალიანი ბედნიერი ყოფილა – მართლა კარგად მითამაშიაო.
 „შტუკა“ ვასოსთვის
კვანტალიანს იუმორი არ ღალატობდა არც ეკრანზე, არც სცენაზე და არც ცხოვრებაში. ჰყვარებია „შტუკების“ მოწყობა. თურმე, კაკო კვანტალიანს ძალიან ჰგადა მისი და – გარეგნობითაც, აღნაგობითაც. ერთხელ, წვეულებაზე, კაკო კვანტალიანს ვასო გოძიაშვილისთვის უთქვამს, ცოტა ხნით დაგტოვებთო. გამოსულა, თავისი და კაცურად გამოუწყვია, თავზე ცილინდრიც დაუხურებია და ვასოსთვის მიუსვამს გვერდით. გოძიაშვილი მთელი საათი ელაპარაკებოდა კაკო კვანტალიანის დას, როგორც კაკო კვანტალიანს. კიდევ კარგა ხანს ვერ მიხვდებოდა, თვითონ კაკო კვანტალიანი რომ არ გამოსულიყო და ხარხარი არ აეტეხა. კაკო კვანტალიანს უყვარდა: მოლხენა, სმა, თამადობდა. თურმე სვამდა ხარივით, ილხენდა თავდავიწყებით, თამადობდა ფოიერვერკულად.
 „სმაჭიდი“
„მაგი რომ ჭამს და მაგი რომ სვამს, მე ცალ ყურში ჩავისხამო“, – დაიტრაბახებს კვანტალიანის ქებით გულმოსული დოდო აბაშიძე. მსახიობები გადაწყვეტენ და მოაწყობენ მათ „სმაჭიდს“. აქეთ კაკოს დასვამენ, იქით – დოდოს. სასმელსაც, საჭმელსაც თანაბრად მიუტანენ. მოილხენენ, სვამენ, სვამენ… გვარიანად შეთვრებიან და გამთენიისას დაიშლებიან. შინ მისული კვანტალიანი დაიძინებს. ახლობლები მიაკითხავენ. მეუღლე ეტყვის, რომ კაკოს სძინავს. შესჩივლებენ: ქორწილი გვაქვს და ბატონი კაკო რომ თამადა არ იყოს, ქორწილს ეშხი დაეკარგებაო. „ქორწილიო?“ – გაიგებს მძინარე მსახიობი და მერცხალივით წამოფრინდება, ბიჭებს გაჰყვება. გაჰყვება და კვანტალიანებთან ტელეფონი აწკრიალდება. დოდო აბაშიძის დედა რეკავს გულშეწუხებული: დოდოს ექიმები ახვევია. მგონი, მოწამლულია. ამბობს, კაკოსთან ერთად დავლიეო და კაკო როგორღააო. კაკო ქორწილში წაიყვანეს თამადადო. დოდო აბაშიძე იტყვის: რა მრჯიდა, ვის ვეჯიბრებოდიო.
ცელქი აღმასკომი
…კაკო კვანტალიანი თამადობს. სუფრაზე კი ერთი კაცი „ცელქობს“ – თამადას არ უსმენს. „ცელქი“ კაცი აღმასკომის თავმჯდომარეა. კვანტალიანი ითმენს, თან ბრაზდება. ითმენს, ითმენს და უცებ ომახიანად შესძახებს: მოდი, გავცვალოთ ადგილები, შენ აქ იყავი თავმჯდომარე, მე იქ ვიქნები. არაო, – ამოიღმუილა თავმჯდომარემ და გაისუსა.
 ჭიქა – თუმნად
თავდაუზოგავად მუშაობდა თეატრში, კინოში, ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, მაგრამ მისი ხელფასი მაინც ვერ აუდიოდა მის პურმარილიანობას. მუდამ ცოლისდის ვალი ჰქონია და მეუღლესთანაც ხშირად კამათობდა ფინანსურ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი დავის შემდეგ უმცროს ძმას, ვასოს საქეიფოდ დაუპატიჟია. ცოლი გაცეცხლებულა, მაზლს დაუმშვიდებია: რამდენ ჭიქასაც დალევს, იმდენი თუმანი ჩემზე იყოსო. კვანტალიანი წასულა და 44 ჭიქამდე ასულა (ძმისწული ბიძინა კვანტალიანი ითვლიდა და ჭიქების რაოდენობასაც ბერავდა). ბოლოს ვასოს თანხა დაუმრგვალებია და რძლისთვის 500 მანეთი გაუგზავნია. ცოლი მაინც ბრაზობდა: ისე ას ჭიქას სვამ და ახლა რა გეტაკა, 44 ჭიქაზე მეტი ვერ დალიეო?!
 პატიმრობა სუფრასთან
უყვარდა, როცა ვინმეს ეხმარებოდა – შინაურს თუ გარეულს. როცა მორიდებით ეტყოდნენ, ამას და ამას თუ იცნობთო, პასუხობდა: მე თუ არ ვიცნობ, ის ხომ მიცნობსო და დასახმარებლად მისდევდა. ყველა მასთან მიდიოდა – ვის ბინის მიღება უნდოდა, ვის თბილისში ჩაწერა, ვის წართმეული მართვის მოწმობის დახსნა. დიდუბის მილიციის წინ გავლისას მილიციას ხმამაღლა ესალმებოდა – მე მიცავს ჩემი მილიცია! მილიციაც უზომო სიყვარულით პასუხობდა. ერთხელ, ახალგაზრდობაში, ნაღვინევ ოთარ მეღვინეთუხუცესს უჩხუბია, ვიღაც უცემია და მილიციას დაუკავებია. ვინ არ მიუგზავნიათ, მაგრამ არ გამოუშვიათ. ბოლოს კაკო კვანტალიანი მისულა. მილიციის უფროსს მაშინვე უთქვამს: ერთი პირობით გამოვუშვებ, თუ საქეიფოდ გამომყვებითო! მეღვინეთუხუცესი შინ გაუშვეს, მის ნაცვლად კვანტალიანი „დააკავეს“… სუფრასთან…
 პირსისხლიან ბერიასთან
ნამდვილ დაპატიმრებას კი ბეწვზე გადაურჩა:  ერთხელ – ბერიასგან, შემდეგ – მჟავანაძისგან… კვანტალიანს სამჯერ მოუწია შეხვედრა ბერიასთან. მისგან მიღებული შთაბეჭდილებები მოგვიანებით თენგიზ აბულაძეს გაანდო და „მონანიებაში“ აისახა კიდეც მისი ნაამბობი მოზაიკურად, კარადიდან გადმოსვლის სცენა სწორედ კვანტალიანს უამბია რეჟისორისთვის. კვანტალიანს თვით ბერია დამუქრებია გაქრობით. მეორე დღეს რომ მსახიობი თეატრში ცოცხალი მისულა, მთელი დასი სახტად დარჩენილა. სასწაულის არსი: ზუსტად იმ საღამოს ბერია დაუწინაურებიათ და მოსკოვში გადაუყვანიათ, ტრიუმფატორ სისხლისმსმელს ვიღაც კომიკი არტისტისთვის აღარ ეცალა.
 მჟავანაძესთან
კვანტალიანი პოლიკარპე კაკაბაძის „ცხოვრების ჯარაში“ მეცნიერებაში ფეხშემდგარ, პარტიული კარიერიდან დათხოვნილ გენერალს თამაშობდა. მჟავანაძესთან დაასმინეს, შენ გასახიერებსო. გრიმით წააგავდა კიდეც თურმე. მერე ფეხს ითრევდა, როდესაც მჟავანაძესთან შესვლამ მოუწია საყოფაცხოვრებო
საკითხებზე. მჟავანაძეს თბილად მიუღია, საიდუმლოდ გაუნდია კიდეც, მეც კარგად ვიცი, რასაც ვემსახურები, მაგრამ რა ვქნაო. იმ როლზე სიტყვა არ დასცდენია. თვითონ კვანტალიანს მოუყოლია, ასე და ასე დამაბრალესო. არც ეგ შეუცხადებია ვასილ პავლოვიჩს, და საერთო ჯამში, კარგი შთაბეჭდილება დაუტოვებია. ის კი არა, კონიაკიც „გადაუხუხავთ“.
კვანტალიანი – ნოსტრადამუსი
კვანტალიანი ქუთაისში სუფრასთან შეხვედრია ახალგაზრდა, ახალდაწინაურებულ შევარდნაძეს. მოხიბლულა. შინ დაბრუნებულს ცოლისთვის უთქვამს, ისეთი ახალგაზრდაა, ან აგვაშენებს, ან დაგვანგრევსო…  
скачать dle 11.3