კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რატომ უთხრა დედა თამარს პატრიარქმა, რომ დღევანდელ ტაძარში ყოფნას, უპატრონოთა თავშესაფარში ყოფნა სჯობს და ვინ და რის გამო სცადა არაერთხელ მისი მოკვლა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჯვარის მამის მონასტრის დედაო – დედა თამარი, სასულიერო პირების იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება, რომლებიც სიმართლეზე დაუფარავად და გულღიად საუბრობენ, რის გამოც ბევრი სირთულე ექმნებოდა და ასე გრძელდება დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ძალიან რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, როგორც ამბობს, საპატრიარქოდან ემუქრებიან და თვითმკვლელობისკენ უბიძგებენ.
დედა თამარი: საპატრიარქოში ტახტის გადანაწილებაზე აქვთ წეწვა-გლეჯვა, მაგრამ მე არ ვიცი, სად მიჰყავთ ჩვენი უწმიდესი?!  დაახლოებით ოცი წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ ჩვენი პატრიარქია ის, ვინც ერი სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს-მეთქი. იქიდან დაიწყო ბრძოლა ჩემს წინააღმდეგ. ანუ, ეს ბოლო პატრიარქია და სხვა აღარ იქნებაო? ამ ყველაფერს ღმერთი წყვეტს და რატომ არ აცდიან მას?! პატრიარქს რატომ ასმენინებენ – „როცა ის აღარ იქნება“, ვინ მოგცა უფლება, რომ ცოცხალ ადამიანზე ასე ისაუბრო? ვინ იცის, ვინ იქნება და ვინ – არა?!
– დედაო, წლების განმავლობაში არაერთხელ უცდიათ თქვენთვის სიცოცხლის მოსწრაფება. რატომ?
– აქ ძალიან ჩუმად, ტყვესავით უნდა იყო. თითქოს გიყიდეს და ამათი მონა ხარ. თუ ისე არ იქნება, შეუძლიათ, თვალი ამოგთხარონ. როგორია, როცა შენს სიცოცხლეს ემუქრებიან და მეუფე იაკობი შემოგითვლის: რაც გინდა ჰქენი, თუ გინდა მოკვდი, აღარაფერს გაგიკეთებო. დაუნახავი არ უნდა იყო, როცა წამალი და ექიმი მჭირდებოდა – კი ბატონო, მეხმარებოდნენ. პატრიარქმა ჩემთან ერთად დაუძახა და უთხრა: დედაო უძლურებაშია და რაც დასჭირდება, უნდა გაუკეთოთო. როგორია, არასდროს შეგიშვან პატრიარქთან კურთხევის ასაღებად ოპერაციების წინ? ამიტომ არც მითხოვია, რომ ჩემი სიმსივნიანი ძმა შეეშვათ. თვითონ დამირეკეს, მოიყვანე და პატრიარქი დალოცავსო. მივიყვანე, მომაკვდავი ადამიანი სამი საათი ალოდინეს, თუმცა პატრიაქრის დალოცვა ვერ მიიღო. უწმიდესმა შეიძლება, ეს დღესაც არ იცის. როცა რამე კარგს ამბობ მასზე, მანამდე არ უშვებენ, მაგრამ აბა, ერთი წამოგცდეს რამე, მაშინვე წინ დაუდებენ. მე კიდევ ძალიან ვეფერები უწმიდესს. როცა დაბლა ლოცვაზე ჩამობრძანდება, მაშინ ვნახულობ. მე ეტლით ვდგავარ ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ მასაც ძალიან უჭირს გადაადგილება, მოვა და ერთმანეთს რომ ჩავეხუტებით, ვეფერები: ჩემო სიცოცხლე, გენაცვალე დაღლილ გულში. უკვირთ, ასე ჩვენ ვერ მოვეფერებითო, იმიტომ, რომ მათ ასეთი სიყვარული არ აქვთ.
– ძალიან ბევრჯერ არ მოგხმარებიან, პატრიარქამდე არ მიუტანიათ თქვენი ხმა?
– წამლით და ექიმით მომხმარებიან, მაგრამ ეს ძალიან დიდი ნერვიულობისა და ტირილის ხარჯზე, როცა დაავადება უკვე გართულებული იყო და მკურნალობას შედეგი აღარ ჰქონდა. თუ ვინმეს საპატრიარქოში არ ვუყვარვარ, ჩემს ერს ვუყვარვარ და მე ჩემი ქართველები სიცოცხლეს მირჩევნია. საკუთარი შვილი მეუბნებოდა: დედა, მე წავალ ამქვეყნიდან და იცი, რამდენი შვილი გეყოლებაო? არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველწუთს ამას მიმეორებდა. ძალიან გამწარებული და გულმოკლული დედა ვარ, ძალიან სუფთა შვილი გარდამეცვალა. ბედნიერი ჩემს ცხოვრებას არ მიესადაგება, მაგრამ როგორ არა, ბედნიერებაა, როცა ამდენი სულიერი შვილი მყავს და ყველა დედის მეძახის.
– ყოველწუთს მოვიკითხავდი, რამე არ დამართნოდა, მაგრამ ოთხი წლიდან ვიცოდი, რომ შვილი უნდა მომკვდომოდაო. როგორ გაიგეთ ეს?
– არ ვიცი, ეს როგორ უნდა ავხსნა. ვერ გეტყვით, ეს გრძნობა საიდან მოდის. იმას ვამბობ, რაც უნდა მოხდეს და არა იმას, რაც ვინმეს უნდა.
– ძალიან ბევრჯერ გატკინეს შვილის გარდაცვალების შემდეგ.
– ერთი შვილი სამჯერ დავასაფლავე. ვერავინ დამაჯერებს, რომ ჯოჯოხეთი იმ სამყაროში არსებობს, ჯოჯოხეთი აქ არის. ერთი შვილის სამი საფლავი რომ გაქვს, როგორია? მხედრიონის პერიოდში დაიღუპა და აქ ძალიან რთული მდგომარეობა იყო. ახლა ყველა იბრალებს, რომ ეროვნული მოძრაობიდან მოდის და ვინც მართლა მოვდივართ, ისინი დასამარებულები ვყავართ. დიახ, მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ და აქ რომ მოვედი, პირდაპირ მითხრეს, „ზვიადისტი“ ხარ და ჩვენთან ვერ იტრაპეზებო, თითქოს კეთროვანი ვიყავი.
– თქვენ ეროვნულ მოძრაობაში იყავით, მეუფე იაკობი იყო მხედრიონელი?
– მხედრიონშიც იყვნენ შეცდენილი, მაგრამ კარგი ბიჭები. მე მისი პარტიულობა არ მაინტერესებდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის იდგა მეორე მხარეს, იმ მხარეს, საიდანაც გვესროდნენ. შენ თუ მესვრი, რა მნიშვნელობა აქვს, ვის ეკუთვნი?
– შვილის სამჯერ დამარხვა რატომ დაგჭირდათ?
–  აქ რომ ასეთი სიტუაცია იყო, შვილი კახეთში წავიყვანე. წარმოშობით იქიდან ვარ, მე რომ ვერ ჩავიდე, ჩემები მიხედავენ-მეთქი, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, ყველა დამეხოცა. შვილი უპატრონოდ დამრჩა. მე ლოგინად ჩავვარდი – სპეციალურად ჩამაგდეს. როცა მოგწამლავენ, ჯადოებს გაგიკეთებენ, რა თქმა უნდა, ამას დაუძლურება მოჰყვება. სანამ შემეძლო, კვირაში სამჯერ ჩავდიოდი და მის საფლავზე ყვავილი არ ჭკნებოდა. ჩემი შვილის საფლავს „მოდი მნახეს“ ეძახდნენ, მაგრამ მერე ლოგინად რომ ჩავვარდი, უწმიდესს მისი გადმოსვენების კურთხევა ვთხოვე. არც მაშინ შემიშვეს, მაგრამ შემომითვალეს, რომ კურთხევა მომცა და შვილი თაბორის მთაზე ავიყვანე, სადაც წინამძღვარი ბართლომე ფირცხალაიშვილია. ადამიანი მართალი უნდა იყო და კარგი უნდა დაუფასო სხვას. მან მთელი სასაფლაო შემომატარა, სადაც თქვენ იტყვით, იქ დავკრძალოთო. რადგან მანქანიდან გადმოსვლის პრობლემა მქონდა გზისპირი ავირჩიე და ერთი წუთითაც არ უთქვამს უარი. პატარა მორჩილებს გაათხრევინა საფლავი, რომელიც უკუღმა იყო გათხრილი, ერთი მხარე ძალიან მაღალი იყო, მეორე – დაბალი. ბავშვს მიწა რომ მივაყარეთ, იმდენად მაღალზე ოყო, სამჯერ რომ ეწვიმა ჩემი შვილის კუბო გამოჩნდებოდა. მინდოდა გამესწორებინა საფლავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ მას ძროხები ჰყოლია – ჯერ 12, შემდეგ 25 და მერე აღმოჩნდა, რომ დიდი ფერმა აქვს. ეს ძროხები სულ საფლავებზე დადიოდნენ და რამდენი ჩემი შვილის საფლავზე მივდიოდი, ყოველთვის ფუნა მხვდებოდა, რაც მაგიჟდებდა. მამაო სულ მატყუებდა ხვალ, ზეგ გადავიყვანო და ასე გაიყვანა თერთმეტი თვე. ერთ დღეს საფლავზე ავედი, ძალიან წვიმდა. საფლავზე ფეხი რომ გადავადგი, თითქოს ყურებში რაღაცამ შემომარტყა, ცხვირში საშინელი ფუნის სუნი დამეტაკა – იქ ჰქონდა დაგროვებული და ჭია ეხვეოდა. მე ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული, ალერგიული ანთება მაქვს და ვეღარ ამოვისუნთქე. ორივე ყურში იმ ერთ წამში ნერვი დამიზიანდა და სმენა დამიქვეითდა. თვალიდან ვერ ვხედავ, ყურში აღარ მესმის, მოვიწამლე, ეტლში ვზივარ – დაავადებების „ბუკეტი“ გამოვდივარ და ამ დროს მითვლის მეუფე, მე გეხმარებოდი, მაგრამ აღარ დაგეხმარები და თუ გინდა, თავი მოიკალიო. ძალადობა სხვა რა არის? ჯადო რომ გამიკეთეს, იგივე ბართლომე მომიყვანეს, რომელმაც ჩემი შვილი ამომიგდო საფლავიდან. 25 ათასი მჭირდება, რომ ეს ძროხები გადავიყვანო სასაფლაოდანო. მან ბევრი რამ გათვალა და ძალიან კარგადაც, ახლა პანორამა კეთდება იქ და ბატონ ბიძინას მიჰყიდის 100 თუ 200 ათასად თავის ფანჩატურს. ეკლესიებში ყველაფერი ბიზნესზე და ფულზეა გათვლილი. სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა გადმომესვენებინა ჩემი შვილი. ისევ ვთხოვე უწმიდესს, პირადად არც მაშინ მინახავს, მაგრამ ხმა მივაწვდინე. გადაწყდა, რომ აქ ჯვრის მამის ეზოში უნდა გადმომესვენებინა, მაგრამ როცა გადმოსვენების დრო დადგა, აქ ერთ წინამძღვარს პრეტენზია გაუჩნდა, ამ ადგილას შენს შვილს ვერ დაასაფლავებ, აქ თონე უნდა ავაშენოო. რა უფლება მაქვს ექვსი შვილი მშიერი დავუტოვო? ღმერთის არ ეშინიათ? ექვსი შვილი რომ გყავს, ღმერთს მადლობა შესწირე. დედაოს ერთიც აღარ ჰყავს, გადებული მყავს მიცვალებული ვარლამ არავიძესავით და წინ და უკან დამაქვს ბავშვი. არ იცით, რა საშინელებაა ეს, დაკრძალვის დღე გადმოსვენებასთან შედარებით არაფერი ყოფილა. მესამე ადგილას ვმარხავდი შვილს და აქაც მეჭიდავებოდნენ, იმიტომ რომ თონეს აშენება უნდოდათ. ჩემი შვილი გამთენიისას ეტლში მჯდომარე დედამ ორ მუშასთან და ჩემს ნათლულთან ერთად გადმოვასვენე. მამაოს ცხრა საათზე უნდა გაეტანა საბჭოზე თონის გეგმა, მაგრამ დავასწარი დასაფლავება. დილით რომ მოვიდა, ბნედა ეცა, იმიტომ, რომ მე შვიდ საათზე შვილი უკვე დასაფლავებული მყავდა. ახლა იმდენად ცუდად ვარ, ექვსი თვეა, აქ გადმოვასვენე, მაგრამ ჯერ მის საფლავზე ვერ ჩავსულვარ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ სართულზე ისაა, მეორეზე – მე. ამდენი ნერვიულობის შემდეგ ლოგინიდან ვეღარ ავდექი.
– სასიკვდილო ჯადოც გაგიკეთეს, როგორც ვიცი.
– ბართლომე რომ ჩამოვიდა კვეთებულის წასაკითხად, მაშინვე მთქნარება დააწყებინა და თვითონვე მითხრა, დედაო სიკვდილზე გაქვს ჯადო გაკეთებულიო. ვინც ის ფარდა ჩამოხსნა, რომელზეც ჯადო იყო გაკეთებული, არ ვიცი, საიდან მოხვდა მის ხელში ჩემი სამზარეულოდან დიდი დანა. მაგრამ გამოქანდა და დანამ იღლიის ქვეშ გამიარა. მილიმეტრებით გადავრჩი, რომ ნაწლავები არ გამოეყრევინებინა. ეს ქალი საპატრიარქოდან გამომიგზავნეს. რას აკეთებდი, დანა უნდა დაგერტყა ჩემთვის-მეთქი და არა, დედაო, ფეხი წამოვკარი და შენკენ გამოვქნადიო, თუმცა რეალურად იქ ფეხის წამოსაკრავი არაფერი იყო. თაგვის წამლით მომწამლეს და პოლინეიროპათია დამემართა, უმძიმესი დაავადებაა. ექიმმა მკითხა, დედაო, თაგვის წამალთან რა შეხება გქონდათო, ჩემს ორგანიზმში დარიშხანი აღმოჩნდა. აბსოლუტურად ყველაფრისთვის გამიმეტეს. ყველაფერი მოიმოქმედეს, იმისთვის, რომ როგორმე თავი მომეკლა. შემთხვევითი იყო დანა, ჯადო, დარიშხანი? შემთხვევით მცემა იღუმენიამ? მერე მეუფე იაკობს უთხრა, ხელებში რომ ჩავარტყი, გამოვითიშეო. აქ, ეტყობა, საგიჟეთია. ვისაც გინდა, უთხრა დედაოს წყალი მიაწოდეო, გეტყვიან, რომ სულით ავადმყოფები არიან. სულით დაავადებულები მათთვის გამოყოფილ დაწესებულებაში უნდა იყვნენ და არა მონასტერში. აქ, პირიქით, სულიერად ძლიერი ადამიანების ადგილია.
– საბოლოოდ მაინც მიაწვდინეთ პატრიარქამდე ხმა?
– პატრიარქთან ჩემი ახლობელი გავუშვი და წერილი გავატანე, რომელშიც ყველაფერი დავწერე. უწმიდესო, თუ ასეთი უპატრონო ვარ, იქნებ გამიშვათ უპატრონოთა თავშესაფარში-მეთქი? ჩემმა მეგობარმა ჰკითხა, რა ხდება, უწმიდესო, დედაო ითხოვს თავშესაფარს ეკლესიისგან, როცა ეკლესიაა თავშესაფარი გაჭირვებულთათვისო. უწმიდესმა ჩემს მეგობარს უთხრა: საუბედუროდ, დღევანდელ მონასტერში ყოფნას, ნამდვილად სჯობს თავშესაფარშიო. რამდენიმე დღის წინ ტაქსით მივედი საპატრიარქოში და ეტლით არ შემიშვეს, როცა არცერთ დედაოს არ ეკითხებიან, რატომ შედიხარო. დედაოს კი არა, უწმიდესი ყველა ადამიანს იღებს და ეს არ მოსწონთ, ამაზე გიჟდებიან. ქალს ეტლის გარეშე გავლა არ შემიძლია და ეტლიდან გადმომაგდეს, ხელჯოხითაც არ მიშვებენ, პატრიარქის დაცვამ თქვა, არ შემოუშვათო. ეს რომ უწმიდესს სცოდნოდა, წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა? თან, მე უწმიდესისგან კურთხევა მქვს, არავის არაფერს დაეკითხოთ, როცა მობრძანდებით, ჩემთან ამობრძანდით, როცა გნებავდეთო. თუმცა პატრიარქის დაცვის უფროსი – ვანო ნამდვილად კარგი ადამიანია, მან გააფრთხილა დანარჩენი დაცვის ბიჭები: როცა დედაო მოვა, არ გაბედოთ მისი გაჩერებაო.
– ციანიდის თემასაც შევეხოთ. წინასწარმეტყველებდით, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო.
– დიახ, მაგრამ მე ციანიდზე არ ვლაპარაკობდი. როცა უწმიდესი გერმანიაში საოპერაციოდ მიბრძანდებოდა, დავრეკე მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრთან, რომელიც თან მიჰყვებოდა და გავაფრთხილე: ძალიან გაუფრთხილდით უწმიდესს და შენც ძალიან გაფრთხილდი-მეთქი. ჩემი აზრის დაფიქსირების უფლება მეც მაქვს და არ მჯერა, რომ შეიძლება, ციანიდი გადაიტანო ადამიანმა ვიღაცის მოსაკლავად ასე ხილულად. მამალაძის დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ ეს არ მჯერა. რაც მე გამიკეთეს, იმ ფონზე, რატომ უნდა მჯეროდეს? როგორ შეიძლება, ცოცხალი ადამიანის შემცვლელზე ამდენს საუბრობდნენ? მაშინ, რატომ დაასახელა თანამოსაყდრეო? უწმიდესზე ჭკვიანი საპატრიარქოში არავინ მეგულება. ასე იმიტომ მოიქცა, ამდენი ადამიანი რომ თავს დასტრიალებს და მის ცუდს ელოდება, ამას ჩემზე კარგად გრძნობს. ვისაც ყველაზე მეტად ანდო საკუთარი სიცოცხლე, ის დაასახელა. საბედნიეროდ, ჩვენ ბევრი კარგი მეუფე ბევრი მამაო და ბერი გვყავს. ცუდები ცოტანი არიან, მაგრამ ბევრს რომ ყვირიან, ბევრი ჩანს, თორემ უმრავლესობა კარგია. სულ ორი-სამი აკეთებს ცუდს, თუნდაც ის, ვინც მე მიკეთებს ამ ყველაფერს და მათ გამო საპატრიარქო ილანძღება, სადაც არაჩვეულებრივი ხალხი მუშაობს. ცუდებმა საპატრიარქოს ხაზინა საკუთარ თავზე მოირგეს, ასეთი მძიმე დაავადების მქონე დედაოსაც კი გულგრილად მითხრეს: მერე რა, გტკიოდესო. სულ სასწრაფო მყავს, ტკივილებს ვერ ვუძლებ, ნარკოტიკები დამინიშნეს, მაგრამ არ ვიღებ. იცით ამათი რეაქცია? – ხმას იღებ? ესე იგი, ღირსი ხარ, დაიტანჯე, ეწამეო. გერმანიაში რომ ვიყავი, მეუფე იაკობმა შემოთვალა, მალე მოვაშორებ დედაოსო. არ ვიცი საიდან მაშორებს. დაზღვეული ნამდვილად არ ვარ, ერთხელ გაზიც შემომიშვეს. ამათ ყველაფერი გააკეთეს, რომ სხეულით დავეუძლურებინე, მაგრამ ერთი რამ დაავიწყდათ – როცა ადამიანს ამას უკეთებ, სულით ისე აძლიერებ, მილიარდიც რომ გახდნენ და ყველა ერთად დამეჭიდონ, ვერ წამაქცევენ. შემიძლია, ჩემთან მოსული, სულიერად გაჭირვებული ადამიანი საოცრად გავაძლიერო და ყველაფრის იმედი მივცე და თუ შესაძლებელია, განსაცდელი ავარიდო. ისინიც სწორედ ამაზე გიჟდებიან, რატომ მაქვს ამის ძალა და რატომ სჯერა ხალხს ჩემი, რატომ მაქვს მათი სიყვარული. თუმცა, მე ეგენიც მიყვარს. მე ჩემი შვილის მკვლელებს ვაპატიე ყველაფერი. თუმცა გეუბნებით, რომ დღეს ზეწოლის მსხვერპლი ვარ. თავის მოკვლას მაიძულებენ, მემუქრებიან და ეს არ არის დანაშაული? ეს უწმიდესის შეურაცხყოფა არაა, როცა ის უებნება, დედაოს საპატრიარქოს ფონდიდან გაუკეთეთ ყველაფერიო, თუმცა მან ახლა არც იცის ჩემი მდგომარეობის შესახებ, ძალიან დიდხანს ვუმალავდი, მაგრამ უკვე გაუსაძლის სტადიაში გადავედი. ეს რომ გაიგეს, კიდევ უფრო მეტი იგნორი გამიკეთეს. დღეს დაცული არ ვარ, 31 დეკემბერსაც ვიღაც შემომივარდა, მკვდარი და ცოცხალი მაგინა, რაღაცები მომპარა. მაგრამ მე არაფრის შიში აღარ მაქვს. ფიზიკურად ჩემ შვილთან ერთად მოვკვდი, მასთან ერთად დავსაფლავდი და ჩემთან ერთად შიშიც მოკვდა. ლოგინად უკვე ჩამაგდეს, რვა წელი ნესტში ვეგდე და მზის შუქი არ დამანახეს. კიდევ დარჩათ რამე? რაღა უნდა მიქნან? ეტლიდან გადავვარდი, დავიმტვერი, უამრავი უბედურება დამემართა, მაგრამ არ გააგებინეს უწმიდეს. ვიღაც რომ შემომივარდა არ შემშინებია, მაგრამ ფაქტია, რომ შემოგზავნილი იყო. ამ დროს უბნის ინსპექტორი რომ გეტყვის, დანაშაულის კვალი არ იკვეთება და მომჩივანი მონაზონი არც მინახავსო, რა უნდა თქვა? მონაზონი რომ ვარ, უფლებები აყრილი მაქვს? არ ვიცი როდის რას მოიმოქმედებენ. დიახ, მიმაჩნია, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ. უწმიდესმა ხუთი წლის წინ უთხრა მეუფე იაკობს, დედაოს ტრანსპორტი უნდა შევუძინოთ გადასაადგილებლადო. მაშინ ჩემი შვილი რაიონში იყო დაკრძალული და იცოდა, რომ ძალიან ვწვალობდი. იაკობმა უწმიდესიც მოატყუა და მეც, რაღაც საშინელი ჯართი შეიძინა ჩემთვის, რომელიც ახლა წამოვათრიე საპატრიარქოდან და ჯართში ჩავაბარე, რადგან თვალის სამკურნალოდ თანხა მჭირდება. ეს, რა თქმა უნდა, პატრიარქმა არ იცის. როგორ მოგწონთ სასულიერო პირის ტერმინოლოგია: მოვაშორებ, გავაგდებ? მართლა არ ვიცი, რისთვის გადამეკიდა ეს ადამიანი. იმის მიუხედავად, რომ შვილი ხელოვნურად მოწყობილ ავარიაში მომიყოლეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ერში ამდენი ტკივილი, რაც ტაძარში ვნახე, არ მიმიღია, მაშინ, როცა მეგონა, სიწმიდის ოაზისში მოვდიოდი. რადგან ესენი მემუქრებიან, ჩვენ არ დაგეხმარებითო, გეტყვით, რომ მე შემიძლია დავეხმარო ძალიან ბევრ ადამიანს და ჩემი შემოწირულობით ვიმკურნალო.
– რაც შეეხება თქვენს წინასწარმეტყველებებს, რამდენადაც ვიცი, აღკვეცისას გინდოდათ, უფლისთვის გეთხოვათ, რომ ეს ნიჭი აღარ გქონოდათ, მაგრამ პატრიარქმა უარი გითხრათ.
– აღკვეცის დროს სხვა ადამიანი იბადება. ერში არსებული მარინა გარდაიცვალა და დედა თამარი დაიბადა. მინდოდა, ხელახლა დაბადებულს ხილვები აღარ მქონოდა. ჩემმა მტერმა იცოდეს: შვილის, ძმების, მშობლების გარდაცვალების დრო და საერთოდ ყველაფერი მათ შესახებ. უწმიდესმა მითხრა, არ გაბედო, თუ უფლისგან ბოძებულ ნიჭზე უარს იტყვი, კიდევ უფრო გაგიძლიერდება ეს ხედვაო. მასაც ძალიან ხშირად აქვს ხილვები. ერთხელ მითხრა, თქვენი ვაჟი ახლა სად არისო? გამიკვირდა, რადგან მაშინ 22 წლის გარდაცვლილი იყო ჩემი შვილი. დავიბენი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა და თავად მითხრა, თქვენი ვაჟი ახლა აქ არის. ახლა მე ვარ თქვენი ვაჟიო. არ ვიცი, უწმიდესმა ამ დროს რა იგულისხმა, მაგრამ მის მერე ვფიქრობ, შესაძლებელია, უწმიდესს ჩემი ვაჟი შემოჰყვა. ჭკვიანი უწმინდესი გვყავს და მას გაფრთხილება და მოფერება უნდა.
скачать dle 11.3