რაზე მიგანიშნებთ ჩირქოვანი გამონაყარი წინაპართა რჩევებით » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№23 რაზე მიგანიშნებთ ჩირქოვანი გამონაყარი წინაპართა რჩევებით

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ერთ დილას, თუ ახალგაღვიძებულმა სარკეში ჩაიხედეთ და წარბთან, ზედ წარბზე ან წარბებშუა გამონაყარი შენიშნეთ, მართალია, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ნურც ყურებს ჩამოჰყრით. მიჰყევით წინაპართა რჩევებს, რომელთაც სჯეროდათ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და შესაბამისად, დაჟინებით ცდილობდნენ, კანონზომიერი ახსნა მოეძებნათ თვით უმნიშვნელო მოვლენისთვისაც კი: როგორიც, მაგალითად, თუნდაც, ზემოხსენებული მუწუკია და ისიც მაინცდამაინც წარბზე – გამოხტა უცებ და ხასიათი გაგიფუჭათ, რამდენიმე დღეში კი, გაქრა. დიდი ამბავიო, – იტყვით... მაგრამ, ისევ ჩვენს წინაპრებს რომ მივუბრუნდეთ, შეიძლება, ეს, არცთუ მნიშვნელოვანი და თანაც, უსიამოვნო მოვლენა, საკმაოდ მნიშვნელოვანი მინიშნება გამოდგეს, აწ უკვე სასიამოვნო პერსპექტივით. ასე რომ, დროა, გავიგოთ, რა გველოდება, თუ კანის ანთებითმა კერამ, საზიზღარი მუწუკების სახით, ჩვენს წარბებსაც შემოუტია. კარგია ეს თუ ცუდი, ამაში ქალბატონი ლია გაგვარკვეს – გამოცდილი და კავალიფიციური ეზოთერიკოსი.  
– გამონაყარი სახეზე და ისიც ჩირქოვანი, წარბთან კი არა, სადაც არ უნდა იყოს, საშინელი დიკომფორტია. შესაბამისად, „შინაარსიდან გამომდინარე,“ არა მგონია, სასიამოვნო პერსპექტივას გვიშლიდეს წინ...
– არც მასეა საქმე. წარბთან ან მის მიდამოებში ჩირქოვანი გამონაყრის შესახებ გავრცელებული მინიშნებები, ძირითადად ორ, ურთიერთგამომრიცხავ ნაწილად იყოფა. მათგან ერთი მიმართულება პატრონს ცხოვრებაში ნათელი სარტყელის დადგომას უწინასწარმეტყველებს: უსიამოვნო მუწუკების ნაცვლად, წარმატებას ჰპირდება, თანაც ისე, რომ მანამდე არსებული სიძნელეები „ჯადოსნური ჯოხის“ ერთი დაქნევით გაქრება და ყველა ჩანაფიქრი უსწრაფესად დაიწყებს ახდენას. მოკლედ, ცხოვრება ზღაპრად გექცევათ. ამიტომ, დილიდანვე ნუ მოიწამლავთ გუნებას, თუ სახეზე უსიამოვნო წარმონაქმნს აღმოაჩენთ. იქნებ, სწორედ ეგ მიგანიშნებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი, ნათელი ფაზა დგება! თუმცა, მინიშნებათა მეორე ნაწილი იგივე პრობლემის თაობაზე, სულ სხვას გვიკიჟინებს: ეს სიგნალია იმ ხლაფორთისა და ფორიაქისა, რომელიც საცაა, თავს დაგვატყდება. რადგან ორივე მიმართულებამ ჩვენს დრომდე დაუბრკოლებლად მოაღწია, ლოგიკურია, ვირწმუნოთ, რომ ორივეს თანაბარი მიმდევარი ჰყავდა: ზოგისთვის მართლაც წარმატების საწინდარი გახლდათ, ზოგისთვის კი, პირიქით – უსიამოვნების. როგორც ჩანს, შედეგი არა გამონაყარზე, არამედ ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული. პესიმისტი, დაინახავს რა სარკეში საკუთარი სახის დამახინჯებულ ანარეკლს, გუნება უფუჭდება, მაშინვე ფარ-ხმალს ჰყრის და პირველივე დაბრკოლებას უდრტვინველად ნებდება. ოპტიმისტს კი, პირიქით, ხალხური გადმოცემები და მინიშნებები ამ მოვლენასთან დაკავშირებით, მოტივაციას უზრდის: შესაბამისად, მთელ ძალას იკრეფს ახალი მწვერვალების დასაპყრობად.  
– იმას თუ აქვს მნიშვნელობა, რომელ წარბზეა გამონაყარი?
– რა თქმა უნდა და როგორც წესი, მარჯვენა მხარე არ ძუნწობს დადებითი პროგნოზის გაცემაზე. შესაბამისად, მუწუკი მარჯვენა წარბზე, მის ქვეშ თუ მიმდებარე მიდამოებში, ნიშნავს შეხვედრას გულითად მეგობართან, ყოველგვარი რომანტიკული გადახვევის გარეშე. თუმცა, რაც ნამდვილად გამოგივათ: ახლობელთა წრეში დროის გატარება, სასიამოვნო საუბარი და კარგი ამბები, დროებით დაგავიწყებთ საქმეებს და საუკეთესო განვტვირთვა იქნება თქვენთვის. ამიტომ, ეს მინიშნება ერთმნიშვნელოვნად დადებითია. მართალია, არსებობს სხვა ვერსიაც, მაგრამ არც ის შეიცავს საფრთხეს: ამ დროს ვიღაც ფიქრობს ან ლაპარაკობს თქვენზე, ოღონდ აუცილებლად გაქებთ. თუმცა, ძნელია იმის გაგება, რატომ გადაწყვიტეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ შექებას ორგანიზმი წარბზე ჩირქოვანი გამონაყრით უნდა გამოხატავდეს. ასეა თუ ისე, აღნიშნულ შემთხვევაში, უგუნებობისთვის დამატებითი საბაბი ნამდვილად არ გაქვთ. უმჯობესია, მარჯვენა წარბთან სულ მცირე ანთებითი პროცესის შენიშვნისასაც კი, ძველ, კარგ მეგობართან შეხვედრისთვის მოემზადოთ.
– იმედია, არც მარცხენა წარბი გვაწყენინებს...
– რაც შეეხება მარცხენა მხარეს, ამ შემთხვევაში, უნდა გაგაწბილოთ და გითხრათ, რომ ჩვეულებას არც ის ჰღალატობს. შესაბამისად, კარგ ამბებს იშვიათად გვატყობინებს. ამრიგად, გამონაყარი მარცხენა წარბის მიდამოებში გვიწინასწარმეტყველებს: პაემანს მტერთან, რომელიც, როგორც მინიმუმ, მატყუარა და ბინძური ჭორების გამავრცელებელია. ამიტომ, თავი შეიკავეთ და შემთხვევით მოსაუბრესთან ენას ლაგამი ამოსდეთ. თორემ, არავინ უწყის, ვინ მოჰკრავს ყურს როყიოდ წამოსროლილ ფრაზას და შემდეგ, რა ინტერპრეტაციით გაავრცელებს. ვერაგ და ჭორიკანა ადამიანს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე. ამიტომ, „თქვენს ბოსტანში ნასროლი კენჭი“ რომ აიცილოთ, უმჯობესია, გაიხსენოთ, ვისთან იკამათეთ ბოლო დროს და ეძებოთ გზა შესარიგებლად. მაგრამ, თუ ობიექტი ამად არ ღირს, მომხდარი, უბრალოდ, დაივიწყეთ და ნებაზე მიუშვით: დაე, ის ადამიანი საკუთარ ბოღმაში ჩაიხრჩოს.
– წარბებშორის თუ გამოგვაყარა?       
– მუწუკები წარბებშორის ცოლქმრული წყვილისთვის რანდევუს მაუწყებელია. უფრო სწორად, ეს იქნება რიგითი მეგობრული „ჩასხდომა“, ან საქმიანი შეხვედრა. თუმცა, არის მოსაზრებაც, რომ ხშირი გამონაყარი წარბებშორის ღრმა შინაგანი განცდის ანარეკლია, რომელსაც ადამიანი დიდხანს „ხარშავდა“ შიგნით. შეეცადეთ, „ორთქლი გამოუშვათ“ და ამისთვის, კარგია, თუ  სპორტდარბაზში მოკრივის მსხალს შეეჭიდებით, ანდა ახლო მეგობარს გაუმხელთ გულის ხვაშიადს. ყველაფერს კი ის ჯობია, საკუთარ მოთხოვნებსა და ღირებულებებს გადახედოთ. როგორც ამბობენ, სწორედ ეს გამონაყარია მაცნე იმისა, რომ შინაგანი „რევიზიის“ დროა: არ გჭირდებათ ისეთი ურთიერთობა, რომელსაც სიხარულის მაგივრად, ნეგატივი მოაქვს; მიზანი, რომელმაც დაკარგა მიმზიდველობა და საქმე, რისგანაც ვერ იღებთ შთაგონებას.
– გამონაყრის რაოდენობას თუ აქვს მნიშვნელობა?
– იმაზე შევთანხმდით, რომ უმეტესწილად, მუწუკების გამოჩენა წარბთან, შეიძლება, იყოს არა უსიამოვნების, არამედ სასიკეთო ცვლილების მოლოდინი, თუნდაც, საინტერესო მოგზაურობის სახით. ახლა რაც შეეხება მუწუკების რაოდენობას. მხოლოდ ერთი მუწუკი წარბებშორის, ზედ ცხვირის ძგიდესთან, მოულოდნელი თაყვანისმცემლის გამოჩენას ან ახალ ამბავს გაუწყებთ. ორივე შემთხვევაში, საშიში არაფერია. უმკურნალეთ ამ პატარა პრობლემას და თვალყური ადევნეთ მოვლენათა განვითარებას. წყვილად გამონაყარი მცირედ დასანან მოვლენაზე მიგანიშნებთ. რამდენიმე მუწუკი კი, მით უმეტეს, თუ ერთ მწკრივადაა განლაგებული, გზის სიმბოლოა. ეს შეიძლება, იყოს მივლინება,  ზღვაზე დასვენება თუ მოგზაურობა, ანდა ბუნებაში გასვლა უქმეებზე. მოკლედ, ამას თავად ნახავთ და შეაფასებთ... აქამდე ხომ ცუდი არაფერი ყოფილა?! მაგრამ, წარბებშორის მანძილი თუ მთლიანად მოიცვა ანთებითმა პროცესმა, ეს უკვე უიღბლობაა და თანაც, საკმაოდ გაჭიანურებული.
– წარბის ხსენებული გამონაყრის მინიშნებებთან თუ აქვს კავშირი მუწუკის მკურნალობას?
– აქვს და თანაც, პირდაპირი კავშირი. არასასურველი ცვლილებების მანიშნებელი გამონაყის გამო რომ არ დაითრგუნოთ და დაითარსოთ, შეეცადეთ, ის საწყის ეტაპზევე „დაიჭიროთ“. წამოჰყოფს თუ არა თავს, მაშინვე მიაშველეთ შესაბამისი სამკურნალო მალამო ან სულაც, თაფლი. რაც უფრო მონდომებით მოუვლით პრობლემას და მალე მოაშთობთ ჩირქგროვას, მით მალე გაიფანტება ცუდი წინასწარმეტყველება და თავს უკეთ იგრძნობთ. გისურვებთ წარმატებას!
скачать dle 11.3