კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-22 (909)



ისტორია ორმოცდამეხუთე
სიყვარული აქცენტით

(მოქმედი პირები: ნონკა და უცნობი)
დილას ნონკა უკვე დამშვიდებული და რაღაცნაირად ამჩატებული შეუდგა საუზმეს. პირველად გაუსინჯა გემო აჩმას, მაწონს და ბოლოს ორმაგი „ესპრესოც“ მიაყოლა. ფრიად ნასიამოვნები ჩანდა და აკი თვითონაც უკვირდა ასეთი მეტამორფოზა. წუხანდელის შემდეგ არც არაფერი გამოცვლილა. დუდუს არც დაურეკავს და არც სამ „მესიჯზე“ გაუცია პასუხი. მაგრამ თბილისის მზიანი დღე უცნაურად ათბობდა და ალაღებდა გულგატეხილსა და გამწარებულ ნონკას. ჰაერში რაღაცნაირი, სხვანაირი არომატი ტრიალებდა და ქალს ტარაბუას ახვევდა. იყო ეს ფორიაქისა და უძილო ღამეების შედეგი, ტკივილნარევი ცრემლისა და ბოღმაზე დამყნობილი შურისძიების გეგმის სიმწარე თუ კიდევ სხვა რამ, ნონკამ არ იცოდა. სამაგიეროდ, ამ დღეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, საკუთარი თავისათვის სიამოვნება მიენიჭებინა და ამ ქალაქისაგან მაინც მიეღო ის, რაც საყვარლისაგან აღარ ემუქრებოდა: სითბო და სიხარული. ამას როგორ მოახერხებდა, არ იცოდა და არც დიდად განიცდიდა. რა ბედენაა! მშვენიერი დარია, ფული აქვს, დრო და უცხო ქალაქი მის განკარგულებაშია – რატომ არ უნდა გაერთოს ახალგაზრდა და თავისუფალი ქალი?! უნდა გაერთოს და თანაც, ისე, რომ ვიღაც-ვიღაცებს სანანებლად გაუხადოს. თუმცა ეს ვიღაც-ვიღაცა დიდად არ იდარდებს, ალბათ, მაგრამ, თუკი მისი ბარათიდან მოხსნის თანხას, იქნებ და იდარდოს კიდეც?! ეს ნონკას არასდროს გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ანგარიშის ნომერი, კოდი და პაროლი მისთვის ცნობილი იყო, ასეთი რამ აზრადაც არ მოსვლია. დუდუ არაფერს უმალავდა და სახარჯი თანხაც ყოველთვის იმაზე მეტი ჰქონდა, ვიდრე დახარჯვის სურვილი. აი, ახლა კი, ახლა სულ სხვა განწყობაზეა ნონკა! ახლა ადგება და დუდუს ანგარიშიდან მოხსნის თანხას და დახარჯავს. მინდობილობა აქვს, ამობეჭდავს ინტერნეტიდან და ეგ არის. იმედია, აქაური საბანკო სისტემა არ გაუჭედავს... თუ რამეა, ქარხნის ანგარიშებიდან გადმოირიცხავს, რამეს მოიფიქრებს, მაგრამ დღეს აქ უნდა „იშოფინგოს“ დუდუს ხარჯზე! რა საინტერესოა, ნეტა მაქსიმალურად რამდენის დახარჯვაა შესაძლებელი ამ ქალაქში? გუშინ დიდად არც არაფერი მოხვედრია თვალში, მაგრამ, იმედია, სავაჭრო ცენტრისმაგვარი იქნება და მოიხერხებს... რამეს აუცილებლად მოიხერხებს!
და მოიხერხა კიდევაც... საღამოსკენ უკვე ნაღდი ფული ეჭირა ხელში და ბანკომატიდან ახლად გადმოყრილი ლარები სასიამოვნოდ უმსუბუქებდა ხელის გულებს. ფული, მიუხედავად წლების განმავლობაში გამომუშავებული ჩვევისა და გამოცდილებისა, არც გადაუთვლია, ისე ჩაკუჭა პორტმანში და  პირველივე მანქანას აუწია ხელი, რომელსაც თითქოს „ტაქსისთვის“ სახასიათო ნიშანი შეამჩნია...
თბილისში ფულის დახარჯვა არ ყოფილა რთული. მეტიც, ისე სწრაფად შემოადნა ჩაკუჭული თანხა, პირველივე სავაჭრო ცენტრში, რომ „ზარაფხანას“ გამჭვირვალე სტენდთან გაოცებისაგან გარინდებულს, მალევე მოუწია გამოფხიზლება და ახალი, დამატებითი თანხების მოსახსნელად წასვლა. ოქროს რამდენიმე ნაკეთობა შეიძინა, თამარ მეფის ჯვრისა და რაღაც უძველესი სამარხის გათხრების დროს ამოღებული საყურეების ასლიც. მერე სუნამოებს მიადგა და მთელი წლის მარაგი იყიდა, ავტომატურად იყიდა დუდუს საყვარელი „ფორენჰეიტიც“ და როცა გააცნობიერა, რომ დუდუს ნამდვილად არ აჩუქებდა, თან მისივე თანხით ნაყიდ პარფიუმს, იქვე კაფეში ყავისთვის ჩამომჯდარმა, გვერდით მაგიდაზე ახალგაზრდა კაცს მხარზე ხელი დაადო და ძვირად ღირებული სუნამო შეფუთვის პარკიანად გაუწოდა და უთხრა:
– ეს თქვენ! იმედია, მოგეწონებათ. რატომღაც ვიფიქრე, რომ სათქვენოა, –  არადა, სულაც არაფერი უფიქრია. ეს ბიჭიც პირველი იყო, ვინც თვალებში მოხვდა და უბრალოდ, სუნამოს მოშორება ეჩქარებოდა. დუდუსთვის საჩუქრის ყიდვა ახლა ნამეტანი იყო.
– მე მჩუქნით? რა საინტერესოა, თან ზუსტად ჩემი სურნელია?! მიცნობთ? – კაცი აშკარად მოხიბლული ჩანდა. მაგრამ გაკვირვებულს სულაც არ ჰგავდა. სუნამოც მშვიდად მიიღო და შეიფერა კიდეც. მერე ნონკას ხელზე ეამბორა და ოფიციანტს უხმო...
... ღამე უცბად და მხიარულად გაფრინდა. რამდენი დალიეს არ ახსოვს, მაგრამ რომ ეზედმეტა, ეს ახსოვს. უფრო ზუსტად, ახსოვს რესტორნის უნიტაზს და სასტუმროს ფოიესაც... რა უხერხულია... მაგრამ ერთხელ ცხოვრებაში ხომ შეიძლება, აუშვას ადამიანმა აფრები, სადავეები და ყველა მუხრუჭიც დაიკიდოს?! ისედაც ბოლო შვიდი წელია, სულ დუდუს მოსაწონ ქალს თამაშობდა, ირგებდა როლს, რომელმაც, თურმე, საკმაოდ გადაღალა და რეალური ნონკა მოანატრა: ლაღი, გადარეული და უმუხრუჭო... ჰოდა, აკი აუშვა კიდევაც სადავეები... ღმერთო, რა მხიარული საღამო იყო! და როგორ გაუმართლა, რომ ეს ბიჭი აირჩია იმ დუდუსთვის ნაყიდი სუნამოსთვის...
მაგრამ ახლა თავი ისე სტკივა... სადღაც გამაყუჩებელი უნდა იდოს ჩანთაში... სად არის ჩანთა? ნეტა, სად მივაგდე?! მოიცა, სასტუმროში ვარ. მარტო და ოთიკო სად არის?! ერთად ამოვედით და ერთადაც დავწექით. დავწექით... ჰო, ნამდვილად და არა მხოლოდ... ყველაფერი გადასარევად გააკეთა... და მომეწონა კიდეც. მომეწონა ვითომ? არ მახსოვს! არც მინდა მახსოვდეს... წამალი მინდა. სად ჯანდაბაშია ეს ჩანთა...და ჩემი ბარგი, მოიცა... არა! წარმოუდგენელია...
ნონკა ერთბაშად გამოფხიზლდა. ნომერში არამცთუ ხელჩანთა, არც ერთი მისი კაბა აღარ იყო. არც გუშინდელი თამარ მეფის ჯვარი და გათხრებიდან ამოღებული ზურმუხტლალიანი საყურეები... არაფერი საერთოდ! არც ერთი ფეხსაცმელი, არც ერთი კაბა!!! სააბაზანოდან კბილის პასტაც კი გაქრა...და სასტუმროს ნომრის ხალათი და პირსახოცებიც...
ნონკა უხმოდ შეჰყურებდა საკუთარ შეშუპებულ სახეს და გაბურძგნულ დალალებს და ნელ-ნელა ეცვლებოდა გამომეტყველება, თანდათან, იმასთან ერთად, რაც აცნობიერებდა მომხდარის ნიუანსებსა და დუდუსთან ახსნა-განმარტების გარდუვალობას. სასტუმროს ადმინისტრაციასთანაც მოუწევს ახსნა-განმარტება. და გუშინ ბანკისთვის აღებული პასპორტიც... ჰო, პასპორტიც კი არ დარჩა... რა უნდა ექნა? არც ტელეფონი აქვს და არც ნომერი ახსოვს. მარტოა, უცხო ქალაქში, ყველაფრის გარეშე... არა, დუდუს გვარი ხომ იცის! იცის, ჰოდა ახლა ისევ დუდუა მისი ერთადერთი გზა, ხსნა და იმედიც. აი, ბედის ირონია! სად გადაეყარა ამ ქურდსა და უნამუსოს. სუნამო არ იკმარა და ყველაფერი ზედ მიიჩუქა...
– მიიჩუქა რა ფორმაა... არ ვიცი, რა ფორმაა, მაგრამ ყველანაირად უკანალში რომ ვარ, ეს ზუსტად ვიცი და დუდუ რომ ჩემზე წარმოდგენას დაკარგავს, ესეც ფაქტია. ასე ვაპირებ საყვარელი მამაკაცის დაბრუნებას? ჯერ ფული ავახიე, მერე დავხარჯე და მერე დავკარგე... ანეკდოტია, მაგრამ სულ არ მეცინება. სხვა რა გზაა, ადამიანის ფორმა უნდა მივიღო და მერე იქნებ აზროვნების უნარიც დავიბრუნო და მივხვდე, რა გზას დავადგე. იქნებ და, დუდუს გარეშე გამოვძვრე ამ გაუგებრობიდან და დავბრუნდე სახლში... მერე ფულს დავაბრუნებ და დუდუ ვერაფერს გაიგებს... ყოველ შემთხვევაში, ამ ჩემს სირცხვილს ვერ გაიგებს... და ამ ღამის თავგადასავალს...
ნონკამ აბაზანა ცხელი წყლით აავსო. აბაზანის ქაფიც წაღებული იყო, ამიტომ პირდაპირ ჩაწვა ცხელ წყალში და ჩაყვინთა იმ იმედით, რომ, როცა ამოყვინთავდა, ეს სიგიჟე ცუდი სიზმარი აღმოჩნდებოდა...

დანაკარგი
(მოქმედი პირები: ლაშა და დუდუ)
საავადმყოფოსთან რომ მივედი, დუდუს დავურეკე. 5 წუთში გამოვიდა. ისეთი მიტკლისფერი ედო სახეზე, ჩემი გამჭირვებოდა, მაგრამ მაინც ვკითხე:
– ხომ მშვიდობა გაქვს?
– კი, ალბათ… მექნება. – ცოტა უხალისოდ მიპასუხა. მინდოდა, მეკითხა, ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება-მეთქი, მაგრამ ეს იმდენად ყალბი იქნებოდა, არაფერი ვუთხარი, ახლა მაინც ვერავის ვერაფერში გამოვადგებოდი, ვერც დუდუს. ამ დროს დუდუს ტელეფონმაც დარეკა. მისი ხმა წყვეტილად ჩამესმოდა. არც ვუსმენდი და ვერც ვუსმენდი… თუმცა ყურში მომხვდა სახელი: „თეო“… ნეტავ, ვინ თეოა, ზურას… მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ შემეძლო. დუდუმ საუბარი მალე მოამთავრა, ტელეფონის ზარს დაუწია და მომლოდინე მზერით შემომხედა.
მოკლედ მოვუყევი, რაც ხდებოდა და ავუხსენი, რაც მჭირდებოდა: შენ გარდა ვერავინ დამეხმარება. რამენაირად კონტაქტზე უნდა გახვიდე, რომ შემახვედრო. სხვა სვლა არ მაქვს.
– დღეს საღამომდე ცოტა დროა, ძალიან ცოტა. არ ვიცი, მოვასწრებ თუ არა, – დუდუმ თავი გადააქნია: თან, აქაც უნდა ვიყო აუცილებლად.
– უნდა დამეხმარო, სხვა შანსი არაა. მე საბუთებს მოვაწესრიგებ საღამომდე და უნდა გამომყვე კიდეც. მე არ მენდობიან. აზრზე არ ვარ, ვინ არიან.
დუდუ ცოტა ხანს დაფიქრდა: დაძაბული სახე ჰქონდა. ისევ ამოიღო ტელეფონი და ვიღაცას რაღაც მისწერა: კარგი, რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, – მაგრამ ჩემი გამომეტყველება რომ დაინახა, – მოკლედ, გავაკეთებთ ამ საქმეს. დაელოდე ჩემს ზარს.
საქმე არც ისე ბევრი მქონდა: ნოტარიუსს უნდა შევთანხმდებოდი, მას კი იმდენ ფულს ვუხდიდი, ჯოჯოხეთში წამომყვებოდა.
მე, რომელიც ფულის გამო მთლად მშობლებს ვერა, მაგრამ ნებისმიერს გადავაგდებდი, ცარიელ-ტარიელი ვრჩებოდი. ოღონდ ეს არ მაწუხებდა, თუმცა სადღაც, გულის სიღრმეში, არა, კი არ ვორჭოფობდი, რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ სწორად ვიქცეოდი და ისიც ვიცოდი, რომ სხვანაირად არც შემეძლო.
თუმცა ჩემს თავს ისევ ვერა და ვერ ვუგებდი: რატომ ვიქცეოდი ასე ან რატომ არ შემეძლო, სხვანაირად მოვქცეულიყავი?! არ შემეძლო და დამთავრდა. რა თქმა უნდა, მე მქონდა თანხა ოფშორში, ნოდარს არ ვუთხარი, მაგრამ იმ ტიპისთვის შესათავაზებლად ეს სათადარიგო ვარიანტიც მქონდა: სადაც უნდოდა, იქ დავუსვამდი თანხას.

ნოტარიუსს მოველაპარაკე, ნოდარსაც დავურეკე, იმ მანქანის მარშრუტს ადგენდა, რომლითაც ეკა წაიყვანეს და სამსახურში ავედი. დუდუ არ რეკავდა. რამდენჯერმე ვიფიქრე, მე დამერეკა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა და გადავიფიქრე. ბოლთას ვცემდი კაბინეტში და ნაბიჯებს ვითვლიდი დაუსრულებლად, იმიტომ რომ, როგორც კი თვლას ვაჩერებდი, მაშინვე იმაზე ვიწყებდი ფიქრს, რამეს ხომ არ დაუშავებდნენ ეკას. ამიტომ მონოტონურად ვითვლიდი და დავდიოდი, ვითვლიდი და დავდიოდი.
შებნელდა… ტელეფონს პირველკურსელივით, შეყვარებულის ზარს რომ ელოდება, ვეცემოდი ხოლმე, როგორც კი ხმას გაიღებდა. დუდუ კი არა და არ რეკავდა!
მე ჯიუტად ვითვლიდი და, როგორც იქნა, კარი დუდუმაც შემოაღო.
– მოსვლა ვარჩიე. მოკლედ, უარზეა, შენი ბიზნესი არ უნდა. ფული სხვამ უნდა მოიტანოსო.
– უთხარი, რომ ოფშორიდან გადავურიცხავ თანხას, რა ანგარიშზეც მეტყვის. თუ, მაინცდამაინც, ფული უნდა.
დუდუს ორაზროვანი გამომეტყველება არ მომეწონა. ისევ ტელეფონში კრეფდა რაღაცას და ხმას არ იღებდა. მეც ჩუმად ვიყავი, ოღონდ აღარ დავდიოდი, აღარც ვითვლიდი.
– ეგ მეორე ვარიანტი კიდევ შეიძლებაო. უნდა წავიდეთ.
– სად?
– აი, აქ, – და დუდუმ ტელეფონში ჩამიგდო ადგილმდებარეობა, – და მეც მოვდივარ.
ცივად ვიუარე: არა, გამორიცხულია! ვერც კი გკითხე, რა გჭირს და არც დახმარება შემოგთავაზე. ვერ წაგიყვან, სარისკოა.
დუდუმ გაიღიმა: ეგაა გამორიცხული! მე შენთან ერთად მოვდივარ, მაგრამ ამ საქმეს მშვიდობიანად რომ მოვამთავრებთ, მეც მაქვს საქმე შენთან. ოღონდ ახლა ამის დრო არაა.
– მე შვილი მეყოლება, – ვთქვი ჩემთვის მოულოდნელად.
– გილოცავ. მაგარია… – დუდუ გაჩუმდა. მივხვდი, იფიქრა, რომ ამის გამო ვიხდიდი ფულს, მაგრამ მე ამას მხოლოდ ეკასთვის ვაკეთებდი. შვილი კი იმიტომ ვახსენე, რომ დუდუს ეკა უბრალოდ ქალი არ ჰგონებოდა. არა, მე მამის როლისთვის არ გამოვდგები!
ყველა საბუთი თან მქონდა, ჩემს მანქანაში ჩავსხედით. ნოდარსაც ჩავუგდე ადგილმდებარეობა. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. ნოდარმა მაშინვე გადმომირეკა, ტელეფონი ხმამაღლამოლაპარაკეზე გადავრთე: მეც ეს კოორდინატები დავადგინე. წამოვიდე?
დუდუს გავხედე, თავი გადააქნია.
– არა, ნოდარ, თუ რამე დამჭირდა, ეგრევე დაგირეკავ.
ადგილი, სადაც მივდიოდით, თბილისიდან ძალიან ახლოს იყო და ცოტა არ იყოს, მეეჭვებოდა, რომ იქ იქნებოდნენ. 40 წუთიც არ დაგვჭირვებია მისასვლელად. უცებ მივაგენით, ეზოს მაღალი გალავანი ერტყა და ჩამიჩუმი არ ისმოდა. მე მანქანაში დავრჩი, დუდუ მანქანიდან გადავიდა და ალაყაფის კარზე ზარი დარეკა. კარს არავინ აღებდა. მერე თითქოს რაღაც ახმაურდა ეზოში. დუდუმ რაღაც ფრაზა თქვა, ზუსტად ვერ გავიგონე და კარიც გაიღო. მანქანის კარი შევაღე, რომ გადმოვსულიყავი, მაგრამ დუდუ ხმაზე მოტრიალდა და ხელით მანიშნა, რომ ადგილზე დავრჩენილიყავი. სხვა რა გზა მქონდა, დავრჩი.
დუდუ კარს მიღმა გაუჩინარდა. არ ვიცი, რამდენ ხანს იყო იქ, დრო ისე გაიწელა, მეგონა, საუკუნე გავიდა. ბინდდებოდა და უკვე ვეღარ ვახერხებდი თავის მოთოკვას. ზვავივით ყველაზე უსიამოვნო ფიქრები მოდიოდა და ვეღარ ვაჩერებდი.
როგორც იქნა, დუდუც გამოვიდა. ხმა არ ამოუღია, ისე ჩაჯდა მანქანაში და თვალით მანიშნა, დავძრულიყავი. იმ ეზოს რომ გამოვცდით, ხმა მხოლოდ მაშინ ამოიღო: ახმეტისკენ უნდა წავიდეთ. ზუსტი ადგილი არ ვიცი, მაგრამ მივაგნებთ.
უმოწყალოდ ბნელდებოდა და მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებდა ტვინში: „თუ ოცდაოთხ საათში ფულს არ მივიტან, მოკლავენ.“
– ძალიან სწრაფად მიდიხარ, – დუდუს ხმამ თითქოს გამომაფხიზლა, – არაფერი ცუდი არ მოხდება.
თავი დავუქნიე. ახმეტას გავცდით. დუდუ გარემოს დაძაბული ათვალიერებდა: აი, ამ ვიწრო გზას გაჰყევი.  გზა მოხრეშილი იყო და ისე სწრაფად ვეღარ მივდიოდი, თუმცა მანქანას არ ვზოგავდი. ორ-სამ კილომეტრში გზა დამთავრდა.
– ახლა ფეხით? – ვკითხე დუდუს.
– ალბათ, – მიპასუხა და ტელეფონი მიანათა ტყეს.
ციცაბო ფერდი იწყებოდა. ხეებში შუქისმაგვარი დავლანდე და დუდუს უხმოდ მივანიშნე. დუდუმ ფანარი გამორთო და შუქისკენ წავედით. ტელეფონს ხმა გამოვურთე და დუდუსაც მივანიშნე, იგივე გაეკეთებინა.
ფეხაკრეფით მივდიოდით შუქისკენ, ფარდულის ფანჯრიდან ანათებდა და თითქოს გარეთაც არავინ ჩანდა, მაგრამ სიფრთხილეს თავი  არ სტკიოდა და ჩვენც ვცდილობდით, არ გვეხმაურა. დუდუ ხელით გავაჩერე, ტელეფონზე ტექსტი ავკრიფე და გავუგზავნე: „შენ აქ დარჩები. მე მარტო შევალ. არც შემეკამათო. ეს ჩემი პრობლემაა და ამიტომ შენ ვერ გაგარისკინებ.“ დუდუმ დარწმუნებით გადააქნია თავი უარის ნიშნად. მეორე „მესიჯიც” დავამატე: „მაშინ წინ მე წავალ.“ თავი დამიქნია.
ფარდულთან მივედი. ფანჯრიდან შეხედვა მინდოდა. ფანჯარა ოდნავ მაღლა იყო, უხმაუროდ ასვლას ვერ შევძლებდი. ამიტომ ბევრი არ მიფიქრია და კარისკენ წავედი. ვცადე შეღება, მაგრამ დაკეტილი იყო. მეორედ უფრო ძლიერად მივაწექი. უშედეგოდ. ამასობაში დუდუმ საიდანღაც ხის კუნძი მოიტანა და ფანჯარაში შეიხედა: არავინაა, – მითხრა ხმამაღლა.
კარს წიხლი მივარტყი, მესამე დარტყმაზე გაიღო. დუდუ ფარდულში შევიდა. უცებ შუქი ჩაქრა. მე ისევ კართან ვიდექი, თითქმის გარეთ. ზურგს უკან ფოთლების შარი-შურის ხმაც შემომესმა, მოვტრიალდი. ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ ხმა ძლიერდებოდა. მექანიკურად წავედი იმ ხმისკენ და ნათლად გავარჩიე ქალის ხმა, ეკას ხმა იყო: ლაშა, ლაშა… შემდეგი სიტყვები იარაღის ხმამ თითქოს ჩაყლაპა.

ყირამალა ისტორია ორმოცდამეექვსე
(ფინალი)
ქატო იქა, ფქვილი აქა
(მოქმედი პირები: ეკა, ვაჟა, ლაშა, დუდუ, ნოდარი, ლანა და ქალბატონი მართა)
მივიხედ-მოვიხედე, ძეხორციელი არ ჭაჭანებდა. ცოტა შიში შემეპარა გულში. რატომღაც, შემცივდა და თვალებშიც მიბნელდებოდა. მშიერი ვიყავი და საცაა, ალბათ, გულიც შემიწუხდებოდა. ჩემი შიმშილი არ მადარდებდა, მაგრამ აი, ის კი მანერვიულებდა, რომ ჩემთვის შიმშილი არ შეიძლებოდა. არც ნერვიულობა. ამიტომ ღრმად დავიწყე სუნთქვა, რომ ტვინს ჟანგბადი მაინც ჰქონოდა საკმარისი. წარმოდგენა არ მქონდა, სად უნდა წავსულიყავი ან ვისთან. არც ტელეფონი მქონდა, რომ გზა გამენათებინა, არადა უმოწყალოდ ბნელდებოდა. უცებ ლაშაზე გავბრაზდი: არა, ამას აღარ ვაპატიებ! ეს ბოლოა! როგორ მოკურცხლა კურდღელივით?! ჰოდა, გადაშენდეს, ნეტავ, ვის რაში სჭირდება! – ვთქვი ხმამაღლა და შორიდან მანქანის ხმაც გავიგონე. ანგარიშმიუცემლად გადავედი გზიდან და ტყეში დავიმალე. ისე გამიხდა საქმე, გამიხდა, რა, გავიხადე, რომ ადამიანების უფრო მეშინოდა, ვიდრე უცნობი ღამეული ტყის.
მანქანა ნელი სვლით მოძრაობდა. მხოლოდ ძრავის ხმა მესმოდა, იმდენს კი ვერ ვრისკავდი, ფოთლებს შორის გამეხედა. მანქანამ დაამუხრუჭა, თუ მანქანებმა, ეს კარგად ვერ გავარკვიე.
– აქედან ფეხით წადით. იქ იქნებიან უკვე. მე აქ დაგელოდებით. მინდა, დარწმუნებული ვიყო.
ვაჟას ხმა იყო. რაში უნდა იყოს, ნეტავ, დარწმუნებული?!
– მეორეს ამ საქმესთან კავშირი არ აქვს და გვინდა ზედმეტი თავისტკივილი?!
– ორივე გაასაღეთ და ტყეში დამარხეთ! მანქანას ხელი არ ახლოთ. გამოგვადგება პოლიციისთვის. შევტენით იმათ. როგორ წაიღეს ფული მაგათი... – ვაჟამ უხამსად შეიკურთხა: ეგენი ისევ გამოჩნდებიან. მე არ მაწყობს ეგ ამბავი. ის ტიპი კიდევ ჩემს ნერვებზე მოქმედებს.
უცებ მივხვდი, ვის გულისხმობდა! არც კი დავფიქრებულვარ, ისეთი კივილი ავტეხე: ვაჟა, ვაჟა და გავიქეცი მისკენ.
ვაჟა ერთ წამს დაიბნა, ეტყობა, იფიქრა, ხომ არ გავიგონე საუბარი, მაგრამ ჩემი დანახვა ნამდვილად გულწრფელად გაუხარდა. ისე ჩავეკონე, რომ აზრზე მოსვლა არ ვაცალე: რა ბედნიერებაა, რომ მოხვედი, როგორი შიში ვჭამე. ვინ არიან ის მხეცები?! როგორი არაჩვეულებრივი ხარ. გადამარჩინე, – ჩემდა გასაოცრად ტირილიც კი დავიწყე. თან, ხმით ვტიროდი. ვაჟას გული აუჩვილდა. თავზე ხელს მისვამდა და მამშვიდებდა: ყველაფერი დამთავრდა. შენ როგორ მიგატოვებდი?! ეს როგორ იფიქრე. ეკა, ჩემო საყვარელო...
მე არ ვჩერდებოდი, ტყვიამფრქვევივით ვკაკანებდი: რა არ ვიფიქრე შენზე. არადა შენ ხარ ყველაზე საუკეთესო ადამიანი, რომელიც კი მინახავს. რა კარგია, რომ ხარ, – თანდათან სლუკუნზე გადავედი და ვცდილობდი, რაც შეიძლება, უმწეოდ და საყვარლად მეფახულებინა თვალები. ვაჟა ლამის დადნა: მანქანაში დაჯექი, ეკა, დასვენება გჭირდება. ახლავე სასტუმროში წაგიყვანენ და მალე მოვალ მეც.
– არა, – გავასავსავე ხელები და უფრო ძლიერად მოვხვიე: შენც წამოდი. მე არავის წავყვები. ძალიან მეშინია. ძალიან, – და ისევ ავქვითინდი.
– კარგი, კარგი… შენ მანქანაში დაჯექი და ახლავე მოვალ.
მადლიერების ნიშნად შევხედე და გავუღიმე აცრემლებულმა. თვითონვე გამიღო მანქანის კარი და რომ ვჯდებოდი, ვუთხარი: ტელეფონი მომეცი, ჩემი წამართვეს. მართას დავურეკავ, ნერვიულობისგან არც კი ვიცი, რა მოუვიდოდა.
ვაჟამ დაუფიქრებლად მომაწოდა ტელეფონი და დააყოლა: მე კი ველაპარაკე, დავამშვიდე, მაგრამ შენი ხმის გაგონება უფრო დააწყნარებს. მიწერია მართა დეიდას ნომერი.
თავი მოვიმძინარე. ცოტა ხანში ვაჟაც მოვიდა, გვერდით მომიჯდა და ისევ თავზე გადამისვა ხელი. მისი შეხება არ მსიამოვნებდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა?! თავს ისევ ვიმძინარებდი. მძღოლს ანიშნა, წავედითო.
მე მაშინვე გავახილე თვალები: სად მივდივართ, ისინი რატომ რჩებიან?
– აქ ვერ დავეტევით. მერე გამოვუგზავნი მანქანას და წამოიყვანს ამათაც.
– არა. ისინიც წამოვიდნენ, თორემ მე არ წამოვალ, – ვაჟამ გაკვირვებულმა შემომხედა, რამდენიმე წამით შეყოვნდა და…
– ესე იგი, გაიგონე ლაპარაკი?! გვისმენდი! მეც არ გამიკვირდა, რამ გაუთბო-მეთქი გული?! ერთადერთხელ მომექეცი ადამიანურად და ისიც, თურმე. ისე კარგად წამოხვალ! – ფაქტობრივად, ყვიროდა.
– არ წამოვალ და წერტილი! თუ გინდა, წამოვიდე და ისე მოვიქცე, როგორც შენ გინდა, ესენიც წამოვლენ და იმასაც თავს დაანებებ. იმიტომ რომ მე უკვე დავამთავრე მასთან ყველაფერი.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3