კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

№23 როგორი ადამიანები არ განიკითხებიან საშინელ სამსჯავროზე და როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, როდესაც ქრისტიანულ სიწმიდეებს შეურაცხყოფენ

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ადამიანებს ხშირად გვაწუხებს კითხვა: რა არის ამ ცხოვრებაში მთავარი, როგორ მოვიქცეთ დღეს, ამ ურთულეს პერიოდში, ისე რომ ქრისტიანებად დავრჩეთ და ბოლომდე ვემსახუროთ იესო ქრისტეს. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვლი):

– რა არის ცხოვრებაში მთავარი? თუ ადამიანი ხორციელი, მშვინვიერია, მას ხორციელი საზრუნავი, პრობლემები აწუხებს. როცა სულიერია, მას სულიერი პრობლემები აწუხებს. ჩვენ ხორციელებიც ვართ და სულიერებიც, მაგრამ ჯერ სულიერი უნდა გვაწუხებდეს, ვითხოვდეთ, შემდეგში დანარჩენი ყველაფერი მოგვეცემა. რა არის ჩვენს ცხოვრებაში მთავარი. ბევრი იტყვის: რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა. ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ წარღვნამდე, მათ არაფერი აწუხებდათ, მაგრამ ღმერთი არ სჭირდებოდათ და დიდი წყალდიდობის დროს დაიღუპნენ. ჯანმრთელობა კარგია, მაგრამ არა მთავარი. მთავარი არ არის ოჯახი, რწმენა, სიყვარული, აღსარების თქმა, ზიარება, მთავარი არ არის შვილები, ქვეყნის თავისუფლება. ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ როგორც წმიდა სერაფიმე საროველი ამბობს: ადამიანისთვის მთავარია სულიწმინდის მადლი მიიღოს. სიყვარული, ზიარება, ეკლესია, რწმენა მას იმისთვის სჭირდება, რომ მოიპოვოს მადლი სულიწმიდისა. როცა ადამიანი ინათლება, მას სცხებს მღვდელი მირონს და ამ დროს სულიწმიდის მადლი გადადის ადამიანზე. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს ჩვილობაში ხდება და ვერ ვგრძნობთ სულიწმიდის მადლს. პირველად, როცა აღსარების დროს წამოგივა ცრემლი, პირველად აგიჩუყდა გული ზიარების დროს, მიხვდი, როგორი ცოდვილი ხარ, მას შემდეგ შენს ენას რომ აკონტროლებ, აი, სწორედ მაშინ იგრძენი სულიწმიდის მადლი. იესო ქრისტეს უფალს ვერავინ უწოდებს, თუ არა სულიწმიდის მადლით. თუ შენ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არ ხარ, არ ხარ მონათლული მართლმადიდებლურად, ვერ აღიქვამ იესო ქრისტეს იმ სიდიადეში, როგორიც ის არის ჩვენვის განკაცებული. ყველა სექტა სწორედ იესო ქრისტეს წინააღმდეგ შეიქმნა. სახარებიდან იცით, როგორ მიდიან ფარისევლები იესო ქრისტესთან და ეკითხებიან: გადავიხადოთ გადასახადები. გამოუვალი სიტუაციაა და ამ დროს იტყვის: მომეცით მონეტა. ვინ არის მასზე გამოსახული, კეისარი. მაშინ მიეცით კეისარს კეისრისა და უფალს – უფლისა. ეს ნიშნავს იმას, რომ რაც ამ სოფელში გვევალება, ის უნდა გავაკეთოთ. შენ ამქვეყნაზე ცხოვრობ, იხდი გადასახადებს, მაგრამ ღმერთს ღმერთის უნდა მიაგო, შესწირო.
– რა იგულისხმება ამაში?
– რა არის ადამიანში უფლისა, სული. ადამიანის სული ისეა შექმნილი, სანამ არ იპოვის თავის შემოქმედს, ვერ მოისვენებს. ჩვენ სულს არ ვწირავთ ღმერთს. სახარებაში წერია: რა უნდა შეიძინო შენ სამაგიერო, რომ შენი სული დაკარგო. ჩვენ სულს ყოველდღე ვკარგავთ არასწორი ეკლესიური ცხოვრებით. დღეს ძალიან მძიმე ცხოვრება დადგა. ადრეც მითქვამს: მთელი ჯოჯოხეთი დაცარიელდა, ყველა ტარტაროზი დედამიწაზეა ამოსული და ხედავთ, რას საუბრობენ. მე მიკვირს იმ ადამიანების, სასულიერო პირების, რომლებიც ხელაღებით იწყევლებიან. ადამიანი რომელიც ღვთისმშობელს, მაცხოვარს შეურაცხყოფს, ის ისედაც დაწყევლილია, რაღა დაწყევლა უნდა. სახარებაში ბევრი მაგალითია, რისი მიხედვითაც შეიძლება, ჩვენ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვიყოთ, ვიდრე ისინი, ვინც დახატეს ღვთისმშობლის, მაპატიეთ და, კარიკატურა და მათ, ვინც გააგრძელეს. სახარებაში ორ ადგილას წერია, სადაც იესო ქრისტე ორ-ორ მოციქულს აგზავნის, ეუბნება: შედით სახლებში, იქადაგეთ, თუ ეს სახლი იქნება ღირსი, თქვენ იქ დარჩით. მაგრამ თუ იქ არ მიგიღებენ, ფეხები გაიბერტყეთ და წამოდით იქიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ სამსჯავრო მათთვის უფრო საშინელი იქნება, ვიდრე სოდომ-გომორის ხალხისთვისო. ვინც ღვთის სიტყვას არ იღებს, არ ასრულებს,  მათ უფრო საშინელი მდგომარეობა ელოდებათ, ვიდრე სოდომ-გომორში იმ ხალხს, ვინც გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობდა. იმან შეურაცხყო ქრისტე, საშინელება ჩაიდინა, მაგრამ როდესაც შენ გეუბნება სულიერი მოძღვარი: მოდი, მარხვა შეინახე, ეზიარეო. შენ კი პასუხობ: მოიცა, მამაო, მარხვას ვერ შევინახავ, რა მინდა ეკლესიაში. ამ დროს შენ უფრო მძიმე მდგომარეობაში ხარ, უფრო მოგეკითხება, ვიდრე იმ სოდომ-გომორელებს, რომლებიც არ იცნობენ ქრისტეს. ის ხალხი, ვითომ რომ აღუდგა ამ ყველაფერს, შეიძლება უფრო ცოდვილები იყვნენ თავისი ცხოვრების წესით, ვიდრე ისინი, ვინც დაფინანსებებისა და რაღაც-რაღაცების გამო მსგავს უმსგავსობას ჩადიან. სერიოზულ ომს კი არ გვიცხადებენ, მცირე-მცირე შეტაკებებით დაგვცინიან. ჩვენ ამ მცირე შეტაკებების დროს როგორი ღვარძლიანები ვართ, რამდენი გინება, ლანძღვა ისმის. იცით, რამხელა განსაცდელები გადაიტანა ეკლესიამ. რომ გკითხავდნენ: ქრისტიანი ხარ, ჩუმად იყავიო, პირჯვარი ამას ნიშნავს – პირი და ჯვარი. ჩუმად თუ არ იქნებოდი, სულს აღმოგხდიდნენ. მღვდლებს პირდაპირ ეუბნებოდნენ: გამოხვალთ ამბიონზე და იტყვით, რომ ღმერთი არ არსებობსო. მაშინ იყო დევნა და შევიწროება და არა ის, რაც დღეს ხდება.
– როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ქრისტიანი?
– ხშირად ადამიანებს ეს ყველაფერი აბრკოლებთ. დავით მეფსალმუნე ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ღმერთს ეუბნება: აღდექ, უფალო, გაიღვიძე. ისეთ მდგომარეობაში იყო ისრაელი, რომ დავითს ეგონა: ღმერთს ხომ არ ჩაეძინაო. როცა 12 მოციქული ნავში ზის, საშინელი ქარიშხალი ამოვარდება, ქრისტეს სძინავს, აღვიძებენ: გაიღვიძე, უფალო, ვიღუპებითო. ჩვენც ასეთი მდგომარეობა უნდა გვქონდეს. ხელების ქნევა კი არ უნდა დავიწყოთ, ევადრეთ ღმერთს, წმიდანებს, ღვთისმშობელს: აპატიეთ მას, გვაპატიე ჩვენ. ჩვენი შვილები დედას რომ იგინებიან, ეს ღვთისმშობლის შეურაცხყოფა არ არის?! ამ ენით ვლოცულობთ და ამ ენით ვიგინებით. ჩვენ მეტი მოგვეცა და მეტი მოგვეთხოვება. იმათ ცოტა მოეთხოვებათ, სამსჯავროზე არც განიკითხებიან. მათეს სახარების მე-13 თავის, 25-ე, 30-ე მუხლებში წერია: დაითესა ყანა, მუშებმა რომ დაისვენეს, ღამე მოვიდა მპარავი და ღვარძლი დათესა. ღვარძლი თავიდან რომ ამოდის, ძალიან ჰგავს ყანას. კეთილი და ბოროტი ადამიანებიც ჰგვანან ერთმანეთს, შიგნიდან ვინ როგორია, ეს არავინ იცის. რომ წამოიზარდა ჯეჯილი, თავი გაიკეთა, მუშები მიხვდნენ: ღვარძლი მეტია ჯეჯილზე. მაშინ მივიდნენ პატრონთან, ანუ უფალთან: მოგვეცი უფლება, გამოვხშიროთ ეს ღვრძლიო. როგორც ვიცით ჩვენ დღეს: რატომ არ ჩამოვარდება ერთი ატომური ბომბი, ეს მეძავები, ნარკომანები რომ არსებობენო. ანგელოზებს რომ მისცეს ღმერთმა უფლება: გამოხშირეო, ისინიც და ადამიანებიც დაუშვებენ შეცდომას, ცუდს შეიძლება, ბევრი კარგიც მიაყოლონ. ერთადერთი შეუმცადრი ღმერთია, რომელმაც კარგად იცის, ვის – როგორ და როდის. მან კარგად იცის, რომ შეიძლება, ეს ღვარძლი ხორბლად გადაიქცეს, ხორბალი კი – ღვარძლად, ამიტომაც არ უნდა, რომ გამოხშიროს ისინი და სამსჯავროს დღემდე ერთად იქნებიანო. ჩვენ რომ გვიკვირს ხოლმე, ეს ბოროტება აქამდე რატომ ხარობსო, იმიტომ რომ ღმერთი ამბობს: გაუშვი, ის ღვარძლი ბოლომდე იყოს, სამსჯავროს დღეს კი, ხორბალი დაიფქვება, ბეღელში შეინახება მარჯვნივ, ხოლო ღვარძლი დაიწვება და გადაიყრება. ეს არის პასუხი, ამიტომ არ გაბოროტდეთ, ნუ იგინებით, ნუ იწყევლებით. იესო ქრისტემ ბრძანა: ბჭენი ჯოჯოხეთისანი ეკლესიას ვერ მოერევიანო. ფინალი ცნობილია – სიკეთე გაიმარჯვებს. თუ კეთილი ხარ მიიღებ სულიწმიდის მადლს, თუ კეთილი არ ხარ, ვერ მიიღებ სულიწმიდის მადლს. არჩევანი თქვენზეა. გინდათ, სულიწმიდა იყოს თქვენზე? აკეთეთ სიკეთე, ნუ განიკითხავთ, იარეთ ეკლესიაში. შეიძლება, იმ ადამიანებმა შეგასწრონ სასუფეველში, რომლებიც დღეს ცუდად იქცევიან, შეინანებენ, იტყვიან: ეს რა ნაძირალა ვყოფილვარო. ჩვენ კი, ვითომ მართლებს, გვგონია, რომ ღმერთთან ვართ, სულიწმიდა არის ჩვენზე და ამ დროს აღმოჩნდება, რომ ხორბალი მეგონა თავი და ღვარძლი ვყოფილვარ. ჩვენ თუ ვიქნებით კარგი ქრისტიანები, ამ ადამიანებს ვეტყვით: იცი, როგორ უყვარხარ ღვთისმშობელს, ქრისტეს. ასეთ ადამიანებს სიყვარული, სიმშვიდე უნდა დავანახვოთ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ არცერთი არ გაგვაჩნია.
скачать dle 11.3