კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№23 რამ განაპირობა საქართველოში სელექციური აბორტების გზით გოგონების რაოდენობის შემცირება და რატომ აჭარბებს ქალების რაოდენობა საპენსიო ასაკში მამაკაცების რაოდენობას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ვაჟის ყოლის სურვილის გამო 1990-2015 წლებში საქართველოში, არც მეტი, არც ნაკლები, 31 446 გოგონა არ დაიბადა, რაც სელექციური აბორტების შედეგია. მაგალითად, 2016 წელს 28 887 ბიჭუნა დაიბადა და 27 682 ქალი. ბუნებრივ პროპორციად მიჩნეულია ყოველ 100 გოგონაზე 105 ვაჟი, საქართველოში კი, 2008–2012 წლების მონაცემებით, 100 გოგონაზე 112 ახალდაბადებული ვაჟი მოდის. გამოკვლევის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში გამოკითხულთა 46 პროცენტი უპირატესობას ვაჟს მიანიჭებდა, 45 პროცენტისთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ 9 პროცენტი ისურვებდა გოგონას. რას ერჩიან ქალებს ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო, რომ მძიმე დემოგრაფიული ვითარება გვაქვს და გოგონების ნაკლებობა ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს, ვინაიდან რამდენი ვაჟიც უნდა ვიყოლიოთ, თუ გოგონების რაოდენობა არ იქნა საკმარისი, შობადობის მაჩვენებელი ისედაც დაიკლებს, რადგან თითო ქალი წელიწადში (საშუალოდ) მხოლოდ ერთ ბავშვს თუ გააჩენს. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ ამ მძიმე სტატისტიკის სავალალო შედეგებსა და მიზეზებს.
– ვერ დავაბრალებ ჩვენს საზოგადოებას, რომ გოგონები არ უყვართ, მაგრამ აი, სტატისტიკა საპირისპიროს აჩვენებს, რა არის ამის მიზეზი?
– გარკვეული სტერეოტიპები მოქმედებს, გვარის გამგრძელებელი უნდათ, ამიტომ ვაჟის ყოლის შემთხვევაში თავდაჯერებულად და იმედიანად არიან, თავი ქუდში აქვთ. მით უფრო, რომ შობადობის მაჩვენებელი მცირდება, აღარ არის მრავალშვილიანი ოჯახები, უმეტესად, ერთ ან ორ შვილზე ჩერდებიან, ამიტომაც ამჯობინებენ, ჰყავდეთ გვარის გამგრძელებელი.
– რა ასეთი გვარები აქვთ. რას წარმოადგენენ ან რა კვალის დატოვებას აპირებენ ისტორიაში?
– ეს კუდაბზიკობაა და მეტი არაფერი. ძველ დროში შვილის სქესს იმიტომ ექცეოდა ყურადღება, რომ განმსაზღვრელი იყო ფიზიკური ძალა.
– ომშიც ვაჟები მიდიოდნენ.
– როგორც სამუშაო ძალასაც ჰქონდა მნიშვნელობა. დღეს განმსაზღვრელია ინტელექტი, ცოდნა, გამოცდილება და ბევრ დარგში ქალბატონები გაცილებით უკეთ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს და ანაზღაურებაც უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ფიზიკური ძალის პრიმატი უკანა პლანზე გადადის. ამას დაემატა ისიც, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქალებმა ახალი ისტორიული როლი იკისრეს და უფუნქციოდ დარჩენილი მამაკაცების ნაცვლად ოჯახში შემომტანის ფუნქციაც შეითავსეს – ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. თუ გადავავლებთ თვალს ბაზრობებს, ბაზრებს, უცხოეთში სამუშაოდ წასულ კონტინგენტს, ვნახავთ, რომ ქალები სჭარბობენ. მათ, ხშირად, დიასახლისობის გარდა, ოჯახის ერთადერთი მარჩენლის ფუნქცია იტვირთეს. ასეთ პირობებში კი, ლაპარაკი იმაზე, რომ ვაჟი უმჯობესია, ცოტა უხერხულია. სარკაზმით არ ვამბობ, მაგრამ აშკარად არაადეკვატური დამოკიდებულებაა.
რაც შეეხება თქვენ მიერ დასახელებულ ციფრს, თუ რამდენი გოგონა არ დაიბადა სელექციური აბორტების გამო, მე უფრო მოკრძალებულ გათვლებს გავაკეთებდი გაცილებით შემჭიდროებულ ვადებზე. სტატისტიკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ ახალდაბადებული ვაჟებისა და გოგონების რაოდენობა თითქმის ჩაჯდა იმ ზოგად კანონზომიერებაში, რაც მსოფლიოშია: ყოველ 100 გოგონაზე 106-108 ვაჟი. მაგრამ 2012 წლამდე აშკარად დიდი იყო განსხვავება და როდესაც 108-ს სცილდება დაბადებული ვაჟების რაოდენობა, ეს მიუთითებს სელექციურ აბორტზე. 1994 წლიდან 2012 წლამდე სელექციური აბორტის შედეგად არდაბადებული გოგონების რაოდენობად, თუ ზოგად მაჩვენებლებს ავიღებთ, 20 000 უნდა ვიგულისხმოთ. ესეც მაღალი ციფრია, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობის ეკვივალენტური და საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
– მხოლოდ გვარის გამგრძელებლის ყოლის სურვილია ასეთი ბარბაროსობის მიზეზი – ემბრიონი მოკლა სქესის გამო?  
– აქ თავს იყრის ყველაფერი ერთად: საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, კულტურისა და განათლების დონე, ამდენად, ეს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური ფენომენია. იქ, სადაც საზოგადოების კულტურა მაღალ დონეზეა, საკითხი ასე არ დგას და საზოგადოების წევრებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ქალისადმი, მომავალი თაობებისადმი. ჩვენი ჩამორჩენა გამოიხატება არა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით, არამედ ქცევის ამ მოდელითაც. 2016 წლის ოქტომბრიდან ჩინეთმა უარი თქვა პოლიტიკაზე: ერთ ოჯახში ერთი ბავშვი და მეორე ბავშვის გაჩენის უფლებაც დართო ოჯახებს, ანუ ახლა სანქციები მხოლოდ მესამე ბავშვზეა.
– თითო ოჯახს თითო ბავშვი ნიშნავდა, რომ განახევრდებოდნენ.
– ორი ბავშვის ყოლის დაშვების მიზეზი ისიც გახდა, რომ, რადგან ოჯახს ერთი ბავშვის გაჩენის უფლება ჰქონდა, უპირატესობას ანიჭებდნენ ვაჟს და დღეს ჩინეთში არის 40 მილიონი დასაქორწინებელი მამაკაცი, რომელსაც ვერ უპოვია დასაოჯახებელი იმავე ასაკის ქალი, ანუ დაუოჯახებელი ვაჟების რაოდენობა 40 მილიონით აღემატება იმავე ასაკის დაუოჯახებელი ქალების რაოდენობას. ამანაც გამოიწვია ამ აკრძალვის გაუქმება. სხვათა შორის, მსოფლიოში აბორტთან მიმართებაში ყველაზე ლიბერალური რეჟიმის მქონე ქვეყნების ოთხეულია ძალიან უცნაური: გვერდიგვერდ დგანან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა აშშ, კანადა, ჩინეთი და ჩრდილო კორეა. ჩინეთში ოფიციალურად ყოველწლიურად 13 მილიონზე მეტ აბორტს აკეთებენ. ინდოეთში, რომელიც არ ჩამოუვარდება ჩინეთს რაოდენობით და საცაა, დაეწევა, დაახლოებით, 20-ჯერ ნაკლებს, წელიწადში მხოლოდ 700 000 აბორტია. იმ აკრძალვის გამო, რომელიც ჩინეთში მოქმედებდა 1981 წლიდან, 2016 წლამდე არ დაიბადა 400 მილიონი ბავშვი.
– უფრო აღმოსავლეთის თავისებურებააა ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭება?
– იმპერატორ პავლე პირველის დროს რუსეთში მიიღეს სპეციალური კანონი, რის მიხედვითაც, ტახტის მემკვიდრეობა ქალზე არ გადადიოდა და ამით წერტილი დაუსვეს სახელმწიფო გადატრიალებებს, რადგან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ხშირად უსამართლოდ ადიოდნენ ტახტზე. ჩვენ კი გვყავდა ბრწყინვალე მეფე თამარი, რომლის პერიოდშიც საქართველოს საზღვრები შეადგენდა 245 000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას.
– დღევანდელ დე-იურე საზღვრებს ძალიან სცდება.
– დღეს ოფიციალურად საქართველოს ტერიტორია მოიცავს 69 700 კვადრატულ კილომეტრს, ვაკონტროლებთ 57 000 კვადრატულ კილომეტრს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია: თუმცა 21-ე საუკუნეა, მსოფლიოში აბორტებისადმი მაინც მკაცრი დამოკიდებულებაა – 194 ქვეყნიდან ნებადართულია 56 ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინათ ირლანდიაში ჩატარდა რეფერენდუმი და მონაწილეთა ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა აბორტების ლეგალიზაციას.
– რამე გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე აბორტების დაშვება ან აკრძალვა? თუ აშშ-ს მაგალითით ვიმსჯელებთ, არა, მისი მოსახლეობა მრავლდება.
– აშშ-ში მექანიკური მატების ხარჯზეც იზრდება მოსახლეობა – ყოველწლიურად 1,1 მილიონი არალეგალით. რაც უნდა ექსტრავაგანტური და მიუღებელი მოგეჩვენოთ ტრამპის მიერ მექსიკის საზღვართან კედლის აშენება, აშშ, მიუხედავად თავისი ეკონომიკური და სამხედრო-პოლიციური ძლიერებისა, ვერ აკონტროლებს მიგრაციულ ნაკადს, გადადიან არა მარტო მექსიკელები, არამედ მიგრანტები დანარჩენი მსოფლიოდანაც. ისინი მექსიკას იყენებენ, როგორც დაბალ ღობეს, საიდანაც ყველაზე იოლადაა შესაძლებელი აშშ-ში მოხვედრა.
სხვათა შორის, ჩვენს ოკუპირებულ აფხაზეთშიც 2016 წლის თებერვალში ძალაში შევიდა კანონი, რის მიხედვითაც აიკრძალა აბორტები. იმდენად დიდი ზარალი განიცადა ქვეყანამ ომის დროსო, თუმცა მეორე საკითხია, რა შედეგს გამოიღებს. ევროპის ქვეყნებში მიდგომა უფრო ლიბერალურია. მაგალითად, ცნობილია არაფატის გამონათქვამი, პალესტინელებისა და ებრაელების ყველაზე მკვეთრი დაპირისპირების დროს, რომ, სანამ პალესტინელი ქალები აჩენენ ებრაელ ქალებზე მეტ ბავშვს, ჩვენ დავამარცხებთ ისრაელსო. თითო პალესტინელ ქალზე მოდიოდა ექვსი ბავშვი, მაშინ, როდესაც თითო ებრაელი ქალი, საშუალოდ, სამ ბავშვს აჩენდა. რამდენად შეძლებენ შობადობით დამარცხებას სხვა საქმეა, მაგრამ ეს ფაქტორი ნამდვილად მუშაობს.
– ევროპა გაივსო არაევროპელი მიგრანტებით, რომელთა შობადობის მაჩვენებელი მაღალია.
– სამწუხაროდ, ევროპა ვეღარ ავლენს იმ ბრძოლისუნარიანობას, რაც ახასიათებდა საუკუნეების განმავლობაში. დღეს ევროპა ერთგვარ ტრანსშია და არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ კარგავს იდენტობას და ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ცვლილებები გამოიწვიოს. შეგახსენებთ ფრანგი მწერლის მოთხრობას: „პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი“, მოქმედება ხდება 2023 წელს და საფრანგეთის ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოდიან ისლამისტები, თავიანთი მრწამსით და ამკვიდრებენ შარიათის კანონებს საფრანგეთის ტერიტორიაზე. ეს უტოპიური რომანია, მაგრამ გამოსაფხიზლებელი, რომ თითოეულ ქვეყანას სჭირდება იდენტობის დაცვა, არა მარტო ეკონომიკის განვითარების, არამედ დემოგრაფიული კუთხითაც და ამ მიმართულებით სათანადო ძალისხმევის გამოჩენა.
– ჩვენც გვემუქრება ანალოგიური პროცესი.
– ბუნებას არ უყვარს სიცარიელე, ქართული ანდაზაა, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო, თუ ბავშვები არ გააჩინეს ჩვენმა ქალებმა, გაჩენილებს კი უცხოეთში მოუძებნეს ადგილი, ერთხელაც უცხოეთში სასწავლებლად ჩასული წასული ქართველი ახალგაზრდა დარეკავს სახლში და მას უპასუხებს სხვა კულტურისა და მენტალიტეტის პიროვნება და ამით დამთავრდება იმ ოჯახის ტრადიციული ისტორია – ის ახალგაზრდა დაკარგავს ფესვებს. საზღვრების ღიაობისა და ასეთი გლობალიზაციის პირობებში მცირე ერები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ამ ოკეანეში პატარა ნავი დიდმა ტალღამ არ მოიყოლოს.
– თუ ვაჟებისა და გოგონების შობადობაში პათოლოგიურად დიდი განსხვავება აღარ არის, შანსი კიდევ გვაქვს.
– თუ სტატისტიკის მონაცემებს ვენდობით, ბოლო პერიოდში შეარბილეს, იმიტომ რომ ცალკეული წლების მიხედვით ნაჩვენები იყო ყოველ 100 გოგონაზე 127 ვაჟი. ახლა ეს ციფრები აღარ დევს, თუმცა მაინც მაღალია ვაჟების 112 მაჩვენებელი და სცილდება ზოგად მსოფლიო კანონზომიერებას, რომ ყოველ 100 გოგონაზე 106-108 ვაჟი იბადება.
– კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რატომ აჩენს ბუნება უფრო მეტ ვაჟს თანაბარ პირობებში.
– ზოგადი კანონზომიერებაა, მართალია, სქესებს ყოფენ ძლიერად და სუსტად, მაგრამ ეს რეალობას არ ასახავს. სრულწლოვნებამდე ვაჟების მოკვდაობის მაჩვენებელი რამდენადმე მაღალია. ამიტომ გოგონებისა და ვაჟების რაოდენობა თანაბრდება, შემდეგ კი ქალების რაოდენობა სჭარბობს მამაკაცებს. მაგალითად, საპენსიო ასაკის მოსახლეობაში ქალების რაოდენობა ორჯერ მაღალია, ვიდრე მამაკაცების. საომარი მოქმედებები, აგრესიულობა უფრო ხიფათიანს ხდის მამაკაცების ცხოვრებას და, ამდენად, ალბათობა იმისა, რომ მამაკაცები მაღალ ასაკობრივ ზღვარს გადალახავენ, უფრო ნაკლებია. ზოგადად კი, ქვეყანას სჭირდება ვაჟებიც და გოგონებიც და ამის რეგულირება სელექციური აბორტებით არის დანაშაული და კულტურის საკმაოდ დაბალი დონე, ბარბაროსული დამოკიდებულება. არის ოჯახის დაგეგმვის წესები, რომლებიც უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა. გერმანელებს აქვთ ასეთი გამონათქვამი: სჯობს, გოგონამ სამი წლით ადრე გაიგოს კონტრაცეფციის შესახებ, ვიდრე ნახევარი საათით გვიანო. კეთილღღეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სულიერი და დემოგრაფიული კატეგორიაცაა. ტყუილად არ ამბობენ, რომ ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია. ამიტომ ახალგაზრდები ჯანმრთელად უნდა აღვზარდოთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ჯანმრთელი იდეების რეალიზებაში და არ მოხდეს ისე, რომ იბრძოლონ ნარკოტიკული საშუალების გამოყენების უფლებისთვის.
скачать dle 11.3