კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ფსიქოთერაპევტი ზაზა ვარდიაშვილი – გახადეთ თქვენ გვერდით მყოფი ადამიანები ბედნიერები და პათოლოგიები, დარღვევები და სხვა დანარჩენი არ შეგაწუხებთ!

ნინო კანდელაკი ნინო კიკვაძე

ბავშვებთან ურთიერთობისას ყოველ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და თითოეული მათგანის დადებითი თუ უარყოფითი ქცევის გამოვლინება, თავიდან ბოლომდე, მშობელსა და მის გარშემომყოფებზეა დამოკიდებული, ამიტომ ფსიქოთერაპევტები გვირჩევენ, რომ მშობლის მხრიდან, უპირველესად, საკუთარი ქცევის კონტროლია საჭირო. ბავშვებსა და მოზარდებთან ურთიერთობის შესახებ  მშობლებისთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე ბავშვთა ფსიქოთერაპევტი, პროფესორი ზაზა ვარდიაშვილი გვესაუბრა.
– ბატონო ზაზა, როგორ დაიწყო და  გავითარდა თქვენი სამედიცინო კარიერა?
– ჩემი კარიერა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან იწყება, რომელიც 1991 წელს ბავშვთა ნევროლოგის სპეციალობით დავამთავრე. მუშაობა სხვადასხვა პროფილით მომიწია, ვიყავი იაშვილის კლინიკის ნევროლოგიური პროფილის რეანიმაციის რეანიმატოლოგი, პარალელურად, ვმუშაობდი თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში, შემდგომ იყო ექიმების გადამზადების პროგრამა სხვადასხვა სპეციალობაში  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, სადაც ორწლიანი კურსი გავიარე და 2000 წლიდან ფსიქოთერაპიული პრაქტიკა დავიწყე. ვმუშაობდი დავით ტატიშვილის კლინიკაში, ბაკურ კოტეტიშვილის ფსიქონევროლოგიურ კლინიკაში, პარალელურად, ვასწავლიდი დიმიტრი უზნაძის სახელობის ინსტიტუტში, ვმუშაობ  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. მყავს მეუღლე და სამი შვილი. უფროსი 24 წლისაა და კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტია, 20 წლის ტყუპი გოგონებიც სტუდენტები არიან.
– რამდენად რთულია ფსიქიატრიულ პაციენტებთან მუშაობა და რა მდგომარეობაა დღეს ასეთი ტიპის დაწესებულებებში?
– თბილისში არსებობს  ძალიან კარგი ფსიქიატრიული კლინიკები, სადაც არაჩვეულებრივი სპეციალისტები მუშაობენ და ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. ჩვენთან პაციენტებისთვის, პრაქტიკულად, ისეთივე პირობებია შექმნილი, როგორიც ევროპის ქვეყნებშია. ფსიქიატრიული კლინიკის თანამშრომლები ძალიან რთულ საქმეს ასრულებენ და ამისთვის უამრავ მადლობას იმსახურებენ.
– რა განსაზღვრავს ბავშვის ხასიათს და რა ახდენს მის ქცევაზე ყველაზე დიდ გავლენას?
– ბავშვები არაჩვეულებრივი, საოცრად პოზიტიური არსებები არიან. ბევრი თანამედროვე ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ რვა თვის ასაკში მათ უკვე დადებითი მორალური მიმართულებები აქვთ ჩამოყალიბებული, შეუძლიათ პოზიტიური ქცევის მოძებნა, გარჩევა და მასზე აქცენტირება. ბავშვის ქცევის განვითარებაზე გადამწყვეტ როლს მშობელი ასრულებს. უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც ბავშვი სკოლამდე სწავლობს 90 პროცენტი მშობლებისა და გარემოს ქცევაზე დაკვირვებით ხდება.
ძალიან ცნობილმა ამერიკელმა ფსიქიატრმა მერინ მეინმა, ჩაატარა კვლევა: კლინიკაში ჰქონდა, ეგრეთ წოდებული, „რბილი ოთახი“, სადაც წლიდან ორ წლამდე ბავშვები სიარულს სწავლობდნენ, მათი გარკვეული ნაწილი დაცემის დროს მშობლის ყურადღების მიქცევის მიზნით იწყებდა ტირილს. აღმოჩნდა, რომ ბავშვების ნაწილი წაქცეულ ბავშვებთან მიდიოდა და ურტყამდა, ხოლო მეორე ნაწილი ეფერებოდა და დახმარებას ცდილობდა. მკვლევარს აინტერესდა, ერთი და იმავე ქვეყნისა და კულტურული ჯგუფის პატარა მოქალაქეები რატომ იქცეოდნენ ასე განსხვავებულად. ამ მიზნით დაიწყეს ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვების ოჯახების შესწავლა და აღმოჩნდა, რომ აგრესიულ ბავშვებს დედები უხეშად ელაპარაკებოდნენ, ხშირად უყვიროდნენ და მათმა შვილებმა უკვე 1-2 წლის ასაკში გამოხატეს ეს ემოცია. ხოლო ბავშვების მეორე ნაწილთან მშობლები მხოლოდ სითბოს გამოხატავდნენ. ამასვე ამტკიცებს ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგის, ბანდურას კვლევები, რომლის ექსპერიმენტის დროსაც ბავშვი იჯდა ოთახში თოჯინასთან ერთად, სადაც შედიოდა უფროსი და ურტყამდა თოჯინას, მისი შემხედვარე 4 წლის ბავშვიც დგებოდა და იმავეს იმეორებდა. ბავშვი არაჩვეულებრივი არსებაა და თუ რამე ცუდი გამოავლინა, მშობელი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს და საკუთარ თავში ან ბავშვის გარშემო მყოფებში ეძებოს პრობლემის მიზეზი. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ასაკში თითოეულ ბავშვს ისე მოვეპყროთ, როგორც პიროვნებას.
– რა ფორმით უნდა დავუშალოთ ბავშვებს არასასურველი ქმედება და როგორ მოვახდინოთ ბავშვების დისტანცირება საშიში, აგრესიული კომპიუტერული თამაშებისგან?
– ვერ ავუკრძალავთ ბავშვებს იმას, რასაც ჩვენ თავად ყოველდღიურად ვაკეთებთ. მაგალითდ, ხშირად მშობლები უკრძალავენ ბავშვებს, ტელევიზორის ყურებას, კომპიუტერთან ჯდომას, ართმევენ ტელეფონს, მაშინ, როცა თავად აქტიურად იყენებენ ამ ყველაფერს და ასეთ შემთხვევაში, ბავშვი ვერასდროს გაიგებს, რატომ არ შეიძლება მისთვის ის, რაც უფროსებისთვის დასაშვებია.. მცირე ასაკში რაიმეს დაშლა, შეზღუდვა, აგრესიაზე აგრესიით პასუხი უკუპროდუქტიულია. ყველაზე კარგი მეთოდია ნეგატიური ქცევის იგნორირება და პოზიტიური ქცევის წახალისება, ოღონდ ესეც ახსნა-განმარტებით უნდა მოხდეს.
ბრიტანეთში 10 წლამდე ბავშვებზე ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც, მშობლები ბავშვებს სწორედ იმ მომენტში სთავაზობდნენ გასეირნებას, როდესაც ისინი აქტიურად იყვნენ ჩაფლული კომპიუტერულ თამაშებში. აღმოჩნდა, რომ ბავშვების 90 პროცენტი დიდი სიამოვნებით თანხმდებოდა  მშობლის წინადადებას. კომპიუტერული თამაშები არ  არის ბავშვის შინაგანი მოთხოვნილება, რეალურად, მათ სხვა მოთხოვნილებები აქვთ.
– გარდატეხის ასაკის რა ეტაპები არსებობს და როგორ დავეხმაროთ მოზარდებს მათ გადალახვაში?
– ეს პერიოდი მიმდინარეობს გარკვეული კანონზომიერებებით. დაახლოებით, 9-10 წლის ასაკში მოზარდები ძალიან რელიგიურები ხდებიან, შემოდის სიკვდილზე ფიქრი და მსგავს რამეებზე აქცენტირება. 11 წლიდან იწყება მშობლების კრიტიკა და ხდებიან კონსერვატიულები, უკვე შემდგომში, დაახლოებით, 13 წლის ასაკში, გოგონების თვითშესაფება მინიმუმამდე დადის, არ მოსწონთ საკუთარი თავი, არ იბანენ და არ ირეცხავენ ტანსაცმელს, ეს ეტაპი გადის და დაახლოებით, 14 წლიდან იწყება თვითშეფასების ამაღლება და 15-16 წლის ასაკში კარგად არიან ჩამოყალიბებულები.
ბიჭებში თვითშეფასების მინიმუმი 14-15 წლის შუალედში გვხვდება, ანუ გოგონებთან შედარებით, დაახლოებით წელიწადნახევრის დაგვიანებით, იქაც მალე გადის ეს პერიოდი და ყველაფერი ნორმალურად ყალიბდება. ზოგადად, მხოლოდ 10 პროცენტში შეიძლება, შეგვხვდეს გარდამავალი ასაკის პრობლემები, რომლებიც ბავშვიდან მომდინარეობს. დანარჩენ პრობლემებს იწვევს ზედმეტი შენიშვნები, ზედმეტი ზემოქმედება და ბავშვების მოთხოვნების  არასწორი გაგება მშობლების მხრიდან. გოგონებს ამ პერიოდში ეცვლებათ სხეულის ფორმა და უნდა ადაპტირდნენ ახალ სხეულთან, რაც  საკმაოდ რთულია. ბიჭებს უწევთ ქარიშხალივით შემოვარდნილ ჰორმონთან ადაპტაცია და ბრძოლა საკუთარი ადგილის მოპოვებისთვის. წარმოიდგინეთ, რა რთულია ეს ყველაფერი და ამას თუ მშობლის კრიტიკაც ემატება, მდგომარეობა ბევრად რთულდება.  
– რას იტყვით ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებაზე?
– დღეს ჩვენს ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟია ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების გამო, ერთი მხარეს არიან ლეგალიზაციის მსურველები, ხოლო მეორე მხარეს – მოწინააღმდეგეები და ორივეს თავისი არგუმენტები აქვთ. რეალურად, ჩხუბითა და კამათით პრობლემა არ წყდება და ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან სხვა ტიპის ქმედებებია საჭირო. მაგალითად, იგივე პრობლემის წინაშე იდგა ისლანდია 90-იან წლებში, უფრო მეტიც,  იქ ფსიქოაქტიურ საშუალებებს, სულ რაღაც, 14 წლის მოზარდები მოიხმარდნენ. ბევრი ფიქრის შემდეგ ისლანდიის მთავრობამ ერთ-ერთი უნივერსიტეტის ფსიქოლოგებს დაავალა პრობლემის მიზეზების შესწავლა და მისი გადაჭრის გზების მოძიება. ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად დასახელდა 14-18 წლამდე ბავშვების (ვინც არ მოიხმარდა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და განსაკუთრებით მათი, ვინც სპორტული აქტივობებით იყო დაკავებული) წახალისება, 12-14 წლის შემდეგ ეს პრობლემა საერთოდ გაქრა ისლანდიის გადასაჭრელი პრობლემების სიიდან. პრობლემასთან ბრძოლის ეს მეთოდი გადაიღო ნორვეგიამ, დანიამ, ფინეთმა, ჰოლანდიამ, გერმანიამ და ასე შემდეგ.
მთავარი ის კი  არ არის, ექნებათ თუ არა მათ წვდომა ამ ყველაფერზე, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ფსიქოლოგია იყოს ისეთი, რომ არ ჰქონდეს ამ ყველაფრის მოთხოვნილება და სურვილი.
скачать dle 11.3