კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ჭეშმარიტი სარწმუნოება

ამპარტავნება და მრისხანება
ამპარტავნება სნეულებაა, რომელიც წამლავს ადამიანის სულიერ ღირსებას. ეს უსაშინლესი მტერია ადამიანისა. დიდი ვნება მოაქვს ამ გარეწარად ადამიანის სულიერი შვენიერების გამხრწნელ და შემარცხვენელ აზრთა სიბნელის ცთომას. რამდენიც გინდა იომო ამპარტავნების წინააღმდეგ და სიმდიდრის უფსკრულში ჩაძვრე, მაინც იგი ამოგფარებია ზურგს უკან. ამ სიმდაბლის ქვესკნელშიაც და შენი მოქმედების მოწონებით თავის საწადელს სწვდება. როგორც აჩრდილი თავისა, ესეცა თან სდევს ადამიანს მის სიცოცხლეში.
ამპარტავნება ისეთი დახელოვნებული მხატვარია, რომ ყოველმხრივ შენს უშვერებას სადღაც ისე წარიპარავს, ხსოვნადაცა არა გაუფლებს და ამ დროს შენს სურათს ისეთი შვენიერებით დახატავს, რომ შენ თავმოწონებას ფრთებს შეასხამს. ასეთი საუცხოო მზაკვარ-მხატვარია ეს სულის დამღუპველი ამპარტავნება, რომ რაც ნამდვილად ხარ, იმას შორს გადაისვრის და რაც არ ხარ, იმას შეგაჩეჩებს ძვირფას სურათად ხელში. ამნაირად, ამპარტავნება უძნელებს ადამიანს საკუთარი თავის ცნობას. აძლევს თავის ნაკლულევანება-ღირსების ყალბ ანგარიშს და ამნაირად წინ ეღობება კაცის წინსვლასა და სულიერად ამაღლებას.
ამპარტავნებასაც აქვს განრჩევა თითოეულ კაცში. ზოგი ორთა შუა დგას. რასაკვირველია, აქვს ამპარტავნება, მაგრამ ამასთანავე გრძნობს თავის სიამაყეს. ცნობილობს ამგვარ ხასიათის უშევრებას. ცდილობს, სიმდაბლის გზით ზიზღით განიკითხოს თავის გულის ზვავი თვისება, წუხს და ნანობს, ხოლო არის ისეთი ამპარტავანი, რომელიც მის სიამაყეს საზღვარს არ უდებს. არა აქვს თავის განკითხვა. სრულიად არ ეკარება მას სიმდაბლის ფიქრები. უკადრისობას, თავმოწონებასა და დიდ რამედ თავის წარმოდგენას ისე შთაუნთქავს, რომ მისი ბუნებური სისაწყლე და სიგლახაკე ყოველადვე დავიწყებია და თავის თავი სხვა არსება, რაღაც ცად ამაღლებული ჰგონია. პირველი ადამიანური თვისების სასწორზე დგას და მუშაკია სათნოებისა, ხოლო მეორე ცალ მხრივად დამძიმებულია. სწორი მისი ერთ მხარედ ჩაძირულია ქვესკნელად და მას ჰგონია თავისთავი ზეაღვლენილ ყოველ კაცთა უმაღლესად. ესევითარი მუშაკი არს საცთურებისა სიბოროტისა: ყოველ ჟამს მოსალოდნელია მის თავზე საფრთხე დასაღუპავი ამპარტავნების საყვარელი ძისაგან, რომელ არს მრისხანება. ეს სულიერი სენი, რისხვა, არის ამპარტავნების ნაშობი, რომლის სისასტიკე მეხისებური ძლიერებით გამანადგურებელია სულიერ არსებათა შორის ყოველივე სიკეთისა. ამპარტავნება შობს მრისხანებას, ხოლო მრისხანება ათრობს ადამიანის გონებასა და მიზეზია მოუფიქრებელ და განუსჯელ მოქმედებათა. ამპარტავნება და მრისხანება მძვინვარე მტერია ადამიანთა შორის სიყვარულის და წყაროა სიძულვილისა და განხეთქილებისა. კიდეც ამით არის ამპარტავნება საშინელი სენი, რომ მისი შედეგი, გინა ნაშობი მრისხანება ბრაზ-მოსულ რისხვით შემუსრავს მოყვარესა მისსა, რაზედაც საღმრთო წერილი ესრეთ იტყვის: „ამპარტავანთა ღმერთი შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ამპარტავანთა მოქმედების შედეგი შემუსრვაა, ხოლო მდაბლის შრომათა შედეგი მადლია და სულიერი ამაღლება. თუ ადამიანი კერძოდ თავის და საზოგადოდ კაცობრიობის სულიერი წინსვლისა და ამაღლების მოსურნეა, ცხოვრების გაბედნიერებისთვის მუშაკობს, დაუძინებლად უნდა ებრძოდეს თავის შორის ამპარტავნებას, თავმოწონებას დაუღალავად უნდა იცავდეს თავის თავს, რომ არ შემოესიოს მრისხანება. ადამიანის ცხოვრებას ბოროტების მუშაკნი ყოველთვის სიბნელეს უმრავლებდნენ და ეს მღვრიე მდინარე ისე გადიდდა და გართულდა გახელოვნებულ პირობებში, რომ დღეს დიდი ჭკუა, დიდი სიფრთხილე და თავის შებრძოლებით მოთმინება სჭირია ზნეობის პატივცემულ ადამიანს, რომ დაიცვას თავი თვისი გარშემოდებულ ბოროტმოქმედებათაგან. რომ თან არ ჩაიყოლიოს და წალეკოს ამ ბოროტმოქმედების მღვრიე მდინარემ. ადამიანის გონება, რასაკვირველია, ვითარდება სწავლა-მეცნიერებით, მაგრამ ამასთანავე ნუ დავივიწყებთ, რომ ვითარდება იგი ეშმაკეულ თვისებებშიაც უფრო დახელოვნებით, რომლითა ზნეობრივ ადამიანს თანდათან უძნელდება პიროვნების ღირსეულად დაცვა სიმშვიდისა და სიმდაბლის შვენიერებით. ამის გამო, რაც უნდა მონდომებული ვიყოთ ზნეობის მუშაკნი, მაინც ხანდისხან გარემოგვიცვენ ცბიერთა და მზაკვართა მიერ ბოროტმოქმედებითი მოვლენანი და ძალაუნებურად ვუძლურდებით გონებით, ვღელდებით გულით და აღგვიტაცებს ამპარტავნების  ძვირფასი შვილი მრისხანება, რომლითა ოხრდება ჩვენი სულის შვენიერი წალკოტი და ძოვენ მას ბრაგვნი და ეშვნი. ვაი, რა საცოდავი სანახავია ამ დროს ჩვენი შინაგანი სამოთხე! ასეთ სულიერს გრიგალთა მიერ მრავალგზის ვიქმენ აღტაცილი სიბნელის ჰაერით და გადასროლილ სულთ-მხუთავ დილეგში. შესაძლოა, ვინმეს ფიქრად მოუვიდეს, რომ დიდკაცობა და თავმდაბლობა ერთად როგორ შეზავდებაო. ნუვის ატყუებს ასეთი ყალბი თავისმოყვარეობა. სიმდაბლე კი არ აკნინებს ადამიანს, პირიქით, ამაღლებს კაცთა შორის და სამოყვარულო თვისებით ხიბლავს მისდამი ადამიანებს. მახსოვს ერთი საყურადღებო შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ, მორჩილობის დროს, ქუთაისში მივდიოდით მატარებლით. სამტრედიის სადგურზე ქუთაისს მიმავალ მატარებელში გადავიტანე ხურჯინი და ჩემოდანი. უცებ ერთ სკამზე დავაწყე და ზევით, საბარგო თაროზე უნდა ჩამომეწყო. შევნიშნე, აქ ზის ვინმე დიდად-დაჯილდოვებული პირი. ის იყო, უნდა ამეღო ხურჯინი, უცებ წამოდგა ეს დიდებული პირი, სტაცა ხელი ჩემს ბარგსა და ზეით ჩამოდვა. გაკვირვებამ შემიპყრო და არა მე თუ მარტო, არამედ ყველა მსხდომარე პირებიც ამ უჩვეულო თავმდაბლობის დანახვამ, მეტადრე ასეთი შესანიშნავად გულ-მკერდ სხვადასხვა ღირსების ჯვრებით დაფენილ და მხარჩინოსან დიდებულ პირისამან. განკვირვებაში მოიყვანა და ყველანი ქებას ასხამდნენ მის ასეთი სიმდაბლის სიმაღლეს. ნუ თუ ამ დიდებულ პირს რამე ნაკლი დასდო და დამცირება მოაგო ასეთმა მისმა თავმდაბლობამ? უფრორე ადიდა და აღამაღლა.
ალექსი ბერი
1912 წელი. „შინაური საქმეები“
скачать dle 11.3