კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რა შემთხვევაში უნდა განიკვეთოს მღვდელი სამღვდელო დასიდან და რაზე უნდა ამოიღოს ეკლესიამ აუცილებლად ხმა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი შეფასებები და აზრები გაჩნდა. რა ხდება დღეს, როგორია ამ ყველაფრისადმი ეკლესიის დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელეობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ყველას ჩვენ-ჩვენი შეფასებები გვაქვს. ჩემსას წმიდა წერილიდან გამომდინარე მოგახსენებთ. მე რომ ოჯახის სიწმინდე უნდა დავიცვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ვცემო, ვიღაცის ჯიბრზე არ უნდა ვთქვა: ნახეთ, როგორი მაგარი ოჯახი მაქვს-მეთქი. ოჯახის სიმტკიცე სიყვარულია. თუ სიყვარული არ არსებობს, ასეთი ოჯახი დაინგრევა. ყველა ნეფემ, ანუ ქმარმა, უნდა ადედოფლოს ცოლი და ყველა ცოლმა, დედოფალმა, უნდა ამეფოს თავისი მამაკაცი, თუ უნდა, დედოფალი იყოს. ოჯახი ქვეყნის საფუძველია, სახელმწიფოში – პატარა სახელმწიფო, მცირე ეკლესია, სადაც ცოლსა და ქმარს ერთმანეთი უყვარს, შვილები ღვთისმოშიშებად იზრდებიან. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ოჯახები იშვიათია. ჯოჯოხეთი დაცარიელდა და მთელი ჯოჯოხეთი დედამიწაზეა ამოსული. „თეთრ ხმაურს“ მე „ჯოჯოხეთის ხმაურს“ დავარქმევდი. დადგა დრო, როცა ყველამ თავისი ადგილი უნდა დაიკავოს: ვინ – მარჯვნივ, ვინ – მარცხნივ, ვინ ქრისტეს მოციქულია და ვინ – ეშმაკის. თანამედროვე „დემოკრატიულმა“ კანონებმა მწვანე შუქი აუნთო ყველაფერს – გაიარე, იაღლუმე, არაფერია პრობლემა. თუ ეკლესია ცოდვაზე არ იტყვის, რომ ცოდვაა, მადლზე – რომ, მადლია, ის იქნება მეძავი ეკლესია.
– ძალადობა დღეს ძალიან ხშირია. როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანი?
– ინტერნეტში ვრცელდება არასწორად ინტერპრეტირებული იოანე იქროპირის გამონათქვამი, თითქოს ამბობს, როცა დაინახავ, ვინმე ღმერთს აგინებს, მიდი და თავ-პირი დაუმტვრიეო. ასე არ უთქვამს იოანე ოქროპირს. როდესაც მაცხოვარი უნდა შეეპყრათ, პეტრემ მახვილი იშიშვლა და მონას ყური ჩამოათალა. რა თქმა უნდა, ის არ გაუმართლებია მაცხოვარს, პირიქით, უთხრა: მე შემიძლია ანგელოზების დასი გამოვითხოვო, მაგრამ ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე მოისპობაო. როცა იოანე ოქროპირმა ეს სიტყვები თქვა, მაშინ გულანთებული დიაკვანი იყო ანტიოქიაში, სადაც იმ დროს მწვალებლობა იყო გავრცელებული. მან ეს მათ წინააღმდეგ თქვა და არა მამათმავლებისთვის მუშტი-კრივის გასამართავად. შემდეგ იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ჩვენ ქრისტიანებს არ შეგვშვენის მძლავრებითად გავავრცელოთ ქრისტიანობაო. არ შეიძლება, ვინმეს თავი გაუტეხო და უთხრა: ღმერთი არის სიყვარულიო. ადამიანს ეუბნები: ღმერთი სიყვარულია, შეიყვარე ღმერთი, მოყვასი და ამ დროს ამას არ აკეთებ. შენ მცემე და ქრისტე გეუბნება, რომ უნდა მცემო? მე ასეთ ქრისტეს არ ვიწამებო. ასეთ ადამიანს უნდა შეაგონო და პირველ, მეორე თქმაზე თუ ვერ გაიგებს, მაშინ შენთვის იყოს, როგორც წარმართი და მებაჟე. რჯულის კანონში სასულიერო პირებზე პირდაპირ წერია: ვინც ხელს შემოარტყამს ადამიანს, განიკვეთოს სამღვდელო დასიდანო. დაუშვებელია ყოველგვარი ბილწსიტყვაობა, ჩხუბი, მუშტი-კრივი. როდესაც ეშმაკს ეშმაკი სიტყვებით ესაუბრები, მას ეს უხარია. საბოლოოდ მიიღებთ ინკვიზიციას, რაც კათოლიკეებმა მიიღეს, რადგან ძალადობა შობს ძალადობას. ჩვენი რომ იყოს სიყვარული, ჩვენ გარშემო ამდენი მამათმავალი, ამდენი სოდომ-გომორისტი, ყაჩაღი და ქურდი არ იქნებოდა. რითი განსხვავდებით სხვა ადამიანებისგან, ბაირაღები რომ გვიჭირავს და მაგარი გოგონები და ბიჭები რომ გვგონია საკუთარი თავი?! ამ დროს კი, სიყვარული არ გაგვაჩნია. ეს არის ქრისტიანობა, ეს არის მართლმადიდებლობა? დედის გინებაა მართლმადიდებლობა? მე მეცოდება ყველა, ვინც სანახაობას მართავს. ნახეთ ქართველი მართლმადიდებლები, სამღვდელოება როგორი სასტიკია და ამ საშინელ ხალხს როგორ დასდევენო? დღეს ეშმაკმა ჯოჯოხეთი დააცარიელა და ყველა ამოსხა მაღლა და მთელ მსოფლიოში მიდის გარყვნილების პროპაგანდა. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული, მეგობრობა, პატივისცემა, ზიარება, სინანული, ჩახუტება. ეს ყველაფერი კი არ არის ჩვენში. ყოველგვარი აგრესია ეშმაკის საქმეა. შენ გგონია, ქრისტეს იცავ, ქრისტეს ემსახურები და ამ დროს ეშმაკის მსახურებაში ხარ. საეკლესიო სწავლებით – ქრისტიანული სიყვარული და ქრისტიანული სამართალი ერთმანეთთან ვერ ურთიერთობს.
– ეს რას ნიშნავს?
– რომ უთხრა მუსლიმანს: რას იმსახურებს ის ადამიანი, რომელიც ცოდვაშიაო? სიკვდილსო – გეტყვის, ყველა რელიგია ამას გეტყვის. ჩვენი დიდი მამები ამბობენ: ვინ გითხრათ, რომ ღმერთი სამართლიანია. ჩვენი ღმერთი რომ სამართლიანი იყოს, რომელიმე ცოცხალი ვიქნებოდითო? ღმერთის სამართლიანობას აგრილებს სიყვარული. როდესაც ადამიანში სიყვარული მთავრდება, იღვიძებს სამართლიანობის გრძნობა, როცა არაფერი აღარ მოსწონს გარშემო, უნდა ცა და დედამიწა გაასწოროს, ნახეთ რა დღეში არიან ეს ცოდვილები. არადა, თავად უფრო ცოდვილ მდგომარეობაში არიან, დაკარგეს სიყვარული, არ უნდათ დაინახონ, რომ ჩაქრნენ ეშმაკივით, რომელიც ადრე ნათლის ანგელოზი იყო, არავინ მოსწონთ. ყველა ადამიანი, რომელიც ცოდვის მონობაშია, სიკვდილს იმსახურებს, მაგრამ ღმერთი განკაცდა სიყვარულით, ისე შეიყვარა ღმერთმა სოფელი ესე, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისი ყოველი მორწმუნე არ დაიღუპოს და ჰქონდეს მარადიული ცხოვრება. როცა ყველაზე მეტად ხართ შეწუხებულები, გაბრაზებულები, ფიქრობთ: რა გვეშველება, პატრიარქი მოხუცდა, მღვდელმთავრები ერთმანეთს კვერთხით დაერივნენ, მღვდლები საერთოდ გადაგვარდნენ, რა უბედურებაა, ვეღარ ნახავ ნორმალურ მღვდელს. უპირველეს ყოვლისა, ამ დროს გაიხსენეთ წმიდა წერილიდან თქვენი საყვარელი მონაკვეთი. თუ არ გაქვთ ასეთი, აუცილებლად ამოარჩიეთ. როგორც კი გაგიჭირდებათ, მაშინვე გაგახსენდებათ ის სიტყვები. როცა ამ ქვეყანაში ვერ გაგიგია, თავი როგორ ინუგეშო, უნდა გადაშალო წმიდა წერილი, წაიკითხო: სამართალი არის ჩემს ხელში, მე არ დაგტოვებ, მე მოვალ და სამართალი იქნება ჩემს ხელში, ყველას თავისი საქმეების მიხედვით მივუსჯიო. შენ თუ დაამყარებ სამართალს, თავად გახდები მათი მსგავსი. ყველა დიდი მამა, რომელიც სასტიკ ბრძოლაში იყო მწვალებლებთან, შემდეგ თვითონ გახდა მწვალებელი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი გააკეთო. ჯერ სიყვარულით უნდა დელაპარაკო. თუ არ გაჭრის ჩვენი სიყვარული, მერე ვნახოთ, როგორ მოვიქცეთ. მაგრამ ეს სიყვარული ვის აქვს, ალბათ, მხოლოდ პატრიარქს, რომელმაც ისიც კი თქვა: თქვენ არაფერი გეშველებათო. მინდა, წმიდა წერილიდან ერთი ადგილი ამოვიკითხო, ესაიას 42-ე თავი, რომელიც მათე მახარებელმა გაიმეორა მე-12 თავის, მე-17, 21-ე მუხლებში და თუ ამას ზეპირად ისწავლით, როცა იქნებით დაბოღმილები, იტყვით ჩვენ არაფერი გვეშველება, მაშინ გაიხსენეთ: „აჰა, ყრმა ჩემი, რომელიც გამოვარჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც სათნოა და ჩემი სული დავდე მასზედა, სამართალს აუწყებს წარმართებს. არ იკამათებს და არც იღაღადებს, არც გაიგონებს ვინმე მის ხმას მოედანზე, შეურყეველ ლერწამს არ გადატეხს, მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს და მისი სახელის წინაშე მოიდრიკება ყველა ადამიანი“. როცა ცუდ მდგომარეობაში იქნები, იტყვი: ქმარი მე არ მყავს, შვილი, ან მყავდა და აღარ მყავს, ფული მე არ მაქვს, სამსახური, ყველაფერი მე მჭირს, მაშინ წაიკითხეთ ეს სიტყვები. არ დაგავიწყდეთ, რომ სისხლით ვართ ეშმაკის მონობიდან გამოსყიდული და ისევ ნუ დავუბრუნდებით ცოდვილ მდგომარეობას. რომ გგონია, ის სოდომ-გომორისტები ჯოჯოხეთში არიან, პავლე მოციქული გეუბნება: ისინი შეგიძღვებიან სამოთხეში, თუ მოინანიესო. შენ თუ ამპარტავნებაში ხარ, დარჩები ამ მუშტი-კრივში, ის კი მოინანიებს და შევა სასუფეველში. ამიტომ, ჩვენი თვალებიდან უნდა იყურებოდეს სიყვარული, მზე ანათებდეს, ერთმანეთი გვიყვარდეს, მე რომ ვარ, შენც უნდა იყო.

скачать dle 11.3