კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-20(907)


ისტორია ორმოცდამესამე
წარსულის აჩრდილი და აწმყოს დაჩრდილვა
(მოქმედი პირები: თეო, ზურა, დუდუ, თეოს ბებია ნანული და თეოს და მაკა)

როცა თვალები გავახილე, ჭერი მეუცნაურა. არადა, სულ ახლახან უკიდეგანო სილურჯეში ვლივლივებდი. უცნაური უწონადობა იყო. ლურჯი, გამჭვირვალე და თან – თბილი. თითქოს ოქროსფერი და ჟღერადი. ჰო, დამეფიცება, მუსიკაც ჩამესმოდა. ისეთი სიმსუბუქე მჭირდა, ისეთი სიმშვიდე და ნეტარება ... არა, ეს თეთრი ჭერი საერთოდაც უადგილოდ გამოიყურებოდა. მარჯვენა მკლავი უხერხულად მედო. გასწორება ვცადე და ტკივილისგან შევკივლე. უფრო ზუსტად, მეგონა, რომ შევკივლე, მაგრამ საკუთარი ხმა ვერ გავიგონე. ყელშიც რაღაც მილები მქონდა ჩადგმული და ხელზე – წვეთოვანი მიერთებული. ნეტა, სად ვარ და რა ხდება ჩემს თავს?! შევეცადე გონება დამეძაბა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. საერთოდ ვერაფერს ვიხსენებდი გამჭვირვალე სილურჯის გარდა. და კიდევ, საფეთქლიდან წამოსული სისხლი გამახსენდა. მაგრამ ვისი იყო ეს სისხლი, ამის გახსენება საოცარ ტკივილს მგვრიდა და გადავიფიქრე.
– თეო, ღმერთო ჩემო, როგორ შეგვაშინე! არა, არ ამოიღო ხმა, ახლა შენთვის არ შეიძლება. კაპილარები გაქვს დაწყვეტილი და საერთოდაც სიმშვიდე და სიჩუმეო! – თავზე ჩემი და მადგა და ისეთი გაფითრებული და შეშინებული მიყურებდა, არასდროს მენახა ასეთი. ის გამახსენდა, რომ დიდად არც არაფრის ეშინია მაკას, მაგრამ ახლა რამ დააფეთა ასე და აქ საიდან გაჩნდა?! ვინ დაუძახა?! ან მე სად ვარ?! არა, ეს ხელი ისე მწიწკნის, თუ არ მოვიფხანე ვეღარ გავუძლებ. მაგრამ მეორე ხელი საერთოდ არ დამემორჩილა. თითქოს მოწყვეტილი ტოტი იდო სხეულის გასწვრივ და გატოკებას არც გეგმავდა. აშკარად შარში ვარ! მაგრამ რატომ?! რა მოხდა?! ავარიაში მოვყევი?! ფეხები! უცბად გამახსენდა სადღაც ნანახი კადრი და წარმოვიდგინე, რომ მუხლებს ქვემოთ კიდურები აღარ მქონდა. გული შემიქანდა და ისეთი ტკივილი ვიგრძენი მკერდის არეში, სულ ფეხზე დავიკიდე ფეხებიც და ავარიაც. ამასობაში, დავინახე, რომ თავზე კიდევ ორი ადამიანი დამადგა. ერთმა წვეთოვანი შეარხია, მეორემ მილი ამოიღო და სხვა რაღაც ჩამიდგა ხახაში, ისე სწრაფად, რომ ხმის ამოღებაც ვერ მოვახერხე. ნეტა, ლაპარაკი თუ შემიძლია? და რა ჯანდაბა ხდება? სად ვარ?! რა მოხდა?! რატომ მტკივა ასე მკერდი და ყელი...
– თეო, ჩემო პატარა, ბებოს ძლიერი გოგო. ყველაფერი კარგად იქნება, ბება გენაცვალოს და მერე ბებიაშენის კუბო დაიდგი, თუ ის არაკაცი ჩემი ხელით არ გავგუდო...
– დედა! ახლა მაგის დროა, ადამიანო? – დედაჩემის ხმაც გავიგონე. ესე იგი, დედაჩემიც აქ არის. ბებიაც... არა, საქმე აშკარად რთულადაა. მართლა ფეხები ხომ არ მომაჭრეს?! ეს როგორ უნდა გავიგო?! ხელებს ვერ ვატოკებ და ფეხებსაც ვერ ვგრძნობ. მთელი სხეული ერთიანად დაბუჟებულივით მაქვს.
– ამის დრო არ არის, მართალი ხარ! მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო! და...
– ადამიანო, გაჩუმდები, თუ რა გავაკეთო? ვერ ხედავ, ეს შენი საყვარელი შვილიშვილი გონზეც არ არის, რას ვიშვიშებ? დააცადე გამოვიდეს ნარკოზიდან და მერე ვილაპარაკოთ. მორჩა, გადით ახლა აქედან და დამტოვეთ ჩემს დასთან მარტო. ჰო, დუდუს გახედე, თუ ქალი ხარ, ბიჭს თვალი არ მოუხუჭავს მთელი ღამე და გიჟს ჰგავს.
დუდუ... დუდუ მახსოვს, აბა, რა დამავიწყებს ჩემს ყოფილ შეყვარებულს. ყოფილს? არა, დუდუ აშკარად არ არის მარტო ყოფილი... და სად არის?! რატომ მახსენდება ასე უსიამოდ რაღაც?! რა მოხდა, ნეტა, ისევ მიღალატა?! მოიცა, როდის მიღალატა... ჰო, ადრე, როცა ის... რა ერქვა?! არა, არ მახსოვს, მაგრამ ვიღაც ცოლად მოიყვანა. და ახლა? ღმერთო. როგორ დავიტანჯე! ვინმემ ამომაძრეთ ეს საშინელება პირიდან და დამელაპარაკეთ წესიერად! არა, არავის გაუგონია ჩემი თხოვნა. არც მე. ხმა სადღაც სიღრმეშივე იკარგებოდა და გარეთ არ გამოდიოდა. აი, თურმე რა! ეტყობა, მეტყველების უნარი დავკარგე! მაგრამ როგორ? ენა ამომაჭრეს? და ვის უნდა ამოეჭრა? რატომ?!
– თეო... – შორიდან ნაცნობი, ოდნავ შესამჩნევი აქცენტით, გაბზარული ხმა ჩამესმა – დუდუ! გულმა ისევ მტკივნეულად დამარტყა და სადღაც საფეთქლებში გამიარა... დუდუ... ზურა... შე ბოზო!... მოგკლავ, ნაბიჭვარო! ხელებს დაგამსხვრევ... ჩემი თეუშკი, როგორ ხარ, პატარა, ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები! ვერავინ ვერასდროს ვერაფერს დაგიშავებს. მე სულ შენ გვერდით ვიქნები და... ჩემი გოგო, როგორ შემაშინე... – დუდუმ თავი თეოს უსიცოცხლო ხელზე დადო და გაირინდა.

დაგვიანებული რეაქცია, ანუ დაკარგვის საფრთხე
(მოქმედი პირები: ლაშა, ეკა, ნოდარი, ლანა, უცნობი მამაკაცები)

ეკა რატომ არ გადმოდის ჩემთან, ვერ ვხსნი. მაგრამ, თუ ასე უნდა, იყოს ასე… თუმცა ხანდახან რჩება ხოლმე და უკვე კარგია. ხანდახან კი არადა, საკმაოდ ხშირადაც. დღეს რა საქმე აქვს? რა უცნაური ხმა ჰქონდა. გვიან შევუვლი, იქნებ ლანას რამე მოვაფიქრებინო და ჩემთან ავიდეთ. დავურეკავ და ვეტყვი. არა, არ დავურეკავ. რომ ვნახავ, მაშინ ვეტყვი. აი, მირეკავს…
– ჰო, ეკა. მე ჯერ სამსახურში ვარ, მაგრამ გამოვდივარ… ვისთან? კაი, გამოგივლი და შენი მანქანა სადაა? აჰა, ისეირნე, ესე იგი. მოვალ 20 წუთში.
***
ეკას სურნელი მიყვარს, ამიტომ ვთხოვ ხოლმე, რომ სუნამო, თუ მაინცდამაინც, ოდნავ დაისხას, რომ მისი გემო და არომატი არ გადაფაროს. მანქანაში რომ ჩაჯდა, ყელში ვაკოცე: ყოჩაღ, თითქმის არ დაგისხამს.
ეკამ გამიღიმა და ტუჩებში მაკოცა: აი, ასეთი დამჯერე ვარ. სახლში ხომ გამიყვან?
– ჩემთან წავიდეთ. ლანა რამეს მოიფიქრებს.
– ჯერ ჩემს სახლში გამიყვანე, რაღაც უნდა ავიღო და, თან, რაღაც უნდა გითხრა კიდეც.
თავი დავუქნიე და მანქარა დავძარი: რა უნდა მითხრა? თუ გავაჩერო?
– არა, შენ იარე, ასე უფრო იოლად გეტყვი.
– რა უნდა მითხრა ასეთი? – მკვეთრად დავამუხრუჭე.
– შენ იარე და გზას უყურე. მოკლედ, მე ცოტა პრობლემები მაქვს, აი, უშვილოსავით ვარ, რაღაც მკურნალობები და მთელი ამბები სჭირდება.
– ახლა ყველაფერს კურნავენ, – დიდი მცოდნესავით ვუთხარი, გასამხნევებლად, – ანუ გინდა, რომ მე ეს ვიცოდე?
– ნუ მაწყვეტინებ. ჰოდა, აი, შენც რომ დაიჟინე, არ მინდა ეს პრეზერვატივიო, ხომ ვიცოდი, რომ მაინც არაფერი, აი, ამ ამბის გამო და ამიტომ დაგთანხმდი.
– იცი, იმდენს მივხვდი, რომ დამთანხმდი?! – მართალია, მეცინებოდა, მაგრამ ვერაფრით ვიგებდი, საით მიჰყავდა საუბარი.
– ჰოდა, ციკლიც არ დამრღვევია.
– ეს დეტალიც მახსოვს რიგ მიზეზთა გამო, ჩემს მეხსიერებას ამოწმებ?
– დამაცადე, რა. ჰოდა, დღეს დილით ექიმთან ვიყავი.
– რატომ? რამე გჭირს?
– არა, ექვს თვეში ერთხელ ვესინჯები, აი, ამ ჩემი პრობლემის გამო.
– და რა გითხრა?
– არ ვიცი…
– მოიცა, რა გითხრა? რატომ ჭიმავ?
– რა მითხრა და… ფეხმძიმედ ვარ.
ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გზას მივაშტერდი. ვიცოდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ ის სიტყვები რომ ვერ ვიპოვე, რაც უნდა მეთქვა ამ დროს რომ ამბობენ ხოლმე, ჰაერში უხერხული პაუზა დაეკიდა, რომელიც ისევ ეკამ დაარღვია: მგონი, ეჭვი არ გეპარება, რომ მე ამას სპეციალურად არ გავაკეთებდი.
– რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება – როგორც იქნა, მოვახერხე რაღაცის თქმა და სიმართლეც ვთქვი. მართლაც ასე ვფიქრობდი, ეკა კი განაგრძობდა.
– მე მესმის, რომ ორივე ვიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ, შენ რაც უნდა თქვა, მე დავიტოვებ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ნამდვილი საჩუქარია, თან, 10 კვირისაა უკვე, – გზას თვალს არ ვაშორებდი, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეკამ გაიღიმა, – მინდა, რომ იცოდე, შენ არ გაქვს არანაირი ვალდებულება, თუ არ გინდა.
– როგორ არ მაქვს?! მაქვს… – ჩემდა უნებურად გადავითვალე ათი კვირა და შევეცადე, გამეხსენებინა ის პერიოდი. კი, უკვე… ეკა მშვიდად ლაპარაკობდა:
– ხომ შეიძლება, რომ შენ არ გინდა, არ ხარ მზად, ჩემგან არ გინდა… ნუ, რა ვიცი, უამრავი ვარიანტია… ვიფიქრე, რომ უნდა გცოდნოდა. შენ იფიქრე.
ეკას სახლთანაც მივსულიყავით. არ მესიამოვნა, იმიტომ რომ, თუ გზას არ ვუყურებდი, ესე იგი, მისთვის უნდა შემეხედა. რომ შემეხედა, რაღაც ისეთი უნდა მეთქვა, რაც მას გაახარებდა, ანუ, ჩემი აზრით, გაახარებდა, მე კი არაფრის თქმა არ შემეძლო. არც მისი მოტყუება მინდოდა. აზრიც არ ჰქონდა, სიყალბეს იგრძნობდა.
– გინდა, ამოხვიდე? დედაჩემი დეიდაჩემთან წავიდა. ჩუმად შეგაპარებ ჩემს საძინებელში, – ეკა ისე გადაერთო სხვა ტალღაზე, თითქოს მთელი გზა მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, როგორ მოვხვდებოდი მის საძინებელში შეუმჩნევლად.
– ახლაღა გამახსენდა, რომ საბუთები მაქვს გასაგზავნი და თუ დავაგვიანებ, საქმე გამიფუჭდება, მაგრამ, თუ დროზე დავამთავრე, მაშინვე მოვალ, – ურცხვად მოვიტყუე და, ასევე, ურცხვად გავუსწორე თვალი.
– კარგი, საქმე არ უნდა გაიფუჭო. წავალ მაშინ და ჩემი ტელეფონის ნომერიც იცი და სახლის მისამართიც, – ეკა გადმოიხარა, ლოყაზე მაკოცა და მანქანიდან გადავიდა. ისე შევიდა სახლის ეზოში, რომ უკან არც მოუხედავს.
მანქანა დავქოქე და გზა გავაგრძელე. ზუსტად ვიცოდი, რომ ის არ ვთქვი, რაც უნდა მეთქვა; არც ის ვიგრძენი, რაც უნდა მეგრძნო. დავიბენი?! არა, არ დავბნეულვარ: მე მზად არ ვიყავი იმ ურთიერთობისთვის, რომელშიც უკვე სამი მიიღებდა მონაწილეობას. ეს დაუგეგმავ ვალდებულებად მეჩვენებოდა. და დაუგეგმავი ვალდებულება რა არის? შვილი? ეს სიტყვა მეუცხოვა… თუ არ მესიამოვნა?! რომელი იყო, ამას ჯერჯერობით ვერ ვარკვევდი. მანქანა ისევ გავაჩერე. ვცდილობდი, არაფერზე მეფიქრა. რთულ სიტუაციებში ყოველთვის ასე ვიქცევი ხოლმე: თუ ტვინი ცარიელია, იქ აუცილებლად მივა სწორი გადაწყვეტილება. ეს მეთოდი საქმეშიც გამომდგომია. ამასობაში წვიმაც დაიწყო: ჩუმად წვიმდა და თითქოს არც ასველებდა.
ის ღამე გამახსენდა, ნაბიჭვარი ვაჟა… და ყველა საჭირო სიტყვა ერთბაშად აწრიალდა თავში. ეკას სახლისკენ მივტრიალდი. მოსახვევთან ჩამუქებულშუშიანი მანქანა გამოვარდა, მკვეთრი მუხრუჭისგან საბურავები სველ ასფალტზე მოსრიალდა და ოდნავ მომაცურა. ავტომატურად შევხედე ავტომანქანის ნომრებს, რუსეთის იყო. გაორმაგებული ენერგიით შევუკურთხე. თითქმის ეკას სახლთან ვიყავი. თან, ვურეკავდი: ტელეფონი, რატომღაც, გამორთული ჰქონდა. მანქანა ეზოში შევიყვანე და ეკას ფანჯრებს ავხედე: შუქი ენთო. კიდევ დავრეკე: ტელეფონი ისევ გამორთული იყო. მაინც ავედი და კარზე დავრეკე ზარი, ბინიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. არც კარს აღებდა ვინმე. ლანას ნომერი ავკრიფე: ეკას სახლის ნომერი გამომიგზავნე… კარგად ვარ, ახლა არ მცალია. დაგირეკავ ცოტა გვიან.
ახლა უკვე ეკას სახლის ტელეფონზე ვრეკავდი.  ტელეფონის ხმა მესმოდა, მაგრამ მას არავინ იღებდა.
ლანასთან ავედი. გაკვირვებულმა გამიღო კარი: აქ იყავი? რა მოხდა? რანაირი სახე გაქვს?
– სად შეიძლებოდა, ეკა წასულიყო? – ლანამ მხრები აიჩეჩა და თავი გადააქნია, – მაშინ ჩადი და მის კარის მეზობლებს ჰკითხე, ხომ არ დაუნახავთ. ახლავე ოღონდ. მე მოვიყვანე, ალბათ, ნახევარი საათის წინათ.
ლანა მალევე დაბრუნდა.
– ლაშა, წინა მეზობელმა მითხრა, ვიღაც ორ კაცს მიჰყვებოდაო. სახლიდან ერთად გამოვიდნენო. ადრე არასდროს მინახავს და წვერები ჰქონდათო. ანუ ეკა შუაში იდგა და პატარა ჩანთა ეჭირა ხელში. ჭუჭრუტანიდან დაუნახავს.
მაშინვე ნოდარს დავურეკე: ნოდარ, უნდა მოხვიდე ჩემი დის სახლში და წამოიყოლე ვინმე, ვინც რკინის კარს გააღებს დაუზიანებლად ან ფანჯრიდან გადავა ბინაში. რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოხვიდეთ.
ლანას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ხელით ვანიშნე, რომ ხმა არ ამოეღო. საკუთარ თავზე გაბრაზება ნებისმიერზე შეიძლებოდა, ამომენთხია და არ მინდოდა, რომ ეს მაინცდამაინც ჩემი და ყოფილიყო.
ნოდარი ზუსტად 15 წუთში მოვიდა… ეკას ბინის კარი გავაღეთ. მისი გამორთული ტელეფონი მაგიდაზე იდო. სხვა არაფერი ყოფილა უჩვეულო. კარი ისევ დავკეტეთ და ლანასთან ავედით. ნოდარს მოვუყევი, რაც ვიცოდი. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, ოთახში ბოლთას ვცემდი უაზროდ და უმისამართოდ. ნოდარი სადღაც რეკავდა, რაღაცებს არკვევდა. მისი ხმა შორიდან ჩამესმოდა, სიტყვებს ვერ ვარჩევდი. მხოლოდ მაშინ მივაქციე ყურადღება, როდესაც ხელი მომკიდა: ბატონო ლაშა, პირველ სართულზე არის „ბუტიკი“ და უყენიათ სათვალთვალო კამერები, ხვალ დილით ამოვიღებთ ჩანაწერებს და ზუსტად ვნახავთ, ვინ და როდის გავიდა ამ სახლის ეზოდან.
– ნოდარ, დილამდე ვერ მოვიცდი. ახლავე უნდა ვნახოთ ჩანაწერები! ახლავე!
– ძალიან ღელავთ, ეს კი საქმისთვის არ ვარგა…
– ჭკუას ნუ მასწავლი, გააკეთე, რაც გითხარი!
ეტყობა, ისეთი სახე მქონდა, რომ ნოდარს სიტყვა არ შემოუბრუნებია. მე ისევ ოთახში დავდიოდი წინ და უკან: ლანა შეშინებული მიყურებდა.
დროის შეგრძნება დავკარგე: სად უნდა წასულიყო, ვინ იყო ის ორი კაცი, რატომ გაჰყვა, ჩანთა რად უნდოდა?! ან მე როგორ გავუშვი?! მითხრა, რომ შვილს ელოდებოდა ჩემგან და მე გავიქეცი და მარტო დავტოვე. და ახლა გაქრა. სულ რომ გაქრეს და ვეღარასდროს ვეღარ ვიპოვო?! არც მოუხედავს მანქანისკენ. არც მე მოვიხედავდი მის ადგილას. ხომ მიხვდა, რომ მოვატყუე და არანაირი საბუთები არ მქონდა გასაგზავნი. რამე თუ მოუვიდა?! არა, რა უნდა მოსვლოდა! ნაცნობები იქნებოდნენ, იქნებ მისი ძმის მეგობრები იყვნენ?!
– რა მიკვირს, იცი? – ლანას ხმამ გამომაფხიზლა, – ეკა არ არის ის ადამიანი, რომელიც ასე მორჩილად გაჰყვებოდა უცნობებს. რაღაცას იზამდა, ან იყვირებდა, ან გაიქცეოდა, ან გადახტებოდა, ან სახეს ჩამოუკაწრავდა… ნუ, რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებდა. ამიტომ მგონია, რომ ნაცნობები იყვნენ და ნაჩქარევად გავიდა სახლიდან და ტელეფონიც დარჩა.
ლანასთვის არაფერი მიპასუხია. ის კი არ ჩერდებოდა.
– ძამიკო, რამეს მოგიტან და ჭამე. გთხოვ და ნოდარმაც მიირთვას.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე: ლანა ოთახიდან გავიდა. ნოდარმაც, როგორც იქნა, დაასრულა, ტელეფონზე ლაპარაკი: ერთ საათში მოვა მენეჯერი და ვნახავთ ჩანაწერებს.
– ნოდარ, არ მინდოდა შენი წყენინება, ძალიან გაღიზიანებული ვარ და…
– მესმის, – ნოდარმა მხარზე ხელი დამადო, – რა მინდოდა, მეკითხა, შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევას რამე კავშირი ჰქონდეს თქვენს საწყობში იმ გვამის შემოგდებასთან?
საკუთარ თავზე მომივიდა ბრაზი: აქამდე როგორ არ გამახსენდა?!
– ნოდარ, იმ ტიპის ნომერი მინდა, აი, ინფორმაციის შეგროვება რომ დაგავალე.
ტელეფონს არ პასუხობდა, ამიტომ მივწერე: „ლაშა ვარ დადვანი. შე ნაბიჭვარო, თუ არ გამოუშვებ, ჩაგაბოზებ პოლიციაში“.
ზუსტად ერთ წუთში მომწერა: „როგორც კი პოლიციაში წახვალ, ეგრევე მოკლავენ. ახლა შენ გადაწყვიტე, რას იზამ. და ნუ მერევი, ეკას მე მივხედავ. შენ მაინც არავინ ხარ.“
იმ ნაბიჭვართან ლაპარაკს აზრი აღარც ჰქონდა. ამდენს ვხვდებოდი, ამიტომ ნოდართან ერთად ამ ისტორიის დეტალების დადგენას შევუდექით. ჩანაწერებიც ვნახეთ, მანქანის ნომერიც და გათენებამდე ნოდარმა თითქმის ყველა საჭირო ინფორმაციაც შეაგროვა:
– ზელიმხან რადუევი და ვაჟა ცუცქირიძე ერთხანს პარტნიორები იყვნენ. იარაღის ვაჭრობაშიც უნდა ყოფილიყვნენ გარეულები და ნავთობისაც. არ ვიცი, საიდან გაიცნეს ერთმანეთი, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ზელიმხანი ძალიან ენდობოდა. ვაჟამ, რაც 2008 წლის მერე შეწყდა დიპურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის, ისარგებლა ამით და საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა მოუტეხა. მოატყუა, რომ აქ საქმეები ცუდად წავიდა და მთელი ფული ქრთამად მისცა, რომ არ დაეჭირათ. ეტყობა, ახლა ვალის დაბრუნების დრო მოვიდა, თუმცა არ ვიცი, ამდენი ნაღდი ფული როგორ უნდა გადაიტანონ საზღვარზე და ვერც ქალბატონი ეკას კავშირი დავადგინე ამ საქმესთან. ვფიქრობ, ოჯახის წევრი რომ მოეტაცებინათ, სკანდალი აგორდებოდა, მაინც საჯარო პირია, იმ ზელიმხანს კი მხოლოდ თავისი ფული უნდა. მაგრამ არ ვიცი, რატომ ჩათვალა, რომ ვინც გაიტაცა, იმის გასათავისუფლებლად ფულს გადაიხდის...
– დავუშვათ, არ გადაიხადა ფული. მერე რა ხდება?
– არ ვიცი, – ცოტა დაბნეულად მიპასუხა ნოდარმა. მომეჩვენა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა.
– თქვი.
– მე არ მგონია, რომ მოკლან. მე უფრო სხვა ვერსია მაქვს… მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიაა და მეტი არაფერი… ზელიმხან რადუევს კავშირი აქვს ჯიჰადისტებთან, უბრალოდ, მათთვის ამ ეტაპზე არ არის ხელსაყრელი საქართველოს ტერიტორიაზე აქტივობა, თორემ ის ვალი მათთვის ფულიც არ არის, უფრო თავმოყვარეობის ამბავი უნდა იყოს და იმ ვაჟას უცებ გაატარებდნენ ხორცსაკეპში თავის ოჯახიანად… მოკლედ, იქ ქალების დეფიციტია და ვვარაუდობ, რომ არ მოკლავენ.
– გასაგებად თქვი, ვერ გავიგე.
– ქალები ცოტანი არიან, ამიტომ მათი გადაბირების ფართო კამპანია აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში, სოციალური ქსელებით ეცნობიან ეს ტერორისტები გამოგონილი სახელებითა და სიმპათიური მამაკაცების ფოტოებით პროფილზე. აბამენ ვირტუალურ რომანს, მერე ჩადიან ეს სულელი ქალები თავის ვითომ საქმროებთან, მაგრამ ადგილზე ეუბნებიან, რომ საქმრო დაიღუპა, ამიტომ სხვას უნდა გაჰყვეს ცოლად და აი, ასე სექსმონებად ამუშავებენ. ტერორისტი ბევრია, ქალი – ცოტა.
– და მერე? – ჩემი ტვინი ვერა და ვერ იგებდა, რის თქმას ცდილობდა ნოდარი.
– ის, რომ შეიძლება, იქ გაუშვან.
– ვინ?
– ქალბატონი ეკა… – ნოდარმა ეს ორი სიტყვა ძალიან ჩუმად თქვა. ხმა არ ამომიღია. ამ აზრს რომ გავყოლოდი, აზროვნებისა და მოქმედების უნარს დავკარგავდი, ამიტომ ნოდარის ნათქვამი ავისხლიტე, თუმცა ტვინში ხიჭვივით ჩამერჭო. ნოდარს, ჩემდა გასაოცრად, მშვიდადაც კი ვკითხე: და შენ რას მთავაზობ? რომ არ მიუტანოს იმ ნაბიჭვარმა ფული?! ან რა თანხაზეა ლაპარაკი, როგორ გავიგებთ? ის ზელიმხანაა თუ ვიღაც, აქაა?
– არ მგონია. შემსრულებლებს გამოუშვებდა. არ ვიცი.
– ნოდარ, კონტაქტზე უნდა გამიყვანო. მე გადავიხდი იმ თანხას.
ნოდარმა გაკვირვებულმა შემომხედა: მინიმუმ, რამდენიმე მილიონზე იქნება ლაპარაკი, ალბათ და ასე უცებ ამდენ ქეშს თქვენ ვერ იშოვით, გამორიცხულია, ვერც გადარიცხავთ, – მაგრამ ჩემი სახის გამომეტყველება რომ დაინახა, როგორც ჩანს, გადაიფიქრა და სწრაფად დაამატა: ვფიქრობ, აუცილებლად ვიპოვით რამე გზას.
ჩემი ტვინი მუშაობდა მშვიდად და რაციონალურად და, ასევე, მშვიდად ვუთხარი ნოდარს: ჩემს ბიზნესს გადავუფორმებ. კარგად მუშაობს, მომგებიანია. ნოტარიუსთან ერთად მივალ, სადაც იტყვიან.
– შუამავალი მაინც დაგჭირდებათ, ვისაც ისინი ენდობიან. მე ამაში, სამწუხაროდ, ვეღარ დაგეხმარებით.
შუამავალი… შუამავალი… რა თქმა უნდა, დუდუ! მაშინვე დავრეკე და აშკარად უდროო დროს: მეგობარო, ლაშა ვარ… არ ითმენს საქმე, თორემ არ დაგირეკავდი ნაშუაღამევს. სასწრაფოდ უნდა გნახო. სად მოვიდე?.. კი, კი, ვიცი. უკვე გამოვდივარ…
ნოდარს ვანიშნე, გამომყოლოდა და ჩემმა ტელეფონმაც დარეკა: ნომერი არ დაიწერა. ნაცნობი ხმა შემომესმა: მე ხომ გითხარი, რომ შენი საქმისთვის მიგეხედა?! ვერ ხვდები, რომ ახლა ეკას სიცოცხლე ჩემს ხელშია? ან გააკეთებ, რასაც გეტყვი ან, უბრალოდ, ფულს არ მივიტან. რომ იცოდე, 24 საათი ამ საღამოს იწურება.“ გათიშა თუ არა, 10-წამიანი ვიდეო მოვიდა: ნამდვილად ეკა იყო, აი, იმ კაბაში, რომელიც დღეს ეცვა, სკამზე იჯდა, თვალები ახვეული ჰქონდა, ხელები – ზურგს უკან შეკრული, ვიღაცის შავხელთათმანიან ხელს იარაღი ეჭირა და ეკას მარცხენა საფეთქელს უმიზნებდა. ფოტოს შეტყობინებაც მოჰყვა: „თუ კიდევ გადავეყრები შენს კვალს, რომ რაღაცას ქექავ, ფულს არ მივიტან“. ნომერი არ იშიფრებოდა, მაგრამ გასაგები იყო, ვინ მემუქრებოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3