კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№20 ვინ იყო ილიკო სუხიშვილის პირველი პარტნიორი ქალი, რომელზეც მთელი საბჭოთა კავშირი გიჟდებოდა და რატომ თქვა მან უარი ჰოლივუდიდან მიღებულ შემოთავაზებაზე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

საქართველოს სახალხო არტისტმა ალექსანდრა (შურა) თოიძემ რუსთაველის თეატრის სცენაზე მრავალი როლი შეასრულა. 12 წელი ემსახურებოდა ქართულ კინოს, მაყურებელმა შეიყვარა მის მიერ 22 წლის განმავლობაში განსახიერებული: დეზდემონა, ირინა, ეკატერინე ჭავჭავაძე და კიდევ ბევრი სასცენო როლი. გადაღებულია ფილმებში: „ჭრიჭინა“, „ქეთო და კოტე“, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ და სხვა. ცნობილია, რომ როდესაც მოსე თოიძემ თამარ მეფე დახატა, მოდელად ალექსანდრა გამოიყენა. თუმცა მანამდე იყო წარმატებული მოცეკვავის კარიერა ძალიან ახალგზარდა ასაკში და სწორედ ალექსანდრა თოიძე იყო გოგონა, რომელიც ილიკო სუხიშვლს ნინო რამიშვილამდე უწევდა პარტნიორობას.
ქეთი ბენდელიანი (ხელოვნებათმცოდნე, ალექსანდრა თოიძის რძალი): ალექსანდრა თოიძე ხელოვნებაში ძალიან გარკვეული იყო და მხატვრობაც არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. საბალეტო სკოლაში ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად სწავლობდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან, მის დასთან და ოჯახებით კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ბავშვობიდან ერთად ცეკვავდნენ. ცნობილი ფაქტი იყო, რომ ბალეტთან ერთად შურა ძალიან კარგად ცეკვავდა ქართულ ცეკვებს. მამამისი, მოსე თოიძე, დიდი მხატვარია.
ალექსანდრა თოიძის შვილიშვილი, ფსიქოლოგი დავით ამირეჯიბი:  შურას მამა – მოსე თოიძე და ძმა – ირაკლი თოიძე მთელ საქართველოში დადიოდნენ და ფოლკლორის ნიმუშებს აგროვებდნენ. ბებიაც არაერთხელ ყოფილა მათთან ერთად და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართული ცეკვის სპეციფიკას სწავლობდა. შედეგად, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ჩამოყალიბდა ქართული ცეკვის ძალიან კარგ სპეციალისტად.
ქეთი ბენდელიანი: მისი თანამედროვეები იხსენებენ, რომ შურა უბადლოდ ცეკვავდა ქართულს. მისი ნათესავები – თოიძეებიც ქართულის გამორჩეული მოცეკვავეები იყვნენ. ცნობილია, რომ ილიკო სუხიშვილის პირველი პარტნიორი შურა თოიძე გახლდათ და მათი წყვილი ძალიან წარმატებული და ცნობილი იყო.
დავით ამირეჯიბი:  ბებია, არა  მარტო ილიკოსთან, სხვა არაჩვეულებრივ მოცეკვავეებთან ერთადაც ცეკვავდა. ერთ-ერთ მათგანთან ერთად იყო ოცდაათიან წლებში მოსკოვში ქართული კულტურის პირველ ძალიან დიდ დეკადაზე, სადაც მათმა ცეკვამ ფურორი მოახდინა. საბჭოთა კავშირისთვის ეს იყო პირველი შეხება ქართული ცეკვის ფენომენთან. საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად მათ გაიტანეს ქართული ცეკვა და მთელი საბჭოთა კავშირი ამაზე ლაპარაკობდა.
ქეთი ბენდელიანი: შურა ულამაზესი ქალი იყო. მე რომ გავიცანი, 64 წლის იყო და თვალს ვერ მოწყვეტდით, ისე ანათებდა. უბადლო სახის კანი, ულამაზესი ნაკვთები, თავის ფორმა, მწვანე თვალები და ზღაპრული თმა ჰქონდა. ამ სილამაზის, ცეკვისა და არტისტულობის წყალობით ბავშვობიდან საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. ძალიან ადრე 17 წლის ასაკში დაქორწინდა ვლადიმერ მაჭავარიანზე, რომელიც მასზე ერთი წლით უფროსი იყო. იმ პერიოდში მისმა ძმამ, ირაკლიმ, რომელიც ვუნდერკინდი მხატვარი იყო, მისი შესანიშნავი პორტრეტი დახატა, რომელიც ახლა მოსე თოიძის სახლ-მუზეუმშია ექსპონირებული. ირაკლის ერთ-ერთი პირველი პერსონალური გამოფენა ულამაზესი ქალბატონების, ნორა ბაგრატიონის, შურა თოიძის, თამარა თოიძის და სხვების, ულამაზესი პორტრეტებისგან შედგებოდა და ვერიკო ანჯაფარიძისა და მიშა ჭიაურელის სახლში გაიმართა. გამოფენას მთელი ინტელიგენცია ესტუმრა. დამთვალიერებლებს შორის აღმოჩნდა რეჟისორი იური ჟელიაბუჟსკი, რომელიც იქ ნიკოლოზ შენგელაიამ მიიყვანა. მან შურა პორტრეტზე ნახა და ისე მოეწონა, თქვა: აი, ეს არის სვანური ლეგენდის, „დინა ძაძუს“ მთავარი როლის შემსრულებელიო, რომლის გადაღებასაც აპირებდა. მის გადაღებულ ფილმს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად და ამერიკაშიც მიიწვიეს.
– ეს ის ფილმია, რომელსაც ჰოლივუდიდანაც კი მოჰყვა გამოხმაურება?
– კი, ფილმი ჰოლივუდშიც აჩვენეს. თავად ჟელიაბუჟსკიმ კი, იქ გააგრძელა კარიერა. შურათი იმდენად მოიხიბლნენ, რომ რამდენიმე რეჟისორმა მიიწვია  ჰოლივუდში, გერმანიაში. ის ამ დრამატულ ფილმში სვანი ქალის როლს თამაშობდა. მის გმირს საოცარი პლასტიკურობა სჭირდებოდა და გამომდინარე იქიდან, რომ შურა ბალეტს ძალიან კარგად ცეკვავდა, ამ როლის მორგება არ გასჭირვებია.
უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ერთად რომ ვისვენებდით ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში, უნდა გენახათ, მიუხედავად მისი ასაკისა, ნახევარი საათის განმავლობაში რამდენი მამაკაცი იყრიდა მის გარშემო თავს. გარდა იმისა, რომ არისტოკრატული დახვეწილი სილამაზე და სინატიფე ჰქონდა, იმავდროულად ძალიან განათლებული ადამიანი იყო და შესაბამისად, საოცრად კარგი მოსაუბრე. მის სახლში უზარმაზარი ბიბლიოთეკაა. ეს წიგნები რომ დაათვალიეროთ, ნახავთ, რომ ყოველი მესამე წიგნი პირადად მისთვის მიძღვნილი ლექსებია, ნაცნობი თუ უცნობი თაყვანისმცემლებისგან. ეტრფოდნენ მწერლები, მსახიობები, მომღერლები. ცნობილი მომღერალი კოზლოვსკი იყო მასზე შეყვარებული. სიცილით იხსენებდა ხოლმე, გულზე ჩამოკიდებული მედალიონი მაჩვენა, რომლშიც ჩემი ფოტო ჰქონდა ჩადებულიო. საქართველოში გოგლა ლეონიძეს და კიდევ უამრავ მწერალს ჰქონდა მისთვის ლექსი მიძღვნილი, მხატვარი არ დარჩენილა, რომ მისი პორტრეტი არ დაეხატა, მაგრამ ეს მხსოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით არ ხდებოდა. მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით იყო ცნობილი და საზღვარგარეთ თუ წავიდოდა, იქაც მაგნიტივით იზიდავდა თაყვანისმცემლებს. მახსოვს, ერთ იტალიელი მილიონერს იხსენებდა ხოლმე, რომელიც მასზე გიჟდებოდა.  
საოცარი წარმატება ჰქონდა, მოწვევა ჰოლივუდიდან, მაგრამ ვინ გაუშვებდა ამერიკაში, ამ დროს უკვე ფეხმძიმედ იყო. შემდეგ მიიწვიეს რუსთაველის თეატრში და რობაქიძის „ლამარაში“ მთავარ როლს ასრულებდა, მანამ, სანამ გრიგოლ რობაქიძე არ აიკრძალა. თეატრში ძალიან დაკავებული იყო. მისგან მახსოვს, რომ ინგლისში უნდა წასულიყო, მაგრამ ვერ წავიდა ოჯახური მდგომარეობისა და თეატრში დატვირთულობის გამო. ამ ყველაფერთან ერთად, ცეკვაც აღარ გამოდიოდა. ზუსტად ამ დროს ჩაანაცვლა შურა თოიძე ნინო რამიშვილმა.
– გული არ სწყდებოდა, რომ უარი თქვა ცეკვაზე, ჰოლივუდზე?
– გული სწყდებოდა, რადგან ძალიან მოსწონდა ეს ყველაფერი და საოცრად გამოსდიოდა. ოცი წელი „დეზდემონას“ თამაშობდა – აკაკი ხორავას პარტნიორი იყო. „ქეთო და კოტე“ რომ გადაიღეს, ამ დროს კინემატოგრაფიის მინისტრი მისი მეუღლე, ვლადიმერ მაჭავარიანი იყო. მან ძალიან ბევრი ქართული ფილმი გადაიღო და მათ შორის ერთ-ერთი იყო ესეც. იქ ზუსტად შურა თოიძე ცეკვავს ქართულს ილიკო სუხიშვილთან ერთად.
– რაც შეეხება მისი მეუღლისა და შვილის ცხოვრებას?
– ვლადიმერ მაჭავარიანი პუბლიცისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი იყო. უცხო ენათა ინსტიტუტი მან დაარსა და ზოგადად, ძალიან ნაყოფიერად მოღვაწეობდა. კინოსტუდიის დირექტორი, შემდეგ კი კინემატოგრაფიის მინისტრი გახლდათ. მათი შვილი მაია მაჭავარიანი, მსოფლიო დონის ლინგვისტი იყო. მან ენათმეცნიერებაში ახალი მიმართულება შექმნა. ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში ასწავლიდა და უამრავი ქართველი და უცხოელი მეცნიერი ჰყავს გაზრდილი. ის ზვიად გამსახურდიას დროს პირველი მოწვევის დეპუტატი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობაზე აქვს ხელი მოწერილი.
– პირადად შურასგან თუ გახსოვთ მოგონებები ილიკო სუხიშვილთან დაკავშირებით?
– აღფრთოვანებული იყო ილიკოს ტექნიკით, მახსოვს, ამბობდა, რომ ილიკოს არაჩვეულებრივი პლასტიკა ჰქონდა და ძალიან ტემპერამენტიანი მოცეკვავე იყო. ბუნებრივია, ასევე, ძალიან კარგად იყო გაცნობიერებული ქართული ცეკვის ელემენტებში. ასეთივე გულმხურვალე შემფასებელი იყო ნინო რამიშვილისაც.
скачать dle 11.3