კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ გაიზარდა ალიმენტის გადამხდელი დედების რიცხვი

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

განქორწინებების გაზრდილი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ალიმენტის დაკისრების შემთხვევათა რაოდენობაც იმატებს. ფაქტია ისიც, რომ საოჯახო დავების შედეგად,  უფრო და უფრო იზრდება  იმ ქალების რიცხვიც, ვისაც ყოფილი ქმრები შვილებისთვის ალიმენტის გადახდას სთხოვენ. ქართული სასამართლო პრაქტიკა ასეთ ისტორიებს უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით ინახავს. ამის შესახებ იურისტ კოტე გელაშვილს გავესაუბრეთ, რომელსაც ამ მიმართულებით   საოჯახო დავების გამოცდილება  აქვს.  
კოტე გელაშვილი: ჩვენი მენტალობიდან თუ ტრადიციიდან გამომდინარე, ოჯახის დაშლის შემთხვევაში, შვილები უფრო ხშირად დედასთან რჩებიან, ვინაიდან დედები გაცილებით მეტად ურთიერთობენ შვილებთან, და ისინიც არჩევანს  დედასთან ცხოვრებაზე აკეთებენ. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი შვილი დედასთან რჩება, მეორე – მამასთან, რაც  პირველ რიგში, ბავშვის აზრის გათვალისწინებით ხდება, თუმცა ეს არის ყველაზე ცუდი მოცემულობა ბავშვებისთვის, რომლებიც  ერთმანეთს  შორდებიან  და ასეთი გადაწყვეტილებები ბავშვის საუკეთესო ინტერესთან წინააღმდეგობაში მოდის.  ასეთ რთულ და სენსიტიურ საკითხებში, როდესაც საქმე ეხება შვილების განცალკევებას,    მოსამართლე აუცილებლად ხელმძღვანელობს სოციალური მუშაკების რეკომენდაციით, და გადამწყვეტი ხდება არა მშობლების, არამედ   ბავშვების პოზიცია.  ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც  განქორწინებული წყვილიდან შვილები რჩებიან მამასთან, რომელიც შემდეგ  დედისთვის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.  ფაქტია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა,  გაიზარდა იმ დედების რაოდენობა, ვისაც შვილებისთვის  ალიმენტის გადახდა უწევს. ქართულ სასამართლოში არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი მამა ითხოვს დედისგან ალიმენტს შვილისთვის.  სამოქალაქო კოდექსი ორივე მშობელს თანაბრად ავალდებულებს, იზრუნონ შვილებზე, შესაბამისად, ოჯახის დაშლის შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს მამასთან, მამას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, დედისთვის ალიმენტის მოთხოვნით, იმისთვის, რომ ბავშვის მატერიალური მდგომარეობა უზრუნველყოფილი იყოს. თუ დადასტურებულია, რომ  ბავშვი ცხოვრობს მამასთან და დედას აქვს გარკვეული მატერიალური შესაძლებლობა,  სასამართლო მას აკისრებს ალიმენტს, ძალიან იშვიათია შემთხვევები, როდესაც სასამართლო ამას არ აკეთებს. ეს მოთხოვნა შესაძლოა, არ დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ პირი – დედა ან მამა, რომელსაც სთხოვენ ალიმენტის გადახდას არის  შრომისუუნარო.
– თუ   დედა უმუშევარია, ან სოციალურად დაუცველი, მას მაინც ეკისრება ალიმენტი?
–  არც ერთი ეს არგუმენტი არ გამოდგება მიზეზად, რომ დედას ალიმენტის გადახდა არ დაეკისროს,  ერთადერთი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც ხდება, არის შეზღუდული შესაძლებლობების ქონა, სხვა შემთხვევებში სასამართლო, ძირითადად, აკმაყოფილებს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნას. კანონის მიხედვით, შვილზე ზრუნვის ვალდებულება ორივე მშობელს აკისრია.  ის სოციალურად დაუცველია თუ უმუშევარი, ეს ვალდებულება მაინც აქვს. უმუშევარი მშობლის შემთხვევაში, სასამართლო მაინც აკისრებს პირს ალიმენტის გადახდას, ოღონდ მინიმალური ოდენობით. არსებობს შემთხვევები, როცა ალიმენტის საფასურის შესამცირებლად, ან პირიქით, გასაზრდელად მხარე ხელახლა მიმართავს სასამართლოს და ახალი გარემოების, მაგალითად, სამსახურში ხელფასის გაზრდის გამო, საქმის ხელახლა შესწავლას ითხოვს.  თუკი მშობელს, ვისაც ალიმენტის გადახდა ეკისრება, არ აქვს ოფიციალური სამსახური და არ ფლობს უძრავ ქონებას, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება პრობლემაა. ალიმენტის გადახდის ვალდებულებას ხანდაზმულობა არ გააჩნია და პირი მოვალეთა რეესტრში ირიცხება, ვიდრე ის დაგროვილ დავალიანებას არ დაფარავს. ალიმენტის პრინციპულად არ გადახდის შემთხვევაში,  როდესაც მხარეს აქვს ფინანსური შესაძლებლობა და ამას მაინც არ აკეთებს, საქმე გადადის სისხლის სამართალში, ალიმენტის გადახდაზე თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და მოიცავს პასუხისმგებლობას, ჯარიმით დაწყებული პატიმრობით დამთავრებული, თუმცა, ასეთი საქმეები პრაქტიკაში ძალიან ცოტაა. რა თქმა უნდა, სწორი არაა ჩვენთან დამკვიდრებული აზრი, რომ  ალიმენტი  არის მხოლოდ  მშობლების ვალდებულება შვილების მიმართ. ალიმენტი ეკისრება შვილს შრომისუუნარო მშობლებისთვის, უფრო მეტიც, შვილიშვილსაც დაკისრებია ალიმენტი ბებია-ბაბუის სასარგებლოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც მათ შვილს არ შეეძლო ამ ვალდებულების შესრულება.  ეს კანონით არის გაწერილი.
– რის მიხედვით განისაზღვრება ქალისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და არის თუ არა თანაბარი მამაკაცისთვის დაკისრებულ ალიმენტთან?  
– კანონით, სასამართლო ალიმენტს თანაბარი ოდენობით აკისრებს როგორც ქალს, ასევე მამაკაცს და თანხის ოდენობა სქესის მიხედვით არ არის განსაზღვრული. ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ტოლი, დაახლებით 175 ლარი. ეს არის ვალდებულება. ქალსა და მამაკაცს შორის განსხავვება არის ერთ ასპექტში –  მამაკაცები  უფრო  უარყოფითად და აგრესიულად  ხვდებიან ალიმენტის დაკისრების ვალდებულებას, ვიდრე ქალები. ქალი მაინც ფიქრობს, რომ დედაა და ამ ვალდებულებას თავი რომ აარიდოს, როდესაც ბავშვი გაიზრდება, მას ეტყვიან, რომ დედამ მის მატერიალურ დახმარებაზე  უარი თქვა  და ეს მათ  ურთიერთობაზე ცუდად აისახება. მამაკაცების შემთხვევაში კი, არის ისტორიები, როდესაც მამაკაცს ყოფილი მეუღლის მიმართ  აქვს  პრეტენზია, რომ თუ ის ალიმენტს გადაიხდის, ამ თანხას  ბავშვი კი არ გამოიყენებს, დედა  დახარჯავს  სალონში,  რესტორანში მეგობრებთან ერთად, თუმცა ამ პოზიციას სასამართლო, როგორც წესი, არასდროს იზიარებს და ამ ადამიანებს მაინც აკისრებს ალიმენტის გადახდის ვალდებულებას. პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა, როდესაც დედის მოთხოვნა იყო, რომ მამას ალიმენტთან ერთად, დაკისრებოდა შვილზე ზრუნვა – შვილების სკოლაში და სხვადასხვა წრეებზე  მიყვან-გამოყვანა,  მათთან მეტი დროის გატარება და მერე მოვლილი, ნაჭამი ბავშვები დაებრუნებინა დედასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე დედის მოთხოვნა.
თუ მშობელს აქვს დიდი შემოსავალი, ალიმენტის ოდენობაც უფრო მეტია. აუცილებელი პირობაა მოთხოვნილი თანხის დადასტურება, ახსნა, თუ რაში სჭირდება ბავშვს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული თანხა – დავუშვათ, განათლების, საყოფაცხოვრებო პირობების, კვების, გართობის, დასვენებისა თუ რაიმე სხვა მიზნით. ბავშვის საჭიროებაში შეიძლება შედიოდეს სხვა მოთხოვნებიც, რისი დადასტურებაც აუცილებლად უნდა მოხდეს. ცნობილია შემთხვევა, ჩემი კოლეგის პრაქტიკიდან, როცა დედა ვეღარ ახერხებდა ალიმენტის  გადახდას და ის ფსიქიკურადაც დაავადდა, ეს ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ქმარს რომ არ მოეკლა, შვილები წამოიყვანა სოფლიდან ქალაქში. შემდეგ მამამ შვილები თავისთან წაიყვანა და დედას ალიმენტის გადახდა მოსთხოვა. ხელახლა გამართული სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა. ყოფილი ცოლ-ქმარი შეთანხმდა იმაზე, რომ ბავშვები ისევ მამასთან იქნებოდნენ, არდადეგების დროს – დედასთან, რომელსაც ალიმენტის გადახდის ვალდებულება მოეხსნა.           
 – რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ცოლ-ქმარი განქორწინებული არ არის და მამა ან დედა არ ზრუნავს ოჯახის წევრებზე, ცოლს აქვს უფლება ქმარს შვილებისთვის სარჩო სასამართლოს გზით მოსთხოვოს?   
– ქართულ სასამართლოში ასეთი პრეცენდენტები არსებობს, მაგრამ ძალიან ცოტა.   კანონი  ცოლ-ქმარს  აკისრებს ერთმანეთის მიმართ ვალდებულებებს ოჯახის არსებობის პირობებში, მეუღლე ვალდებულია, არჩინოს შრომისუუნარო ცოლი ან ქმარი მაშინაც კი, თუ ქორწინება განქორწინებით სრულდება. ამ შემთხვევაში ის ერთი წლის განმავლობაში ასრულებს ყოფილი შრომისუუნარო მეუღლის რჩენასთან დაკავშირებულ ვალდებულებას. რა თქმა უნდა, თუ მას ეს პრეტენზია აქვს, შეუძლია, მიიღოს გარკვეული სარჩო მეუღლისგან. ყველაფერი, რასაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაკეთებთ, რომ  ქმარი ზრუნავს ცოლ-შვილზე და ცოლიც – თუ შემოსავალი აქვს, ტრადიციის გარდა კანონითაც არის გაწერილი. არსებობს ისტორიები, როცა ბავშვების დედა ქმრისგან ითხოვდა მათ რჩენასთან დაკავშირებულ ვალდებულებას თანაცხოვრების პერიოდში, რადგან მამაკაცი არ უზრუნველყოფდა ოჯახს, ფულს მთლიანად საკუთარი საჭიროებისთვის ხარჯავდა  და ცოლი და  შვილები თითქმის მშიერი ჰყავდა. იმას, რომ ცოლმა თანაცხოვრების პერიოდში ქმარს მოსთხოვოს მისი და მისი მცირეწლოვანი შვილების რჩენა, მოჰყვება, მინიმუმ, ქმრის სარჩელი განქორწინებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ასეთი მოთხოვნით ქალები  სასამართლოში არ მიდიან.  
скачать dle 11.3