კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა საპასუხო ოპერაცია ჩაუტარა „კაგებემ“ ანგლო-ამერიკულ დაზვერვას ქართველების დახმარებით

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

აგენტი „ჰანსი“
1967 წლის 16 მაისს თბილისში უშიშროებამ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქე, 37 წლის ვალტერ შმიდტი დააკავა. ის ფუნიკულიორის ტყე-პარკში იმ დროს შეიპყრეს, როდესაც საბჭოთა მოქალაქეს, 51 წლის გერასიმე ვოლკოვს ვერცხლის ქაღალდში გახვეული მიკროფირი გამოართვა და საბაგირო გზის სადგურისკენ გაემართა ქალაქში ჩასასვლელად.
გერასიმე ვოლკოვი თბილისის კარტოგრაფიის სამმართველოს საიდუმლო განყოფილებაში მუშაობდა. „ცეერუს“ აგენტი იყო და ამერიკელებს საიდუმლო ინფორმაციებით ამარაგებდა. „კაგებემ“ იცოდა ვოლკოვის შესახებ და მას პერმანენტულად უთვალთვალებდა. „ცეერუმაც“ იცოდა, რომ „კაგებე“ ვოლკოვს კუდზე აჯდა, მაგრამ ამერიკულმა ცენტრალურმა დაზვერვამ ის აღარ იცოდა, რომ „კაგებემ“ ისიც უწყოდა, „ცეერუ“ ვოლკოვზე თვალთვალის საქმის კურსში რომ იმყოფებოდა.
ვალტერ შმიდტი ქალაქ დრეზდენის მკვიდრი იყო. საქვეყნოდ ცნობილ გალერეაში მუშაობდა ექსპერტ-რესტავრატორად და ამ სფეროში უმაღლესი კვალიფიკაცია ჰქონდა. ამის წყალობით, მას მსოფლიოს ყველა დიდ მუზეუმში უწევდა მუშაობა და ბევრს მოგზაურობდა. შმიდტს თბილისში 30 წლის მეუღლე ადელინა ბარამიძე-შმიდტი და 3 წლის შვილი – მარია-ლუიზა ჰყავდა. სწორედ ცოლ-შვილის დრეზდენში წასაყვანად ჩამოვიდა შმიდტი თბილისში. პარალელურად კი, „ცეერუს“ დავალებას ასრულებდა –  მას მიკროფირი უნდა წამოეღო თბილისიდან. საქმე კი ის იყო, რომ შმიდტი უკვე სამი წლის წინ ჰყავდა გადაბირებული „ცეერუს“ და მის კარტოთეკაში აგენტ „ჰანსის“ ფსევდონიმით ფიგურირებდა.

მრავალუცნობიანი განტოლება


გერასიმე ვოლკოვისთვის „კაგებეს“ ხელი არ უხლია და მასზე თვალთვალი გაგრძელდა. შმიდტი კი, კონტრდაზვერვის განყოფილებაში მიიყვანეს და ის პოლკოვნიკმა მერაბ მჭედლიძემ დაჰკითხა. შმიდტმა აღიარა, რომ 1964 წელს, ნიუ-იორკში ყოფნისას, ის „ცეერუმ“ გადაიბირა და რამდენიმე უმნიშვნელო დავალება შეასრულა. თბილისში გამომგზავრების წინ კი, მას „ცეერუს“ კურატორი შეხვდა დრეზდენში და ვოლკოვთან შეხვედრა სთხოვა, თან დაამატა, რომ უკან დაბრუნების შემდეგ ერთ ფართომასშტაბიან ოპერაციაში ჩართავდნენ, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იგეგმებოდა. შმიდტი ერთადგილიან საკანში მოათავსეს. პოლკოვნიკმა მერაბ მჭედლიძემ კი საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ ალექსი ინაურს მოახსენა:
– ამხანაგო გენერალო, აშკარაა, რომ ამერიკელებმა შმიდტი ხელში განგებ ჩაგვიგდეს. მათ ხომ იცოდნენ, რომ ჩვენ ვოლკოვს ვუთვალთვალებდით და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ აგენტს აუცილებლად შევიპყრობდით.
– მერე და, რაში სჭირდებოდათ ეს მათ? – მხრები აიჩეჩა გენერალმა.
– ჩემი აზრით, ამერიკელები დარწმუნებულები არიან, რომ შმიდტს გადავიბირებთ და გავუშვებთ. გადასაბირებლად კი, მის ცოლ-შვილს გამოვიყენებთ, რომელთაც აქ მძევლად დავიტოვებთ.
– ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკელებს დეზინფორმატორი სჭირდებათ, რომელიც ტყუილებით მოგვამარაგებს?
– დიახ. სწორედ ასე ვფიქრობ.
– რისთვის სჭირდებათ ეს?
– ეს სწორედ ის მრავალუცნობიანი განტოლებაა, რომელიც უნდა ამოვხსნათ, ამხანაგო გენერალო, – მიუგო მჭედლიძემ ინაურს.

მაიორი ლაღიძე

მერაბ მჭედლიძემ ინაურს შესთავაზა, საპასუხოდ ისეთი ოპერაცია ჩაეტარებინათ, რაც „ცეერუს“ მზაკვრულ გეგმებს გამოააშკარავებდა და საქართველოს „კაგებეს“ უფროსს უთხრა:
– როგორც დაკავებულმა შმიდტმა მაცნობა, მას სახეზე მხოლოდ მისი „ცეერუელი“ კურატორი თომას ვინტსი იცნობს, რომელიც ამჟამად შტატებში იმყოფება და ორი კვირის შემდეგ დაბრუნდება დასავლეთ ბერლინში. შმიდტმა კი, ვოლკოვისგან წამოღებული ფირი ვინმე უილიამ ქროსს უნდა მიუტანოს დასავლეთ ბერლინში, ფირმა „კეიზის“ ოფისში. ეს ოფისი, სინამდვილეში დიდი ბრიტანეთის დაზვერვის „მი-6-ის“ ფილიალია. ქროსი კი – ბრიტანელი რეზიდენტი. ის დიდად გამოცდილი მზვერავია და როგორც აშკარად ჩანს, დეზინფორმირების ოპერაციას „ცეერუ“ და „მი-6“ ერთობლივად ატარებენ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთავაზობთ, რომ უილიამ ქროსთან შესახვედრად ჩვენი ოპერატიული აგენტი, მაიორი გოდერძი ლაღიძე გავგზავნოთ, რომელიც დაადგენს, თუ რაში სჭირდებათ ჩვენს მოწინააღმდეგეებს დეზინფორმატორი.
– ეს ძალიან სარისკოა, პოლკოვნიკო და ლაღიძე რომ გაიშიფროს, მაშინ? – თქვა ინაურმა, თან დააყოლა, – თანაც, ეს ყველაფერი მოსკოვთანაა შესათანხმებელი.
მას მერე, რაც მერაბ მჭედლიძე მოსკოვში ჩაფრინდა ლაღიძესთან ერთად და კონტრდაზვერვის უფროსს ელაპარაკა, ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობა მიიღო. დეტალურად კი, უკვე ლუბიანკაზე დაიგეგმა. მეორე დღეს, 34 წლის უშიშროების ქართველი მაიორი გოდერძი ლაღიძე, ვალტერ შმიდტის პასპორტით ჯერ აღმოსავლეთ ბერლინში ჩავიდა, იქიდან დასავლეთ ბერლინში გადავიდა და „კეიზის“ ოფისში უილიამ ქროსს შეხვდა, რომელიც მას მოუთმენლად ელოდა, რომ ეშმაკურად მოფიქრებული კომბინაცია ჩაეტარებია...

საპასუხო ოპერაცია
ქროსმა, რომელსაც ლაღიძე შმიდტი ეგონა, საბჭოთა მზვერავი გულთბილად მიიღო. დაწვრილებით გამოჰკითხა თბილისში ვოიაჟის შესახებ. მერე ფირი გამოართვა და ბოლოს უთხრა:
– ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საბოლოოდ საბჭოთა მიმართულებაზე დაგტოვოთ და ამისთვის საიდუმლო საბუთებს გაგაცნობთ. უახლოეს მომავალში ჩვენი სპეციალური ბრიგადები მსხვილ, კომპლექსურ დივერსიებს გეგმავენ ამიერკავკასიაში და ადგილობრივ აგენტებს კოორდინაცია უნდა გაუწიოთო, – ქროსმა გოდერძი მჭედლიძეს „საიდუმლო საქაღალდე“ გადასცა, რომელშიც სხვადასხვა საბჭოთა მაღალჩინოსნის ფოტოები იყო ჩაკრული და დაამატა, – ესენი ჩვენი აგენტები არიან. მათთან მოგიწევთ მუშაობა და გაეცანითო.
ქროსს ეგონა, რომ შმიდტს დეზინფორმაციას აწვდიდა, მაგრამ მალევე დაადგინა, რომ საქმე საბჭოთა მზვერავთან ჰქონდა.
როგორც კი ლაღიძე გაისტუმრა და კაბინეტიდან გამოაცილა, კიბეზე ქართველ მაიორს გვერდით აუარა ნამდვილი შმიდტის კურატორმა, „ცეერუელმა“ თომას ვინტსმა, რომელიც დროზე ადრე დაბრუნდა შტატებიდან. ქროსმა რომ დაინახა, მათ ერთმანეთი ვერ იცნეს, გამოცდილი ბრიტანელი რეზიდენტი ყველაფერს მიხვდა და გადაწყვიტა „ცეერუსგან“ დამოუკიდებლად  „ჩაევლო“ რუსი აგენტისთვის. ამიტომ, თავის ხელქვეითებს ლაღიძის შეპყრობა და მის ვილაზე ფარულად მიყვანა უბრძანა. იმავე საღამოს ქროსის ქალაქგარეთა ვილაზე ბრიტანელმა რეზიდენტმა გოდერძის უთხრა:
– რას წარმოვიდგენდი, თუ რუსები თავიანთ აგენტს გამოგზავნიდნენ. ამიტომ, ჩვენთან თანამშრომლობას გთავაზობთ. ხოლო, თუკი ნებით არ დათანხმდებით, მაშინ (ქროსმა გოდერძის პულვერიზატორი დაანახა), აი, ამ სითხეს გასხურებთ. ნებისყოფას მოგიდუნებთ და ყველაფერს დაფქვავთ. თქვენს მონაყოლს მაგნიტოფირზე ჩავწერთ და მაინც იძულებულს გაგხდით, ჩვენთან ითანამშრომლოთ.
ქროსი და ლაღიძე ოთახში მარტო იმყოფებოდნენ და დაცვა გარეთ იდგა. გოდერძიმ ბრიტანელი რეზიდენტი ჯერ მუშტით გათიშა, შემდეგ ნებისყოფის მოსადუნებელი სითხე სახეში შეასხა, გამოაფხიზლა და მისი მონაყოლი მაგნიტოფირზე ჩაიწერა, რაც თავისი მეწყვილის მეშვეობით, ჯერ აღმოსავლეთ ბერლინში გადაიტანეს, შემდეგ კი – მოსკოვში.
ქროსი დაწვრილებით ასახელებდა ყველა იმ საბჭოთა მოღალატის ვინაობას, ვინც ანგლო-ამერიკულ დაზვერვაზე მუშაობდა ამიერკავკასიაში. ხოლო მათი ნამდვილი სამიზნე კი, ამიერკავკასიის საიდუმლო-სამხედრო თავდაცვითი სისტემის სქემის ხელში ჩაგდება იყო და შმიდტი მათ ყურადღების გასაფანტად სჭირდებოდათ...
ლაღიძემ ქროსი მაგნიტოფირის მეშვეობით გადაიბირა და საბჭოთა დაზვერვაზე აამუშავა. თავად მას კი რიგგარეშე ჩინი, მოსკოვში გადაყვანა და დაწინაურება ხვდა წილად.
ნიკა ლაშაურიскачать dle 11.3