კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№19 რატომ ლოცულობს მარიამ ჭელიძისთვის მსოფლიო პატრიარქი და როგორ მიატოვა ის შეყვარებულმა ავადმყოფობის გამო

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

„პირველი არხის“ ტექნიკურ პროდიუსერს, 31 წლის  მარიამ ჭელიძეს, 2016 წელს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.  მარიამმა უკვე სამი ოპერაცია გაიკეთა თურქეთში და მკურნალობის კურსსაც იქ გადის. ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მეტასტაზებმა კიდევ იჩინა თავი და მარიამმა ბოლო ოპერაცია 4 აპრილს გაიკეთა. მიუხედავად იმ რთული გზისა, რასაც მარიამი გადის ამ დაავადებასთან ბრძოლაში, ის მაინც ოპტიმიზმით არის განწყობილი და თავის ამ მძიმე ისტორიასაც კი ღიმილით ყვება.
მარიამ ჭელიძე: არასდროს არაფერი არ მაწუხებდა. ვმუშაობდი „პირველ არხზე“ და „ჯიდიესში“ და ცუდად რომ გავხდი, ვიფიქრე, ორი სამსახური მაქვს, გადავიტვირთე, ნევროზი მაქვს-მეთქი. საერთოდ ვერ ვწვებოდი, ღამით ვიხრჩობოდი და მეგონა, ეს დახრჩობის პროცესი ერთი წამიც რომ გაგრძელებულიყო, მოვკვდებოდი. ეს გრძელდებოდა ერთი წელი, მაგრამ ასე ხშირად არ ხდებოდა, თუმცა ბოლო სამი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველ ღამე მემართებოდა და ღამეშიც რამდენჯერმე მიმეორდებოდა. ბოლოს ბალიშები მქონდა ხოლმე მიყუდებული და ისე ვიწექი. მივედი ექიმთან, ალბათ, ყველას უნდა, რომ ვთქვა, რომელ ექიმთან, რომ შემდგომ მასთან არ მივიდნენ, მაგრამ მაინც თავს შევიკავებ. სამ ექიმთან ვიყავი და ვერაფერი დამიდგინეს.
– როგორ დაგიდგინეს, რომ სიმსივნე გქონდა?
– ვამბობ: ღმერთს მე რომ ვუყვარვარ, ასე არავინ უყვარს-მეთქი. ძალიან გავსუქდი, 25 კილო მოვიმატე. მარი მალაზონიამ მითხრა, რაღაც არ მომწონხარ სახეზე და მიდი დავით მეტრეველთანო. მე ვუთხარი, სამ ექიმთან ვიყავი და რაღა მინდა კიდევ ექიმთან-მეთქი და მარიმ მთხოვა ამ ერთხელ, ჩემი ხათრით, მიდიო და მივედი დავით მეტრეველთან, რომელმაც ეგრევე ბიოფსიაზე გამიშვა. რომ მივედი პასუხებზე და ეწერა დადებითი. ვერ მივხვდი, რომ ეს ცუდ პასუხს ნიშნავდა. ძალიან მეჩქარებოდა სამსახურში, ვიფიქრე, კარგი პასუხებია და აღარ შევალ ექიმთან-მეთქი, მაგრამ მაინც შევედი. დავით მეტრეველი ადგა და გავიდა, აზრები რომ დაელაგებინა, როგორ ეთქვა ჩემთვის. ასისტენტს ვუთხარი, ძალიან მეჩქარება და სანამ შემოვა, მითხარით-მეთქი და პირდაპირ მითხრა: ავთვისებიანი სიმსივნე გაქვს, მეტასტაზები გასულიაო. მეგონა, გული გამიჩერდებოდა. როდესაც ფაქტის წინაშე დგები, ეს არის საშინელება. მხოლოდ ის ვთქვი, რომ ღმერთო, ძალა მომეცი, რომ აქ გული არ წამივიდეს. კიდევ რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ რამდენიმე დღეში მოვკვდები-მეთქი. იმ მომენტში სხვა არაფერი მიფიქრია, თუმცა გამეცინა, მეგონა, რომ ის ქალი ხუმრობდა და ვუთხარი კიდეც, ძალიან კარგად ხუმრობ-მეთქი. სახლში რომ მივედი, ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ტყუილი, რომ გჯერა და გინდა, ექიმებს შეშლოდათ. ისეთი ბედნიერი ვიქნებოდი ასე რომ ყოფილიყო, რომ არ ვიცი... შოკში ვიყავი, მეგონა, ტვინში რაღაცები გაითიშა. ვიფიქრე, რომ აუცილებლად მოვკვდებოდი, ჩემი გადარჩენის შანსი არ იყო და სახლში რომ მივედი, პირველი, რაც გავაკეთე, დავწექი და ველოდებოდი სიკვდილს. მარი მალაზონიას რომ დავურეკე და ვუთხარი, რაც მჭირდა, მითხრა, მე ექიმი ვარ და მივხვდი სახეზე, რაც გჭირდაო.
– თურქეთში რომ წახვედი საოპერაციოდ, უიმედობის მომენტები გქონდა?
– რომ მივდიოდი, მეგობრები და თანამშრომლები აეროპორტში დამხვდნენ და გამაცილეს. ოპერაციის გაკეთება არ მინდოდა, მეგონა, ვკვდებოდი, ვფიქრობდი, ყველამ იმიტომ გამომაცილა, რომ ბოლოჯერ ვენახე. მთელი ღამე დავარბენინებდი დედაჩემს ქუჩებში, ვტიროდი, აღარ ვიკეთებდი ოპერაციას. ვამბობდი, რომ ხვალ მოვკვდები-მეთქი. ჩემი ექიმი რომ არა, მე ცოცხალი არ ვიქნებოდი, მსოფლიოში მესამე ადგილზეა და იმდენად მჯერა იმ კაცის, რომ ვფიქრობ, სანამ ცოცხალია, არაფერი დამემართება. ჩემი იყო ბოლო სტადია. ქირურგებმა მითხრეს, რომ ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია. პირველად 42 მეტასტაზი ამომაჭრეს. ექიმმა მითხრა, მაქსიმუმ, ორი კვირა რომ დაგეგვიანა, ან ხმა დაგეკარგებოდა, ან აპარატი გექნებოდა ყელში ჩადგმულიო. ხორხში რომ ჩემთვის აპარატი ჩაედგათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მწამს ღმერთის, აუცილებლად მოვიკლავდი თავს, იმიტომ რომ აქ მთავრდება შენი ცხოვრება.
– ამის შემდეგ კიდევ დაგჭირდა ოპერაცია და პროცედურები?
– ერთი პატარა მეტასტაზი იყო და მაგის გასანადგურებლად ჩავედი სამი თვის წინ, არაფერი მჭირდა და მაშინ გამოჩნდა, რომ თურმე, კიდევ ახალი მეტასტაზები იყო გაჩენილი. ოპერაციიდან მეოთხე დღეს მითხრეს და ძალიან დავითრგუნე, უკვე ყელიდან იყო გამოსული და ექვსსანტიმეტრნახევრიანი მეტასტაზი ამომაჭრეს ლავიწთან. სულ სამი ოპერაცია ჩატარდა. ყველაზე მეტად მესამე ოპერაცია გამიჭირდა, რომელიც ახლახან გავიკეთე, ძვალთან იყო ეს მეტასტაზი და ძვალს უკვე მორფიც ვეღარ აყუჩებს და ყველაფერი ისე მტკიოდა, რომ მეგონა, მხერხავდნენ. ორი დღე ვერ გამოვდიოდი ნარკოზიდან და რომ მეძინებოდა, ისევ ნარკოზში ვბრუნდებოდი, გული აღარ მიცემდა და არ მაძინებდნენ. მგონია, რომ ჯოჯოხეთი ამაზე მეტი არ უნდა იყოს. ჯოჯოხეთი უკვე გამოვიარე. ოპერაცია რთულია, მაგრამ შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდია საშინელება – ქიმიოთერაპიები, რადიაციები, დასხივება... თან, კლაუსტროფობია მაქვს და 80 საათი ვიყავი ერთ ოთახში გამოკეტილი, სადაც ექიმებსაც ვერ ვნახულობდი. ქიმიოთერაპიის დროს საერთოდ არაფერი გტკივა, მაგრამ ისეთი განადგურებული და ძალაგამოცლილი ხარ, ხელსაც ვერ სწევ, გგონია, რომ კვდები. ერთხელ ჩავვარდი კომაში და რომ ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, კომაში იყავიო, ღმერთს მთელი გულით ვეხვეწებოდი, სიკვდილი მინდოდა, იმდენად ვიტანჯებოდი ამ პროცედურებით.
– რას ეტყოდი, იმ ადამიანებს, ვინც შენს მდგომარეობაში არიან?
–  31 წლის რომ ხარ, ცხოვრება გიხარია, ფიქრობ, როგორ გაერთო, მილიონი რაღაც რომ გეკრძალება, ძალიან ძნელია. ბევრი რამ მენატრება, ყველაზე მეტად ზღვა და გარუჯვა. მეც ხშირად მაქვს უიმედობის მომენტები, ზოგჯერ ძალიან ძლიერი ვარ, ვფიქრობ, ვერასდროს ვერ მომერევა. ზოგჯერ ვერ აღვიქვამ, რომ სიმსივნე მაქვს, მაგრამ ჩემს თავთან მარტო რომ ვრჩები, ღამე განსაკუთრებით, მეწყება ბრძოლა ფიქრებთან. მგონია, რომ მალე მოვკვდები, 31 წლის ვარ და სიკვდილი ჯერ არ მინდა. ადრე ყველაფერზე ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა, რაც ჩემი სიცოცხლე 50-50-ზე დადგა, მივხვდი, რომ ამქვეყნად არაფერზე უნდა ინერვიულო, ყველაფერი წარმავალია... განსაკუთრებით, ბიჭებზე.
– როგორც ვიცი, ამ პერიოდში შეყვარებულსაც დაშორდი, მიზეზი შენი ავადმყოფობა იყო?
–  ერთხელ მიყვარდა ცხოვრებაში, ექვსი წელი ვიყავით ერთად. ძალიან მიყვარდა, საკუთარ თავზე მეტად. მიმაჩნია, რომ ახლა, ამ ეტაპზე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემ გვერდით არ არის. ეს ამბავი რომ გაიგო, დაახლოებით ერთ წელში დავშორდი. რამდენჯერმე ექიმთან კი წამყვა, მაგრამ შეყვარებული რომ ხარ, ასეც უნდა იყოს და კიდევ ძალიან ბევრი რამ უნდა იყოს. ოპერაცია რომ გავიკეთე ბოლოს, ბევრი მესიჯი დამხვდა და ერთ-ერთი მისი იყო, მწერდა, რომ ძალიან ნერვიულობდა, მე რომ ამ მდგომარეობაში ვიყავი, რომ მე კარგი ადამიანი ვარ და ადგილს ვერ ვპოულობ,  შენ რომ ოპერაციას იკეთებო. პასუხი არ გამიცია, ჩემგან ეგ პასუხის ღირსი არ არის.  
– მსოფლიო პატრიარქმა როგორ გაიგო შენი ამბავი?
– სანამ საქართველოდან საოპერაციოდ წავალ ხოლმე, ჩვენს პატრიარქთან დავდივარ და მლოცავს. პირველ ოპერაციაზე რომ წავედი, მითხრა, ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოო და რომ გამოვედი ძალიან მეტირებოდა. აქედან რომ მივდივარ და ვიცი, პატრიარქმა დამლოცა, მშვიდად ვარ. სტამბულში ყოფნისას მსოფლიო პატრიარქს უთხრეს ჩემზე და პატრიარქმა თვითონ თქვა, მომიყვანეთო, გადაწყვიტა, რომ თვითონ ვენახე. მივედი, დამლოცა და მითხრა, რომ სულ ვილოცებ შენზეო. ზუსტად ვიცი, დღემდე ლოცულობს. ბოლო ოპერაცია რომ გავიკეთე, საპატრიარქოს წარმომადგენლები მოვიდნენ საავადმყოფოში, მნახეს, ჩემს ქირურგსაც ელაპარაკეს. რომ გამომწერეს, გამიჭირდა, მაგრამ მივედი საპატრიარქოში, აღდგომა იყო, წირვას დავესწარი, დამლოცა, ჯვარი მაჩუქა და კიდევ მითხრა შენზე სულ ვილოცებო.
скачать dle 11.3