კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რა ტრაგედია გადაიტანა გიორგი გაბუნიამ და რა კომპლექსები მოუხსნა მას კახა კალაძემ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

პირველ მაისს „მაესტროს“ ეთერში ახალი იუმორისტული გადაცემა „პოსტვ ნაით შოუ” დაიწყო, რომლის წამყვანიც გიორგი გაბუნიაა. მაგრამ არა „ის“, „რუსთავი 2-ის“ გიორგი გაბუნია. 25 წლის ტელეწამყვანი რამდენიმე წელია, იუმორის სფეროშია და აქამდე ინტერნეტტელევიზია „პოსტვიზე“ სხვადასხვა გადაცემების წამყვანი იყო.
გიორგი გაბუნია: როცა გავიგე, რომ პირველი სტუმარი ქალაქის მერი უნდა ყოფილიყო, ცოტა შემეშინდა, ხელოვნური არ ვყოფილიყავი, მაგრამ ყველა შიში გამიქრა, როცა შევხვდით. ხომ არ ნერვიულობ, მეგობაროო, ეს იყო მისი პირველი სიტყვები და ამით კომპლექსები მომიხსნა, მაგრამ ბოლომდე – ვერა. მაინც დაძაბული ვიყავი, რამე ზედმეტი არ წამომცდეს-მეთქი, მაგრამ პირველივე ხუმრობაზე რომ კარგად წამომყვა, ყველანაირი დისკომფორტი მომეხსნა.
– სახელი და გვარი – გიორგი გაბუნია. როცა ანონსი ეთერში გავიდა, პირველი ამაზე დაიწყო საუბარი. მხოლოდ ეს შალვას გიორგი გაბუნიაა და არა ნიკა გვარამიასიო. როგორ გახდი შალვას გიორგი გაბუნია?
– როგორც თითქმის ყველა იუმორისტმა, მეც „მანსანკანიდან“ დავიწყე, სადაც ზვიად ბლიაძეს შევხვდი, რომელიც ჟიურიში იჯდა და რაღაც დონეზე, ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. შემდეგ ზვიოს და შალვას ერთობლივ რადიოში გამომცადეს ანეკდოტების წამკითხველად – ეს იყო ჩემი და შალვას პირველი შეხვედრა. მერე შეიქმნა ინტერნეტელევიზია „პოსტვ“, სადაც სცენარისტად დავიწყე მუშაობა, მერე მიმყავდა გადაცემა „ქორწილი ნიუსი“, მერე იყო „გაბუნიები“, რომელიც საკმაოდ რეიტინგული გადაცემა გამოვიდა.
– როგორი იყო შენი ემოციები, როცა ამხელა გადაცემა ჩაგაბარეს?
– ვისხედით და ვმუშაობდით, რაღაცაზე წავიცანცარე და შალვამ მითხრა: რა გაცანცარებს, ბიჭო, ამხელა კაცს, ამხელა გადაცემა უნდა ჩაგაბაროთო. გულისცემამ მომიმატა (იცინის) და ვიკითხე, რა გადაცემაზეა საუბარი-მეთქი. მაგრამ არაფერი მიპასუხა, ადგა და ოთახიდან გავიდა. იმ დღეს ვერაფერი გავიგე და ღამით საერთოდ არ მძინებია, ალბათ, ორი-სამი კოლოფი სიგარეტი მოვწიე ერთი ღამის განმავლობაში. როგორია, გეუბნებიან, ამხელა გადაცემის წამყვანი უნდა იყოო, მაგრამ, რა გადაცემას გულისხმობენ, ამას – აღარ გიმხელენ (იცინის). მეორე დღეს კი მითხრეს, ღამის შოუს წამყვანი უნდა იყო და ხომ შეძლებო. ენა დამება, ათასი აზრი დამიტრიალდა თავში და ცოტა ხანში – კი, შევძლებ-მეთქი, ვუპასუხე. მაგრამ ამ დროს ჩემს გულში რა ხდებოდა, კაცმა არ იცის (იცინის).
– რაც შეეხება მეორე გიორგი გაბუნიას ფაქტორს?
– მიმაჩნია, რომ მე უფრო საყვარელი გიორგი გაბუნია ვარ ხალხისთვის, ვიდრე ის გიორგი გაბუნია (იცინის). გიორგის პოპულარობამდე ჯერ ბევრი მიკლია. რამდენი ადამიანიც ჩემს გადაცემას უყურებს, იმდენი მას აგინებს – ასეთი ხუმრობაც გვქონდა შოუში. ვფიქრობ, რომ მე უფრო კეთილი მხრიდან გამიცნო ხალხმა და უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე „რუსთავი 2-ის“ გიორგი გაბუნიასთან. იმედი მაქვს, ამ ნიშას შევინარჩუნებ და ამ თვალსაზრისით არ გაგვაიგივებენ (იცინის).
– რა იყო „მანსანკანამდე“?
– თბილისში დავიბადე და ხუთ წლამდე აქ ვცხოვრობდი, მერე, ორი წლით, ქუთაისში გადავედით – მამა იქაურია. გვარი კი მაქვს მეგრული, მაგრამ სამეგრელოსთან არანაირი შეხება არ მაქვს. მერე მოსკოვში წავედით, სადაც შვიდი წელი ვიცხოვრეთ და ისევ ქუთაისში დავბრუნდით.
– მოკლედ, ის გიორგი გაბუნია პროდასავლური ორიენტაცისიაა და შენ რუსეთის აგენტი ყოფილხარ.
– კი. პუტინის შემოგზავნილი ვარ და საკმაოდ სოლიდურ თანხებს მიხდის აქედან ინფორმაციის გატანაში (იცინის).
– რას უკავშირდებოდა რუსეთში გადასვლა?
– მამაჩემი მოსკოვის ერთ-ერთ ნავთობკომპანიაში მუშაობდა. მაგრამ ჩემი და რომ გაჩნდა, მერე ისევ ქუთაისში დავბრუნდით. მერე ჩავაბარე და თბილისში წამოვედი, თუმცა თბილისამდე რუსთავშიც ვცხოვრობდი (იცინის). მაგრამ, რაც მუშაობა დავიწყე, დედა და ჩემი და წამოვიყვანე და ახლა ერთად ვცხოვრობთ თბილისში. მამა სამი წლის წინ მოულოდნელად, გულით, გარდაიცვალა, 44 წლის იყო. ყველაფერი უცებ მოხდა. მაშინ მე ქუთაისში არ ვიყავი, ეს ჩემი ცხოვრების ძალიან რთული მომენტი იყო.
– დიდი ტრაგედია გამოგივლია.
– სამწუხაროდ, ასეა. ცოტა ხნის წინ ბავშვობის მეგობარიც დავკარგე, რაც, ასევე, ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩემთვის, იმიტომ, რომ მასთან ერთად გავიზარდე. ორი კვირის წინ ნათლია დამეღუპა. ზუსტად ამ გადაცემის ჩაწერის წინ დამირეკეს, ნათლია გარდაიცვალაო. სახლში ვიჩხუბე, ხომ შეგეძლოთ ჩაწერის წინ არ გეთქვათ-მეთქი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი და იყო სახლში და მიიჩნია, რომ ჩემთვის უნდა ეთქვა. რთული იყო, ძალიან იმოქმედა ჩემზე, მაგრამ საქმე უნდა გამეკეთებინა და რაღაცნაირად შევძელი მობილიზება.
– პროფესიით ვინ ხარ?
– ენერგეტიკი ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე. ოთხი წელი დენის კომპანიაში ვმუშაობდი. სწავლის დაწყებასთან ერთად დავიწყე იქ მუშაობა.  ჩემი პირველი ხელფასი 600 ლარი იყო, მაგრამ ყველაზე ცუდი სამსახური მქონდა. აი, სახლში რომ მოდის შენთან, შენ რომ დენის ფულს არ იხდი და ის გითიშავს, მერე შენ, რომ ან აგინებ, ან ლანძაღავ – ეგ ვიყავი მე (იცინის). აი, მაშინ ვიყავი ის გიორგი გაბუნია, რომელსაც აგინებენ, მაგრამ მთლად ასეც არ იყო, ვიღაცებს არ ვუჭრიდი და ისინი არ მაგინებდნენ (იცინის). იმ სამსახურში პრემია არასდროს ამიღია, არ მაძლევდნენ, იმიტომ რომ ვიღაცებს დენს არ ვუთიშავდი. ზოგი სამი შვილით გამოდიოდა, ზოგი რა მიზეზებით და ასე (იცინის). ერთხელ შუქი მთელ სადარბაზოში გავუთიშე. ოცი კაციდან თვრამეტს არ ჰქონდა გადახდილი და რა მექნა?! მაგრამ მოვდივარ შიშის ფეთებით, ვიღაცამ კარი არ გააღოს-მეთქი. ერთი რომ აღებდა, მერე მთელი სადარბაზო გარეთ გამოდიოდა და როგორია, ყველასთან გამკლავება. მოკლედ, გამოვედი სადარბაზოდან და მომეშვა, რომ სამშვიდობოს ვარ. მაგრამ ამ დროს მესმის არაადამიანური კივილი – „ვაიმეეეე“ და უცებ დაემატა  უამრავი ადამიანის: ვაიმე, ვაიმე, ვაიმეეე. ვსო, ამ მრიცხველებთან მომკლავენ-მეთქი, ვფიქრობ. მაგრამ ორ წამში გავიგე, რომ ერთ-ერთი მაცხოვრებელი მეორე სართულიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა. ხომ ცუდი ამბავია, მაგრამ ისე გამიხარდა, მე რომ არაფერ შუაში ვიყავი, შენ გაგიმარჯოს, მეგობარო, ღმერთმა, ეგ ფეხი რომ მოიტეხე და ხალხის ყურადღება მიიქციე-მეთქი (იცინის).
– ბოლოს, გამოიქეცი მაგ სამსახურიდან?
– ოთხი წელი გავძელი. არ მიყვარს, როცა მატერიალურად დამოკიდებული ვარ. პირველი ხელფასი რომ ავიღე და საკუთარი ფული გამიჩნდა, მერე რთული იყო ამაზე უარის თქმა, სანამ სხვა არ გამოჩნდა.
– რა გინდოდა ამ პროფესიაში?
– თეატრალურზე ვაბარებდი, მსახიობობა მინდოდა. ქუთაისში ვემზადებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამოცდებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ მქონდა. ჩემებს არ მოსწონდათ ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. გამიკვირდა, მაგრამ მერე ლაპარაკი მოვისმინე: გავიდეს, კაცო, უკან რომ გამოუშვებენ მერე ხომ დაისვენებსო (იცინის). პირველ ტურში ხუთ საუკეთესოს შორის ვიყავი, მეორეშიც გავედი, მაგრამ მესამეში აღმოჩნდა, რომ დავალების შესრულებისას წესი დავარღვიე და... მოკლედ, ვერ ჩავაბარე. ჰოდა, ჯარში რომ არ წავეყვანე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე (იცინის). სხვათა შორის, არ ვნანობ, ზუსტად აქ დავიწყე „მანსანკანის“ თამაში  და იუმორსიტულ სფეროში საქმიანობა.
– ბოლოს, ისიც მითხარი, პირად ცხოვრებაში რა ხდება. შეყვარებული თუ ხარ?
– ვიღაცებს მე ვეფლირტავები, ვიღაცები მე მეფლირტავებიან, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა არავისთან მაქვს. არც არის ისეთი ადამიანი, ვისაც სერიოზული თვალით ვუყურებ. იყო ადამიანი, რომელიც მიყვარდა, მაგრამ მასთან ვერაფერს გავხდი. დღემდე არ იცის, რომ მიყვარდა. თვითონ სხვა უყვარდა და იმდენად მიყვარდა, არ გავუფუჭე ხასიათი და არ ვუთხარი. მერე ქუთაისში მყავდა შეყვარებული, ძალიან კარგი გოგონა, დღესაც ვმეგობრობ მასთან, გათხოვილია. სხვათა შორის, ვინც მომწონდა და მიყვარდა ყველა გათხოვდა. ანუ, თუ ვინმე ვერ თხოვდება, ერთი თვით გახდეს ჩემი შეყვარებული და აუცილებლად გათხოვდება, პირობას ვაძლევ (იცინის).
скачать dle 11.3