კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

№19 რა სიგიჟეებს უკეთებს აჩი ფურცელაძე საცოლეს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

აჩი ფურცელაძის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა, აჩი დაინიშნა. მისი რჩეული ელენე დუმბაძეა, რომელიც საკრებულოში მუშაობს. აჩიმ ელენე 15 იანვარს, ბედობას გაიცნო, მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა, სიყვარულიც მალევე დაატყდა თავს და 15 აპრილს დანიშნა კიდეც.
აჩი ფურცელაძე: ბედის ამბავია, ალბათ, 15 იანვარს, ბედობას გავიცანით ერთმანეთი მე და ელენე დუმბაძემ, ელენეს და მე გვყავს საერთო მეგობრები და ჩვენი საერთო მეგობარი მიშკა მესაუბრებოდა ხოლმე ელენეზე და უნდოდა, ჩემთვის გაეცნო, მაგრამ ვერასდროს მოხდა ჩვენი გაცნობა. შემდეგ დაუგეგმავად შევხვდით ერთმანეთს ტელეწამყვან თაკო ჩორგოლაშვილის მშობიარობისას – თაკოს მამა არის ჩემი მეგობარი, ელენეც მათი მეგობარია. პირველი ჩვენი შეხვედრა და ვიზუალური კონტაქტი მაშინ მოხდა. საქეიფოდ წავედით და ელენეც ჩვენთან ერთად იყო. თავიდანვე კარგად ვიყავი განწყობლი, მაგრამ უფრო მომეწონა, რომ დავინახე, როგორ ზის, როგორ დადის, ხმის ტემბრი, ყველაფერმა ერთად, ძალიან მომხიბლა. ცოტა ვისაუბრეთ, აღვნიშნე მისი ძალიან კარგი პარფიუმი – მისი სურნელის შლეიფი... იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ გავიგებ შენს ხმას-მეთქი. იუმორშიც ამყვა, ზუსტად რომ გპასუხობს, რაღაცების გარეშე.
– ბოლო პერიოდში მარტო იყავი, ალბათ, უკვე გინდოდა კიდეც, რომ შენ გვერდით ვინმე ყოფილიყო?
– ის მომენტია, რომ გინდა, შეყვარებული იყო ვიღაცაზე. იქ ნაკლულიც იყო, ნატკენიც, გატეხილიც. არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ რაღაც ისე არ გამოვიდა... მეც მეტკინა და არ მსიამოვნებს ის ამბავი, რომ ეს ნიშა ჩემს ცხოვრებაში არ იყო დაკავებული. გინდა, შენს ცხოვრებაში იყოს ადამიანი, ვისთვისაც რაღაცებს გააკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება შეყვარებული თუ ცოლი. მეორე-მესამე დღეს კიდევ წავიდა საუბარი, რომ უნდა ვნახო, ჩემი მეგობარი მიშა ესაუბრებოდა ტელეფონზე, უთხრა: კარგი კანჭი მაქვს და ამოდიო – უკვე ოც კაცში კი არა, სამ-ოთხ კაცში ველოდები. დარეკა და თქვა, ვერ მოვდივარო. ძალიან გამისწორდა ყურადღების ეს მომენტი. მიშას გამოვართვი ტელეფონი და მე დაველაპარაკე: მე დაგირეკავ ამის შემდეგ-მეთქი და კი ბატონო, არ არის პრობლემაო. დავიწყეთ მიწერ-მოწერა. მალევე მითხრა, წამო ვიჭორაოთო. მახსოვს, პირველი შეხვედრის დღეს კონცერტი მქონდა. ბევრი ვისაუბრეთ. ეს არ იყო გეპრანჭება-მეპრანჭება. ბევრი ცხოვრებისეული მომენტი დაემთხვა, რაზეც ერთ აზრზე ვართ. ბევრი ვილაპარაკეთ, მეც, კარგი ჟურნალისტივით – რესპონდენტს რომ გახსნი, ასე გაიხსნა და სულ არ ახსოვდა ის ამბავი, რომ პირველად მხედავს. იმდენად გვესიამოვნა ეს საუბარი და ისე გაიწელა, რომ მახსოვს, კონცერტზე დავაგვიანე კიდეც. ერთად თუ ვართ, დრო ძალიან მალე გადის. თვითონ მეუბნება, შენთან ყოფნა არ მყოფნისო.
– რამდენ ხანში უთხარი, რომ მოგწონს?
– მალევე ვუთხარი, რატომ გავწელავდი დროს. ასე დავიწყეთ ნელ-ნელა ყოველდღე სეირნობა, მივაკითხე, სახლში მივაცილე და დაახლოებით ორ კვირაში ვუთხარი, რომ მიყვარს. პირველივე ნახვიდან ხომ არის ის მომენტი, რომ დაინახე და რაღაც ხდება, შეყვარება – არა, მაგრამ იმდენად დიდი ემოცია მოვიდა... ვიღაცისთვის ის ორი კვირა, ალბათ, ძალიან ცოტაა, თუმცა, ზოგჯერ, რომ ვფიქრდები 14 დღე, ყოველდღიური ურთიერთობებით, ცოტა არ არის. შეიძლება, რამდენიმე დღე გაიპრანჭო, მაგრამ სულ ნიღაბს ვერ მოირგებ. ერთხელ ვუთხარი: ჩემი თებერვალი ხარ-მეთქი. რატომო. იანვარს ვერ დაგარქმევ, რადგან იანვარში გაგიცანი, მაგრამ თებერვალში რომ კიდევ მინდა იყო, ჩემი თებერვალი ხარ-მეთქი. პირველ თებერვალს მის სახლთან გავუშვი ფოიერვერკები. როცა მაქვს მიზანი, ვისთვისაც ვაკეთებ ამას, მაგარი ტიპი ვხდები, იმიტომ რომ ისედაც ძალიან რომანტიკული ვარ. იქ ყვავილები ორიგინალურად მივართვი. ყოველთვის მოულოდენლად ვუკეთებ ყველაფერს, ეგრევე იბნევა, დგება, ათი წუთი შეიძლება იდგეს და იყოს მარტო ჩახუტებული. არ აინტერესებს, იქ რა ხდება. მერე კლუბში მქონდა კონცერტი, მიშა ჩემს სადღეგრძელოს სვამდა, მომიბრუნდა ელენე და ჩუმად მითხრა, მიყვარხარო. მოვიდა 14 თებერვალი, წავედით შარდენზე ბარში, დავსხედით, მივართვი ყვავილები. ქალს რომ ვალენტინობას ეპატიჟები, როცა სერიოზულად ხარ განწყობილი, მარტო ყვავილებით არ უნდა შემოიფარგლო. კანფეტებიც მივართვი და ბეჭედი მქონდა ბაფთაზე დამაგრებული, ამ შეკვრას რომ ხსნიდა, ნახა რომ ბეჭედია, ეს ჩემიაო? კი-მეთქი, ძალიან გაუხარდა.
–  15 აპრილს დანიშნე, სიყვარულის დღეებს ამთხვევთ თუ ემთხვევა?
– დაუგეგმავად დაემთხვა, თან, ზუსტად სამი თვე გავიდა 15 იანვრიდან 15 აპრილამდე – ესეც რაღაც ნიშანდობლივია. დედამ იცოდა ელენეს არსებობა, თან, ხედავს, მე როგორი კარგი აჩი ვხდები, კეთილი, დაწყნარებული, დამშვიდებული, ამასობაში შევიტანე თანხა სახლის მშენებლობაში, დედაჩემს, ხატულას გავაცანი. სადღაც ვიყავით და უცებ გავიარეთ სახლში. პირველივე შეხვედრაზე ისე იყო, რომ გეგონება, დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობენ. ხატულამ თქვა, რომ ოჯახებმა უნდა  გავიცნოთ ერთმანეთიო. 15 აპრილს რუსეთში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ კემოროვოს ტრაგედიის გამო გადაიდო და ელენემ თქვა: ამოდით, გელოდებითო. დედაჩემი წამოვიდა თავისი ორი დაქალით. ხატულამ თქვა, რა თქმა უნდა, ახლა ნიშნობის ბეჭედიც უნდა გავუკეთოთო. იქაც დაგვხვდნენ ოჯახის წევრები, დაახლოებით ათი კაცი. გავიცანი ელენეს შვილი – შოთიკო დუმბაძე, რომელიც 20 წლის არის და ძალიან ჭკვიანი ბიჭია. მე მშვიდად ვარ, ჯიბეში მიდევს ეს ბეჭედი, მაგრამ არავინ იცის. ერთ მომენტში ავდექი, რადგან ელენეს მამა არ ჰყავს, დედამისს გადავუხადე მადლობა, რომ ჰყავს ასეთი ლამაზი და კარგი შვილი. დავაგვირგვინოთ და ეს ბეჭედი თქვენ-მეთქი. დაიბნა ელენე, ჯერ ამას არ ელოდა. ეგონა, ნიშნობა მერე იქნებოდა. ხატულამ უთხრა, რომ ჩვენ თქვენს ოჯახს პატივს ვცემთ, მოვედით ოჯახის გასაცნობად. ჩვენ თქვენი კვადრატული მეტრების სანახავად არ მოვსულვართ, მთავარი მიზანი იყო დაგვენიშნა ქალი და დავნიშნეთ. ეს ტრადიციულად ასე ხდება – ოჯახები რომ ეცნობიან ერთმანეთს, იქ ნიშანს ტოვებენო.   ელენე ამბობს, ჩემი ქორწილის დღე 15 აპრილია. მე შენი ცოლი ვარ, შენ ჩემი ქმარი ხარო. ძალიან საყვარელია, ზოგჯერ ბავშვური... ჩახუტება და სიჩუმე უყვარს, ეს ხომ ძალიან რომანტიკულია, როცა გეუბნება: მე შენთან სიჩუმე მიყვარს. მე შენთან მიყვარს – ეს არის ელენესგან წამოსული ფრაზა, რამხელაა და ტევადი.
– არ ეჭვიანობს შენზე?
– არა. მეც არ ვარ ეჭვიანი ტიპი. ერთი-ორჯერ იყო შემთხვევა, როდესაც სცენიდან დავუძახე „ჩემი გოგო“ და მითხრა, ასე სახალხოდ ნუ დამიძახებ, თორემ, რომ გაიგებენ, გოგონები აღარ მოვლენ შენს კონცერტზეო. ძალიან ნორმალური აზრია – ნუ დამმალავ, მაგრამ გეპრანჭონ და იყონო. თავის თავშია დარწმუნებული და ეს ასეც უნდა იყოს. ეჭვიანობა რა არის? როცა შენ თავში გეპარება ეჭვი, როცა შენ იცი, რომ ვერ ხარ ისეთი მდგრადი, როგორიც იყავი მანამდე და ვაიმე, ვიღაც არ გამოჩნდეს და რაღაცამ არ გადაგიბიროს... მე თუ ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და სულ ასე ვიყავი, ქალი არ გამექცევა. მე თუ არ მინდა დამთავრება, არაფერი მოხდება. მე ვიცი, რას ვაკეთებ და ვიცი, რა არ უნდა მოვაკლო. როცა რაღაცას გაკლებ, ესე იგი, ინტერესი უკვე დავკარგე და გუშინწინ რომ ვიყავი ასეთი და დღეს აღარ ვარ, გამოდის, რომ რაღაც აღარ მოგვწონს, ამიტომ ამ დროს სჯობს, დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, ვიდრე ასე გაუშვა თავის დინებით.
– რა შეცვალა ელენემ შენს ცხოვრებაში?
– ბედნიერი ვარ, დამშვიდებული. ვარდისფერი შუშებიდან კი არ ვუყურებ სამყაროს, მაგრამ, ბედნიერი ვარ. კი, იქნება პრობლემები, მაგრამ ვიცი, რომ ერთად გადავწყვეტთ – მყარი ადამიანია, პარტნიორი, მეგობარი და გარდა იმისა, რომ შეყვარებულია, ცოლია. თვითონაც ასე უყურებს ამ ყველაფერს, ერთ მომავალს ვუყურებთ, იქ ქალურიც ჩაირთვება, იქ – ჩემი კაცურიც და პრობლემებიც ასე გადაიჭრება. ელენე მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკული და ფანტაზიებით აღსავსეა. ეს ვარდისფერი არ არის მარტო ის ფერი, რომ სხვა ფერები არ არსებობს, ყველაფერი იცის, მაგრამ ამ ფერზე აკეთებს აქცენტს, რადგან მე მევარდისფერება და მელამაზება და ასეთი ფერებით ცხოვრება ადვილია.
скачать dle 11.3