კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 როგორ შეიტანა „ცეერუში“ დეზორგანიზაცია ბერიას მიერ მოფიქრებულმა ფანდმა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია რომ დაზვერვის გენია იყო, ამას მისი მოწინააღმდეგეებიც აღიარებდნენ. მის მიერ შემუშავებულმა მეთოდებმა ორმაგად გააძლიერა საბჭოთა უშიშროება, ხოლო ბერიას მიერ ჩატარებული საიდუმლო ოპერაციები მზვერავებისთვის განკუთვნილ ქრესტომათიულ სასწავლო წიგნებშია შესული. ერთ-ერთი ასეთი ოპერაცია იყო „ვირუსი“, რომელიც 1948 წლის იანვარში ჩატარდა. მიმართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის წინააღმდეგ და „ცეერუს“ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „1947 წლის 26 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ხელი მოაწერა კანონს „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ“. ის ძალაში შევიდა იმავე წლის 18 სექტემბერს და სწორედ ეს თარიღი მიიჩნევა შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის („ცეერუ“) დაბადების დღედ. ტრუმენმა „ცეერუს“ პირველ ხელმძღვანელად გამოცდილი მზვერავი როსკოუ ხილენკოტერი დანიშნა, რომელიც კონტრადმირალის ჩინს ფლობდა. „ცეერუს“ შექმნით ამერიკის პრეზიდენტმა ცენტრალიზებური სადაზვერვო სამსახური ჩამოაყალიბა, რომლის ფუნქციასაც ადრე „სტრატეგიული სამსახურების სამმართველო“  ასრულებდა და მას გენერალი უილიამ დონოვანი მეთაურობდა. ძველ სადაზვერვო სამსახურს, სხვა ანალოგიური სტრუქტურები შეუერთდა, რაც ჯამში, ძლიერ სპეცსამსახურს წარმოადგენდა. ამას დაემატა ძალიან დიდი დაფინანსება და კადრების შერჩევის ინოვაციური მეთოდი. ინოვაცია კი იმაში მდგომარეობდა, რომ „ცეერუში“ სამუშაოდ იღებდნენ არა მხოლოდ კლასიკურად მომზადებულ ჯაშუშებს, არამედ სხვადასხვა სფეროს საუკეთესო სპეციალისტებს, ინტელექტუალებს, რომლებსაც უმაღლესი სამეცნიერო ხარისხები ჰქონდათ და მათ მაღალ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნიშნავდნენ. ეს იყო სრულიად ახალი, შეიძლება ითქვას, რევოლუციური მეთოდი დაზვერვის მუშაობისა და ამ სფეროში მეცნიერების ჩართვა. როდესაც ბერიას ეს ინფორმაცია მიუვიდა და ღრმად გააანალიზა ყველაფერი, ორი დღის მერე თავისთან მიხმო და მითხრა:
– სხვათა შორის, ამერიკელთა ასეთი მიდგომა სადაზვერვო საქმისადმი ჩემთვის უცხო არაა. კარგა ხანია, ვფიქრობ, დაზვერვაში სერიოზული მეცნიერების ჩაბმას. ამერიკელებმა კი ეს უკვე დაიწყეს და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ისინი ჩემს გულში ისხდნენ. სასწრაფოდ კონტრზომებია მისაღები, თორემ გვაჯობებენ. არც ფული აკლიათ და არც ორგანიზატორული რესურსი. ამიტომ, მათ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი ბზარი უნდა შევიტანოთ. ისეთი ვირუსი უნდა შევუშვათ, რომ კარგა ხანს სამკურნალო საშუალება ვერ მოძებნონ.
ბერიას მშვენივრად ეხერხებოდა ხატოვანი ლაპარაკი და ეს კარგადაც გამოსდიოდა. საუბრის მანერით მას ნებისმიერი „მშრალი“ თემის გაცოცხლება შეეძლო და ისე ნათლად დაგიხატავდა ყველაფერს, როგორც ამას მაღალი დონის ხელოვანი აკეთებს – მწერალი ან მხატვარი.
– რამე კონკრეტული მითითება გაქვთ, ლავრენტი პავლოვიჩ? – ვკითხე ბერიას.
– ჩვენი ოპერაციის ქვაკუთხედი უნდა იყოს „ცეერუს“ იმ „ბრწყინვალე ტვინების“ კომპრომეტაცია. როგორც უკვე ვიცი, მათი უმრავლესობა წარსულში მეცნიერებით იყო დაკავებული და ფართო კავშირები ჰქონდათ თავიანთ კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საბჭოეთშიც და უმეტესი მათგანი ჩვენთანაცაა ნამყოფი. აი, წორედ ამ ნოტაზე უნდა დავუკრათ და ეს მუსიკა მოვასმენინოთ „ცეერუს“ ხელმძღვანელებს. გასაგებია?
– დიახ. გასაგებია, ლავრენტი პავლოვიჩ, – მივუგე ბერიას.
ოპერაციას, ბერიას სურვილით, „ვირუსი“ ვუწოდეთ და მასზე მუშაობას ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები შეუდგნენ. შეიქმნა საკმაოდ დამაჯერებელი დეზინფორმაციული  მასალა იმ ამერიკელი მეცნიერების შესახებ, რომლებიც „ცეერუს“ სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელებად ან უკვე იყვნენ დანიშნულები, ან უნდა დაენიშნათ. „ინფორმაციის გაჟონვა“ მოხდა ერთ-ერთი საბჭოთა მოღალატის, პოლკოვნიკ ვსევოლოდ ლოზოვსკის მეშვეობით. ის კონტრდაზვერვაში მუშაობდა, ამერიკელებს ჰყავდათ გადაბირებული და ეს ჩვენ ვიცოდით. თუმცა, მოღალატეს შეგნებულად არ ვაპატიმრებდით და ბერიას მითითებით, გამოსაყენებლად ვინახავდით. ლოზოვსკი „საიდუმლო მასალებით“, სინამდვილეში კი, ჩვენ მიერ მომზადებული დეზინფორმაციული მასალებით, დასავლეთ ბერლინში გაიქცა და ისინი ამერიკელებს ჩააბარა. პოლკოვნიკი ლოზოვსკი ჩვენმა სპეციალურმა ქვედანაყოფმა ჰამბურგში მოკლა. ამით კი, მის მიერ გატაცებულ საბუთებს მეტი დამაჯერებლობა მიეცა და ამერიკელებმა მათი ნამდვილობა ირწმუნეს. მეორე მხრივ კი, მოღალატე პოლკოვნიკი სამართლიანად დაისაჯა. ერთი თვის შემდეგ, ჩვენი რეზიდენტი ვაშინგტონიდან გვატყობინებდა იმ დიდი აურზაურის შესახებ, რომელიც ახლად შექმნილ „ცეერუში“ სუფევდა. მოხსნეს ათი განყოფილების უფროსი, ექვსი მოადგილე და კიდევ თოთხმეტი მაღალი თანამდებობის პირი. უწყებაში ეჭვიანობის ატმოსფერო სუფევდა. ყველაფერმა ერთად, კი მუშაობის  პარალიზება გამოიწვია. 1948 წლის 16 მარტს ვაშინგტონიდან მიღებული შიფროგრამა პირადად მივუტანე ბერიას. ის მას გაეცნო, გაეცინა და მითხრა:
– მართლაც რომ, ეჭვის ვირუსი შევუშვით ამერიკულ დაზვერვაში. გილოცავ, ოპერაცია „ვირუსი“ წარმატებით ჩატარდა და ჯილდოებზე წარსადგენი თანამშრომლების სია წარმომიდგინეო.
ორი კვირის შემდეგ ჩემი რვა თანამშრომელი სახელმწიფო ორდენებით პირადად ბერიამ დააჯილდოვა.“
ორდენი დაჰკიდა მკერდზე ლავრენტი ბერიამ პავლე სუდოპლატოვსაც –  წარმატებულად ჩატარებული ოპერაციისთვის. პარალელურად კი, უკვე თავად შეუდგა მეცნიერული მეთოდების დანერგვას საბჭოთა უშიშროებაში.
скачать dle 11.3