კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 როგორ შესთავაზა სტალინმა ევროპას ერთიანი სახელმწიფოს შექმნა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და გერმანიის განადგურების შემდეგ, მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებებისა, სტალინს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მოკავშირე ანგლო-ამერიკელებთან პარტნიორული ურთიერთობები შეენარჩუნებინა. საბჭოთა ბელადს მიაჩნდა, რომ მიუხედავად რადიკალური იდეოლოგიური და აქედან გამომდინარე, სისტემური განსხვავებებისა, სოციალისტურ და კაპიტალისტურ სახელმწიფოებს თავისუფლად შეეძლოთ თანაარსებობა. მეტიც, ახლოპარტნიორული ურთიერთობების დამყარება ერთმანეთთან და როგორც სტალინი ამბობდა, ერთად კეთება ზოგადსაკაცობრიო საქმეებისა... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვლას პოტაპოვი წერს: „საგულისხმო ფაქტია, რომ გაერთიანებული ევროპის იდეა პირველად სწორედ სტალინმა წამოჭრა ევროპული პოლიტიკის ასპარეზზე და გაერთიანებული ევროპის ძირითადი პრინციპები მოლოტოვის პირით გააჟღერა. ამას კი ისტერია მოჰყვა ოკეანისგაღმიდან, რასაც დიდმა ბრიტანეთმაც დაუჭირა მხარი და ფედერაციულმა გერმანიამაც.“
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ სტალინს უნდოდა, რომ ევროპას ჰქონოდა საერთო ვალუტა, ჰყოლოდა ერთიანი ჯარი, ასევე, თავისუფალი ვაჭრობა და გადაადგილება. ამერიკელებმა კი საწყისშივე გააპროტესტეს და მთელ მსოფლიოში გაჰკიოდნენ: რუსები ევროპის ფინანსურ-იდეოლოგიურად დაპყრობას აპირებენ, რასაც დემოგრაფიული და სამხედრო ექსპანსია მოჰყვებაო. შემდეგ იყო ფულტონი, ჩერჩილის ცნობილი სიტყვა და „ცივი ომის“ დასაწყისი. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომი არ იყო დამთავრებული, რომ სტალინი უკვე ახალი მსოფლიოს მოწყობაზე ფიქრობდა. მას მიაჩნდა, რომ მშვიდობიან პერიოდში კაპიტალისტურ ქვეყნებთანაც შეიძლებოდა საერთო ენის გამონახვა, თუკი მათი მმართველები კეთილგონიერებას გამოიჩენდნენ და კერძო იდეოლოგიურ კლიშეებს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს ამჯობინებდნენ. 1945 წლის თებერვალში, სტალინმა პირისპირ საუბრისას მითხრა:
– ვფიქრობ, რომ ანგლო-ამერიკელებთან თუ სამერთო ენას გამოვნახავთ და ისინი ჩვენთან ფართო სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობაზე წამოვლენ, ქვეყანას ძალიან მალე დავაყენებთ ფეხზე. დედამიწას, ჩვენს პლანეტას ვგულისხმობ და არა მარტო საბჭოთა კავშირს.
მთელი თავისი სიმკაცრისა და ზოგჯერ სისასტიკის მიუხედავად, სტალინი ნატურით იდეალისტ-რომანტიკოსი იყო და მთელი თავისი არსით, რომ იტყვიან, სულითა და გულით ეწადა პლანეტის ადამიანებისთვის ცხოვრების გაუმჯობესება. თუმცა, ამასთანავე, არც პოლიტიკური რეალიები ავიწყდებოდა და მისი გაცურება, მოტყუება, მოთაფვლა შეუძლებელი იყო.
– მაინც, როგორ წარმოგიდგენია, ეს, კობა? – ვკითხე სტალინს.
– ერთიანი ძალებით ევროპაში. გვერდზე უნდა გადავდოთ იდეოლოგიური კლიშეები და ერთ სახელმწიფოდ გავერთიანდეთ. ერთიანი ფულით, ჯარით, კანონებითა და აღსრულების სისტემით, რა თქმა უნდა, თანასწორობის პრინციპებზე და არა ოლიგარქიული მომხვეჭელობის ჟინით, რაც ყველა უბედურების თავი და თავია. ცოტა ჩვენ დავთმოთ, ცოტაც – იმათ.
– რამდენად რეალურია ეს?
– იმდენად, რამდენადაც ამერიკის მმართველებს ეყოფათ გონება და ადამიანობა, რომ ამ იდეის სიკეთეს ჩასწვდნენ. მე პრეზიდენტ რუზველტის გონებისა და გულის იმედი მაქვს, მაგრამ მას შეიძლება, ჯანმრთელობამ უღალატოსო.
სტალინი მართალი აღმოჩნდა და რუზველტი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ვერ მოესწრო. მისმა მემკვიდრე ჰარი ტრუმენმა კი თანაარსებობის იდეაზე უარი განაცხადა. ჩერჩილიც აიყოლია და ევროპა მანამდე გაიხლიჩა, ვიდრე გაერთიანდებოდა...“
სტალინის გონიერმა და კეთილშობილურმა იდეამ ამერიკელები, პირველ რიგში, იმიტომ შეაშინა, რომ სავარაუდოდ, მათ გაერთიანებულ ევროპაში გლობალური სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენტი დაინახეს. საწყისშივე ჩაკლეს ეს წამოწყება, უმალვე „ცივი ომი“ გააჩაღეს და სიტუაცია არიეს, რათა დაფიქრებისა და სწორი ნაბიჯების გადადგმის საშუალება არავის ჰქონოდა. ფაქტობრივად, სტალინი აიძულეს, რომ სოციალისტური ევროპისთვის რკინის ფარდა ჩამოეფარებინა. მეტიც, საბჭოთა ბელადი უკვე არც ამით დაკმაყოფილდა და პროსაბჭოური ევროპის ფარული რუსიფიკაციის პროცესი დაიწყო. ვლას პოტაპოვი წერს: „ჩაიფუშა რა ევროპის გაერთიანების პროექტი, საბჭოთა ბელადმა იძულებითი სვლა გააკეთა და პროსაბჭოური ევროპის სოვეტიზაციის, იგივე რუსიფიკაციის, პროცესი დაიწყო. სტალინმა იცოდა, რომ მხოლოდ იდეოლოგიური ერთობა მომავალში სასურველ შედეგს ვერ მოიტანდა და საჭირო იყო სხვა აუცილებელი კომპონენტების ჩართვაც. ამიტომ, სტალინის საიდუმლო ბრძანებით, საბჭოეთის სატელიტ ქვეყნებში სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებში რუსული ენა და ლიტერატურა აუცილებელი საგანი გახდა (როგორც დღეს ინგლისური). ამ საგანს კი ზემოხსენებულ ქვეყნებში ასწავლიდნენ საბჭოთა უშიშროებაში ინსტრუქციაგავლილი მასწავლებლები. მათ ჰქონდათ  სპეციალური უნარ-ჩვევები, რომ მოსწავლეებსა და სტუდენტებზე ზეგავლენა მოეხდინათ და გადაებირებინათ ისინი. წინასწარი გათვლებით, თუკი სამუშაო სტალინური ტემპებით გაგრძელდებოდა, პროსაბჭოური ევროპის 55 პროცენტი 1980 წლისთვის გარუსებულ-გასოვეტიზებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, სტალინი 1953 წლის მარტში გარდაიცვალა და ეს პროექტი მაშინვე დაიხურა...“
სტალინური სოვეტიზაცია-რუსიფიკაცია ერთი შეხედვით, იძულებით ზომას ჰგავს ოლიგარქიულ კაპიტალიზმთან დაპირისპირებაში, თუმცა, შეიძლება, სწორედ აქეთკენ მიჰყავდა პოლიტიკური პროცესი სტალინს, როდესაც ევროპას გაერთიანებას სთავაზობდა. ვინ იცის. ეს სადავო საკითხია და ისტორიკოს-ანალიტიკოსები, ალბათ, მომავალში უფრო ღრმად გამოიკვლევენ და მეტ სიცხადეს შეიტანენ მასში.
скачать dle 11.3