კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რას ნანობს ავთო ვარსიმაშვილი ყველაზე მეტად და რა ტელეპათიური კავშირი ჰქონდათ მას და ნიკო გომელაურს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

„თავისუფალი თეატრი“ 17 წლის გახდა. მეთვრამეტე სეზონი ახალ შენობაში გაიხსნა, რომელსაც აქვს სამი დარბაზი და სპექტაკლები, პარალელურ რეჟიმში, სამივე დარბაზში გაიმართება. ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლები ყოველთვის გამოირჩევა სოციალურ-პოლიტიკური თემატიკით და მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის საყვარელ რეჟისორად ითვლებოდა, ამბობს, რომ არცერთი მთავრობა არ სწყალობდა. რა ურთიერთობა ჰქონდა ავთო ვარსიმაშვილს მიხეილ სააკაშვილთან, რას ნანობს ცხოვრებაში ყველაზე მეტად და როგორ იხსენებს ის ნიკო გომელაურს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ავთო ვარსიმაშვილი: „თავისუფალი თეატრი“ 17 წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში არცერთი ჩავარდნილი სპექტაკლი არ გვქონია. მეთვრამეტე სეზონი ახალ სივრცეში, ახალ შენობაში გავხსენით, რომელსაც სამი დარბაზი აქვს. ახლა ფუნქციონირება დიდმა დარბაზმა დაიწყო. მაისში კიდევ ორი  დაემატება. სამივე დარბაზში პარალელურად გაიმართება სპექტაკლები და შევძლებთ  ერთდროულად სამ სპექტაკლზე ვიმუშაოთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თეატრს საკმაოდ დიდი პოტენცია აქვს და შესაბამისად, ფართო რეპერტუარი ექნება. ამ სცენებზე ახალ სახეებსაც მოვიწვევთ, რომ „თავისუფალ თეატრს“ ახალი სისხლი შეემატოს. რაც შეეხება გასტროლებს, არც ისე დიდი ხანია, რაც თურქეთიდან დავბრუნდით, სადაც იზმირის ფესტივალზე გამოვედით სპექტაკლით – „მექანიკური ფორთოხალი“. მალე გავემგზავრებით ესტონეთში, სადაც ტარტუს პირველ საერთაშორისო ფესტივალზე გამოვალთ სპექტაკლით „კავკასიური ცარცის წრე“. სპექტაკლები დაგეგმილი გვაქვს ტალინში, უკანა გზაზე კი – ლატვიაში, რიგაში – საგასტროლო თემატიკიდან.  ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან გამართულ თეატრალურ ფესტივალზე, სადაც წარვსდგებით სპექტაკლით – „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“... ანუ,  ახლა ამ ეტაპზე ეს სამი გასტროლი გვექნება უცხოეთში. ეს იმიტომ, რომ 17 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სახელწიფომ კარგად შემოგვხედოს. სამი სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იყო და არცერთს არ ვეხატებოდით გულზე.
– სააკაშვილის საყვარელ რეჟისორად მიიჩნეოდით, მეგობრობდით მასთან?
– ჟვანიაც და სააკაშვილიც, ყველანი მეგობრობდნენ ჩვენთან მანამ, სანამ ხელისუფლებაში  მოვიდოდნენ და ჩვენც სიამოვნებით ვეხმარებოდით მათ, რადგან მიგვაჩნდა, რომ მაშინდელი ხელისუფლება უკვე მართლა უნდა წასულიყო და მათ „თავისუფალი თეატრი“, ფაქტობრივად, თავის შტაბ-ბინად გაიხადეს. როდესაც ჩვენი თეატრის საკითხი იხილებოდა, მაშინდელი ოპოზიციონერები, ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი ხშირი სტუმრები გახდნენ. კარგად მახსოვს, კიბეზე ჩამომსხდრები რომ უყურებდნენ ჩვენს სპექტაკლებს.  ხელისუფლებაში როცა მოვიდნენ, არავის არ გაჰკვირვებია, რომ მე ვიყავი ინაუგურაციის რეჟისორი, ამიტომაც მივიჩნეოდი მის საყვარელ რეჟისორად. როგორც ოპოზიციონერს, ძალიან მოსწონდა ჩვენი სპექტაკლები, მაგრამ მერე უკვე, როგორც პრეზიდენტს, აღარ მოეწონა, იმიტომ რომ დაახლოებით, ერთ წელიწადში გამოვიდა სპექტაკლი „ძმები“ და „პროვოკაცია ორი“, რომელმაც მაგრად გამოლანძღა მაშინდელი ხელისუფლება. შევარდნაძის მთავრობისგან განსხვავებით, ნაციონალები უფრო ჭკვიანურად იქცეოდნენ – თუ შევარდნაძის დროს მთავრობის სხდომა მოიწვიეს იმისთვის, რომ ჩვენი თეატრი დაეხურათ და ამას იხილავდნენ მთელი სერიოზულობით. სააკაშვილის მთავრობას სხვანაირი პოლიტიკა ჰქონდა, რაც სრულ იგნორში გამოიხატებოდა – ანუ, ილაპარაკე რამდენიც გინდა. ისინი, მაინც, სულით მემარჯვენეები იყვნენ და კერძო თეატრს ასე ვერ შეეხებოდნენ, თან სჭირდებოდათ, ეთქვათ: ხედავთ, ჩვენთან რა დემოკრატიაა – არის თეატრი, რომელიც გვლანძღავს და ჩვენ არაფერს ვამბობთ. ჩვენდამი ბრძოლა გამოიხატებოდა იმაში, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ, ძალიანაც გვპირდებოდნენ დაფინანსებას,  მათ მოსვლამდე თეთრებს კიდევ გვაძლევდა მერია, მაგრამ, როგორც კი მოვიდნენ, ერთ-ერთი პირველი, რაც უგულავამ გააკეთა, იყო, რომ „თავისუფალ თეატრს“ ის თეთრებიც შეუწყვიტა, რასაც ჩვენ მერიიდან ვიღებდით. არ იფიქროთ, ამ მთავრობის საქციელით ვარ მოხიბლული, არა. ამათთანაც იგივეა, დავით ნარმანია მთელი თავის მერობის პერიოდში, ყოველდღიურად გვპირდებოდა, რომ დაგვაფინანსებდა, მაგრამ ისე დატოვა თავისი პოსტი, რომ სიტყვა არ შეასრულა. ჩვენ ამას შეჩვეულები ვართ. რას ვიზამთ, ასე ვიმუშავებთ.
– როგორია თქვენი ცხოვრება თეატრს მიღმა?
– თეატრით, სპექტაკლებით იმდენად ვარ დაკავებული, რომ მიჭირს, საკუთარი თავი თეატრს მიღმა წარმოვიდგინო. მაშინაც კი, როდესაც მე ქალაქიდან გავდივარ, ესეც თეატრთან დაკავშირებული გასვლაა. ეს შეიძლება იყოს წელიწადში ერთხელ, ძალიან ცოტა ხნით, როდესაც ვახერხებ ჩემთან, შეკვეთილში, პატარა ხის სახლში ჩაკეტვას და მუშაობას. იქ ზუსტად იმიტომ მივდივარ, რომ ხელი არავინ შემიშალოს, მარტო ვიჯდე და ვიმუშაო. აღარც მახსოვს, როდის ვიყავი უკანასკნელად თეატრს მიღმა.
– რთული ადამიანი ხართ?
– არ ვარ რთული, არც თეატრში, არც სახლში. სირთულე შეიძლება, გამოიხატებოდეს იმაში, რომ როგორც მორიელებს შეშვენით, ხშირად ვიკეტები საკუთარ თავში და თუ ვიღაც მესხმის თავს, საშინლად მწარედ ვპასუხობ. ვფიქრობ, კარგი მეუღლე ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ 32 წელი ერთად ვართ. მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცოლებს ისე იცვლიან, როგორც ხელთათმანებს. თუ ერთმანეთის გესმით, 32 წელიც ცოტაა. მთავარია, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა. ჩემი მეუღლე მუსიკოსია, თავის დროზე დიდ იმედებს იძლეოდა, რომ ძალიან საინტერესო და კარგი პიანისტი გახდებოდა, მაგრამ პიანისტობა და ორი შვილის გაზრდა შეუთავსებელია და ეს მან ოჯახის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
– მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია...
–  ჩვენი გაცნობა ისევ თეატრთან იყო დაკავშირებული. რუსთაველის თეატრის გასტროლები იყო ლატვიაში, რიგაში. ჩემი მომავალი მეუღლე გია ყანჩელის ოჯახს ჰყავდა წამოყვანილი და ამ დროს გავიცანი. მახსოვს, „რიჩარდ მესამე“ გადიოდა. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ შევედი, რომ რამაზ ჩხიკვაძისთვის და არაჩვეულებრივი გუნდისთვის ტაში დამეკრა. უკნიდან მომესმა ბრავოს ძახილი, მოვტრიალდი და დავინახე პატარა გოგონა, გავიცანი. აღმოჩნდა რომ ქართველია და საერთოდაც, ერთად ვართ წამოსულები... ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
– არის რამე თქვენს ცხოვრებაში, რასაც განსაკუთრებულად ნანობ?
– ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს და მეც მაქვს სინანულის შეგრძნება ისეთი საქციელებიდან გამომდინარე, რომლებიც ადამიანთან ურთიერთობებს შეეხება. ვიღაცას შეიძლება, უხეშად ვუთხარი, ვიღაცას რაღაც ვაწყენინე, ვიღაცას ისე არ მოვეფერე, როგორც უნდა მოვფერებოდი. განსაკუთრებული სინანულის გრძნობა მაქვს მათ მიმართ, ვინც უკვე  ამქვეყანაზე აღარ არიან, ისე წავიდნენ, რომ არ მოვეფერე ისე, როგორც ისინი იმსახურებდნენ. თორემ ჩემი ცხოვრების კონცეპტუალური საქციელების მიმართ არანაირი სინანული არ მაქვს.  თავიდან რომ ვიწყებდე, ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც გავაკეთე და იმ გზას გამოვივლიდი, რაც გამომივლია.
–  ამქვეყნიდან წასულ ადამიანებს შორის არის ნიკო გომელაური, როგორ გაიხსენებდით მასთან ურთიერთობას?
– ჩემი და ნიკოს 12-წლიანი მუშაობის განმავლობაში, ალბათ, ყველაზე დიდი და მთავარი გასახსენებელი ის არის, რომ მიუხედავად ერთობლივი მუშაობისა (ჩემთან 29 როლი ითამაშა), ჩვენ გვქონდა ძალიან ფაქიზი ურთიერთობა იმ თვალსაზრისით, რომ ერთ კამათსაც კი ვერ ვიხსენებ. ჩვენ უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. ხანდახან ხდება, რომ რეჟისორი და მსახიობები ალეწავენ ერთმანეთს ყველაფერს. ჩვენ არ გვიჩხუბია, არ გვიკამათია და ბევრიც არ გვილაპარაკია. მე ვფიქრობ, ჩემსა და ნიკოს შორის იყო ტელეპათიური ურთიერთობა, მე შემეძლო, რეპეტიციაზე გამეხედა მისკენ და ის ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა და პირიქით, ის თუ გამომხედავდა, როცა რაღაც დისკომფორტი ჰქონდა, მე ვხვდებოდი და ვცდილობდი, სცენა ისე მომეწყო, რომ მისთვის  ეს დისკომფორტი მომეხსნა და რა თქმა უნდა,  ამ ყველაფერმა  შედეგი გამოიღო. ნიკო იყო სწორუპოვარი ლიდერი ამ თეატრის. სახე კი არა, ის იყო მთავარი ავტორიტეტი სამსახიობო დასიდან. მას ჰქონდა იმის უფლება, ჩემგანაც და მისი დამსახურებითაც, რომ მსახიობისთვის შენიშვნა გამოეთქვა, ვიღაც დაეტუქსა, თუ რაღაცას აშავებდა და ეს იყო აბსოლუტურად ორგანული და ნორმალური, მისგან არ სწყინდათ. ჩვენ დავკარგეთ უბრალოდ კარგი მსახიობი კი არა, არამედ ადამიანი, რომელიც ამ თეატრის მთავარ ძალას წარმოადგენდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უფრო საბედნიეროდ, თეატრის ცხოვრება ასეა მოწყობილი. ძალიან გაგვიჭირდა, როცა ნიკო გარდაიცვალა პირველი  წელიწადი, პირადად მე, სპექტაკლიც არ დამიდგამს. მერე მაინც შევძელით – მთელმა თეატრმა ეს ბედის გამოწვევად მიიღო და საკმაოდ ენერგიული მუშაობა დავიწყეთ. გაჩნდა ახალი სპექტაკლები, იმ სპექტაკლებისგან განსხვავებული, რომლებსაც მე ნიკოსთან ერთად ვდგამდი და მათაც, ისევე როგორც წინა სპექტაკლებმა, თეატრს დიდი წარმატება მოუტანეს.
скачать dle 11.3