კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ მიიწვიეს გიორგი მიქაძე „ბერკლიში“ პროფესორად და როგორ გახდა ის ცნობილი არტისტის ბენდის წევრი, რომელთანაც ის შოუებს მთელ მსოფლიოში გამართავს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მუსიკოს გიორგი მიქაძის კარიერა არაერთ წარმატებას ითვლის. გიორგი პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ჯაზის მაგისტრის წოდება მოიპოვა. ის ასევე პირველია, რომელიც „ბერკლის“ მუსიკალურ კოლეჯში პროფესორად მიიწვიეს. ცოტა ხნის წინ კი, ჩინელმა ძალიან ცნობილმა არტისტმა, მომღერალმა, მსახიობმა ლიჰომ ვანგმა გიორგის თანამშრომლობა შესთავაზა და თავის ბენდში მიიწვია. მათი ერთობლივი ორწლიანი მსოფლიო ტურნე უკვე დაწყებულია და ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს.
გიორგი მიქაძე:
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ არტისტთან მომიწია ურთიერთობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაკეთდა ქართული პროექტი –„ვოისა“, ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად და ზაფხულში, ამ მხრივ, ძალიან კარგი გეგმები გვაქვს. „ვოისას“ ჰქონდა კონცერტი შარშან ზაფხულში – ჩინეთისა და საქართველოს 25-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე წარვსდექით. ახლა ვაპირებთ, პროექტს უფრო მეტი განვითარება მივცეთ, რომ მომავალში იაროს მთელ მსოფლიოში.
– შენს კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – „ბერკლიში“ დაბრუნდი, როგორც მიწვეული პროფესორი.
– კი, „ბერკლიში“ დავბრუნდი მიწვეული პროფესორის რანგში. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვმეგობრობ „ბერკლის“ ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტის მოადგილესთან, ვიცე-პრეზიდენტებთან. მათ მიმიწვიეს და ეს ჩემს გეგმაშიც ჯდებოდა, რადგან იმ მომენტში თავისუფალი დრო მქონდა. 7 კლასს ვასწავლიდი, თეორიიდან დაწყებული – ფორტეპიანოს გაკვეთილებით დამთავრებული. დაახლოებით, 83 სტუდენტი მყავდა და ძალიან გამიხარდა, რომ ერთმა სტუდენტმა მთლიანი დაფინანსება აიღო, ერთი კი – მაროკოელი სტუდენტი დღეს ფრანგულ „ვოისში“ მონაწილეობს, ძალიან წარმატებული მომღერალია. მე მჯეროდა მისი და, რეკომენდაციაც გავუწიე „ბერკლიში“. სექტემბრის თვიდან უკვე ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ, რადგან ძალიან მიყვარს თბილი ამინდი. გარდა ამისა, აქ მყავს ძალიან ბევრი მეგობარი. სწორედ ლოს-ანჯელესში დაიგეგმა ჩემი პირველი ალბომი, რომელიც უკვე ჩავწერე ბოსტონში. ეს ჩემს მეგობართან და მენტორთან, „ბერკლის“ პროფესორთან, დევიდ ფუზინსკისთან ერთად გავაკეთე. ალბომის შექმნაში, ასევე, მიიღეს მონაწილეობა პანაგიოტის ანდრეომ და შონ ვრაიტმა, ორივე ძალიან წარმატებული მუსიკოსია. ალბომში შევიდა მუსიკა, რომელსაც აქვს თანამედროვე ჟღერადობა და დაფუძნებულია ქართული ფოლკლორის წყობასა და კილოებზე. ეს იყო დიდი ხნის დაგროვილი ცოდნის, შემოქმედებითი წინსვლის შედეგი. კონტრაქტს მოვაწერე ხელი კომპანია „რეალ ნოიზთან“, რომელიც ჩემს ალბომს 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს. გაიყიდება ინტერნეტით და ასევე გამოვა ალბომის სახით, გათვლილია მსოფლიო ბაზარზე, ჯაზ-ფესტივალებზეც, ალბათ, დარიგდება.
– რამდენად დიდი იყო შენი, როგორც „ბერკლიში” მიწვეული პროფესორის მიმართ ინტერესი?
– ჩემთვის ეს ძალიან დიდი დატვირთვა იყო. ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი. თავიდან ცოტა რთული იყო, მაგრამ როცა გასცემ ცოდნას, სწორედ მაშინ ხდება შენი ცოდნის გამეორება. უფრო ადამიანურად რომ ვთქვათ, ბოლო კლასში დამშვიდობებისას სამმა სტუდენტმა იტირა. წელსაც შემომთავაზეს თანამშრომლობა, მაგრამ, რადგან ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, ვერ ვახერხებ.
– მინდა, სწორედ ამ ახალ კონტრაქტზე ვისაუბროთ. ძალიან ცნობილმა არტისტმა მიგიწვია თავის ბენდში და უკვე მასთან ერთად მონაწილეობ ტურნეში.
– ლოჰომ ვანგი ამერიკაში, ტაივანურ ოჯახში დაიბადა და ამერიკულად გაიზარდა. მან თავისი ჩანაწერი გადააგზავა ჩინეთის „სონის“ მუსიკალურ განყოფილებაში. იქ ისე მოეწონათ, რომ საერთოდ, აზიაში გადავიდა საცხოვრებლად. „ჩინური პოპ-მუსიკის მეფე“ – ასე დაწერა მასზე „სიენენმა“. ჩემი თვალით ვნახე,  როგორ ტიროდნენ მისი „ფანები“, მათთვის ნამდვილი ვარსკვლავია.
– როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?
– როცა ასეთი დიდი არტისტი შემოგთავაზებს თანამშრომლობას, ეს უკვე ძალიან დიდი პატივია. „ბერკლის“ პრეზიდენტმა და სხვა ადამიანებმა გამიწიეს რეკომენდაციები და შემდეგ ჩამოვიდა თავის მეუღლესთან ერთად ამერიკაში. ერთმანეთს „იამაჰას“ ცენტრში შევხვდით, ვისაუბრეთ და დავთანხმდი თანამშრომლობაზე. მყავს ჩემი მენეჯერი, რომელიც ასეთ საკითხებს განიხილავს. ტურნე სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს მოვივლით. ეს არის ძალიან საინტერესო და კარგი შოუ. განათების მხრივ, მისი შოუ უფრო მეტად დახვეწილი, საინტერესოა ვიდრე „ქოლდფლეის“ შოუ. პროექტი აღებულია მშვიდობის თემატიკაზე – დრაკონის შთამომავლები, სხვა პლანეტის შვილები, რომლებიც ვართ ჩვენ, 2060 წელს მოდიან დედამიწის დასახმარებლად. კოსტიუმებიც სპეციალურად შეიკერა, ეს არის დაუვიწყარი შოუ. პირველი პეკინში „კადილაკის“ არენაზე გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს დელეგაციის წევრები, ასევე საქართველოს ელჩი ჩინეთში და მათი აზრით, ეს დაუვიწყარი სანახაობა იყო. მე ვარ ბენდის წევრი, გავაკეთე რამდენიმე სიმღერის არანჟირება. ორი კვირა ვაწყობდით პროექტს. მომავალი შოუები იქნება ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში. ჯერ აზიის მასშტაბით გვაქვს ტურნე, შემდეგ ამერიკაში წავალთ. ჩემთვის ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობა, დიდი გამოცდილება, თუ როგორ უნდა გაკეთდეს და დაიდგას დიდი შოუ. მასზე მუშაობდა ძალიან ცნობილი, გამოცდილი არტისტი, რომელიც თავის დროზე მაიკლ ჯეკსონის, ლედი გაგას შოუს აკეთებდა. ასევე, შოუს ჰყავს ძალიან ცნობილი, გამოცდილი ხმის ინჯინერი, რომელიც მუშაობდა ბრუნო მარსთან. საერთოდ, ამ პროექტში პროფესიონალი ადამიანები არიან და მიხარია, რომ მეც ვთანამშრომლობ მათთან და „ვოისასთვის“ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
– როგორია ხოლმე ხალხის, მაყურებლის ემოციები?
– ჩვენს კონტრაქტში მოთხოვნა გვაქვს, რომ კონცერტის შემდეგ, რაც შეიძლება, მალე უნდა დავტოვოთ სცენა, რადგან დამსწრე საზოგადოებას ყოველთვის აქვს  დიდი სურვილი, შეხვდეს ლიჰომს, ბენდის წევრებს.
– შოუს განმავლობაში თუ გაჟღერდა, რომ მისი ბენდის წევრი ქართველია?
– კი, ერთხელ ერთ-ერთ კონცერტზე გამოაცხადა საქართველო და ყველა კონცერტზე აცხადებს ჩემს სახელსა და გვარს. ერთადერთი ადამიანია, რომელიც  სწორად გამოთქვამს ჩემს სახელსა და გვარს.
– მასთან თანამშრომლობა შენს სხვა პროექტების განხორციელებაში ხომ არ გიშლის ხელს?
– არა, პარალელურად, შემიძლია, ჩემი პროექტებიც განვახორციელო. მაისი ძალიან დატვირთული მაქვს, რამდენიმე დღით ჩამოვალ საქართველოში „ვოისასთან“ დაკავშირებით. შემდეგ მაქვს კონცერტები ჩემი ქართული პროექტით – „ქართული ობერტონები“, რომლის პრეზენტაციაც ძალიან დიდი წარმატებით გაიმართა შარშან ბერლინში, „ბასიაანის“ ტრიოსთან და ჩემს ბენდთან ერთად. ვაშინგტონში, ნიუ-იორკში „გაეროში“ გვექნება კონცერტები. შემდეგ მივემგზავრები ბერმუდაში, სადაც დავუკრავ ჩემს მენტორთან, ქართველ პედაგოგთან, ეთერ  ანჯაფარიძესთან ერთად. ასევე, ბერმუდაში შევასრულებთ ჩემი ქართული სიმღერების კრებულს ჯაზ-ტრიოსთან ერთად. ეს არის მუსიკა ქართული კონოფილმებიდან – არჩილ კერესელიძის, ყანჩელის, ცინცაძის, ჯანსუღ კახიძის ლამაზი მელოდიების არანჟირებები მაქვს გაკეთებული ჯაზ-ტრიოსთვის. შემდეგ, უკვე შანხაიში მივემგზავრები, სადაც გრძელდება ჩვენი ტურნე.
скачать dle 11.3