კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ მივხვდეთ აქვს თუ არა ბავშვს სენსორული ინტეგრაციის დარღვევები და რატომ შეიძლება, ჰქონდეთ ეს პრობლემა ზედმეტად აქტიურ პატარებს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

შეიძლება, თითოეული ჩვენგანი იცნობდეს ბავშვს, რომლის მოძრაობები უხერხული და ნაკლებად ზუსტია; რომელსაც კალმის ამოღება ან  საღებავების გახსნა უჭირს, როდესაც ყველა დანარჩენი უკვე წერს ან ხატავს; წყალი ეღვრება, ზედაპირის შემშრალებისას კი, მკლავები უსველდება და ამას ვერ ამჩნევს; ხშირად აზიანებს ნივთებს, ზედმეტად აწვება ფანქარს ან კალამს, დაფაზე წერისას ხელში ატყდება ცარცი; ხშირად იზიანებს კანს და ამას ვერ გრძნობს; თავს იცავს შეხებისგან და ვერ აცნობიერებს დისკომფორტის მიზეზებს. ამგვარი შემთხვევების უკეთ გასააზრებლად კი ნამდვილად დაგვეხმარება სენსორული ინტეგრაციის არსისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიების გაცნობა და შესწავლა.
მაია მაჭავარიანი (ნეიროფსიქოლოგი): ადამიანის შეგრძნებები მრავალფეროვანია: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, ტაქტილური (ანუ ხელის შეხებით მიღებული ინფორმაცია), ვესტიბულური (წონასწორობა და სხეულის მიმართება დედამიწის მიმართ), ინტროცეპტული (შინაგანი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია) და პროპრიოცეპტული (კუნთები და მყესები – ამის წყალობით, შევიგრძნობთ სხეულის პოზას). მაგალითად: მანდარინის ჭამის პროცესში ჩვენ ვიღებთ ერთდროულად ინფორმაციას თვალის, ცხვირის, ხელისგულების, სმენის, პირის ღრუს მეშვეობით. ინფორმაციის ეს ნაწილები ერთიანდება – ინტეგრირდება ერთიან ნაკადში და გვიყალიბებს სიტუაციის აღქმას, წვდომას. სენსორული ინტეგრაცია არაცნობიერი პროცესია (მიმდინარეობს ჩვენი ცნობიერების მიღმა), რომელიც ფილტრავს, ორგანიზებას უწევს და აერთიანებს სხვადასხვა არხიდან (შეგრძნებიდან) მიღებულ ინფორმაციას, გვეხმარება სწორ რეაგირებაში და აზროვნებაში.
–  რა გავლენას ახდენს ის თავის ტვინზე?
– სენსორული ინტეგრაცია არის ბაზა, რომელზეც ვითარდება ბავშვის თავის ტვინი ადრეულ ასაკში. პატარებს, ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული აბსტრაქტული აზროვნება. სამყაროს შემეცნების ძირითადი გზა არის გარემოდან ინფორმაციის მიღება და მასზე რეაგირება. ამას სენსომოტორული განვითარების პერიოდს უწოდებენ. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, ბავშვმა მიიღოს მრავალფეროვანი გამოცდილება ყველა შეგრძნების ჩათვლით, შეეხოს საგნებს, ბევრი იმოძრაოს, იხოხოს, დაყნოსოს, მოსინჯოს ხელით და პირით საგნები. ვისაც  ჰყავს 2 წლამდე პატარა, ალბათ, აკვირდება, რომ ბავშვი ხშირად ძირს აგდებს საგნებს – ეს არის სმენითი ინფორმაციის მიღების გზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედებაა, რადგან რაც უფრო მრავალფეროვან ინფორმაციას მიიღებს საგნის შესახებ ბავშვი, მით მარტივად ინტეგრირდება მის გონებაში ეს ინფორმაცია და უფრო ეფექტურად გამოიყენებს ამ ინფორმაციას მეტყველებისა და აზროვნების პროცესში, ასევე, შემდგომ ეტაპებზე. ფაქტობრივად, ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც შემდეგ შენდება უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები, აღქმა, მეხსიერება, მეტყველება, აზროვნება.
– რამ შეძლება გამოიწვიოს სენსორული ინტეგრაციის დარღვევა?
– გარკვეული მიზეზების გამო, შეიძლება, ბავშვს აღმოაჩნდეს სენსორული ინტეგრაციის დარღვევა, ან სენსორული ინფორმაციის გადამუშავების სირთულეები. დღევანდელ რეალობაში ეს მდგომარეობა სულ უფრო ხშირად გვხდება ბავშვების შეფასების პროცესში, რადგან დღეს ბავშვების დიდ ნაწილს აქვს სენსორული ინფორმაციის უკიდურესი სიმწირე ან საერთოდ არქონა. ბავშვებს ნაკლებად ეძლევათ მოძრაობისა და სამყაროს შემეცნების საშუალება, თითქმის აღარ აქვთ შეხება ბუნებასთან, ძალიან დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, ტექნიკასთან და ეს კი არღვევს სენსორული ინტეგრაციის პროცესის ბუნებრივ მიმდინარეობას. დღეს ხშირად შეხვდებით ბავშვს, მოზარდს ან მოზრდილსაც კი, სპინერით, ტყლარწით. ამ ტიპის ყველა სათამაშო ემსახურება, სწორედ, შეგრძნებების სტიმულირებას.
– როგორ გამოიხატება სენსორული ინტეგრაციის დარღვევები?
– სენსორული ინტეგრაციის დარღვევები საკმაოდ მრავალფეროვანია. „მსუბუქი“ დარღვევები ნაკლებად შესამჩნევია, მშობელმა, შეიძლება, ბავშვის სკოლაში შეყვანამდე ვერც შენიშნოს. ასეთ დროს ბავშვი შედარებით გვიან იწყებს ხოხვას, დგომას, სიარულს, მოგვიანებით, ეს უკვე შეიძლება გამოვლინდეს ყოფით მოქმედებებშიც: ბავშვს უჭირს თასმების შეკვრა, ველოსიპედის ტარება, მოქმედებები შენელებულია, მოუქნელია, არ არის სხარტი. ვლინდება ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტი, ბავშვი უმიზნოდ მოძრაობს, ვერ ახდენს საჭირო მოქმედებებზე კონცენტრაციას. ასაკის მატებასთან ერთად, ასეთმა ბავშვებმა შესაძლოა, მოახერხონ საკუთარი აქტივობის შეკავება/დათრგუნვა, მაგრამ მაინც უჭირთ წესრიგის დაცვა, დავალებების დამოუკიდებლად შესრულება, ჩანთის ჩალაგება და ასე შემდეგ. ასეთი ბავშვების ქცევა კონკრეტულ სიტუაციაში სრულიად არაადეკვეტურად გამოიყურება. მაგალითად, შეიძლება მივიდეს უცხო ადამიანთან და ხელით შეეხოს ან აღმოაჩინოს ტრანსპორტში, რომ დასაჯდომი ჭრიჭინებს და აჭრიჭინოს მთელი გზა (ეს ნიშნავს, რომ მან იპოვა მისთვის დეფიციტური სტიმული). ასევე, ხშირია თამაშთან დაკავშირებული პრობლემები, მშობლები ამას ასე აღწერენ „არ აინტერესებს“,  „თამაში არ უყვარს“. ასეთ ბავშვს უჭირს სხვა ბავშვების მოქმედებების ინტერპრეტაცია, ხშირად უტყდება სათამაშოები, ეცემა სირბილის დროს, ეჯახება სხვა ბავშვებს და ოთახში არსებულ ავეჯს, უჭირს სათამაშოებითა და საგნებით მანიპულირება, „მარცხიანია“. ასევე, ხშირია ქცევის მართვის პრობლემები, ასეთი ბავშვები ხშირად იღებენ შენიშვნებს და ურჩი, მოუწესრიგებელი, ჯიუტი ბავშვის იარლიყი აქვთ. ეს ყველაფერი დადებითად არ აისახება ბავშვის ემოციურ სფეროზე და თვითშეფასებაზე. სენსორული ინტეგრაციის დარღვევები ვლინდება ენისა და მეტყველების დარღვევებთან ერთად, ხშირია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში, ასევე, გვხვდება დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან. ხშირად, უკვე სასკოლო ასაკში, ზედმეტად აქტიურ, მოუსვენარ ბავშვებს, სწორედ სენსორული ინფორმაციის გადამუშავების პრობლემა აქვთ.
– რით არის გამოწვეული ზემოთ აღწერილი პრობლემები?
– უნდა განვასხვავოთ ჰიპერმგრძნობელობა და ჰიპომგრძნობელობა. ეს პრობლემები, ძირითადად, ჰიპომგრძნობელობით არის გამოწვეული, როდესაც ბავშვი ეძებს მისთვის სასურველ, დეფიციტურ სტიმულებს. ამ შემთხვევაში საუბრობენ სენსორულ „შიმშილზე“. ხოლო ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში ადგილი აქვს სტიმულებისაგან თავის არიდებას: ბავშვი ხელს არ ჰკიდებს გარკვეულ ფაქტურებს (მაგალითად, არ ეკარება რბილ სათამაშოებს), ეშინია რწევის, შეიძლება, ასევე, დაშინდეს ან იტიროს ძლიერი ხმაურის პირობებში. აღიზიანებს ძლიერი განათება, მოციმციმე შუქები ან ვერ იტანს ჩახუტებას და ასე შემდეგ.
– არსებობს თუ არა, იდეალური სენსორული ინტეგრაცია?
– იდეალური სენსორული ინტეგრაცია არ არსებობს, ყველას გვაქვს საკუთარი მაღალი და დაბალი ზღურბლები (ვიღაცა ატამს ვერ ეხება, ვიღაცას მგზავრობა ცუდად ხდის და ასე შემდეგ). ამიტომ, თუ თქვენი დაკვირვებით, ბავშვს შეიძლება, ჰქონდეს სენსორული ინფორმაციის გადამუშავების პრობლემები, ეცადეთ, დააკვირდეთ და დაეხმაროთ. თუ ვერ ხვდებით, როგორ – გაიარეთ კონსულტაცია.
– როგორ დავეხმაროთ სენსორული ინტეგრაციის დარღვევის შემთხვევაში ბავშვს?
– სენსორული ინფორმაციის გადამუშავების სიძნელეებზე ეჭვის შემთხვევაში, მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტებს. იდეალურ შემთხვევაში – ოკუპაციურ თერაპევტს, რომელიც შეაფასებს ბავშვის სენსორულ პროფილს და დაუწერს სენსორულ დიეტას, სადაც იქნება გათვალისწინებული ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები. გამოხატულ შემთხვევებში, სასურველია სპეციალისტის დახმარება. შედარებით იოლ გამოვლინებებს მშობელი თავად გაუმკლავდება სახლში „სენსორული თამაშების“ გამოყენებით, რომლებსაც სპეციალისტი ურჩევს. ეს ძალიან სახალისო, სასიამოვნო და ეფექტური პროცესია, რადგან „სენსორული შიმშილის“ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მშობელი აღმოაჩენს, რომ ბავშვი ბევრად უფრო მშვიდი და კეთილგანწყობილია, უკეთესად ახდენს ყურადღების კონცენტრაციას, შეუძლია მშვიდად ჯდომა, აღარ არის გაღიზიანებული. პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა პრევენცია. არ გაუშვათ ხელიდან ის მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც ბავშვს სჭირდება მრავალფეროვანი სენსორული სამყარო. ეს არის 1 წლიდან, ფაქტობრივად, 7 წლამდე პერიოდი (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 3 წლამდე). მიეცით ბავშვს საშუალება, შეიმეცნოს სამყარო, იხოხოს, იმოძრაოს, შეეხოს, პირით მოსინჯოს საგნები. თქვენი როლი ამ პროცესში არის უსაფრთხო გარემოსა და მრავალფეროვანი გამოცდილებითა და ინფორმაციით უზრუნველყოფა. ძალიან კარგი საშუალებაა სპორტი. ამ შემთხვევაში ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ: ჯანმრთელობას და სენსორულ სტიმულირებას. თუმცა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და სპორტის სახეობების სხვადასხვა სფეროს ასტიმულირებს. მაგალითად, პროპრიოცეპტული შეგრძნების სტიმულირების იდეალური საშუალებაა ჭიდაობა. ტაქტილურისთვის შეიძლება, ძალიან სასარგებლო იყოს ცურვა, ვესტიბულურისთვის  – ბატუტი და ასე შემდეგ. ძირითადად ყველა სახეობა ერთდროულად რამდენიმე შეგრძნებას ემსახურება. მეცადინეობის პროცესში მიეცით ბავშვს აქტიური შესვენების საშუალება, როდესაც შეძლებს მოძრაობას, გავლა-გამოვლას, რა თქმა უნდა, წინასწარ შეთანხმდით, რამდენ ხანში აგრძელებთ მეცადინეობას. მნიშვნელოვანია ბუნებასთან კონტაქტი. ზაფხულში შეგიძლით, ნება დართოთ, ფეხშიშველმა იაროს მიწაზე, კენჭებზე, ქვიშაზე, შეეხოს ცხოველებს. ეს ფასდაუდებელი გამოცდილება და ინფორმაციაა. წვიმის შემდეგ ჩააცვით ბოტები და მიეცით საშუალება, გაიაროს გუბეებში, სათამაშო მოედნებზე ათამაშეთ ქვიშით. ცუდ ამინდში შეგიძლიათ, წაიყვანოთ ბავშვთა გასართობ ცენტში, სადაც ექნება ლაბირინთებში ხოხვის, ბურთებში ჩასრიალებისა და ბევრი სხვა სახალისო და სასარგებლო აქტივობის განხორციელების საშუალება. სახლის პირობებში, ასევე, შეიძლება ბევრი განმავითარებელი და სასარგებლო თამაშის მოფიქრება. შეუკერეთ სხვადასხვა ქსოვილის ბალიშები, შეგიძლ იათ, შიგნით ჩაუყაროთ მარცვლეული (ლობიო, სიმინდი, ბრინჯი). ძალიან სასარგებლოა (ასაკის შესაბამისად) პლასტელინით, კინეტიკური ქვიშით, ქაფით, საღებავებით თამაში.
скачать dle 11.3