კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რა დაღს ასვამს სიღარიბე ბავშვის ფსიქიკას და რატომ არის შეუძლებელი ასეთ პირობებში გამრავლება და სრულფასოვანი განვითარება

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოში 150 186 ბავშვი არასათანადო პირობებში ცხოვრობს, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა და, შესაბამისად, მათი ოჯახები სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებენ. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მცირეწლოვანებს შორის 43 000 ბავშვი 1-დან 5-წლამდეა, 4 099  კი – ჩვილი. თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი ერი დაბერებულია, ანუ საპენსიო ასაკის მოსახლეობის წილი ბევრად აღემატება 18 წლამდე მოსახლეობის წილს (რაც იმას ნიშნავს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა მძიმეა), მათი თითქმის მესამედი კი სიღარიბეში ცხოვრობს, გამოდის, უახლოეს მომავალში სახელმწიფოს მთავარი რესურსი – ადამიანი – სუფთა რაოდენობრივადაც შეგვიმცირდება და თვისებრივადაც, რადგან სიღარიბე ის დაღია, რომელიც ხელს უშლის ადამიანის სრულფასოვან განვითარებას. სიღარიბეზე, როგორც დამღასა და მის უარყოფით გავლენაზე, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ლექტორთან, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად ვიმსჯელებთ.
– სიღარიბე როგორ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე?
– ეს არის კოლოსალური გავლენა, რომლის წონაც შეუფასებელია. იმდენად მტკივნეულია ბავშვისთვის ეს პრობლემა, რომ აისახება მის ფიზიოლოგიაზე, ფიზიკურ განვითარებაზე და ის ფსიქოლოგიური გავლენის გამო ექცევა გარკვეულ სტერეოტიპში, რომელიც ჩვენთვის არ არის ნაცნობი ქართული კულტურიდან, იმიტომ რომ ქართულ კულტურაში ასეთი დისჰარმონია მდიდრებსა და ღარიბებს შორის არ გვახსოვს და ასეთი პრობლემა არც არსებობდა. თუმცა, ვიცოდით, რომ ის იყო მესამე სამყაროში: ინდოეთში, ჩინეთში, აფრიკაში, ლათინკურ ამერიკაში. ანუ, იმ ტიპის განსხვავება, ჩვენთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, იყო წოდებრივ საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანები იყოფოდნენ პრივილეგიურ და არაპრივილეგიურ ფენებად. ჩვენთან ეს იყო თავადაზნაურობა და გლეხობა ან ყმები.
– თუმცა იყო გაძიძების პრაქტიკა, როდესაც არათუ თავადების, მეფის შვილებსაც კი აძიძებდნენ გლეხების ოჯახებში.
– ეს იმიტომ იყო, რომ ერთი ერი, ერთი კულტურა ვიყავით და უნდა გადებულიყო ხიდები ამ ორ ფენას შორის და რომ მეფე იყო არა მარტო თავადაზნაურობის, არამედ ყმებისა და გლეხების მეფეც. ეს იყო კულტურისმიერი წამალი. ერთი სიტყვით, ჩვენს საზოგადოებაში ასეთი სეგრეგაცია და იზოლირება არ არსებობდა, ამიტომ ეს პრობლემა ჩვენთვის ნათელი და გასაგები არ არის და ეკონომიკური გასაჭირი იმიტომაც შემოდის ასე მტკივნეულად. პირიქით, ჩვენ გამოვიარეთ ხელოვნური გათანაბრების პერიოდი, ეგრეთ წოდებული „ურავნილოვკა“, კოლექტივიზაციისა და სხვათა სახით. და ჩვენთვის უცნობია, რას ნიშნავს, როდესაც არსებობენ ღატაკები და მილიონერები და მილიარდერები. არადა ამ ორ კატეგორიას შორის მართლაცდა ისეთივე განსხვავებაა, როგორიც წოდებრივ საზოგადოებაში, ოღონდ წოდების ნაცვლად აქ როლს ასრულებს მატერიალური უზრუნველყოფის ფაქტორი. მთელი ეროპული ლიტერატურა იმაზეა აგებული, თუ რა ძნელი იყო ერთი ფენიდან მეორეში გადასვლა და გარკვეულწილად, ქართული ლიტერატურაც, მაგალითად, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“.
– „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილში“ არის ერთი საინტერესო ადგილი, მხოლოდ ფული არ იყო საკმარისი, ის მას ბევრი ჰქონდა, რა არ სცადა სოლომონ ისაკიჩმა, მაგრამ ჯღანი ვერ ამოაგდო თავისი გვარიდანო.
– როგორ არის დაწერილი ეს რომანი – თითქოსდა მატერიალური სიმდიდრე იმდენს არ ნიშნავს, რასაც გვარიშვილობა და რა რთულია გვარიშვილობის მიღება და იმ წრეში მოხვედრა. ანუ აჩვენებს, როგორი დისჰარმონია იყო საზოგადოებაში. დღეს ეს დისჰარმონია ჩვენ ბოლომდე არ გაგვიცნობიერებია, მაგრამ მილიონერი, მილიარდერი და ღატაკი ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც წოდებრივ საზოგადოებაში დაბალი და მაღალი ფენების წარმომადგენლები. აი, ამ დროს კი იღვიძებს კომპლექსები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფებისთვის და ეს საქართველოშიც პრობლემაა, რადგან ფიზიკურად გადარჩენის საკითხი დგას. ასეთ გარემოში ქართველისთვის გამრავლება პრობლემაა: გადავხედოთ სტატისტიკას: როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი მუცლადყოფნისა და ჩვილობის ასაკში?! მაგალითად, ევროპაში, სკანდინავიის ქვეყნებში, ამერიკაში ჩნდებიან ბავშვები, რომლებიც ქართულ რეალობაში, უბრალოდ, ვერ დაიბადებოდნენ – მუცლადყოფნის 5-6 თვის ასაკში და ისინი შემდეგ ჩვეულებრივ ვითარდებიან. ან ვნახოთ, როგორი მაღალია ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი მესამე სამყაროს ქვეყნებში და ასეთივე საშიშროებაა საქართველოშიც. ოჯახებს არ აქვთ სახსრები, რომ დაიცვან ბავშვები იმ სენისგან, რომლებიც მათ ანადგურებს და ეს უსახსრობა აისახება ფსიქოლოგიურ პრობლემებადაც. ღარიბ ოჯახში გაზრდილი ბავშვი მუდმივად ისმენს თავისი მშობლებისგან, თუ რა მძიმეა მათი გამოკვება, მათზე ზრუნვა, მათთვის აუცილებელი ნივთების ყიდვა. როდესაც ამითაა გაჟღენთილი ბავშვი, მას უჩნდება ფსიქოლოგიური კომპლექსები, ეგრეთ წოდებული რეაქტიული წანააღმდეგობა. გავიხსენოთ ლათინური ამერიკის მაგალითი: იმდენად დიდი იყო სიძულვილი ამერიკისადმი, სიმდიდრისადმი, რომ ისინი ითმენდნენ უკიდურეს გაჭირვებას. არა მარტო ამერიკაში, იგივე ხდებოდა ევროპაშიც და ჩე გევარას სტილი დასავლეთისთვის დღესაც მისაღებია. ის არის მათი არსენა ოძელაშვილი და ძალიან ბევრი ადამიანია დღეს ევროპაში მემარცხენე სწორედ იმის გამო, რომ ხედავენ რეალობას: განსხვავებას მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ჩვენთან ასეთი რამ არ ყოფილა და ამიტომ არ გვაქვს მემარცხენე მოძრაობა, რომელიც გამოხატავდა თანასწორობისა და სამართლიანობის იდეას და არა კომუნისტური გათანაბრების იდეას. არადა, თანაბარი პირობების შექმნა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა თანამედროვე საზოგადოებაში.
– ჯერ ჩვენ არ მოგვიმკია ამ ფენობრივი განსხვავების შედეგი, არ გაზრდილა თაობა, რომელიც ბავშვობაში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა და დღეს ასეთ მძიმე პირობებში იზრდება?
– დიახ, ჯერ ჩვენთან არ შექმნილა თაობები, რომლებიც ასეთ პირობებში გაიზარდნენ, ეს მხოლოდ ახლა ვიგრძენით და ძნელი სათქმელია, როგორ გამომჟღავნდება ქართულ კულტურაში. მეორე მხრივ, არც ისე ძნელია, იმიტომ რომ, მაგალითად: ჩვენს ისტორიაში, წინა საუკუნის დასაწყისში, არჩევნებისას, ქართულმა საზოგადოებამ აირჩია სოციალისტური მთავრობა, ანუ მარქსისტები ჟორდანიას მთავრობის სახით და არ აირჩიეს ეროვნული პარტია. აი, ასეთი მარქსიზმის ხანა შეიძლება, განმეორდეს ჩვენს რეალობაში. ასეთი ცხოვრების წესი შობს ჩე გევარას, ეს არის საზოგადოება, რომელიც რეაქტიული წინააღმდეგობით არის განმსჭვალული და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. რეაქტიული წინააღმდეგობა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს აქვთ გაუცნობიერებელი ფსიქოლოგიური რეაქცია და ამით გამოხატავენ თავიანთ დათრგუნულ მოთხოვნილებებს. ასეთი რეაქტიული წინააღმდეგობა ახასიათებთ თინეიჯერებს, როდესაც აღარ მოსწონთ მშობლების თაობა და მათი ფასეულობები და იქცევიან იმის საპირისპიროდ, რასაც ეუბნებიან მშობლები. იგივე ხდება საზოგადოებაშიც. მაგალითად, გასული საუკუნის 70-ანელების ჰიპების მოძრაობაც ამის გამოვლინებაა, როდესაც მათ უარი თქვეს ბურჟუაზიულ ფასეულობებზე, რომლებიც ჩვენთვის სამაგალითოა: თუ ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოფილია, ჰყავთ მანქანები, ცხოვრობენ ფუფუნებაში, აქვთ მოგზაურობისა და განათლების მიღების საშუალება და თითქოს ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანი, მაგრამ გასული საუკუნის 70-ანების ახალგაზრდები იყვნენ ასეთი საზოგადოების წინააღმდეგი. ასეთი რეაქტიული წინააღმდეგობისას ძნელია გამარჯვება, რადგან რეაქცია გაუცნობიერებელია და გამოხატავს დათრგუნულ მოთხოვნილებებს. ამიტომ ის მოძრაობა ძალიან ადვილად გადაიზარდა ნარკოტიკებისა და სასმელის მომხმარებაში, რაშიც ის თაობა, ფაქტობრივად, დაიღუპა.
– ჩვენთანაც კატასტროფული სტატისტიკაა ნარკომომხმარებლების და საერთოდაც, პოლიტიკური პარტია გვაქვს, რომელიც პირდაპირ ეწევა ნარკოტიკების პროპაგანდას და თავისი პოლიტიკაც ამაზე აქვს აგებული, რომ რამენაირად ყველა ტიპის ნარკოტიკის ლეგალიზაცია მოახერხოს. ფაქტია, გათვლილი აქვს კამპანია ნარკომომხმარებლებზე, ანუ ისინი ბევრნი არიან.  ამდენი ნარკომანი სიღარიბეზე რეაქციის შედეგია?
– ჩვენთანაც ეს რეაქციაა, მაგალითად, ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ განსხვავება საშუალო დონის ევროპელსა და მილიარდერს ან მილიონერს შორის თითქმის არ არის, ხოლო ღატაკსა და მილიარდერს, მილიონერსა და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანს შორის კოლოსალური განსხვავებაა. ეს გამოიხატება სოციალურად და კულტურულად: შესაძლოა, გოგონას ან ვაჟს მოეწონოს ვაჟი ან გოგონა, რომელიც სამსახურში დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ იყოს სავალდებულო, რომ ჰყავდეს ფეშენებელური ავტომანქანა. მაგრამ ღარიბსა და მილიონერს შორის უკვე ვეღარ იგება მეგობრობა, სიყვარული და ურთიერთობის სურვილი ქრება.
– ბავშვებთანაც ასეა?
– დიახ, ბავშვები ამას ისრუტავენ და ხედავენ, რა განსხვავებაა ამ ორ საზოგადოებას შორის და მათთვის ერთიდან მეორეში მოხვედრა არის ოცნების სფერო, რომელსაც შეუძლიათ, შესწირონ მთელი ცხოვრება და მაინც არაფერი გამოუვიდეთ იმ განსხვავების გამო, რომელიც არსებობს მათ შორის. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, არ ბადებს კონფლიქტს საზოგადოება, სადაც ყველა უზრუნველყოფილია და არიან მილიონერები და მილიარდერები, ამიტომ ეს არ არის საშიში. რადგან თითოეულს შეუძლია, განვითარდეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კატეგორიაშია. ამიტომ ეს ფსიქოლოგიურ პრობლემებს არ იწვევს. მაგრამ ღარიბსა და მილიონერს შორის წარმოიქმნება ფსიქოლოგიური პრობლემები და ასეთი საზოგადოება ჩვეულებრივ დიდი განსაცდელის წინაშე დგება ხოლმე, იმიტომ რომ წარმოიშვება რეაქტიული წანააღმდეგობა საზოგადოებაში, რომელიც ირაციონალურია თავისი ბუნებით, მაგრამ ამაზე მეტია ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა: ძალიან ძლიერია ზიზღი. მაგალითად, ლენინისა და სტალინის ტიპაჟები წარმოიშვა ასეთი რეაქტიული წინააღმდეგობების გარემოში. სტალინი შვა, ერთი მხრივ, თავსმოხვეულმა რუსიფიკაციამ და მეორე მხრივ, თავსმოხვეულმა რუსულმა იმპერიულმა მართლმადიდებლობამ. ბიჭუნა იყო, რომელიც სწავლობდა სემინარიაში და ყველაფერს ასწავლიდნენ რუსულად და ბიბლიასაც როზგითა და არაქრისტიანულად. ამან შვა ის რეაქტიული წანააღმდეგობა, რომელმაც დაამსხვრია რუსეთის იმპერია. და ასეთი დესტრუქციული ძალა, ჩვეულებისამებრ, წარმოიშვება მაშინ და იქ, როდესაც არის ბარიერი მდიდრებსა და ღარიბებს შორის. მათ შორისაა სიძულვილი, რომელიც ბავშვობიდან ყალიბდება და მისი გამოვლენა უნდათ. ასეთი მდგომარეობა საჭიროებს ღრმა ფსიქოთერაპიულ მიდგომას და ასეთი მასშტაბური ფსიქოთერაპიაა, როდესაც კულტურა მოიგონებს წამალს: დაიწერება ეპოქური ნაწარმოები, პუბლიცისტიკა, რასაც დრო უნდა. ასე რომ, ჯერჯერობით ასეთი საშიშროების წინაშე ვდგავართ.
– თუ სწორად გავიგე, სოციალური აფეთქების საფრთხის წინაშე ვართ, როდესაც ეს სიღარიბეში გაზრდილი თაობა გაიზრდება?
– სცენარი, რომელიც არსებობს მსოფლიო გამოცდილებაში, ტრიალებს ჩვენს თავზე. ღატაკებისა და მილიონერების დაპირისპირების სცენარი ძალიან ნაცნობია დასავლეთისთვის, მესამე სამყაროსთვის და შეიძლება, გახდეს ჩვენი ყოველდღიურობაც. ასეთ დროს ფასეულობებზე ლაპარაკს აზრი ეკარგება: როდესაც ადამიანს არ აქვს ის ელემენტარული, რის იქითაც იწყება ადამიანობა, ის ცხოველურ გარემოშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიღატაკე ფსიქოლოგიურად ნიშნავს არაადამიანურ, ესე იგი, ცხოველურ გარემოს. იმიტომ რომ, როდესაც თავში პირველად მოდის სიცივის, შიმშილის ან ხვალინდელი დღის შიშის შეგრძნება, იქ ძალიან რთულია, იფიქრო ადამიანურ ფასეულობებზე. ამდენად, ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოება, რომელშიც აღარ იქნება სიღატაკე. თუმცა რაღაც აქტივობები შეინიშნება: ვაგროვებთ ტანსაცმელს…
– ამას გარდა ჩვენთან უხვადაა მეორადი მაღაზიებიც. სხვების გამონაცვალში გამოწყობილები შევძლებთ სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბებას?
– ეს ღატაკი საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. ადამიანი არ შეიძლება, იზრდებოდეს სხვის გამონაცვალ ტანსაცმელში. ცივილიზებულ სამყაროში ყველას აქვს საშუალება, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები, სიღატაკეა, როდესაც უგროვებენ ფულს, ტანსაცმელს, საკვებს. ეს შობს ისეთ ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობას, როდესაც ადამიანი დარწმუნებულია, რომ თავად ვერ მოიპოვებს ვერაფერს და ის არის არასრულფასოვანი. რაც უნდა გააკეთოს, ვერ მიიღებს სასურველ შედეგს და უნდა იყოს ან მათხოვარი, ან ყაჩაღი. ანუ ან უნდა მისცეს სხვამ, ან უნდა წაართვას სხვას. ორივე მდგომარეობა არაადამიანურია, იმიტომ რომ ცხოველი არ ქმნის არანაირ ფასეულობას, მიდის და ჭამს სხვას ან ართმევს სხვას. როდესაც ადამიანი იქცევა ასე, ის დეგრადირდება და ემსგავსება ცხოველს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეთ ამ სიღატაკიდან და ეს არის ჩვენი ნომერ პირველი პრობლემა.

скачать dle 11.3