კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რისთვის მიაყენეს შეურაცხყოფა უფლისწულმა გიორგიმ და თავადმა ზაზა ბორტიშვილმა ეკატერინე მეორის გენერალს

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირება დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. ოსმალეთს უნდოდა, განემტკიცებინა თავისი გავლენა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, პოლონეთისა და უკრაინის მიმართულებით, ასევე, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში. რუსეთს უნდოდა გასასვლელი შავ ზღვაზე, ყირიმის სახანოს დაპყრობა, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ათვისება. რუსეთი ოსმალეთისთვის საბერძნეთისა და სხვა ტერიტორიების გამოტაცებასაც იმედოვნებდა. ამის გამო, რუსეთსა და ოსმალეთს შორის არაერთი ომი გაიმართა. რიგითი, 1735-1739 წლების ომი რუსეთისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. გავიდა ხანი, ოსმალეთი რუსეთის ქმედებებით უკმაყოფილო იყო და 1768 წლის 25 სექტემბერს ოსმალეთის სულთანმა, მუსტაფა მესამემ ომი გამოუცხადა რუსეთის იმპერიას.  იმ დროს რუსეთს მართავდა გერმანული წარმოშობის იმპერატრიცა, ეკატერინე მეორე, რომელმაც ტახტიდან ჩამოაგდო თავისი ქმარი, პეტრე პირველის შვილიშვილი, პეტრე მესამე, და როგორც ჩანს, მოაკვლევინა.
 რუსებს სურდათ, ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი და შევიწროებული ხალხები თავისი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ და ამ მიზნით ცდილობდნენ მათ ჩაბმას ომში. უნდოდათ აეჯანყებინათ ბერძნები, დაეხმარებინათ სერბები, რუმინელები, ბულგარელები, ქართველები.
 ჩვენი ხელმწიფეები, ერეკლე მეორე და სოლომონ პირველი, იმედის თვალით უყურებდენ მოვლენებს და, რა თქმა უნდა, ერთმორწმუნე რუსეთის მხარეს აპირებდნენ ბრძოლას. ერეკლე მეორეს სურდა ოსმალეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გამოხსნა და ქართლ-კახეთის სამეფოსთვის შემოერთება. სოლომონ მეორეს უნდოდა დასავლეთ საქართველოს ციხეებიდან ოსმალთა გაყრა. ჩვენი მეფეები და რუსები შეთანხმდნენ. 1769 წლის 21 მაისს თბილისში რუსეთის წარმომადგენელმა ხვაბულოვმა (ყოფილი ქართველი, ქობულაშვილი) და ქართველმა მეფეებმა გადაწყვიტეს, ერთიანი ძალებით შეეტიათ მტრისთვის. რუსებს უნდოდათ, ქართველებს კიდევ ერთი ფრონტი გაეხსნათ ოსმალებისთვის, ამით სხვა მიმართულებით ბრძოლა გაუადვილდებოდათ.
 შეთანხმების საფუძველზე, 1769 წელს დარიალის მხრიდან საქართველოში შემოვიდა რუსული სამხედრო ნაწილი, 480 კაცი, გენერალ ტოტლებენის მეთაურობით. 1770 წელს ამ ნაწილს დაემატა 3 762 ჯარისკაცი. რუსულ იმპერიას იმედი ჰქონდა, რომ ქართული საომარი ძალით მიაღწევდნენ მიზანს, თორემ 4 242 ჯარისკაცი რას გახდებოდა მრავალრიცხოვან ოსმალებთან. ეს იყო ქართველების ომში შეყვანის სურვილი და არა დახმარება. ოსმალებს ათი ათასობით მეომრის გამოყვანა შეეძლოთ.
 1770 წლის მარტის ბოლოს რუსებისა და ქართველების საჯარისო ნაწილები ერთად დაიძრნენ მესხეთისკენ. ერეკლე მეფემ, რუსების იმედით, ზარბაზნები თბილისში დატოვა. 14 აპრილს აიღეს სადგერის ციხე. 17 აპრილს აწყურის ციხეს მიადგნენ. ქართველთა ნიჭიერმა სარდალმა იცოდა, რომ მთავარი იყო საფაშოს ცენტრის, ახალციხის აღება, რის მერეც დეზორგანიზებული მტრის დამარცხება მთელ მესხეთში გაადვილდებოდა. ტოტლებენი აწყურის აღებას ითხოვდა. რა უნდა ექნა ქართველ მეფეს, დათანხმდა. დაბანაკდნენ აწყურთან ახლოს. 18 აპრილს ახალციხის ფაშამ აწყურის ციხეში გარნიზონს 2 000 ჯარისკაცი დაამატა.
მეორე დღეს, 19 აპრილს, მოულოდნელად, ტოტლებენმა რუსული ნაწილი აჰყარა და ბრძოლის ველიდან წასვლა დაიწყო.
ქართველი მეფე გარუსებულ გერმანელს ეხვეწა, მაგრამ ვერ დაარწმუნა, დარჩენილიყო. ერეკლე მეორის შვილიშვილი, ალექსანდრე ორბელიანი წერს, ქართველმა მეფემ ცალი მუხლიც კი მოიყარა, თურმე, ავანტიურისტი გენერლის წინაშე, მაგრამ ვერაფერს გახდაო. ჩვენმა ხელმწიფემ იცოდა, ამის შემხედვარე, თურქები, რა თქმა უნდა, გათამამდებოდნენ, და  მთელ ჯავრს ქართველებზე იყრიდნენ. ასეთ შემთხვევაში, მოკავშირის გარეშე დარჩენა ძალიან ძნელი იქნებოდა. გარდა ამისა, თუ ქართული ჯარი დამარცხდებოდა, ოსმალები ადვილად მიაღწევდნენ ტფილისამდე...
გამოვიდა რომ, რუსეთმა და გენერალ-მაიორმა ტოტლებენმა ქართლ-კახეთის სამეფოს ომი გამოაცხადებინეს ოსმალეთის ძლიერი იმპერიისათვის, შემდეგ კი მარტო დატოვეს, რათა, განადგურებულიყო.
ქართველთა ბანაკში იმყოფებოდა უფლისწული გიორგი, ტახტის მემვიდრე. მას შემდეგ, რაც ბატონიშვილ გიორგის 18 წელი შეუსრულდა, მუდამ თან დაჰყვებოდა მამას, გვერდით ედგა ბრძოლებში, საზღვრების დათვალიერებისას თუ სახელმწიფო საქმიანობისას. აწყურის კამპანიის დროს იგი 24 წლის იქნებოდა. როდესაც უფლისწულმა შეიტყო, რომ ტოტლებენი აპირებდა, უომრად გაცლოდა ბრძოლის ველს და ქართველთა ჯარს მარტო ტოვებდა, მიეჭრა გენერალს და გაცეცხლებულმა მიმართა:
„– ღენერალო! სირცხვილია ამისთანა დროსა ღალატი მეფისა.
– არა მაქვს ბრძანება, იმპერატრიცისა, რომ შევება ჯარითა ესრეთ მცირითა მტერსა დიდსა უსარგებლოდ, – უპასუხა ტოტლებენმა.
 – მაგითი, ღენერალო, არცხვენ რუსეთისა ჯარსა და უტეხ სახელსა დიდსა რუსეთსა. ღმერთი ჩვენკენ იქნება, ჩვენ შევებმით, გავიმარჯვებთ და მოვახსენებთ იმპერატრიცასა შენსა სიმხდალესა“, – უთხრა ბაგრატიონმა ავანტურისტ ტოტლებენს.
იქვე მდგარა თავადი ზაზა ბორტიშვილი. ბორტიშვილები თავად მაჩაბლების განაყოფი ყოფილან. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია გვამცნობს: „მაჩაბლების გვარი თავადურ სახლებად დაიყო: ზაალიშვილებად, გიორგიშვილებად, რევაზიშვილებად და ბორტიშვილებად“. შემდეგში მეფე ზაზას შევარდენს უწოდებდა, თურმე, მისი თავდადებული მეომრობის გამო. ზაზა გამწარდა, უფლისწულს რომ არ უჯერებდა რუსთა გენერალი და დაიძახა:
–  დაანებე, ბატონშვილო, თავი მაგ მ...ძ. წამობრძანდით, ჩვენ შევებმით და გავიმარჯვებთო“.
შეურაცხყოფილი ტოტლებენი აიყარა თავის ჯარისკაცებიანად და გაეცალა ასპინძას.
ერეკლე მეფეს მოახსენეს მისი მემკვიდრისა და რუსი გენერლის კამათის შესახებ. არ მოუწონა მემკვიდრეს ჩვენმა ხელმწიფემ ასეთი საქციელი. როგორც წერს პლატონ იოსელიანი: „ერიდებოდა რუსების წყენასა, კვალადცა საიმედოს ქრისტიანობისა გამო.“
 მეფემ უაზროდ მიიჩნია აწყურის შეტევა და გამობრუნდა ქართლისკენ. მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ტოტლებენი მის დამხობას ცდილობდა. მიუყვებოდა ჩვენი ჯარი მტკვრის მარჯვენა მხარეს. ჩვენი წინაპრების ძალები საკმაოდ მცირე იყო, სულ 3 000 მეომარი ჰყავდა მეფეს. ესეც უნდა დაეყო მტრის თავდასხმის მოლოდინში. თანაც, ყიზილბაშების (სპარსელების) მტრობას ქართლ-კახეთისთვის ოსმალების შემოსევებიც დაემატებოდა. ახლა ამას რუსთა ინტრიგებიც დაემატა.
მართლაც, ოსმალურმა ნაწილებმა გადაწყვიტეს, ხელიდან არ გაეშვათ ასეთი შემთხვევა და შეუტიეს ჩვენს წინაპრებს. ჩვენი ჯარის მარცხენა ფლანგს ბატონიშვილი გიორგი ხელმძღვანელობდა. ერეკლე მეორის სტრატეგიული ნიჭისა და ჩვენი წინაპრების გმირული ბრძოლის შედეგად, ოსმალები დამარცხდნენ.
მეორე დღეს, გენერალმა ტოტლებენმა შეიტყო ასპინძის ბრძოლაში ერეკლე მეორისა და მისი ჯარის გამარჯვების შესახებ. მას იმედი ჰქონდა, რომ ჩვენი მეფე დაიღუპებოდა. ტოტლებენი ჩუმად ეკონტაქტებოდა ერეკლე მეფისადმი მტრულად განწყობილ, მოღალატე თავადებს. შერცხვენილმა და გამწარებულმა, რადგან კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, გზა განაგრძო და მთაზე გადავიდა. მან ხომ ერეკლე მეფე ვერ დააზიანა, ვერ დაამარცხა, ვერ ჩააგდო განსაცდელში, პოლიტიკურად ვერ დაასუსტა.
გიორგი ბატონიშვილმა სთხოვა მამას, რუსეთის იმპერატრიცას გავუგზავნი ხალხს და მივწერ, რაც ჩაიდინა სამარცხვინო ტოტლბენმაო. მაგრამ, მეფემ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და თვითონ გააგზავნა, ვინც სურდა.
რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორის კარზე ჩათვალეს, რომ ნიჭიერი სარდლისა და სამხრეთ კავკასიის ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსის, ქართლ-კახეთის მეფის წინააღმდეგ შეთქმულება არ გამოადგებოდა ოსმალეთთან მეომარ რუსეთს და ამიტომ გენერალ-მაიორი ტოტლებენი უკან გაიწვიეს. თუმცა, რუსეთში ჩასული ტოტლებენი იმპერატრიცამ 1771 წლის 30 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგის სასახლეში, სადილზე  მიიწვია, პირადად გადასცა წმიდა ალექსანდრე ნეველის ორდენი და გენერალ-პორუჩიკის ჩინიც მიანიჭა.
скачать dle 11.3