კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 საიდუმლო ორგანიზაცია

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13-16(903)


​გუშაგმა რომ ზლობინი დაინახა, არც მისთვის და არც მისი თანმხლებისთვის არანაირი საბუთი არ მოუთხოვია და ულაპარაკოდ გაატარა. ზლობინს კი გაეცინა და ნოდარს უთხრა:
– ხომ გითხარი, რომ უპრობლემოდ შევალთ-მეთქი. ახლა კი გენერალს ვეახლებით და არ დაიბნე.
– არა. რა დამაბნევს. ყველაფერს დაწვრილებით მოვყვები. მთავარია, გიჟად არ ჩამთვალოს და დამიჯეროს, – თქვა ნოდარმა.
ზლობინმა თავი გააქნია და მიუგო:
– ჩვენ ის უწყება არ ვართ, სადაც რაიმეს მაინც უგულებელყოფდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ. ჩვენი ყურადღების მიღმა არაფერი რჩება და უმცირეს დეტალსაც კი არ ვტოვებთ შეუმოწმებელს.
– შენს სიტყვებზე მეცინება, – თქვა ნოდარმა.
– რატომ?
– თუნდაც იმიტომ, რომ ცხვირწინ საიდუმლო ორგანიზაცია გიმუშავებთ, რომელიც თქვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციას გეგმავს და აზრზეც კი არ ხართ ამის შესახებ.
– დამაფიქრებელია, – თქვა ზლობინმა და დააყოლა, – მადლობა ღმერთს, რომ დროულად მოხვედი. ახლა კი ჩვენზე იყოს მათი პატივისცემა. ქვას ქვაზე არ დავუტოვებთ ამ ნაბიჭვრებს.
– ჯერ უნდა მოიხელთოთ.
– მოვიხელთებთ, მოვიხელთებთ, – თქვა ზლობინმა. ამასობაში ისინი გენერლის მისაღებს მიადგნენ და ზლობინმა ნოდარს უთხრა:
– მოვედით. მოემზადე!
– მზად ვარ, – თქვა ნოდარმა და ზლობინს უკან მიჰყვა.
აშკარა იყო, რომ ზლობინსა და გოგიჩას ელოდნენ. გენერლის ადიუტანტმა ახალმოსულები ხელით მიიწვია კარისკენ  და უთხრა:
– შებრძანდით. ამხანაგი გენერალი გელოდებათ.
ორმოცდაათიოდე წლის ათლეტური აღნაგობის გენერალი სამოქალაქო სამოსში იყო გამოწყობილი. ის ოთახის შუაგულში შეეგება ახალმოსულებს და ზლობინს უთხრა:
– აშკარაა, რომ რაღაც „ჩეპე“ მოხდა, რადგან ასე მოულოდნელად მოხვედი და წინასწარ არც კი დამირეკე. სანამ ქვემოდან ჩემთან ამოდიოდით, რა არ ვიფიქრე, მაგრამ ხეირიანი – ვერაფერი. აგარაკზე უკვე დავრეკე და ნომერი პირველი პოსტის დაცვის გაძლიერების ბრძანება გავეცი. ალბათ, სწორად მოვიქეცი. ვფიქრობ, რომ აქ სწორედ პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხზე ხარ.
– დიახ, ამხანაგო გენერალო. სწორედ მასეა, – მიუგო ზლობინმა გენერალს და დაამატა, – არნახული ამბავია და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.
– აბა, დასხედით და გისმენთ. მოყევით თქვენი არნახული ამბავი, – თქვა გენერალმა და ახალმოსულებთან ერთად სავარძელში მოკალათდა, თან, გოგიჩას მიაპყრო მზერა, რადგან ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მთავარი მთხრობელი ზლობინის თანმხლები პირი იყო.
გოგიჩამ გენერალს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა – დაწყებული თბილისში ბანკის ძარცვიდან, დაძინებული სერჟის მატარებლით გამგზავრებამდე. ნოდარმა თითქმის ნახევარი საათი ილაპარაკა და მართალია, გენერალი მთელი ამ დროის განმავლობაში  უხმოდ უსმენდა მას, მაგრამ სახეზე აშკარა მღელვარება ეტყობოდა.
– ყველაფერი გასაგებია, – თქვა გენერალმა, როდესაც ნოდარმaა თხრობა დაასრულა და გაჩუმდა, – სასწრაფოდ მივიღებთ ზომებს. თქვენ კი პირველთან წამოხვალთ აგარაკზე.
– პრეზიდენტთან, ამხანაგო გენერალო, ხომ? – დააზუსტა ზლობინმა.
– დიახ, ვოვა, სწორედ მასთან. თქვენ მანქანაში ჩასხედით და დამელოდეთ. მე საჭირო განკარგულებებს გავცემ და მაქსიმუმ, თხუთმეტ წუთში ჩამოვალ, – უთხრა გენერალმა ზლობინს და გოგიჩასთან ერთად კაბინეტიდან გამოისტუმრა.
ნოდარი და ზლობინი რომ გენერლის მანქანაში ჩასხდნენ, ზლობინმა გოგიჩას უთხრა:
– გენერალი მთელ საიდუმლო სამსახურს ფეხზე დააყენებს და ეგ შენი საიდუმლო ორგანიზაციაა თუ რაღაც ჯანდაბა, დღის ბოლომდე გაშიფრული და ლიკვიდირებული იქნება.
– ღმერთმა ქნას, – თქვა გოგიჩამ და დააყოლა, – სიმართლე გითხრა, ოდნავ დაბნეული ვარ.
– რამ დაგაბნია? – ჰკითხა ზლობინმა.
– რამ და ყოველდღე ხომ არ ვხვდები რუსეთის პრეზიდენტს?
– დარდი ნუ გაქვს. პრეზიდენტი არც კი გაგრძნობინებს, რომ პრეზიდენტია. ისე შეგხვდება, თითქოს ასი წელია, გიცნობს. ასე რომ, არ ინერვიულო, – ღიმილით თქვა ზლობინმა და გოგიჩას თვალი ჩაუკრა.
ოცწუთიანი ლოდინის შემდეგ, მანქანაში გენერალი ჩაჯდა. მძღოლს ანიშნა,  დაიძარიო. შემდეგ ზლობინსა და გოგიჩას მიუბრუნდა და უთხრა:
– მთელი ჩვენი საუკეთესო ძალები ფეხზე დგანან და ვფიქრობ, დღის ბოლომდე ყველაფერი უნდა დასრულდეს. პირველ შედეგებს კი დაახლოებით ნახევარ საათში, პრეზიდენტის აგარაკზე მისვლისას მომახსენებენ.
***
პრეზიდენტის აგარაკი ფიჭვნარის ხშირ ტყეში მდებარეობდა, რომელსაც ულტრათანამედროვე სიგნალიზაციასთან ერთად, უმაღლეს დონეზე გაწვრთნილი მებრძოლები იცავდნენ. აქ ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ აგარაკზე უკონტროლოდ ჩიტიც კი ვერ შეფრინდებოდა  და მართლაც ასე იყო. ნოდარი ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს:
– ამ ტერიტორიაზე შეუმჩნევლად გადაადგილება შეუძლებელია. აშკარაა, რომ ულტრათანამედროვე მოწყობილობები გიყენიათ და სპეციალური  მომზადება რომ არ გამევლო, ვერც მე შევამჩნევდი ამას. ეს ყველაფერი კარგად იციან საიდუმლო ორგანიზაციაში და პრეზიდენტის სალიკვიდაციოდ სწორედ ამიტომ აირჩიეს ასეთი გეგმა.
– სულ მალე გამოვააშკარავებთ ამ საიდუმლო ორგანიზაციას და ვანახვებთ, თუ როგორ უნდა ტერაქტების დაგეგმვა რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ, – გაბრაზებით თქვა გენერალმა.
ამასობაში, მანქანა პრეზიდენტის აგარაკს მიადგა და რამდენიმე წამში შიგნით შევიდა. შედეგად, ხელმარჯვნივ გადაუხვია და ორსართულიან შენობასთან შეჩერდა, რომელიც დაცვის სამსახურს ეკუთვნოდა. გენერალი და მისი მგზავრები მანქანიდან გადმოვიდნენ. მანქანამ გზა განაგრძო და სპეციალურ ავტოფარეხში გაჩერდა. გენერალმა კი ნოდარს უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, პატივცემულო, მაგრამ შემოწმების აუცილებელი პროცედურა უნდა გაიაროთ და ნუ გვიწყენთ.
– რა თქმა უნდა, – მიუგო გოგიჩამ.
– მაშინ, ამ შენობაში შემობრძანდით, – გენერალმა ხელით მიიპატიჟა ნოდარი ორსართულიანი შენობისკენ.
პრეზიდენტს დაცვის კუთვნილი შენობა ულტრათანამედროვე მოწყობილობებით იყო აღჭურვილი, რომელიც საშუალებას იძლეოდა, ადამიანის სხეული და სამოსი ისე საგულდაგულოდ შეემოწმებინათ, რომ არაფერი გამორჩენოდათ. მას ამოწმებდნენ რადიაციაზე, მომწამვლელ ნივთიერებებზე, ასაფეთქებლებზე და მრავალ ისეთ რამეზე, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის მოწყობა. გოგიჩას ნახევარი საათის განმავლობაში „ჩიჩმავდნენ“. ხოლო, რომ დარწმუნდნენ „სუფთა“ იყო, გარეთ გასვლის უფლება დართეს, სადაც მას ზლობინი ელოდა.
– როგორც იქნა, გამომიშვეს, – უთხრა ნოდარმა ზლობინს და ჰკითხა, – გენერალი სადაა?
– პრეზიდენტთან, – მიუგო ზლობინმა და დაამატა, – წავედით, პრეზიდენტი გველოდება.
– წავედით, – თქვა გოგიჩამ და ზლობინს დინჯად გაჰყვა გვერდით.
სპორტულ სამოსში გამოწყობილი პრეზიდენტი ვერანდაზე, თეთრ სავარძელში იყო მოკალათებული. ზლობინი და ნოდარი რომ დაინახა, ფეხზე წამოდგა და მათ შეეგება. ჯერ ნოდარს ჩამოართვა ხელი და გაეცნო. იგივე გააკეთა გოგიჩამაც. შემდეგ ზლობინსაც ჩამოართვა ხელი. სავარძლებში დასხა. თავადაც დაჯდა და გოგიჩას უთხრა:
– ვოვას გემოვნება ვიცი და მას ყავას გამოუტანენ. თქვენ რას მიირთმევთ, ჩაის თუ ყავას?
– თუ შეიძლება, მაგარ ჩაის, – თქვა ნოდარმა.
– მეც მაგარი ჩაი მიყვარს, – გაეცინა პრეზიდენტს და მიმტანს გასძახა, – ერთი ყავა და ორი მაგარი ჩაი, თუ შეიძლება.
ტანწერწეტა, პირმშვენიერმა მიმტანმა გოგონამ ყავა და ჩაი ვერცხლის ლანგარზე დადებული ძვირფასი ჭიქებით მოიტანა და მაგიდაზე დაალაგა ტკბილეულთან და ხილთან ერთად. თავად კი წავიდა. პრეზიდენტმა ჩაი მოსვა. სტუმრებს ანიშნა, – მიირთვითო და გოგიჩას უთხრა:
– გენერალმა უკვე ყველაფრის საქმის კურსში ჩამაყენა და თქვენი დიდი მადლობელი ვარ დროული, სწორი რეაგნირებისთვის. გარწმუნებთ, რომ ყოველ ღონეს ვიხმართ თქვენი ოჯახის უსაფრთხოების დასაცავად, ჩემი ბიჭები უკვე აქტიურად მუშაობენ ამ კუთხით.
გოგიჩა ძალიან  გააკვირვა პრეზიდენტის სიტყვებმა მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის შესახებ. თავად ნოდარს უკვე ხელი ჰქონდა ჩაქნეული და დარწმუნებული იყო, რომ მისი ოჯახის წევრები საიდუმლო ორგანიზაციის კლანჭებში იყვნენ გამომწყვდეული და მათი შველის შანსი ძალიან უმნიშვნელო, მიზერული იყო. გოგიჩას ჩაეცინა და პრეზიდენტს უთხრა:
– მადლობელი ვარ, ბატონო პრეზიდენტო, ასეთი ყურადღებისთვის და თუკი ჩემი ახლობლები ცოცხლები გადარჩებიან, ეს  მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურება იქნება.
– სიკეთეს სიკეთით  ვპასუხობთ და ჩვენიანებს არასდროს ვტოვებთ გასაჭირში, – მიუგო პრეზიდენტმა ნოდარს. ჩაი მოსვა და უთხრა, – ჩაი მიირთვით და ტკბილეული დააყოლეთ. ძალიან გემრიელია.
ვერანდაზე გენერალი გამოჩნდა. ის დინჯად მოაბიჯებდა, მაგრამ ჩაფიქრებული იყო და სახეზე აშკარად ეტყობოდა უკმაყოფილება.
– აბა, რა სიახლე გაქვთ? – ჰკითხა პრეზიდენტმა გენერალს.
– ნოდარის ოჯახის წევრები ჩვენებს ჰყავთ საიმედო დაცვის ქვეშ და მაქსიმუმ, ხუთ საათში მოსკოვში ჩამოაფრენენ. ხოლო, რაც შეეხება საიდუმლო ორგანიზაციას, ის თითქოს აორთქლდა.
– კონკრეტულად? – მშვიდად იკითხა პრეზიდენტმა.
– ჩვენებმა ყველაფერი კომპლექსურად, გულდასმით გამოიკვლიეს და გაირკვა შემდეგი: აგარაკი, რომელზეც ნოდარი ჰყავდათ და სადაც ტერორისტულ აქტზე მუშაობდნენ, ბიზნესმენ ივან სიდოროვს ეკუთვნის. სიდოროვი ერთი კვირის წინ ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრა. დასასვენებლად მარტო, მაგრამ იქ არ ჩასულა და მის კვალს ჯერჯერობით ვერსად მიაგნეს. ის მარტოხელაა. არც ცოლ-შვილი ჰყავს და არც ახლო ნათესავი. თავად აგარაკი კი სამიოდე საათის წინ ძლიერმა ცეცხლმა გაანადგურა. ყველაფერი პირწმინდად დაიწვა და არანაირი კვალი არაა აღმოჩენილი, რომ იქ საიდუმლო ბაზა, ან სხვა მსგავსი რამ მდებარეობდა. ჩვენები იქ ამჟამადაც გულდასმით მუშაობენ და თუკი სიახლე გამოჩნდა, დაუყოვნებლივ შემატყობინებენ. ახლა, რაც შეეხება ვინმე სერჟს, რომელიც ნოდარმა მძინარე გაუშვა მოსკოვი-ვლადივოსტოკის მატარებლით – ის კაცი მატარებელში არ აღმოჩნდა. ხოლო ვაგონის გამცილებელი სიდორენკო კი გარდაცვლილი იპოვეს თავის კუპეში და გაირკვა, რომ ის უხარისხო არაყმა მოწამლა. ვერც ვაგონის მგზავრებისა თუ მატარებელში მყოფი სხვა ადამიანების დაკითხვამ ამ საქმეს ვერანაირი ნათელი ვერ მოჰფინა. არავის დაუნახავს, რომ ვინმეს მძინარე კაცი გამოეყვანოს მატარებლიდან, ან სხვა მსგავსი რამ. მატარებელშიც ამჟამად ჩვენები მუშაობენ და სიახლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მომაწვდიან ინფორმაციას. რაც შეეხება „მერსედესს“, რომლითაც ნოდარი მოძრაობდა და შემდეგ სადგურთან მიატოვა. არც ამ მანქანის კვალი ჩანს და ის მოსკოვსა თუ მიმდებარე გზატკეცილებზე დამონტაჟებულ არცერთ ვიდეოკამერაზე არაა დაფიქსირებული. მეტიც, მანქანის სავარაუდო მოძრაობის ყველა ადგილზე მისი გავლის მომენტი ფირზე წაშლილია. ასე რომ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს საიდუმლო ორგანიზაცია ჰაერში აორთქლდა, ან, სულაც არ არსებობს და ეს ყველაფერი ტყუილია. აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, რომ ძალიან სერიოზულ ძალასთან გვაქვს საქმე, – თქვა გენერალმა. თავისი მოხსენება დაასრულა და პრეზიდენტს მიაჩერდა.
– დაჯექი, – უთხრა გენერალს პრეზიდენტმა. თავად კი წამოდგა. ნოდარს და ზლობინს ხელით ანიშნა, – არ ადგეთო. ვერანდაზე დინჯად გაიარ-გამოიარა და თქვა:
– აშკარაა, რომ საქმე გლობალურ ძალასთან გვაქვს, რომელიც გლობალურ შეთქმულებას ამზადებს და რუსეთის პრეზიდენტის ლიკვიდაცია აქვს განზრახული. რას ვიზამთ, გამოწვევა უნდა მივიღოთ. კონტრზომების შემუშავებას შევუდგეთ. გამოვააშკარავოთ ყველა მტერი და სასტიკი დარტყმა ვაგემოთ მათ. საამისოდ კი ყველა შესაბამისი სტრუქტურის ტოტალური მობილიზაციაა საჭირო და პირველ რიგში, უერთგულესი ადამიანების გვერდით შემოკრება. მერწმუნეთ, მეგობრებო, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში მოგვიწევს ჩაბმა და სიკვდილ-სიცოცხლეზეა ლაპარაკი. ამ წამიდან უკვე მე ვუდგები უშუალოდ ამ ბრძოლას სათავეში და ხელმძღვანელობასაც ჩემს თავზე ვიღებ. ერთ საათში ყველა სანდო, ერთგულ ადამიანს შევკრებ აქ და პირველ თათბირს ჩავატარებ. გენერალო, ერთ საათში გელოდები. ნოდარი კი, ჩვენი მეგობარი, საიმედოდ და უხიფათოდ მოაწყვე, ხოლო მისი ოჯახის წევრებს რომ ჩამოიყვანენ, ისინიც მასთან მოათავსეთ. ვფიქრობ, რომ ნოდარი ჩვენიანია და  ამ ბრძოლაში გამოგვადგება. ახლა კი ბოდიშს გიხდით. უნდა დაგტოვოთ.
პრეზიდენტმა გოგიჩა იხმო. ხელი მაგრად ჩამოართვა და უთხრა:
– კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას, ჩემო მეგობარო. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს.
პრეზიდენტი შენობაში შევიდა. გენერალმა კი ზლობინი და გოგიჩა დაცვის შენობამდე მიაცილა და სანამ შენობაში შევიდოდა, ნოდარს ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– ყველა საჭირო განკარგულება უკვე გაცემულია და დაგაბინავებენ. შენთან ერთად მუდმივად ჩვენი ორი თანამშორომელი იქნება და დანარჩენს, ადგილზე რომ მიხვალ, ისინი გეტყვიან. აბა, დროებით.
– დროებით, გენერალო. თქვენი დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, – მიუგო ნოდარმა.
ზლობინი და გოგიჩა, ერთად წამოვიდნენ პრეზიდენტის აგარაკიდან. ავტომობილის საჭეს ზლობინი უჯდა, კარგ ხასიათზე იყო და ნოდარს ელაპარაკებოდა:
– რას იტყვი, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა პრეზიდენტზე? – ჰკითხა ზლობინმა ნოდარს.
– დადებითი, – მოკლედ უპასუხა ნოდარმა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა თავისი ოჯახის წევრები ენახა და ჩახუტებოდა. გოგიჩამ გონებაში წარმოიდგინა, თუ როგორ გაოცდებოდნენ მისი ხილვით და ეს მათი სიხარული ნოდარ გოგიჩაიშვილს ბევრ რამედ უღირდა.
– უფრო კონკრეტულად, ნოდარ? – არ ეშვებოდა  გოგიჩას ზლობინი.
– პრეზიდენტი მამაცი, გონიერი და პრინციპული ადამიანი ჩანს. სიკეთის ფასი იცის და თავადაც შეუძლია სიკეთის კეთება, – თქვა ნოდარმა.
ზლობინს აშკარად ესიამოვნა ნოდარის სიტყვები და უთხრა:
– პრეზიდენტმა რომ ხელი ჩამოგართვა და გითხრა, – ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებითო და ჩვენიანი რომ გიწოდა, იცი, ეს რას ნიშნავს? რას და იმას, რომ შენ ყველაზე გავლენიანი მეგობარი შეიძინე მსოფლიოში.
– მერე, ამას რა ჯობია, – ღიმილით თქვა ნოდარმა და დააყოლა, – მეც უერთგულესი მეგობარი ვიქნები მისთვის და თავსაც კი გავწირავ, თუკი ეს საჭირო გახდება.
– ჩვენ ყველა ამ აზრზე ვართ, – მიუგო ზლობინმა ნოდარს და სიჩქარეს უმატა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3