კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-16(903)



ისტორია ოცდამეცხრამეტე
გედის სიმღერიდან –
სერენადამდე, ანუ ლოთიანი
(მოქმედი პირები: ზურა და კოტე, ზურას შემთხვევითი თანამეინახე)


– კი, ვარ, უბედური და უტრაკო! და ლაჩარი! თეომ მითხრა, მძულხარო. მე კიდევ მასთან გადასვლა მინდოდა. მასთან ერთად ცხოვრება, ჩემი შვილების დედა მინდოდა, გამხდარიყო. სახლიდანაც კი წამოვედი, იმიტომ რომ თეო მიყვარს. თეოსთან მინდა… და თეომ გამომაგდო, შენნაირი კაცი არ მინდაო… დაასხი…
მორჩილად ჩამომისხა და მკითხა:
– რა უთხარი?
– რა და, რომ მასთან გადავდივარ საცხოვრებლად! რომ ის მიყვარს და მასთან მინდა! იმან კიდევ გამლანძღა, არადა მე ჩემი ცოლი მივატოვე… და შეიძლება, სამსახურიც დავკარგო. შეფი ჩემი ცოლისძმაა. მაგრამ მაინც თეო მინდა… თეოს აღარ ვუნდივარ… და ახლა ვიღაცამ დამირეკა და მითხრა, რომ თეოს ვიღაც დუდუ… ვინაა დუდუ, შენ იცნობ?
კოტემ უარის ნიშნად თავი გააქნია, თან, ილუკმებოდა.
– და რა უნდა ვქნა, თუ თეომ მართლა მიღალატა?! კოტე, შენ გეკითხები?
– თუ გიყვარს, რა უნდა ქნა და, უნდა აპატიო.
– მე მაგის გამო სახლიდან წამოვედი! სახლიდან! გესმის?!
– მერე რა? ისევ უკან დაბრუნდები. შენი ცოლი ხომ გპატიობს, რომ ღალატობ?! – კოტე ძალიან მშვიდად მპასუხობდა და ნება-ნება სვამდა. თითქოს თითოეულ ყლუპს აგემოვნებსო.
– ეგ სხვადასხვა რამეა, ჩემო კოტე!
– რატომაა სხვადასხვა? ზუსტად ერთი და იგივეა. სულ შენ ღალატობდი, ახლა შენ გიღალატეს. შენ თუ გპატიობდნენ, შენც უნდა აპატიო. აბა, სხვანაირად როგორ?! – კოტემ მხრები აიჩეჩა.
– შენ არ გესმის არაფერი! საერთოდ არაფერი! ლანა ჩემი ცოლია, თეო კიდევ მიყვარს. ლანა ჩემი შვილების დედაა და არასდროს მეჩხუბება! თეო სულ მეჩხუბება და პრეტენზიები აქვს. ვუთხარი, შენთან მინდა-მეთქი და ახლაც მეჩხუბა.
– ესე იგი, ცუდად უთხარი, – კოტე აშკარად ჭკუას მარიგებდა.
– შენ დუდუ ხომ არ ხარ და მატყუებ?! – წამოდგომა ვცადე და წამოვიწიე, მაგრამ ისევ სკამს დავებერტყე.
– არა, მე კოტე ვარ და თეოს არ ვიცნობ. ისე, თუ გინდა, წავიდეთ და გამაცანი. დაველაპარაკოთ. გავიგოთ, რა ხდება,
– მართალი ხარ! წავიდეთ თეოსთან და ყველაფერი გავარკვიოთ და დუდუს ამბავიც გავიგოთ! – ავიტაცე კოტეს იდეა.
– რაც დარჩა, ის საჭმელიც წავიღოთ, არაყიც და დაველოდოთ სახლთან. გინდა, ვუმღეროთ?
– იცი სიმღერა?! – ვკითხე გახარებულმა.
– ვიცი და მარტო ფორტეპიანოზე კი არა, ვიოლინოზეც ვუკრავ. – სიამაყით მითხრა კოტემ.
მხარზე ხელი დავკარი: ჩაალაგე საჭმელი, მივდივართ… და ვიოლინო გაქვს?
– აღარ,  – კოტემ მოწყენილად  გააქნია თავი, – მაგრამ აკომპანირების გარეშეც ვუმღერებ შენს თეოს!
– კაცური კაცი ხარ! – კოტეს გადავეხვიე. გავინაწილეთ ხელსახოცებში გახვეული საჭმელი. ბართან კიდევ ერთი ბოთლი არაყიც დავამატეთ.
– არ დავურეკოთ და არ ვუთხრათ, რომ მივდივართ? – დავეკითხე კოტეს.
– არა, არა, მაშინ ეგ რა სიურპრიზი გამოვა?!
თეოს სახლთან ტაქსით მივედით (მანქანაზე დაჯდომა კოტემ გადამაფიქრებინა). მისი ფანჯრის ქვეშ გავშალეთ სუფრა (ცოტა გადამეტებული კია, სუფრა გავშალეთო), ქაღალდები დავაფინეთ და ეგაა –  კოტეს თადარიგი დაეჭირა და წამოეღო. რადგან ფეხზე დამდგარი ვერ ვჩერდებოდი, ბორდიურზე ჩამოვჯექი, კოტეს თეოს ფანჯარა დავანახვე. კოტემ დააზუსტა – თეო, ხომ, სახელი? თავი დავუქნიე და თეოს ფანჯარას მივაშტერდი. და კოტეც ამღერდა...

ისტორია მეორმოცე
მოულოდნელი სტუმარი
(მოქმედი პირები: თეო, ზურა, კოტე, დუდუ და ნონკა)

თეო ბაგრატიჩის პალატიდან საკმაოდ გვიან გამოვიდა. ისედაც დააგვიანდა მისვლა. ბაბუამ რამდენჯერმე დაურეკა და ბოლოს კატეგორიულად მოსთხოვა, ამოდიო! რას იზამდა?! საოცრად გაღიზიანებულსა და დაცლილს არანაირი ენერგია და სურვილი არ შერჩენოდა. არც ვინმეს ნახვა და, მით უფრო, უაზრო საუბრების მოსმენა სურდა. არც ბაბუას მორალის კითხვის განწყობაზე იყო. თან, ვინ იცის, ამჯერად რა ჰქონდა მოხუცებულს ჩაფიქრებულ-გამზადებული, მაგრამ უნდა წასულიყო. თან, ესეც რომ არა, სახლში ასვლაც ეზარებოდა. მარტო დარჩენა აფრთხობდა. საერთოდაც, ამ ბოლო დროს მარტოობა უმძიმდა. რაღაცნაირად სულ ის ღამე ახსენდებოდა, დუდუს გვერდით რომ გაატარა.
– რა დღეში ჩავიგდე თავი?! მამაკაცის საკუთარ ლოგინში დარჩენა მაოცებს და ლამისაა, მაბედნიერებს კიდეც. რამდენი წელია, მარტო ვრჩები ღამეები. რამდენი წელია, ზურას ვერც დააბამ ჩემთან. რაც უნდა მოხდეს, ადგება და წავა. ღამეს აუცილებლად სახლში ათენებს. ასე უკეთესიაო, მარწმუნებს. ვისთვის?! ჰო, რა თქმა უნდა, მისთვის და მისი ოჯახის შენარჩუნებისთვის! აბა, რა?! ლანას ხომ არ ანერვიულებს?! ან ბავშვებმა რომ მოიკითხონ მამიკო? ბავშვებს რას ვერჩი... არაფერს, რა თქმა უნდა, პირიქით – მათ წინაშე თავს სულ დამნაშავედ ვგრძნობდი... მაგრამ, აი, ლანას რომ მშვიდად ეძინოსო, ეს სულ მაგიჟებდა...
უცბად თეო გახევდა. ახალგაზრდა ქალმა საკუთარი თავი იმაზე დაიჭირა, რომ ზურასა და მასთან ურთიერთობაზე წარსულ დროში ფიქრობდა! ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩენა იყო – გაშეშდა. მანქანა გააჩერა და ერთბაშად დამძიმებული თავი საჭეს დაადო. ვიწრო ქუჩა, რომლითაც სახლთან უნდა ჩაეხვია, დაცარიელებული და მისდამი გულგრილიც კი ჩანდა. არავის ედარდებოდა თეოს აღმოჩენა: არც მისი შუა ქუჩაში გაჩერებული მანქანა და არც წამით გაჩერებული გული...
განა რა მოხდა?! უფრო ზუსტად, რატომ ხდება ეს ყველაფერი?! ბაგრატიჩი, დუდუ, ლანა, ზურა, ირა, ჯონდო... კალეიდოსკოპივით დატრიალდა და აბზრიალდა სამყარო თეოს გარშემო. იცვლება და იშლება სიტუაციები, მოვლენები. დაუპატიჟებლად მიდიან და მოდიან ადამიანები. თეო უკვე საკუთარ გრძნობებშიც კი აღარ არის დარწმუნებული. ხან დუდუზე ფიქრობს, ხან გაუსაძლისად ენატრება ზურას სუნი და ჩახუტება, მერე ლანას თექის ატმისფერი მოსასხამი ეხვევა სხეულზე და სუნთქვას უკეტავს. დღეს კი საყვარელ ადამიანს ისეთები უძახა... არა, მართლა რაღაცა ხდება და ვერ ვხვდები... რამ გამაავა და გამაკაპასა ასე?! რამდენჯერ  გვიჩხუბია, ბოლოსკენ ხომ, საერთოდ, ყოველდღე ვკინკლაობდით, მაგრამ არასდროს დამცდენია მსგავსი. ან როგორ დამცდებოდა?! მე ხომ მიყვარდა... აი, ისევ! ისევ წარსული დრო... თეომ თავი ასწია და უაზროდ მიაშტერდა ქუჩას. ვიღაც ნასვამი ბორძიკით მოდიოდა მისკენ. თეომ სასწრაფოდ დაძრა მანქანა და შუა ქუჩაში ხელებგადაშლილ მთვრალ კაცს გვერდი ძლივს აუარა.
– გიჟია ეს დედააფეთქებული! კინაღამ არ დავეტაკე?! აი, ეს მაკლდა ახლა და, კი იქნებოდა სერიალის სტილში... და მერე დავრეკავდი და მოვიდოდა ზურა და მიხსნიდა... არა, ზურა დღეს არ მოვიდოდა – იმ სიტყვების შემდეგ, რაც მას ვუთხარი მართლაც სასწაული უნდა დამტაკებოდა, რომ ჩემს დასახმარებლად წამოსულიყო. არაფერი დამეტაკება, აგერ ჩავუხვევ და... არა, რა, დღეს მთვრალები მდარაჯობენ, ეტყობა!
თეომ მოულოდნელობისაგან მკვეთრად დაამუხრუჭა და ღამის სიჩუმეში ბორბლების ღრჭიალმა გადაფარა მოგუდული ლოთიანი ღიღინი...
– გადაირიეთ?! აქ სად დამსხდარხართ? რომ არ დამენახეთ, თავს იკლავდით? – თეომ სული მოითქვა და მანქანიდან გადმოვიდა. საკუთარი ფანჯრების დაბლა მოკალათებულ მამაკაცებს მიმართა გაცეცხლებულმა და ის იყო, მორიგი ტირადა უნდა წამოეწყო, რომ სიტყვები ტუჩებზე შეაშრა და მიეყინა. ბორდიურიდან ქანავ–ქანავით წამომდგარ მთვრალ მამაკაცში ზურა ამოიცნო...
– ზურა?! აქ... ღმერთო, რა მოგივიდა? რას გიგავს ტანსაცმელი... მთვრალი ხარ...
– მე არ ვარ მთვრალი. ჩვენ  სიყვარულის სადღეგრძელოს ვამბობდით აგერ და კოტე გეტყვის, მე არ ვთვრები! მე შენ გიმღერი და გაღმერთებ... – ზურას ერთნაირად ებმებოდა ფეხიც და ენაც. თეო გაკვირვებული ათვალიერებდა საკუთარ საყვარელს, რომელიც პირველად ნახა ასეთ მდგომარეობაში და გაოცებისაგან სიტყვებს ვერ პოულობდა. ზურა – გალეწილი მთვრალი, ვიღაც ბომჟთან ერთად, ბორდიურზე ცარიელი ბოთლები და ფანჯრებთან სიმღერა...
ალბათ, უნდა გამხიარულდეს და გაიცინოს, ან იქნებ... არა. ვერ ხვდება, რა რეაქცია აქვს. უბრალოდ, უკვირს. უბრალოდ, ვერ ცნობს ასეთ ზურას და არ იცის, ასეთი ზურა საბრალოა, სასაცილოა, თუ საყვარელია...
***
დუდუ და ლევანო ჯამლეთას ნახვას კვლავ გეგმავდნენ. რადგან ჯერ არაფერი იყო არც გარკვეული და არც დასრულებული. ლევანო საკუთარ თავს ვერ პატიობდა საკუთარსავე ცოდვებს, რამაც მისი ცხოვრება უზნეო და საშიშ ქალს დააკავშირა, მისი მეუღლე კი ამ თახსირ ჯამლეთას კინაღამ ხელში ჩაუვარდა. ლევანომ, რა თქმა უნდა,  არაფერი იცოდა მარინასა და ჯონდოს კავშირ-ხლართებზე, მაგრამ ამ ბოლო დროს ამ ორ  ადამიანზე ერთად ფიქრობდა ხოლმე. ვერა და ვერ აცალკევებდა ამ ფიქრს და ვერც ამის მიზეზი გაეგო. იმითაც კმაყოფილი იყო, რომ მარინა არ ურეკავდა. ლევანოს აშკარად არ ჰქონდა საკუთარი თავის იმედი და არც იმაში იყო დარწმუნებული, რომ მარინას წინააღმდეგობას გაუწევდა და, თუ დაუძახებდა, მასთან არ აქანდებოდა... და ეს საკუთარი უხერხემლობა და უნებისყოფობა აგიჟებდა. კიდევ უფრო იბოღმებოდა ამის გამო ჯამლეთაზე და ისევ ირას დაუდევრობასა და მიამიტობაზე ბრაზდებოდა...
სამაგიეროდ, დუდუმ იცოდა ზუსტად, რა უნდოდა, რას და როდის გააკეთებდა. ჯამლეთას რომ ერთხელ და სამუდამოდ დაუფრთხობდა ანგელოზებს და გადააჩვევდა თეოს სახელის ხსენებასაც კი, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სხვა რამ აფიქრებდა ახლა დუდუს: რა ხდებოდა თეოსა და ზურას შორის და ეს სამკუთხედი როგორ ამოეშანთა საყვარელი ქალის მეხსიერებიდან, თან კი საკუთარი ეჭვიანი გული დაეყუჩებინა. არც თუ იოლი გამოდგა ამის გაკეთება. დუდუმ მოსვენება დაკარგა. თეო არ ურეკავდა. არადა, შეთანხმდენ, რომ დუდუ მანამ არ ჰკითხავს თეოს არაფერს და არც გამოჩნდება, სანამ თეო თვითონ არ დაუძახებს. ტელეფონს ვერ გუობდა უკვე, პატარა ბიჭივით ყველა შემოსულ ზარზე კრთოდა და ხელიდან არ აგდებდა აპარატს. მაგრამ სულ ტყუილად. იმ დღის შემდეგ თეოს დუდუსთვის არ დაურეკავს. და იქნებ იმ ტიპს ხვდება?! და იქნებ ეს დრო, სულაც, წაგებული დროა? და ახლა, როცა აქ არის და ასე ახლოს თეოსთან... ისევ სხვას უნდა დაუთმოს?! და რას ელოდება? ვის ელოდება? რომ ქალი თვითონ დაალაგებს ყველაფერს? მაგრამ თეოს სიტყვა მისცა... არა, ასე არაფერი გამოვა. ჯერ ამ ჯამლეთას მივამიწებ და მერე ზურაზე ავკრეფ საჭირო ამბებს. ეგ ლაშას პარტნიორია, აშკარად და ლაშა უნდა ვნახო. არ არსებობს, არ იცოდეს მისი ამბები. ტეხავს თეოზე საუბარი, მაგრამ თეოს არც ვახსენებ. მოკლედ, რამე უნდა ვიღონო, რომ ასე უმოქმედოდ არ გადავდგე ჭკუიდან...
ტელეფონმა ერთდროულად ვიბრირება და ზარის წკრიალი ატეხა. დუდუ სასწრაფოდ გამოერკვა ფიქრებისაგან და ეკრანს დააშტერდა. უცნობი ნომერი რეკავდა. დუდუმ უხალისოდ  უპასუხა
– გისმენ!
– დუდუ ჯერ ვერც გამოერკვა, ვისი ხმა ჩაესმა და როცა გაიაზრა, რომ ნონკა ურეკავდა, სრულად გაეთიშა გონება... ამ ნომერზე, ნონკა?! რატომ რეკავს... რა მოხდა... საერთოდაც, ხომ შეთანხმდნენ...
– ნონკა, საიდან რეკავ?!
– თბილისში ვარ, ძვირფასო. აქ ვარ.  ამ დილით ჩამოვფრინდი. საოცრად ლამაზია შენი ქალაქი. ხომ დამათვალიერებინებ?! ჩაიწერე სასტუმრო. ახლა მოვწესრიგდები და ყავა დავლიოთ... – სასტუმროს დასახელება და მისამართი ავტომატურად ჩაიწერა. თან, ბრაზობდა მოულოდნელ სიურპრიზზე და თან, თითქოს ეამა კიდეც, რომ ნონკას ასე მოენატრა და ამხელა გზაზე ჩამოვიდა მის სანახავად... მაგრამ ახლა აქ რა დროს ნონკაა და მისი ისტორიები ან თბილისის დათვალიერება?! და თეომ რომ ნახოს ისინი ერთად... არა, ეს გამორიცხულია. ასეთ ხაფანგში მეორედ არ გაეხვევა. მაგრამ ვინმემ რომ გაიგოს და უთხრას?! არავინ გაიგებს. ნონკა როგორც ჩამოფრინდა, ისე გაფრინდება! არა, როგორ გაბედა და ასე დაადგა თავზე?! მაინც რა ურცხვი ერია და უთავმოყვარეო... ამას ქართველი ქალი ხომ არ გააკეთებდა... და ვითომ რატომ?! როცა გიყვარს?! სიყვარულმა თავმოყვარეობა არ იცის და არც ეროვნება... დუდუ ხვდებოდა, რომ ნონკაზე გასაბრაზებელი მიზეზი არ ჰქონდა. რომ ქალს ის გულწრფელად უყვარდა და აქ მის გამო, იმედის აღსადგენად და სიყვარულის გადასარჩენად ჩამოფრინდა. მაგრამ ახლა დუდუს სულ სხვა ქალის დარდი აწუხებდა და იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, თეოს დუდუ ნონკას გვერდით დაენახა...
თითქოს წარსული გაცოცხლდა და მთელი დაუნდობლობითა და სიცხადით დაატყდა თავს დუდუს. ის ხედავდა და ხელახლა განიცდიდა იმ დღის კოშმარს, როცა თეომ თვალებში ჩახედა და უკიდეგანო ზიზღი, ტკივილი და გაოგნება შემოაფეთა... არც არაფერი უთქვამს და არც არაფერი ათქმევინა. მერე კიდევ ერთხელ შეეფეთა თეოს თვალებს – უკვე ლენას ქმარი ერქვა და მის გვერდით იდგა – უბანში, პანაშვიდზე. და თეომ გვერდი აუარა, როგორც კეთროვანს. თავი არც აუწევია, მზერის ღირსიც არ გაუხდია... მაშინ იმ პანაშვიდზე დუდუს ეგონა, რომ  საბოლოოდ დაკრძალა საკუთარი გრძნობა და სიხარული. მაშინ ერჩივნა კიდეც, რომ ზაურა ბიძიას ნაცვლად თვითონ ყოფილიყო მესამე სართულის შუშაბანდებიან  სივრცეში გაშოტილი და თეოს ერთი კურცხალი მაინც დასცემოდა გაყინულ მკერდზე...
და ახლა, ახლა ამდენი წლის შემდეგ, როცა თითქმის ყველაფერი აღდგა, როცა ის ღამე ერთად გაატარეს, როცა დუდუმ იგრძნო, რომ გული დაუბრუნდა, რომ ყინული დაიძრა და ისევ სისხლი ჩქეფს იმ გაყინულ ადგილას, სადაც თეოს ტკივილი დაემარხა, ახლა ისევ საკუთარი უტვინობის გამო და ისევ ქალის გამო რომ დაკარგოს თეო... ამის გაფიქრებაზე დუდუს ერთბაშად წაუხდა ხასიათიც და ცივმა ოფლმა დაასხა. არა! ეს არ მოხდება. ნონკას დღესვე გაამგზავრებს უკან. ეს ისტორია უნდა დასრულდეს! უნდა დასვან წერტილი. და მისახედი საქმეები მშვიდად, შეძლებისდგვარად მშვიდად დაალაგოს. ახლა მეორე სამკუთხედის დრო ნამდვილად არ არის!

ოთხი შეშინებული თვალი
(მოქმედი პირები: ლანა, ეკა და ლანასა და ზურას შვილები)

ეს ეკა არ ჩანს, ხომ კარგადაა, ნეტავ? ან ლაშამ რატომ მითხრა, ყურადღება მიაქციეო?! რა სჭირს ყურადღებამისაქცევი?! იქით მიაქცევს ყურადღებას არმიას, თუ დასჭირდა! თუმცა რაღაც უცნაური კი გახდა, მორბილდასავით. ნეტავ, მაგათ შორის რა ხდება?! ან რომ აღარ მოხდება, მერე რა იქნება?! მე კი ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ის ქუჩის ქალი მოშორდა ჩემს ძმას! კინაღამ მიმიკლა! ურცხვი და უტიფარი!.. ეკლესიაში უნდა წავიდე და სანთლები დავანთო, რომ შეისმინა ჩემი თხოვნა და იმ ქალისგან დაიხსნა ჩემი ძმა. წარმოგიდგენია, მიკლავდა?!
და ამ ლელისაც რომ ვერა და ვერ ვუკავშირდები?! ზურაც რომ დაიკარგა?! იმ საზიზღარ ქალთან არ არის, ფაქტია. მეც კი ავნერვიულდი ძალიან იმ გაძვალტყავებულის დანახვაზე, თან – იქ, სადაც ჩემს ქმართან გორაობს, მაგრამ კი ვუთხარი, რაც სათქმელი იყო! ჩემი ქმარი ჩემი ქმარია და ვერავინ დედამიწის ზურგზე მე მას ვერ წამართმევს! ვერავინ! ლაშას უნდა ვუთხრა, რომ გააგდოს სამსახურიდან. თან, ისე, რომ ვერსად დაიწყოს მუშაობა და კარგად დაიმახსოვროს, რომ სხვისი ოჯახის დანგრევა არავის შერჩება! არავის!
ოჰ, ლელი, ლელი, სად გაქრი?! არადა, როგორ მჭირდები?! აი, ახლა მჭირდები ყველაზე მეტად! როგორ უსირცხვილოდ მითხრა იმ გაძვალტყავებულმა, ზურას ახლა ჩემთან უნდაო! ზურამ რა იცის, რა უნდა?! ზურამ ისიც კი არ იცის, რამდენ კოვზს იყრის ჩაიში და ის ეცოდინება, ვისთან უნდა?! ადრეც ვხვდებოდი, ვიღაცებთან რომ დადიოდა, მაგრამ არ ვიმჩევნდი. თუ იმას ჰგონია, მარტო მაგასთან დადის ჩემი ქმარი და მასზე ამოსდის მზე და მთვარე?! ზურამ ის უნდა მიატოვოს სასწრაფოდ! თუ არადა, ლაშას ზურასაც გავაგდებინებ! და ვნახავ ერთი, თუ მოუნდება იმ უსირცხვილოს არაფრის მქონე ზურა! მაგას ზურას ფული უნდა მხოლოდ, დარწმუნებული ვარ, ფული და მეტი არაფერი! როგორც იმ ჩემს ყოფილ რძალს უნდოდა ჩემი ძმისგან! ღმერთო, ჩემი ქმარი იმ სახლში მიდის, იმ ქალს კოცნის, ეფერება, საჩუქრებს ჩუქნის, იმ ლოგინში წვება… მაგ ლოგინის კიდის დანახვაზე კინაღამ გული წამივიდა, იმიტომაც ჩავეჭიდე სკამის საზურგეს. ზურამ რომ გაიგოს, რომ მისული ვიყავი?! რა ვუთხრა, რა მინდოდა-მეთქი?! რას ჰქვია, რა მინდოდა?! რა მინდოდა და ჩემსას ვიცავ – ჩემს ქმარს ვიცავ, ჩემს ოჯახს ვიცავ, ჩემს შვილებს ვიცავ! და რომ არ მაპატიოს?! ლელი, ლელი, ჩართე ტელეფონი! – ამას ვფიქრობდი და ისტერიულად ვრეკავდი ლელისთან, რომელსაც ტელეფონი უკვე რამდენიმე დღეა, გამორთული ჰქონდა!
ეკამ უნდა იცოდეს, ალბათ, სად უჩინარდება ხოლმე ლელი. ჰო, ეკასთან ჩავალ, თან, მოვიკითხავ და თან, ლელისაც მოვიკითხავ. არა, დავრეკავ და ამოვიდეს. აქ უფრო წყნარად ვილაპარაკებთ, მართა დეიდასთან არ გამოვა.
– ეკა, სად დაიკარგე? ამოდი, რა, ჩემთან, გამოვყრუვდი, ხომ იცი, რომ ზურაც არ არის სახლში. გთხოვ, არ მაწყენინო. ამო, რა, ჩემო გოგო, – დედა, ძლივს არ დავითანხმე?! ნეტავ, ლაშა ვისთან ერთად იყო სტამბოლში? ან როდის მოასწრეს ასე უცბად. მე რამ გამაჩინა ასეთი იდიოტი, ნეტავ?! არა, იდიოტი რატომ ვარ – როდის მერეა წესიერება იდიოტიზმი! და წესიერება რაა? ოჰ, არ ვიცი.
ეკა ამოვიდა. საგულდაგულოდ შეღებილ-თმადაყენებული.
– სადმე მიდიხარ?
– არა, ვერთობი, – გამიცინა ცალყბად.
– ხომ კარგად ხარ?
– ცუდად რატომ უნდა ვიყო?
– ეგ არ მიგულისხმია. სულ სახლში ხარ ეს დღეეებია და იმიტომ გკითხე. იცი, ხომ, ლაშა რომ გაეყარა იმ საშინელ ქალს?! ეკლესიაშიც კი წავედი და სანთლები დავანთე! სულ იმაზე ვფიქრობდი, რამ მოაყვანინა ცოლად?! როდის იყო, ასეთები ცოლად მოჰყავდათ თუ ისე ეტყოდა ვითომ უარს, მაინცდამაინც, სახლში რომ არ მოეთრია?!
– ალბათ, არ ეტყოდა უარს. შენი ძმა ისეთი მაჩოა, არავინ ეტყვის უარს, – ეკამ გულღიად გაიღიმა.
– რა თქმა უნდა, შენ არ იცი, როგორ გიჟდებოდნენ ლაშაზე გოგოები და ახლა?! აი, ნებისმიერს… – როლში ისე შევიჭერი, რომ დამავიწყდა სიტყვების კონტროლი და უცებ გავჩუმდი.
– გისმენ, საინტერესოა, ნებისმიერს რას უშვება? – ირონიულად მკითხა ეკამ და ამ ინტონაციაზე მივხვდი, რომ დაუკრეფავში გადავედი ჩემდა უნებურად.
– არაფერი, სისულელეებს ვამბობ, როგორც ყოველთვის, – და საუბრის სხვა თემაზე გადატანა ვცადე, – ეკა, უნდა მიშველო, ლელის ვერ ვუკავშირდები ვერაფრით. რაღაც მაქვს გამოსართმევი. გამომყევი, რა, მივიდეთ მასთან სახლში.
– ლელისთან რა გინდა, ლანა?
– არაფერი ისეთი… ზურამ მითხრა, მივლინებაში მივდივარო და სადღაც გაქრა, ლაშამ მითხრა, ცოტა დრო მიეციო… შენც კი იცი, ვიღაცამ რომ დამირეკა, შენს ქმარს… – ცრემლები თავისთავად წამომივიდა თვალებიდან. – და შენ არ იცი მთავარი, მე სახლში მივედი იმ ქალთან, ზურას… საყვარელთან… და ვუთხარი, რომ ქმარს ვერ წამართმევს!
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3