კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ გამოიწვევს ისლამური სახალიფოს აღორძინებას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განახლება და რა ახალი საფრთხეები ემუქრება საქართველოს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ახლო აღმოსავლეთში მხარეები ისე გამოიკვეთა – აშშ-ევროკავშირი და რფ და მისი მოკავშირეები, რომ მათ უკვე ლამის ერთმანეთს დაუშინეს ბომბები. იმის გათვალისწინებით, რომ დაბომბვაში ჩვენი ოკუპანტის სამხედრო ძალებიც მოჰყვა (ირიბად), ეს ფაქტი ჩვენთვის უსიამოვნო ვერ იქნებოდა, თუმცა, რაკი შესაძლოა, დასავლეთის ჯავრი მის მოკავშირეებზე (ანუ ჩვენნაირებზე) იყარონ, მეორე მხრივ, ასეთი აშკარა დაპირისპირების ფაქტი არცთუ სასიამოვნოა და ისიც არ არის გამორიცხული (თეორიულად), რომ საბრძოლო მოქმედებების ნაწილმა კავკასიაშიც გადმოინაცვლოს. იმას გარდა, რომ ამ არეულობამ შესაძლოა, ისლამური სახალიფოს მებრძოლებსაც გაუცოცხლოს ისლამისტური ზრახვები, ანუ მათ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით. ახლო აღმოსავლეთის თავისებურებებსა და სიტუაციის განვითარების შესაძლო სცენარებზე ექსპერტთან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში – ვასილ პაპავასთან ერთად ვისაუბრებთ.
– მძაფრი და აშკარა დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთსა და მის მოკავშირეებს შორის გამოიწვევს თუ არა ისლამური სახალიფოს რეანიმაციას და, ზოგადად, ტერორიზმის საფრთხეს გააძლიერებს ახლო აღმოსავლეთში?
– ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ყურადღების ცენტრში ათეულობით წელია, მოექცა. ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ნავთობისა და გაზით მდიდარი სახელმწიფოები მოექცნენ ზოგი კაპიტალისტური, ზოგი – სოციალისტური გავლენის ქვეშ. მათ შორის მიმდინარეობდა მცირე ომები, იყო სახელმწიფო გადატრიალებები სასურველი ხელისუფლებების მოყვანის მიზნით. ცივი ომის, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა. ტაქტიკა, ანუ მიდგომა იგივენაირია: არასასურველი რეჟიმების დამხობა, სიტუაციის დესტაბილიზაცია და სასურველი ძალის ხელისუფლებაში მოყვანა ან, თუ ეს ვერ განხორციელდა, ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ სხვა სახელმწიფომ ამით არ იხეიროს. ხედავთ, რომ ერაყსა და სირიაში არაერთი წელია, კონფლიქტია, რაც უკავშირდება სადამ ჰუსეინისა და ასადის რეჟიმებს. სადამ ჰუსეინი 2003 წელს დაამხეს, მაგრამ ისევ არის პრობლემა. მაგალითად, ავღანეთში თალიბები იყო პრობლემა, მაგრამ დღეს თალიბების მონაწილეობის გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან ვერავინ სხდება, იმიტომ რომ ეს უკვე სახალხო მოძრაობაა, რომელსაც მოსახლეობა უჭერს მხარს.
– სირია რატომ აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში? ყველაზე სუსტი რგოლი იყო?
– სირიის შემთხვევაშიც იყო მოსაზრება, რომ რადიკალური ძალები გაააქტიურა ასადის კლანის ტირანიამ, თუმცა ახლო აღმოსავლეთი ისედაც არ გამოიჩრევა დიდი დემოკრატიულობით. ისრაელია ერთადერთი დემოკრატიული კუნძული, მაგრამ ის არ არის ისლამური სახელმწიფო. ამდენად, დასავლეთის ხედვა არასწორია, როდესაც აღმოსავლეთს დემოკრატიის ხარისხით აფასებს, რადგან ეს სხვა ცივილიზაციაა, სხვა კულტურა, სხვანაირი ისტორია აქვთ. იქ დომინანტია რელიგიური ფაქტორი, რაც დასავლეთში ნაკლებადაა, თუმცა ქრისტიანულ ცივილიზაციად მიიჩნევა. არაბულ ქვეყნებში სხვაგვარადაა მოწყობილი სახელმწიფოები, თან, ახალგაზრდა, ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოებია პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ, როდესაც ახლო აღმოსავლეთის საზღვრები სახაზავით გაივლო. ხელისუფლებებში კონცენტრირებულია ისეთი ძალები, რომლებიც მოსახალეობის განწყობებს არ ასახავს. ანუ უმცირესობები  მართავს უმრავლესობებს. მაგალითად, სირიაში, უმცირესობა ალავიტები ორმოც წელზე მეტია, მართავენ ქვეყანას. ბახრეინსაც სუნიტური უმცირესობა მართავს, მაგრამ საქმე სისხლიან დაპირისპირებამდე არ მისულა. არის ერთი მომენტიც: ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი და თუ გადავხედავთ „არაბული გაზაფხულის“ გეოგრაფიას, ვნახავთ, რომ დიდი რყევები მხოლოდ რესპუბლიკურ სახელმწიფოებში შეინიშნებოდა, მათ შორის, სირიაშიც. მონარქიულ სახელმწიფოებში გამოსვლები იყო, მაგრამ გაატარეს რეფორმები  მეფეებმა, დანიშნეს ახალი მთავრობები და სიტუაცია დარეგულირდა, მაგრამ ხალხი მასობრივად არ გამოსულა ხელისუფლების წინააღმდეგ. რელიგიური მოწოდებებით მონარქიებში ხელისუფლებები არ შეცვლილა და ამას აქვს თავისი მიზეზი: მონარქები სასულიერო ფენასთან ჰარმონიაში არიან. ყველა მმართველი თავის თავს უკავშირებს მოციქულ მუჰამედს. ეს იდეოლოგია კი ერთგვარად ანიარაღებს მათ ოპონენტებს, იმიტომ რომ ისინი რელიგიური მოტივით ხალხს ვერ გაიყოლებენ, მონარქი ხომ მოციქულ მუჰამედის შთამომავალია?! ანუ არაბულ მონარქიებში ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა არ დგას, რასაც ვერ ვიტყვით რესპუბლიკურ მმართველებზე.
მეორე მხრივ, ლიბიაში კადაფი დაამხეს, მოტივით, რომ ტირანი იყო და, მართლაც, 40 წელს მართავდა ქვეყანას, მაგრამ 100 000 ადამიანი შეეწირა ამ დაპირისპირებას. ადამიანის უფლებებზე საუბარი დამთავრებულია, თუ არ არის უზრუნველყოფილი ადამიანის სიცოცხლის უფლება, რადგან, თუ ადამიანი შეეწირა ამ განუკითხაობს, რაღაში სჭირდება სიტყვის თავისუფლება?! აღმოსავლეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, დემოკრატიულობანა მთავრდება იმით, რასაც ვხედავთ. არ გამოდის ჯერჯერობით, არაბული საზოგადოება არ არის მისული იმ კონდიციამდე, რომ ჩამოაყალიბონ ევროპული ტიპის საზოგადოება. ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოების აშენება იქ ამ ეტაპზე არ გამოდის.
– ისლამური სახალიფოს მებრძოლები თითქოს ჩრდილში არიან, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, ისარგებლებენ ისინი სამხედრო დაპირისპირების განახლებით ახლო აღმოსავლეთში და გააქტიურდებიან?
– ასადის არმიის მარცხი ავტომატურად გამოიწვევს სხვადასხვა დაჯგუფების გააქტიურებას, რომლებიც ბოლო ორი წელია, მარცხს განიცდიან ყველა მიმართულებით: იქნება ეს ქურთებით დასახლებული ტერიტორია, სადაც ამერიკელების მხარდაჭერით განადგურდა სახალიფო, მაგრამ რაღაც ანკლავები მაინც შემორჩა და არსად წასულან ის სახელმწიფოები, რომლებიც ამ დაჯგუფებებს იყენებენ თავიანთი ინტერესებისთვის, ნავთობმონარქიებს ვგულისხმობ თუ ასადის ძალები. მეორე მხრივ, თუ ასადზე ისეთივე მასშტაბური იერიში მიიტანეს, რაც ლიბიაში მოხდა, რამაც განაპირობა ისლამისტების გამარჯვება ამ ქვეყანაში, შემდეგი ეტაპი თავისთავად იქნება ამ დაჯგუფებების გააქტიურება და სირიის ხელისუფლების ხელში აღება. ჩემი მოსაზრებით, დღეს ეს წარმოუდგენელია, იმიტომ რომ რუსეთისა და ირანის ფაქტორი მთლად უგულებელსაყოფი არ არის, მიუხედავად აშშ-სა და მისი მოკავშირეების ბოლოდროინდელი შეტევისა. დიდი სამხედრო ზიანი ამ იერიშს არ მიუყენებია, თუმცა ეს რუსეთისთვის სილის გაწვნა იყო, მეტი არაფერი. დღევანდელ სირიაში ასადის ალტერნატივა არ ჩანს, მის ოპოზიციად ვერ ჩაითვლება ასამდე სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება. მით უმეტეს, რომ დასავლეთის იერიშს სირიაზე არ მოჰყვა მხარდაჭერა სირიის მოსახლეობაში, პირიქით, სირიის ქალაქებში ათობით ათასი სირიელი გამოვიდა ასადის მხარდასაჭერად. ისინიც ხედავენ, რა დღეში არიან ერაყი და სირია და ისევ ასადის დიქტატორული რეჟიმი ურჩევნიათ.
– ჩვენთვის საინტერესოა, რამდენად შეგვეხება ეს დაპირისპირება ჩვენ. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა თავისი ქვეყნის მოსახლეობას გაუნელებს სილის სიმწარეს და ისიც ვიცით, რომ რუსეთის საპასუხო რეაქცია არ იქნება ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა, თუმცა მისი სტილია ამერიკის სუსტი მოკავშირეების დასჯა. ჩვენთვის რა საფრთხეები იზრდება?
– კონფრონტაცია დასავლეთსა და რუსეთს შორის გაგრძელდება. არც ერთი მხარის მზაობა არ ჩანს, რომ პრობლემები გადაჭრან მოლაპარაკების მაგიდაზე; ესეც გამოწვეულია რუსეთის ქმედებებით, რომელმაც არსად დათმო: გავიხსენოთ 2008 წელს საქართველოსადმი სამხედრო აგრესია; ვიცით, რასაც სჩადიან უკრაინაში. მათ სირიის გარდა ახლო აღმოსავლეთში პლაცდარმი არ გააჩნიათ, განსხვავებით აშშ-სგან, რომელსაც იქ უამრავი სამხედრო ბაზა აქვს. ამდენად, პუტინისთვის სირიიდან გასვლა ნიშნავს მისი რეჟიმის კრახს,  იმიტომ რომ ასეთია რუსეთის ხელისუფლების მართვის სტილი: ისინი ყველა მიმართულებით გამარჯვებაზე არიან ორიენტირებული. გვახსოვს, როგორ დათმო რუსეთმა ლიბია: მედვედევმა არ გამოიყენა ვეტოს უფლება, რაც შემდეგ ძმრად ამოადინეს გენერლებმა. იმიტომ რომ გენერლებსაც სჭირდებათ სამოქმედო არეალი, რომ დაამტკიცონ თავიანთი მნიშვნელოვნება. ჩეჩნეთის ომი ჩაწყნარებულია, საქართველო, მათი ჭკუით, მოთოკილია. ასე რომ, სირიაში უკან ვერ დაიხევენ, იმიტომ რომ სხვა მხრივ შეუტრიალებენ გენერლები ამას პუტინს და მათ უნდა მისცეს კარტბლანში, რომ რამენაირად უპასუხონ დასავლეთს.
– და სად შეიძლება უპასუხონ? სირიაში დიდად ვერაფერს უპასუხებენ: ამერიკული რაკეტების ჩამომგდებები ისინი არ არიან, არც ამერიკულ ბაზებზე იერიშის მიმტანები.
– სირიაში როგორ უპასუხებს?! ამერიკულ ჯარებს დაარტამს თუ ქურთებს?! ქურთებს არ დაარტყამს, იმიტომ რომ რუსეთი იტოვებს ქურთებთან სალაპარაკო არეალს, მიუხედავად იმისა, რომ ასპარეზი დაუთმო თურქეთს, რადგან თურქეთის ხელით ებრძვის ამერიკის ინტერესებს. რუსეთმა შემოხაზა სირია, როგორც მისი და ირანის მფარველობის ზონა, მაგრამ ბოლო იერიშმაც აჩვენა, რომ მთლად ასეც არ არის საქმე. ერთი სიტყვით, ყველაზე სუსტი რგოლი არის სამხრეთ კავკასია. ამიტომ ჩვენ არ უნდა მივცეთ დამატებითი საბაბი. მოვისმინეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელშიც ამართლებს ამერიკის მოქმედებას. არადა, ახლო აღმოსავლეთი ჩვენ არ აგვირევია, იქ გიგანტების ჭიდილია. რამე ტიპის ინტერესი რომ გვქონდეს, შეიძლება, სოლიდარობა გამოგვეხატა, მაგრამ არ გვაქვს არანაირი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ინტერესი და პირიქით, ამით ვიწვევთ რუსეთის გაღიზიანებას და ვაძლევთ საბაბს, აამუშაოს პროპაგანდისტული მანქანა. მით უფრო, არ ვიცით, რა იქნება მომავალში ამ დაპირისპირების ფონზე. რატომ ვყოფთ თავს იმ ხაფანგში, სადაც თვითონ რუსეთია და არავინ იცის, როგორ დააღწევს თავს?!
– მაგრამ, როდესაც აშშ შენი, ანუ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, განცხადება ბუნებრივი არ არის? თან, თურქეთის უცნაური ქცევის ფონზე, რომელიც პუტინს ანკარაში შეხვდა და მეორე დღესვე ლამის მხარი დაუჭირა აშშ-ს საჰაერო იერიშს სირიაში?
– ჩვენი განცხადება რამეს რომ წყვეტდეს, სხვა საქმეა, რაღაც შედეგი ხომ უნდა ჰქონოდა ამ განცხადებას, მხოლოდ განცხადებისთვის ხომ არ ვაკეთებთ?! რაღაცას უნდა წარმოადგენდე, როდესაც განცხადებას აკეთებ, მაგრამ ხომ ვიცით, რომ არაფერს წარმოვადგენთ?! და ამ ფონზე ეს განცხადება არის საბავშვო ბაღის დონის. რუსეთმა საპასუხოდ კიდევ ორმოცდაათი მეტრით რომ გადმოსწიოს საზღვარი, რას იზამ?! ამიტომ საბაბი არ უნდა მივცეთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ აამოქმედოს დიპლომატიური ან უხეში ძალა. რადგან სირიაში დაპირისპირება კიდევ გაგრძელდება და ჯერჯერობით არ ვართ მზად იმისთვის, რომ ასადის ხელისუფლება შეიცვალოს რადიკალური ისლამისტებით. ეს გამოიწვევს თურქეთის სერიოზულ გაღიზიანებას. ერდოღანი მართალია, თამაშობს ისლამიზმს, მაგრამ არ არის თურქული ხელისუფლება ისლამისტური. ამდენად, თუ სირიაში ხელისუფლება დაემხო, თურქეთი იძულებული იქნება, ორ ფრონტზე იბრძოლოს, ქურთებისა და ისლამისტების წინააღმდეგ, რომელიც მან თავისი ხელით გამოკვება თავის დროზე. აბა, საიდან ჩავიდნენ კავკასიელები სახალიფოში?! ცხადია, თურქეთიდან. ამდენად, ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიპყრობილი ქვეყნის გაძლიერებისკენ. სხვა საქმეა, თუ მიგვიღებენ „ნატოში“ დაჩქარებული წესით  ან აქ სამხედრო ბაზას გახსნიან.
– მეც მგონია, რომ აქ აშშ-ს სამხედრო ბაზის გახსნა იქნებოდა ერთგვარი გამოსავალი.
– სირიის შემთხვევაში ვნახეთ, რომ რუსეთი ბევრს ბაქიბუქობს, მაგრამ იმ ბევრის თავი არ აქვს, რომ ამერიკული ბაზა გაიხადოს სამიზნედ. სირიაში არც რუსი და არც ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა ურთიერშეტაკებისას. ისინი კვლავაც მოერიდებიან ერთმანეთს. აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებულია, მაგრამ გვჭირდება დანარჩენი ტერიტორიის მფარველობა. ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ის რესურსი, რაც დასავლეთმა ამდენი წლის განმავლობაში მოგვცა, პირიქით, რუსეთს მოვახმარეთ. პარადოქსია, მაგრამ ვითომ დასავლური ორიენტაციის არიან და რეალურად, მოსახლეობას შეაძულეს დასავლეთი ისეთი უაზრო თემების წამოწევით, რაც მათ აღიზიანებთ და საქართველოს გაძლიერების კუთხითაც არაფრის მომცემია, ვგულისხმობ „ელ ჯი ბი თი“ თემებს თუ სხვას. ეს პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ხალხის რეაქციაც ისეთია, თითქოს აშშ-ს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორია და არა – რუსეთს. ასეა თუ ისე, არ ვვარაუდობ დღეს სირიის მსგავსი მოვლენების კავკასიაში განვითარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეუძლებელია. ვინ წარმოიდგენდა ახლო აღმოსავლეთის კონფიგურაციას ამ ფორმით?!
скачать dle 11.3