კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№16 რატომ არის ჰომოსექსუალობა მისაღები ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსისთვის და რატომ მიაჩნია მას, რომ სახარება სავსეა სამასლარიანი ჯარიმების საპირწონე ქმედებებით

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

„იესომ სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა ებრაელი ხალხის რელიგიურ გრძნობებს... სამასლარიანი ჯარიმების საპირწონე ქმედებებით სავსეა სახარება, რასაც იესო აკეთებს და ფაქტობრივად, ამის გამოც ეცვა ჯვარზე“, – განაცხადა ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, რატომ მიაყენა იესომ „შეურაცხყოფა“ ებრაელი ხალხის რელიგიურ გრძნობებს და რას გულისხმობდა სამასლარიანი ჯარიმების საპირწონე ქმედებებში მეუფე რუსუდანი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
რუსუდან გოცირიძე:
როცა ხარ ქალი სასულიერო პირი, ჩვენს საზოგადოებაში ამას აქვს თავისი სირთულეები და სიმარტივეები. თუ შევადარებთ, რომელი უფრო მეტია, ალბათ, სირთულეები გამოთქმა – „ქალი ვიცი კუხნაშიო“, სახუმაროდ რომ იქცა უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. როცა რაღაცას ამბობს ვიღაც ქალი, რომელსაც აცვია ანაფორა და არის რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი, ამის მოსმენას სჭირდება კულტურული და პოლიტიკური ნება. სიმარტივე ის არის, რომ  საზოგადოებამ არც ჩემზე უკეთესი ქალი მღვდელი იცის და არც უარესი. ცოტა ხანში, ჯერ პროტესტანტულ ეკლესიაში და მერე უკვე, იმედი მაქვს, რომ კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობაშიც, მოვა ის პერიოდი, როდესაც ქალის ხელდასხმის საკითხი წამოიწევს, ამის ნიშნები უკვე ორივე ეკლესიაში არის, განსაკუთრებით მართლმადიდებლობაში, უკვე დაწყებულია ქალების დიაკვნებად კურთხევა.
– რას გულისხმობდით, როცა თქვით, რომ ქრისტემ მიზანმიმართულად მიაყენა შეურაცხყოფა ებრაელი ხალხის რელიგიურ გრძნობებს?
– ის, რაშიც ბრალი ედებოდა ქრისტეს, იყო სჯულის დარღვევა და შემთხვევით კი არ არღვევდა, არამედ მიზანმიმართულად, რომ ესწავლებინა ადამიანებისთვის ძალიან ძვირფასი რამ: ხალხო, ქრისტემ თქვა, რომ შაბათი, რომელშიც მოიაზრებოდა რჯულის დაცვა,  შეუქმნა ღმერთმა ადამიანს და არა, ადამიანი – შაბათს და ის რჯული შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანი ღმერთთან მისულიყო და თუკი ადამიანს სიკეთის კეთებაში უშლის ხელს აშენებული დოგმები, მაშინ დაფიქრდი, იქნებ ეს დოგმები ცოტა უნდა გადაახალისო, რაღაც უნდა შეცვალო და ამაზე თითის დადება ითვლებოდა ღმერთის წინააღმდეგ წასვლად. შაბათ დღეს ქრისტე გამოვიდა სინაგოგიდან, როდესაც ხელგამხმარი ქალი განკურნა და რომ მიესივნენ – ეს რა ქენიო, ქრისტე ეუბნება, ვირი რომ ჩაგივარდეთ ჭაში შაბათ დღეს, არ ამოიყვანთო? ხომ ამოიყვანთ და თუკი სახედარზე ასე არ მოქმედებს სჯულის დარღვევა, როგორ შეიძლება, არ გაუწოდო ხელი ადამიანს, რომელსაც უჭირს  და თქვა, ახლა, რადგან შაბათია, ღმერთს ეწყინება, მე რომ სიკეთე გავაკეთეო. დღეს ეს მეორდება სხვადახვა კონტექსტში, ადამიანები სხვების მიმართ ბოროტებას ამართლებენ. ღმერთს შეიძლება არ უყვარდეს ეს ადამიანი? კაცები უფრო უყვარდეს, ვიდრე ქალები? ან თეთრკანიანები უფრო უყვარდეს, ან შავკანიანები? ჰეტეროსექსუალები უფრო უყვარდეს, ვიდრე ჰომოსექსუალები? ჩვენ ღმერთს ვუწესებთ გაიდლაინებს. ღმერთს ასეთები უყვარს, ისეთები არ უყვარს. ძალიან სასაცილოა, რომ ღმერთის სიყვარულის ჩარჩოებს ჩვენ ვაგვირისტებთ. ეს სატკივარი არ არის მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის, ჩემს ეკლესიაშიც არის.
– რა ქმედებებია სახარებაში სამასლარიანი ჯარიმების საპირწონე?
– შაბათის დარღვევა იყო სერიოზული დარღვევა. ახლა რომ ჩვეულებრივი ამბავია, მღვდელი რომ ქალს ელაპარაკება, მაშინ იმ საზოგადოებაში წარმოუდგენელი იყო. იესო უცხო, სამარიტელ ქალს ჭასთან ელაპარაკება და მოციქულები მოვლენ, გაოცებლები არიან – ეს ვინაა, რატომ ელაპარაკება ამ ქალსო. ვისთან მეგობრობდა იესო? მებაჟეებთან და მეძავებთან, წარმოგიდგენიათ ახლა რომ კულტურული, რესპექტაბელური სასულიერო პირი წავიდეს და ცირკის გარშემო რომ მეძავები დგანან, იმათთან ჩამოდგეს ხოლმე და ემეგობროს.
– მიგაჩნიათ, რომ იესო ჯვარზე გააკრეს არა კაცობირობის ცოდვებისთვის, არამედ ამ ქმედებებისთვის?
– სახარებას თუ კარგად წავიკითხავთ, ქრისტე ჯვარს არ აცვეს ჩვენი ცოდვების გამო. ქრისტე არც ებრაელებს გაუკრავთ ჯვარზე, არც პილატე არის იქ დამნაშავე, არც სინედრიონი, არც კაიაფა, არავინ... ეს არის რაღაც კოსმოლოგიური მოვლენა, ეს არის ღმერთი, რომელმაც ჩვენი ცოდვები აზიდა ჯვარზე. ისინი, ვინც ამას აკეთებდნენ, არ  ფიქრობდნენ, რომ ჩვენს ახალგაზრდა ბიჭს, მოძღვარს, რომელიც დადის და უცნაურ რამეებს ასწავლის, კაცობრიობის ცოდვებისთვის ვაკრავთ ჯვარსო. ეს ხომ კარიკატურული წარმოდგენაა იმ პერიოდზე.  მოწმეები, რომლებიც ქრისტეს სინედრიონზე, ამბობდნენ (თან, ტყუილს არ ამბობდნენ), რომ ქრისტემ თქვა „მე ამ ტაძარს დავანგრევ და სამ დღეში ავაშენებო“.  იესომ რელიგიასაც, საზოგადოებასაც თავზე დაამხო ყველა ფასეულობა, რაც ჰქონდათ. ამიტომაც, არ მიიღეს და ჯვარზე გააკრეს.  ქრისტე არ მოსწონდათ ძალიან გულანთებულ და მორწმუნე იუდეველებს, იმიტომ რომ მან გაარღვია ის საზღვრები, რა საზღვრებშიც ისინი მოიაზრებდნენ ღმერთის რჩეულ ერს. იესომ კი გაარღვია, მაგრამ მოციქულებს ეს არ ჰქონდათ ბოლომდე გააზრებული. როგორი დიდი კამათი მიდის, უნდა მიიღონ თუ არა ბერძნები და  ბერძნებში მარტო ბერძნები კი არ მოიაზრებიან, არამედ ისინიც, ვინც, მათი თვალსაზრისით, წარმართები იყვნენ. ერთი ამბავი არის ძალიან საინტერესო, როდის დაიწყეს დიაკვნების ხელდასხმა? როცა ნახეს, რომ ბერძენ ქვრივებს არ აჭმევდნენ საჭმელს და ებრაელ ქვრივებს აჭმევდნენ. მერე დიაკვნები დანიშნეს, რომლებიც მოემსახურებოდნენ ამ საქმეს. ეს ქსენოფობიური განწყობები პირველ ქრისტიანებშიც იყო და დღემდე არის.
– სასწაულების რატომ არ გჯერათ?
 – ქრისტემ თქვა რომ ნიშნები სჭირდება ურჯულო მოდგმას. როცა თვითონ სასწაულებს აკეთებდა, ყოველთვის ამბობდა, ეს არსად თქვათ. ჩვენ გვიყვარს ფოკუსნიკი ქრისტე, ჯადოსნურ რაღაცებს რომ აკეთებს. იცი რა არის სასწაული? მარტოხელა დედა დაღლილი რომ მოვა, გადაქანცული და მოძებნის იმის ძალას, შვილს დაუჯდეს, ზღაპარი წაუკითხოს და სკოლის ამბები ჰკითხოს, ეს არის ჩემთვის სასწაული და არა ზღვის გაპობა და ასეთები. ჩვენ გვგონია, რომ სასწაული უნდა იყოს ფოკუსები. დედაჩემი გარდაიცვალა სიმსივნით და მაშინ მივხვდი, რა არის სასწაული. ყველა ვლოცულობდით და ღმერთს ვთხოვდით, ეს ავადმყოფობა დაგვემარცხებინა, მაგრამ ვერ დავამარცხეთ... ჩვენ ავადმყოფობა ვერ დავამარცხეთ, მაგრამ სიკვდილი დავამარცხეთ, დედაჩემი ისე წავიდა, რომ სიკვდილის არ შეშინებია, ჩვენც ისე დაგვტოვა, ვერ გავიაზრეთ, რომ სიკვდილი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. ეს არის სასწაული.
– თქვენ ხართ სასულიერო პირი, რომელიც  ლგბტ თემს უჭერდით მხარს...
– ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. მეცნიერებამ დაადგინა, რომ ეს არ არის ადამიანის არჩევანი, ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. როგორ შეიძლება, წარმოიდგინო, რომ მე კი გავჩნდი კაცად, მაგრამ მომწონს,  ვიყო ქალი. ასე ვარჩიე ახლა: ჩავიცვამ მოკლე კაბას, ქუსლიანი ფეხსაცმელებით გამოვალ, მერე რა, რომ ყველამ უნდა მაგინოს, ჩემთვის კარიერა აღარ იარსებებს, ოჯახი ჩემზე უარს იტყვის, ნებისმიერ დროს ვინმე მცემს და შეიძლება, პოლიციამ არც კი დამიცვას. შეიძლება, ჭკუათმყოფელმა ადამიანმა დაუშვას, რომ ადამიანი ასეთ არჩევანს აკეთებდეს ტყუილად, სექსუალური ეგზოტიკის გამო? ამას ცოტა თანაგრძნობით შევხედოთ, მეტი დაფიქრებაა საჭირო. მესმის, რომ ეს შიში არსებობს, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ ამაზე არც ვსაუბრობდით. ეგზიუპერი რომ ამბობს, ყველანი ბავშვობიდან მოვიდვართო, მე ვამბობ, რომ ყველანი ჰომოფობიიდან მოვდივართ, იმიტომ რომ ასე ვიზრდებოდით: ეს არის გარყვნილება, ავადმყოფობა, ასეთ ადამიანებთან ახლო ყოფნა არ გვინდოდა. ახლა მოდის თაობა, რომელიც შეიძლება, მოკვდეს სიცილით, რაზე ჭამდით, ხალხნო, ერთმანეთს ან რა ტაბურეტებით დარბოდით, არ გრცხვენიათ? მთელი დედამიწის ზურგზე თუ რომელიმე ადამიანს უყვარს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი და ძვირფასია მისთვის, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთს არ შეუძლია უყვარდეს.
– ქორწინებამდე სექსს ცოდვად მიიჩნევთ?
– მე მეუხერხულება ვინმეს ასეთ ინტიმურ საკითხზე რამე ვკითხო და მიმაჩნია, რომ ეს არავის საქმე არ არის და არც ჩემი საქმეა, ქალწულებად და ვაჟწულებად მივლენ თუ არა საქორწინო სარეცლამდე, რადან მე მჯერა, რომ ადამიანის პატიოსნება, სიწმინდე, ერთგულება ბიოლოგიურ ქსოვილებზე არ გადის. ლოგინში არავის უნდა შეუძვრე, ეს არის ორი ადამიანის განზომილება და იმათ უნდა დაუტოვო.
скачать dle 11.3