კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 როგორ აღიარა ყაენმა აბუ საიდმა მისი ჩინოვნიკების დანაშაული საქართველოს მოსახლეობის წინაშე და როგორ ისარგებლა ამით გიორგი ბრწყინვალემ

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

გამეფებისას, 1318 წელს, გიორგი ბრწყინვალე მხოლოდ ტფილისს ფლობდა. დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის შთამომავლები მეფობდნენ. სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, მესხეთი არ ემორჩილებოდა ტფილისს. ქვემო ქართლში მისი ძმისწულები, დავითის ვაჟები ისხდნენ. იმ დროს ახალი ყაენი, აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი მცირეწლოვანი იყო და საილხანოს მისი ვაზირი, ჩობანი მართავდა. გიორგი ბრწყინვალე კარგად სარგებლობდა საილხანოში ჩობან ნოინის გავლენით, მისი ავტორიტეტით და ქვეყანას აერთიანებდა. ჩობან ნოინის თანხმობით, ქვემო ქართლი და სამცხე ტფილისს დაემორჩილა. ჩობანი სხვა დათმობებზეც წამოვიდა.
საერთოდ, ნებისმიერი დამპყრობლის შეჭრა და გაბატონება დიდი უბედურებაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, მაგრამ, მომთაბარე მონღოლების შესვლა მიწათმოქმედი და განვითარებული ხალხების ქვეყნებში განსაკუთრებული ტრაგედია იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მომთაბარე მონღოლების ეკონომიკური პოლიტიკა პარაზიტული იყო, ორიენტირებული გახლდათ დაპყრობილი ქვეყნებიდან მიღებულ ხარკზე და ამასთან ერთად, დაპყრობილ ტერიტორიებზე მათი ჯოგებისთვის საძოვრებად იქცეოდა ველ-მინდვრები, სადაც ადგილობრივებს მოსავალი უნდა მოეყვანათ. ასე ნადგურდებოდა მონღოლებზე დაწინაურებული, მიწათმოქმედი ხალხების, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა.
გიორგი მეხუთის ტახტზე ასვლის დროს ჩვენი ქვეყანა, მონღოლთა ბატონობის გამო, გაპარტახებული იყო, ეკონომიკა – მოშლილი. ქვეყნის რამდენიმე ნაწილად დაშლამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკასაც. მონღოლთა დაპყრობით ომებში უამრავი ქართველი მეომარი დაიხოცა. საქართველოსა და ამიერკავკასიის ტერიტორიაზე არაერთხელ შემოიჭრა ოქროს ურდოს ჯარი და სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილი, ქართლი, კახეთი და ჰერეთი, ორი ურდოს საომარ პოლიგონად იქცა. ჩვენს სამშობლოში დემოგრაფიული ვითარება გაუარესდა. ამას ემატებოდა საოკუპაციო გადასახადები. მოსახლეობას ზურგზე აწვა საოკუპაციო  ნაწილების შენახვაც, რაც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და ხალხი ღატაკდებოდა. მონღოლთა, დაახლოებით, 10 000-კაციანი ჯარი იდგა საქართველოს საზღვრების დასაცავად, მათ შორის, ოქროს ურდოს შემოტევების აღსაკვეთად და სხვა. თან საოკუპაციო მოვალეობას ასრულებდნენ, თან ხარკის აკრეფაში ეხმარებოდნენ ბასკაკებს და სხვა.
რამდენჯერმე თვითონ საილხანოს ჯარებმაც ააოხრეს აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ქართველი მეფეების დასასჯელად.
მონღოლების მომთაბარული ცხოვრების წესის გარდა, დაპყრობილ მოსახლეობას განსაკუთრებულად დიდ ზარალს აყენებდა მონღოლი ჩინოვნიკების სიხარბეც. რომლებიც იჯიბავდნენ დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობისგან ამოღებულ სხვადასხვა სახის ხარკს და თვითნებურად უმატებდნენ კიდეც გადასახადს, პირადი გამორჩენისთვის.  
აბუ საიდის წინამორბედი ყაენებიც ცდილობდნენ, თავისი ქვეშევრდომების თავგასულობა აღეკვეთათ. ამგვარი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაც შემოიღეს. წესრიგის დამყარება მათ ინტერესშიც იყო, რადგან, ზედმეტად მოსახლეობის ყვლეფა აზიანებდა მათ სახელს, ხალხს აღარიბებდა და საყაენოს შემოსავალი კი, იკლებდა. განსაკუთრებით აღელვებდათ ყაენებს მათთვის დამალული გადასახადები. იმ დროისთვის საილხანოში და მონღოლთა სხვა იმპერიებშიც ცუდი მდგომარეობა იყო. მონღოლების წარმატებული დაპყრობითი ომების პიკი უკვე გადასულიყო. საილხანოში მდგომარეობა ძალიან გართულებული იყო, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ამიტომ, ატარებდნენ ხოლმე აღწერებს, მაგრამ, ამ აღწერებმა აჩვენა, რომ დაპყრობილ ტერიტორიებზე მოსახლეობის რიცხვი მცირდებოდა. შესაბამისად, ყაენების შემოსავალიც იკლებდა. ხშირად, აღმწერსა და ადგილობრივ ხელისუფალს შორის, ყაენისგან ფარულად, შეთანხმებაც დგებოდა, რათა შვება მისცემოდათ ადგილობრივ მოსახლეობასა და მმართველებს. ასე მაგალითად, როგორც ჩანს, დავით ულუმ სთხოვა აღწერის ხელმძღვანელს, არღუნ აღას, შეღავათი და სამაგიროდ, შეჰპირდა, თავისი ასული, პრინცესა რუსუდანი, რომელიც მაშინ პატარა იყო, ცოლად მიეთხოვებინა არღუნის ვაჟისთვის. შემდეგში, ეს შეპირება კარგად გამოიყენა არღუნ აღამ, როდესაც კიდევ ერთხელ ჩაატარა აღწერა აოხრებულ ჰერეთსა და კახეთში, შეახსენა დავით ულუს ვაჟს, დიმიტრი მეფეს, მამამისის მიერ მიცემული სიტყვა და მოახერხა მეფის ასული შეერთო თავისი ვაჟისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პრინცესა რუსუდანი ვერ იტანდა მონღოლებს. ამ მეორე შემთხვევაშიც ჩანს, დიმიტრი მეფემ თავისი დის გათხოვებით, ალბათ, ყაენისგან ფარულად, საგადასახადო შეღავათი მოუტანა ქვეყანას. ასე ეწირებოდნენ, ქართველი პრინცესები ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.
აბუ საიდ ყაენის კარზე მიხვდნენ, რომ, თუ ცოტაოდენ შვებას არ მისცემდნენ საქართველოს მეფესა და ხალხს, ძვირად დაუჯდებოდათ. ეს, ალბათ, გონიერი ჩობანის დამსახურება იყო. საილხანო აღარ იყო ისე ძლიერი, როგორც ადრე. მით უმეტეს, რომ ამას წინ უძღოდა საქართველოს ნაცვალის, ნოინ ყურმიშისა და ხორასნის უფლისწულის აჯანყებები. ოქროს ურდოც ისევ აგრძელებდა შეტევებს სამხრეთ კავკასიის ხელში ჩასაგდებად. რასაც, პრინციპში, მოჰყვა კიდეც ნოინ ყურმიშის აჯანყება.
მართალია, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დასაწყისში, ყაენი აბუ საიდი არასწრულწლოვანი იყო, მაგრამ მისი გონიერი ვაზირი ჩობანი, დიდ დათმობაზე წამოვიდა ჩვენს ხელმწიფესთან და ყველანაირად ცდილობდა, მისთვის ხელი შეეწყო და მეგობრად ჰყოლოდა.
როგორი ვითარება იყო საქართველოში, ჩანს ქალაქ ანისში აბუ საიდ ყაენის ბრძანებით შესრულებულ წარწერაში (იმ დროს, სომხური ქალაქი ანისი, ჯერ კიდევ, საქართველოს სამეფოში შემოდიოდა). ეს ბრძანება გამოქვეყნებული აქვს ივანე ჯავახიშვილს. დიდი ივანე წერს: „აბუსაიდის ეს ბრძანება ამოჭრილი იყო წარწერის სახით ქ. ანისის ე. წ. მანუჩეს მაზგითის გარეთი კედლის ქვაზე სპარსულად, იმ ენაზე, რომელიც უკვე ერანის ილხანების ოფიციალურ სახელმწიფო ენად იყო ქცეული. მაჰმადიანური მოკლე სარწმუნოებრივი შესავლის შემდეგ, იქ ნათქვამია:
„აბუსაიდ ბაჰადურხან
იერლაყი.
ამჟამად დედამიწის პირის ფადშაჰის (ხელმწიფის), მსოფლიოს სულტნისა, ქვეყნისა და სარწმუნოების ამმაღლებელის ტახტ-საჯდომითგან, როდესაც მსოფლიოს მცხოვრებნი აღმოსავლეთითგან დასავლეთამდის მისი მოწყალებისა და სამართლიანობის ჩრდილს ქვეშე იმყოფებიან, მისი განკარგულება და ბრძანება უზენაესმა ჭეშმარიტებამ (ე. ი. ღმერთმა) უმეტესად სრულყოფილყოს!
 ხოლო ბრძანება ასეთია, რომ, რაკი ქვეყნის ზედაპირიმის ბრძანებასა და დივანის (ე. ი სავაზიროს) განკარგულება მისი კალმის წვერზეა დამოკიდებული, მისი დაკლება, ანდა გადამეტება ვერავინ გაბედოს და, ტამღისა და სამართლიანი ბაჟის გარდა, სხვა აღარაფერი არ გამოართვან და არავის ყალანის, ნემარისა და ტარხ-ისა (გამოსაღებლებისა) და სხვა რამის მომიზეზებით არ სთხოვონ, როგორც წინათ ქალაქს ანისში და საქართველოს სხვა ვილაიეტებში (ქვეყნებში) ყალაანს, ნემარსა და უკანონო გამოსაღებლებსა და ტარხ-ს ძალით ჰკრებდნენ და ავიწროებდნენ (მოსახლეობას და ამის გამო ქვეყანა) გაოხრდა, მდაბიო ხალხი გაიფანტა (და გაიქცა), ამ ქვეყნის ქალაქის მამასახლისებმა ყალანის და დერნაგირის (ე. ი. საქალაქო კარის ბაჟის) გამო თავიანთი უძრავი და მოძრავი ქონება და სახლ-კარი მიატოვეს და გაიქცნენ“.
ამგვარად, ყაენი აბუ საიდი აღიარებდა, რომ მისი ჩინოვნიკები ძალიან ცუდად იქცეოდნენ ქალაქ ანისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ამის გამო გარბოდა ხალხი ქალაქებიდან და სოფლებიდან.
ყაენის ბრძანებით აიკრძალა უკანონობა.
საილხანოს ამგვარმა პოლიტიკამ კიდევ უფრო მოაძლიერა ჩვენი ხელმწიფე. თანდათანობით მისი პრეროგატივა ხდებოდა ხარკის აკრეფა და საილხანოში გაგზავნა. თუმცა, გარკვეული ქმედებები და დრო ჯერ კიდევ სჭირდებოდა ამისთვის. ჩვენი ბრძენი მეფე ფრთხილი პოლიტიკის მომხრე იყო და ყველაფრისთვის შესაბამის დროს ელოდა, თან, ვითარებას ამზადებდა. ამიტომ, გიორგი მეხუთე მხარს უჭერდა ვაზირ ჩობანს.
скачать dle 11.3