კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-15(902)



ისტორია ოცდამეცხრამეტე
      შურისძიება
(მოქმედი პირები:
ჯამლეთა და ბოზი მარინა)

– გისმენთ, – ყურმილში ზურას დაძაბული და ოდნავ ჩახლეჩილი ბარიტონი გაისმა. ჯამლეთა წამით შეყოვნდა და მერე ნამეცადინები ტექსტი ჩასძახა:
– მისმინე, ყმაწვილო! თავი კაცი გგონია და ორი ქალის მტყვ....ლი. არადა, საყვარელს სხვა გიტყ....ვს და ცოლს თვითონაც არ ტყ...
– ვახ, შენი ბოზი დედა! რომელი ხარ, შე ახვარო! – ყურმილიდან ზუსტად ისეთი რეაქცია გაისმა, რასაც ელოდებოდა. ჯამლეთამ გათიშა და კმაყოფილი გადაწვა სავარძელში.
„ესეც ასე! მიიღო თუ არა ყველამ ერთად! აბა, რა ეგონათ? განსაკუთრებულად ამ წაკლა თეოს? დამიხედეთ ერთი, ტაისაფინსკაიას (რაცხა სხვა ერქვა იმ კახპასაც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, ალექსანდრეს გადააწვევინა ქალაქი! ახსოვდა ეს ჯამლეთას, ახსოვდა და ყველა ქალის ბოზობაში ღრმად დარწმუნებულიც იყო). გაჯეჯილდა გოგო! აქეთ საყვარელიო, იქით სიყვარულიო და ვითომ იმსახურებს რამეს. ვინ ჰგონია, ნეტავ, თავი? ერთი ჩამომხმარი და გაძვალტყავებული კახპაა. ერთი კაცი ვერ ეღირსა, რომ დააკმაყოფილოს და შვილი გაუკეთოს. დაეთრევა ლოგინიდან ლოგინში და თან, თავი პატიოსანი ქალივით უჭირავს. ვახ, რას არ მოიგონებს ბოზი, რომ თავი იმართლოს! იქნებ ფიქრობს, ჯამლეთამ არც დათოსთან მისი ამბების შესახებ იცის თუ გიორგუნა გავახსენო უნდა? რა თქმა უნდა, ისინი ხომ სულ რამდენიმეთვიანი საყვარლები იყვნენ. რა მოხდა მერე! არაფერი, ძუკნა, არაფერიც არ მოხდა! მაგრამ, როცა ჯამლეთა აფაქიძეს უარს ეუბნები და სხვასთან კოტრიალობ, უნდა იცოდე, რომ არ შეგარჩენს! არა! ახლა ყველაფერს ერთად გადმოგიფრიალებ, მაგ შენს დამალულ ისტორიებსაც და ვნახავ ერთი, რომელი შეგრჩება: ზურა თუ დუდუკი. დუდუკია შენთვის მისწრება და გექნება.“
ჯამლეთა ფიქრებში გადაეშვა. ნელ–ნელა ღიზიანდებოდა და ირეოდა, ალმური ედებოდა სახეზე და ხელები უკანკალებდა. თეოზე ფიქრი და დარდი ერთიანად აგიჟებდა, როგორც ყოველთვის და ახლა ხომ საერთოდაც დაეკარგა წონასწორობა. ეს ქალი საბოლოოდ უნდა მოიშოროს, მოსპოს და დაივიწყოს! კმარა! კმარა, რაც ამ უზნეო დედაკაცის გამო იტანჯა, რაც კუდში სდია, რაც აპატია, რამდენ რამეზე დახუჭა თვალები. ცოლობას სთავაზობდა! დაუჯერებელია! ცოლად უნდოდა ეს სხვისი ნათრევი კატა და იმან... ჰოდა, ახლა ვნახოთ. აი, გაჩვენებ, როგორია მარტოობა და უარყოფილი ყოფნა...
ჯამლეთა წამოხტა და ოთახში დაჭრილი და კუდამოძუებული მხეცივით დარბოდა. სიგარეტს ეწეოდა და იატაკზე აფერფლებდა. არც უყურებდა, სად... ახლა ის მთელი არსებით თეოს შურისძიების შედეგებით ტკბებოდა და თან, ეჩქარებოდა, რომ მალე ენახა განადგურებული და დამცირებული ქალი, მერე ჯამლეთას ანაბარა დარჩენილი...
ჰო, როცა აღარავის ენდომება და ყველა მიაგდებს, ჯამლეთა მივა და აპატიებს! წამოაყენებს და ქალად აქცევს და თეო მიხვდება, რომ ჯამლეთაა ერთადერთი ნამდვილი მამაკაცი... და რომ აქამდე ამას ვერ ხვდებოდა. და თეო მდუღარე ცრემლებით მოინანიებს საკუთარ სისულელეს და მუხლებზე შემოეხვევა. პატიებას სთხოვს. დიდხანს, დიდხანს აწვალებს ჯამლეთა და ბოლოს გააბედნიერებს... და ეს ნანატრი და ნეტარი სურათი თავალწინ ედგა – მუხლებზე დაცემული თეო. გაწეწილი თმითა და ტირილისგან  დაოსებული სახით, მუდარაჩამდგარი თვალებით უხმოდ და მორჩილად შეჰყურებს გამარჯვებულ და გულმოწყალე ჯამლეთას...
სამწუხაროდ, ადამიანს ვირთხისგან განსხვავებული ინსტინქტი მართავს... თუკი ვირთხა ცვლის საქციელსაც და ყველისკენ სარბენ ბილიკსაც და მისთვის მთავარი არა გზა, არამედ შედეგია, ადამიანი გამუდმებით ერთსა და იმავე გატკეპნილ გზაზე დაიარება. და მერე რა, თუკი ამ გზაზე ვერაფერს პოულობს!? გზიდან გადახვევასა და მიზნის შეცვლას სიკვდილი ურჩევნია და ამაში არასოდეს გამოუტყდება საკუთარ თავსაც კი... ასე ტკეპნიდა ჯამლეთა ამ ლაბირინთის უწყლო და უშედეგო გზებს, მაგრამ რაკი ერთხელ დაადგა, იქიდან გადახვევას ვეღარ ახერხებდა...
ხანდახან ვირთხასაც კი უნდა შენატროდე, თურმე...
... შურისძიების მეორე პუნქტი უკვე მარინას ეხებოდა. ამ ქალმა შარში გახვია და ახლა ამისთვის უნდა ზღოს. მაგრამ მარინასთან სიფრთხილეა საჭირო. ის ასე ადვილად არავის ჩაუვარდება ხელში. ამიტომ კარგად უნდა მოიფიქროს გეგმა, რომ ფული დასტყუოს. თუმცა, არც თუ იოლი გამოდგა მარინასთან მისასვლელი გეგმა და სათქმელი. ბოლოს ჯამლეთამ იფიქრა, მივალ და იქ ვნახავ, რა ვთქვა და რა არაო. იმპროვიზაციას დავეყრდნობი. თვალებში ყურებით გამოვიცნობ მარინას განწყობას და ან შევეკვრები, ან დავაშინებ ლაშათი და მისი მუქარითო. თან, ისეთი აცეტებული იყო და იმდენად კმაყოფილი, რომ თეო დააჩოქა, ეს გამარჯვება თავბრუს ახვევდა და საღად აზროვნებაში ხელს უშლიდა. არც არასდროს იყო ციცერონი, მაგრამ ინტრიგების დახლართვა ეხერხებოდა. ამჯერად სრულად ამჩატებული და მოუმზადებელი აადგა მარინას. თუმცა, ის მაინც მოიხერხა, რომ ტაქსი გააჩერა და  პარალელურ ქუჩაზე ჩამოვიდა. ფეხით გადაჭრა გზა და ისე მიადგა მარინას სახლს შებინდებისას.
კარს კაი ხანს არ უღებდა. არც ჩქამი ისმოდა. მაგრამ ჯამლეთა გუმანით გრძნობდა, მარინა კარს უკან იდგა. მართლაც, რამდენიმე წუთის შემდეგ კარიც გაიღო.
– მე შენ რა გაგაფრთხილე?! – მარინა ისეთი გაოცებული უყურებდა, ჯამლეთა დაიბნა, მართლა ხომ არ ვიჩქარე მოსვლაო, მაგრამ სწრაფადვე გამოერკვა: უკან დასახევი გზა არ იყო.
– შემომიშვი და გეტყვი, – რამდენადაც შეძლო მშვიდად და მკვახედ მიუგდო. მარინამ უჩვეულო ინტონაცია უმალ დაიჭირა და განზე გადგა. ჯამლეთა თამამად შევიდა მისაღებში, სავარძელში ჩაესვენა და მიმოიხედა. ოთახი არეული, მიყრილ–მოყრილი და გასამგზავრებად გამზადებული ჩემოდნებით, დარბევის შემდეგ დატოვებულ სცენას ჰგავდა.
– მიდიხარ სადმე?
– და ვინ გკითხავს?! შენ ის თქვი, აქ რას ამოყანყალდი, გაუგებრად გითხარი? თუ ფული მოიტანე...
– ჰო, აბა, ჯიბეები გადმოიტრიალე! რაის ფული, ცოცხალი რომ ვარ, მიკვირს!
– შენ რა ჯანდაბა მოგკლავს, – მარინა ისევ შეცბა. ჯამლეთა რაღაც თამაშს თამაშობდა. ამას ხედავდა, მაგრამ ახლა არც დრო და არც ნერვი ჰქონდა ამ ქლესასთვის. თუმცა ჯობია, საბოლოოდ დაასრულოს მასთან ყველაფერი და ეს ხაზი გაწყვიტოს. მით უფრო, არც არაფერში გამოადგება აწი...
– რა არა – ვინ! რა იყო, ქალო, სულ გამოპრუტუნდი?! შარში ხარ გახვეული და მე რაღას მრევ?!
– ჯამლეთა უდღეურო, რას ბოდავ?! თუ დაგავიწყდა ვის ედიდგულები?
– ხოხ, ტოჟე მნე კარალევა შანტეკლერა! ნურც შენ დაგავიწყდება, საყვარელო, რომ უბრალო ბოზი ხარ და მე... – აი, ეს არ უნდა წამოეყრანტალებინა! ზედმეტად შეიჭრა როლში. ენაზე იკბინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მარინას გაავებული თვალებიდან ნაპერწკლები გადმოიყარა და სახე ისე დაეღრიცა, დემონები მიმიქარავს.
– რაო, რა თქვი, შე უბედურო?! ვინ ვარ მე?! და ფიქრობ, რომ ეს შეგრჩება და როგორც სხვასთან, ჩემთანაც გაგივა? გაგხევ ნაკერავზე და თვალს არ დავახამხამებ, შე პატრონმკვდარო ნაბოზვარო ჩათლახო... – ჯამლეთა ვერ ხვდებოდა, მარინამ სრულად დაკარგა კონტროლი თუ თამაშობდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ხედავდა, რომ ხაფანგში გაება და ახლა ლაშაც ვერ იხსნიდა ამ ქალის კლანჭებიდან. ისევ კაცებთან ერჩივნა საქმის გარჩევა. მუშტი მოგხვდება და ეგაა. ეს კაპასი დიაცი რას მოიფიქრებს – აბა, ვინ იცის?!
– კაი ახლა, რას ავარდი ფინთი გოიმივით, რა მოხდა, გოგო, ვიხუმრე, ხომ მიცნობ...
– ეტყობა, შენ არ მიცნობ, შე ერთუჯრედიანო! ამაზე პასუხს აგებ. ახლა რა დედიშენისა გინდა, ამოთქვი და დაახვიე აქედან!
– გოგო, მე და შენი ჩხუბი ახლა არ ივარგებს, დამიჯერე. არც მიფიქრია შენი წყენინება, მარგო! გეფიცები! მაგრამ იმ ქალის ქმარმა ყველაფერი იცის და...
– ვინ იცის, ბიჭო? რა ყველაფერი?! დალაგებულად ამოღერღე რამე, შე თესლო!
– გეუბნები აგერ, – ჯამლეთამ ვითომც ვერ გაიგონა, რა უთხრა მარინამ და გააგრძელა, – ფულზე რომ დამარეკინე, ამის მერე ოთხნი დამადგნენ თავზე, იქ ამბავი იყო?! მოკლედ, შენს ადგილსამყოფელს მთხოვდნენ და, – ჯამლეთამ აშკარად იგრძნო, როგორ დაიძაბა მარინა, როგორ გაუფითრდა სახე და გაულურჯდა ტუჩები და ცოტა გათამამებულმა უფრო ლაღად გააგრძელა იმპროვიზაცია: ყველაფერი ვიცით მის შესახებ, კაი ხანია, ვუსმენთ და ვუყურებთო, ახლა შენ მიგვიყვან მასთან და დანარჩენი ჩვენ ვიცითო. გოგო, ფულსაც მთავაზობდნენ და საქმესაც. გეფიცები, კრინტი არ დავძარი, ხედავ ამ ფინგალს?! ჰოდა, შენ კიდევ ბრაზობ... ამიტომ ამოგადექი. ახლა დახმარება გჭირდება...
– მოიცა ერთი. შენი დახმარება არ მჭირდება მე. და არ მითხრა, რომ ჩემ გამო გაილახე და კოსმოდემიანსკაიასავით არ გამთქვი?
– ეგ ვინ ოხერია, არ ვიცი და მე არაფერი ვუთხარი! პატიოსნებას გეფიცები. ნუ, იმათაც მოხვდათ, მაგრამ ოთხნი იყვნენ, დაიბარეს, მოიფიქრე და მოვალთო. მე აგერ აქეთ წამოვედი, მარო-ჯან...
– რაო, ჯამლეთა, თახსირო? მაშანტაჟებ?! ფიქრობ, არ გიცნობ ან ამ ნაბოდვარს დავიჯერებ და შემეშინდება? ფული გინდა, ბიჭო?! ჩემგან ელოდები? – მარინამ გადაიხარხარა! მთელი სხეულით ათრთოლდა და აძიგძიგდა. ძუძუები უხტუნავებდა, თეძოები უთამაშებდა. სულის გამყინავად გაისმა მისი სიცილი და ჯამლეთას გაეყინა კიდეც და არა მხოლოდ, სისხლიც და ტვინიც.
– კაი ახლა! რა ფული... ჩვენ შორის... მე შენთვის. გაგაფრთხილე აგერ და თვითონ იფიქრე... წავედი მე.
– წახვალ, აბა, აქ ვინ დაგიტოვებს, მაგრამ სანამ წახვალ, მანდ დაეგდები და კარგად მომისმენ. იცოდე, გაიაზრე, რასაც დაგარიგებ და მეტად არ შეგეშალოს, შე მართლა უბედურ დღეზე გაჩენილო. – მარინა მიუახლოვდა. მკერდში მძლავრად ჰკრა ხელი და იქვე სავარძელში ჩააგდო. მერე დაიხარა, ორივე ხელით აქეთ იქით დაეყრდნო სავარძელს, შეშინებული ჯამლეთას ყურთან მიიტანა ტუჩები და ჩაუსისინა.
– არ გაცოცხლებ, ჯამლეთა-ჯონდოია! ერთი მცდარი ნაბიჯი და ტრუპი ხარ...

გედის სიმღერიდან – სერენადამდე, ანუ ლოთიანი
(მოქმედი პირები: ზურა და კოტე, ზურას შემთხვევითი თანამეინახე)

ზურას ეგონა, ფილმს უყურებდა და კადრი გაიჭედა. ამიტომ კინოდარბაზიდან, რომელშიც ცხოვრებას უჩვენებდნენ, თან, ყველაზე ბნელი რაკურსიდან, ვერც მიდიოდა და ვერც რჩებოდა. ისიც არ იცოდა, ვინ იყო.
იმ წუთამდე, სანამ თეოსგან ამონთხეული ბოღმა-სიავე ყველაფერს გადაფარავდა, ზურა იყო ქმარი, მამა, სიძე, საყვარელი… არა, საყვარელი არა – საყვარელი მამაკაცი. ჰყავდა ოჯახი, ცოლი, შვილები, საყვარელი ქალი… და ცოლიც და საყვარელი ქალიც შეიძლება, გყავდეს ერთდროულად?! და ვინ დაადგინა, რომ არ შეიძლება?! ნეტავ, როდის გადაწყვიტეს ადამიანებმა, რომ გაორება, გასამება, გაათება, გაასება, მოტყუება – სხვისი თუ საკუთარი თავის – ნორმად ექციათ?! ზურამ ეს არ იცოდა და არც აინტერესებდა, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას ამ დიდი ფილმის ყველა მონაწილე ეთანხმებოდა: ის ყველასთვის ხელსაყრელია, რადგან ტყუილი საიმედო ფარია. არა – ყველა არა, თითქმის ყველა ეთანხმება: სადღაც ხომ მაინც იქნებიან ისეთები, რომლებსაც ტყუილიც სძულთ და ფარსიც. ოღონდ სად არიან და რატომ არასდროს შეხვედრიან ასეთები ზურას?!
და ამ საღამოს შემდეგ რა დატოვა ზურასგან თეომ? იქნებ მხოლოდ ქმარი?! მხოლოდ ლანას ქმარი… და ჯადოქრობაც ის იყო, რომ იქნებ ლანას ქმრობამ აქცია ზურა იმ ზურად, რომელიც თეოს შეუყვარდა?! შეუყვარდა? და თუ შეუყვარდა, როგორ ამოთქვა, მძულხარ, არასდროს მყვარებიხარო?! ამას კიდევ გადაიტანდა ზურა, იმიტომ რომ სიყვარულს ახსნა არ სჭირდება, ამას ისედაც გრძნობდა და თუ თეოს ის ახლა სძულდა, სწორედ იმიტომ სძულდა, რომ უყვარდა.
ზურას გულისყური „უხერხემლომ“ გაუჭედა: „მე არ მჭირდება უხერხემლო კაცი“! და რატომ არის უხერხემლო?! რატომ და იმიტომ! ზურამ იცის, რომ უხერხემლოა და თეოზე უკეთაც იცის, რადგან არასდროს ყოფნიდა ძალა... ძალა?! ახლა ვისღა ატყუებს?! არასდროს ეყო ვაჟკაცობა, ლანასთვის ეთქვა, რომ აღარ უყვარდა და არც არასდროს ყვარებია, მაგრამ შვილებს მაინც არასდროს მიატოვებდა და ლანასთვისაც ერთგულ მეგობრად დარჩებოდა; არც იმისთვის ეყო სითამამე, თეოს გამოსტყდომოდა, რომ ლანასთან მართლაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა და თეოსთვის არასდროს უღალატია – საკუთარ ცოლთანაც კი. არ ყოფნიდა, რადგან ეშინოდა, რომ თეოს უხერხემლო ეგონებოდა. არადა, თურმე, პირიქით იყო: ამის გამო იქცა ის თეოსთვის უხერხემლოდაც და სრულიად უცხოდაც.
ვერასდროს უთხრა თეოს, რომ სახლში მყოფი პატარა ბიჭივით ოცნებობდა, რომ მათი სახლის სამზარეულოდან თეო გამოვიდოდა, თავისი ლამაზი ტუჩებით გაუღიმებდა და ეტყოდა, შენი საყვარელი საჭმელი მოგიმზადეო. ნეტავ, თეოსა და ზურას შვილები თეოს დაემსგავსებოდნენ უფრო მეტად თუ ზურას?! ორივეს – ოღონდ აუცილებლად თეოს თვალები უნდა ჰქონოდათ: თბილი და დაბინდული. მერე ბავშვები დაიძინებდნენ და ზურა იმდენ ხანს მოეფერებოდა თავის თეოს, რამდენსაც გაუხარდებოდა. დამნაშავესათვის ჩუმად არ დახედავდა საათს და მერე ვითომ სასხვათაშორისოდ იტყოდა, უნდა წავიდე, საქმე მაქვსო და თეოც არ შეხედავდა სატირლად გამზადებული თვალებით და არ დაებრიცებოდა დახატულივით გამოყვანილი ტუჩები, რომლებსაც ყოველთვის მწიფე ალუბლების გემო ჰქონდა. არასდროს უტირია, მაგრამ ზურამ იცოდა, რომ ოთხ კედელში გამოკეტილი თეო სულ მარტო რჩებოდა. ზურა თითქოს ვერ ხვდებოდა, რომ თეო სტუმრად თითქმის არავის პატიჟებდა, თუმცა მარტო ცხოვრობდა. არ პატიჟებდა, იმიტომ რომ იქნებ ზურას დრო გამოენახა და მისულიყო?! არც იმას იმჩნევდა, რომ თეო მისი ნახვიდან ნახვამდე ცხოვრობდა, დანარჩენ დროს კი – არსებობდა. მერე რა, თუ მელოდება? პენელოპე ხომ ოც წელს ელოდა ოდისევსს? – შეეკამათა საკუთარ თავს ზურა. რა თქმა უნდა, ელოდა, ოღონდ ის ქალი თავის ქმარს ელოდა. ზურა კი სხვისი ქმარი იყო და მას თავისი ცოლი ელოდა. თავისი ოჯახის ამბებსაც იმიტომ უყვებოდა ხოლმე, რომ თეოს ზედმეტი სურვილები არ გასჩენოდა და ოცნების კოშკები არ აეგო – ზურამ მხოლოდ ახლა აღიარა ეს საკუთარ თავთან. თეოს თამაშის საკუთარი წესი მოახვია, რომელიც მის საყვარელ ქალს ბანალური საყვარლის როლში ახრჩობდა.
ზურა ლანას გაგებასაც ცდილობდა: ხანდახან ეგონა, ლანა კმაყოფილიც კი იყო, რომ ზურა ცალკე იძინებდა. მაგრამ ახლა ლანაზე ფიქრის დრო არ იყო: რატომ გამიბრაზდა თეო?! ზურა ამას ვერ ხსნიდა. ვინმე გამოჩნდა და ცოლობა შესთავაზა?! – ეჭვმა ტვინის რომელიღაც ხვეულში გაუფუთფუთა, მაგრამ ზურას გულამდე ვერ ჩააღწია: გამორიცხულია. თეო ზურასნაირი არ არის: თეო ვერ გაორდება! – თავი დაიმშვიდა…
ტელეფონის ზარმა ზურას ეჭვები ჩააჩუმა, ჩემი გოგოაო, გაიფიქრა, მაგრამ ფარული ნომრიდან რეკავდნენ. არავისთან ლაპარაკი არ შეეძლო, ამიტომ ტელეფონს ზარი გამოურთო… მაგრამ გაახსენდა, რომ თეოს მართლაც შეიძლებოდა, დაერეკა, ამიტომ ისევ ჩართო. ფარული ნომრიდან ამასობაში სამჯერ მოესწროთ დარეკვა. ამჯერად უპასუხა. მამაკაცი იყო, ხმა არ ეცნო: „მისმინე, ყმაწვილო! თავი კაცი გგონია და ორი ქალის მტყვ....ლი. არადა, საყვარელს სხვა გიტყ....ვს და ცოლს თვითონაც არ ტყ...ვ“ და დააყოლა: „ჰკითხე ერთი შენს საყვარელს, ვინ არის დუდუ და რას აკეთებდა მასთან სახლში დილამდე?!“
უცნობმა ტექსტი ერთი ამოსუნთქვით ჩაარაკრაკა და გათიშა!
***
რა ვუპასუხე, აღარ მახსოვს, მაგრამ ტელეფონი ისევ ყურთან მეჭირა. თითქოს ხელი გამიშეშდა. სხეულს ვერ ვამოძრავებდი. ვერც აზრებს. ფანჯარაზე ვიღაცამ დააკაკუნა. ინსტინქტურად ჩამოვწიე, ბოღმის ამონთხევის საშუალება მომეცა: მანქანის სალონში ალკოჰოლის დამყაყებული სუნი შემოიჭრა, ახალგაზრდა, გაბურძგნული მამაკაცი დახრილიყო ჩემს ფანჯარასთან: მეგობარო, ორ ლარს ვერ მომცემ, დედა მყავს ავად და წამლისთვის ფული მაკლდება.
– წამო, დავლიოთ, არ გინდა? – გაუაზრებლად ვუთხარი, იმიტომ რომ ვინმესთან ლაპარაკი მინდოდა.
ადამიანი თუ ადამიანის მსგავსი არსება გაკვირვებული მიყურებდა. მე არ ვაცალე პასუხის გაცემა და მეორე შეთავაზებაც შევაშველე: ორს კი არა, ას ლარს მოგცემ.
– სადაც მეტყვი, იქ წამოვალ, ათ ლარადაც კი, – დამთანხმდა დიდსულოვნად, – აქვე ერთი კარგი ადგილი ვიცი. ჩავსხდეთ, არც არავინ შეგვაწუხებს. ფეხით მივალთ უცებ.
მანქანიდან გადმოვედი და გავყევი. ნახევარსარდაფში ჩავედით. კანტი-კუნტად ისხდნენ, ოდნავ ბნელოდა და, რატომღაც, თვალები ამიჭრელდა.
– კუპე გვინდა და არავინ შეგვაწუხოს, – უთხრა მიმტანს ჩემმა მეგზურმა. მიმტანმა ამრეზით შემათვალიერა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემმა ჩაცმულობამ თავისი ქნა და თვალიერება რომ დაასრულა, თავაზიანადაც გაგვიძღვა წინ: აქეთ მობრძანდით.
ჩემი მეგზური სადღაც გაუჩინარდა. მიმტანმა პატარა ოთახში შემიყვანა, როცა დარწმუნდა, რომ მარტო დავრჩით, ამოიოხრა და ჩუმად თქვა: ისეთი კარგი ოჯახის შვილია ეს კოტე, მაგრამ რად გინდა?! რას დაემსგავსა… დედა რომ მოუკვდა 14 წლის იყო, მამამისმა მეორე ცოლი მოიყვანა, ეს ბებიასთან დარჩა. ის ამას რას დააკავებდა და აი, ასე წახდა. სამადლოდ თუ აჭმევს და დაალევინებს ვინმე… ძლივს ნორმალური ადამიანი არ ვნახე მის გვერდით?! რას მიირთმევთ?
– რაც კოტეს უნდა და ჯერ არაყი მოგვიტანე.
ამასობაში კოტეც შემოვიდა. უხერხულად გაიღიმა და ჩემ პირდაპირ დაჯდა. ყურადღება მისმა ხელებმა მიიქცია: თუმცა კანი უკვე გაუხეშებოდა, ჩამოთლილი თითები ჰქონდა, ქალისას უგავდა. შეამჩნია, რომ ვუყურები და თითები მომუჭა: დედაჩემს ფორტეპიანოზე დავყავდი. მძულდა, მაგრამ დედაჩემს უნდოდა, რომ პიანისტი გამოვსულიყავი. დედაჩემი რომ მომენატრება, ხანდახან ახლაც ვუკრავ ხოლმე… – და მაშინვე გაჩუმდა, ალბათ, გაახსენდა, ორ ლარს რომ დედის წამლისთვის მთხოვდა.
ისე გავერთე ჩემი თანამეინახის თვალიერებით, რომ ის სატელეფონო ზარიც კი დამავიწყდა, თეოც და საკუთარი თავიც: დაჭმუჭნული პერანგი ეცვა, თუმცა ვერ იტყოდი, რომ ძალიან ჭუჭყიანი; სახეზე ჟანგისფერი ედო, ქუთუთოები ჩამოსიებოდა და თვალები ოდნავ ჩასისხლიანებოდა (ალბათ, უძილობისგან-მეთქი, რატომღაც, ასე გადავწყვიტე), ყელი წვრილი ჰქონდა და წინ გამოწეული, ალბათ, ჩიყვი ექნებოდა.  ხმას არ იღებდა და თითებს უხმაუროდ აკაკუნებდა მაგიდაზე. მიმტანმა არაყი შემოიტანა. კოტეს თვალები გაუბრწყინდა. ჩამოასხა: სამი ჭიქა ზედიზედ გადავკარი. ყურებში ჩამდგარი გუგუნი მიწყნარდა, თვალებიდან სიმძიმე მომეხსნა, მხრებში გავიშალე და სითბომ სადღაც მუცლისკენ შემიხიცინა. გავთბი და დავმშვიდდი.
– კიდევ დაასხი, – მხიარულად შევძახე.
– საჭმელი მიატანე, უცებ წაგაქცევს, – გამაფრთხილა კოტემ.
– მე ვეღარაფერი წამაქცევს, ჩემო კოტე, დაასხი. კაი ხანია, ოთხზე ვარ.
მორჩილად დამისხა. მე დავლიე. მეხუთე ჭიქის მერე ოთახი ცოტა შეტორტმანდა.
– საჭმელი მიაყოლე, – ვერც კი შევამჩნიე, რომ მაგიდა უკვე გაშლილი ეყო.
– კოტე, იცი, როგორი უბედური კაცი ვარ?! – შევჩივლე.
– არ გეტყობა, ძმაო, უბედურის არაფერი.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3