კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რატომ უწოდებს სანდრო ბრეგაძე საკუთარ ექიმს „ნასედკას“ და როგორ მოხვდა ის სინამდვილეში საავადმყოფოში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ცოტა ხნის წინ, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი – სანდრო ბრეგაძე მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში მოექცა. მართლა იყო თუ არა ის ცუდად, რეალურად რის გამო და როგორ მოხვდა საავადმყოფოში და რას ფიქრობს იმ ყველაფერზე, რის გამოც ხალხმა მისი ავადმყოფობა სიმულანტობად შეაფასა, პირადად მისგან შეიტყობთ.
– უარყოფითი რეაქცია გამოიწვია იმ ფორმამ, რა ფორმითაც რელიგიას იცავდით. გაბუნიას საქციელი თითქმის არავის გაუმართლებია, თუმცა თქვენი საქციელი უარესად დაგმეს.
– სამწუხაროდ, ბევრს „ქართული მარშის“ წევრები სასულიერო პირები ჰქონია, რომლებიც არ უნდა ბილწიტყვაობდნენ, სიგარეტს არ ეწეოდნენ და ადამიანებთან კონფლიქტში არ უნდა შედიოდნენ. პირადად მე, ლანძღვა-გინება არ მიყვარს და მას ჩემგან ვერავინ გაიგონებს. მაგრამ, თუნდაც, დღეს, პარლამენტის დეპუტატებმა ერთმანეთს დედა აგინეს და ცხვირ-პირი დაამტვრიეს.
– გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ ისინი მართლმადიდებლობის სახელით არ საუბრობენ.
– მართმადიდებლობის სახელით არც ჩვენ ვსაუბრობდით. ჩვენ ვართ პოლიტიკური ჯგუფი. წმიდანები არ ვართ და ყველას გვაქვს ჩვენი გადაცდომებიც და შეცდომებიც. მაგრამ პარლამენტარს უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე 18-20 წლის ახალგაზრდას. როცა თავად ხელისუფლების პირველი პირები ბილწსიტყვაობენ, არა მგონია, განსაკუთრებულად გასაკიცხი იყოს ოცი წლის სტუდენტის ემოცია, როცა ის თავისი სარწმუნოების მაგინებელს მიაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ არის კარგი, მაგრამ ვიმეორებ, „ქართული მარში“ პოლიტიკური ორგანიზაციაა და წმიდანებივით ნურავინ შემოგვხედავს. ამას წინათ ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც თუ არ ვცდები, გვარად შაფათავა არის (იუნა შაფათავა – ავტორი) დაწერა, რომ მარშის ორ წევრთან რაღაც ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე ერთი ამბავი ატყდა, როგორ ჰქონდათ ამ ქალბატონთან ურთიერთობაო. მარშში არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც შეუძლიათ, კავშირი ჰქონდეთ შაფათავასთანაც და ნებისმიერ სხვასთანაც და რატომ უნდა იყოს ეს აღშფოთების საგანი?
– პროტესტი თავიდანვე ამ ფორმით იყო დაგეგმილი?
– კაციშვილმა არ იცოდა, რომ იქ გაბუნია შეეჯახებოდა ჩვენს ახალგაზრდებს. ეს შემთხვევით მოხდა. გაბუნიამ შეიძლება, იცოდა და სპეციალურადაც მოაწყო პროვოკაცია.
– თუმცა, „რუსთავი 2-ის“ წინ გაბუნიას გამოჩენა რთული წარმოსადგენი არ იქნებოდა.
– გაბუნია არ იყო იმ აქციების მიზანი, ამ არხს უნდა მოეხადა ბოდიში რელიგიური შეურაცხყოფისთვის. აქ გაბუნიაზე კი არა, ტელევიზიის პოლიტიკაზეა საუბარი. მათ მთელი ქრისტიანული მრევლი დუელში გამოიწვიეს და თავს ლაფი დაასხეს. ერთი ვერსიით, გაბუნია სპეციალურად გამოვიდა მომიტინგეებთან კონფლიქტის პროვოცირებისთვის. ხოლო მეორე ვერსიით, ყველაფერი შემთხვევით მოხდა.
– შევაფასოთ. იყო პროტესტის ეს ფორმა შეცდომა? წეღან თქვით ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და შეიძლება, შეცდომა მოგვივიდესო.
– პირადად მე რომ იქ ვყოფილიყავი, სიტუაცია ბევრად უფრო განეიტრალებული იქნებოდა. ამას ჩემი პოლიტიკური გამოცდილებით მოვახერხებდი. მაგრამ პირდაპირ ვთქვათ, რომ იქ ძალადობა არ ყოფილა. გაბუნიას მანქანას „რუსთავი 2-ის“ დაცვის წევრები აყირავებენ და ჩვენ ამის დამადასტურებელი ფოტოებიც გვაქვს. ესენი არიან კიკინიანი და საყურიანი ადამიანები. კიკინიანი და საყურიანი მარშელი რომ არ არსებობს ამაში, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
– ამ ფაქტიდან ძალიან მალე გავრცელდა განცხადება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ითქვა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ სასტიკად გცემეს სამართალდამცველებმა და ამ მიზეზით აღმოჩნდით საავადმყოფოში. შემდეგ კი ექიმმა განაცხადა, რომ სინამდვილეში, არაფერი გაწუხებდათ და იქ საკუთარი სურვილით მიხვედით. ყველაფერი თქვენ მიერ მოწყობილ სიმულაციად შეაფასეს, რა და როგორ იყო სინამდვილეში?
– ამათი მიზანი არა მხოლოდ ჩვენი დაპატიმრება, არამედ ჩვენი დისკრედიტაცია იყო. ის ექიმები, რომლებმაც ჰიპოკრატეს ფიცი დაარღვიეს და ტელეეთერში აკეთებდნენ განცხადებებს, არიან ჩვეულებრივი „ნასედკები“. ერთ-ერთის მეუღლე პოლიციის მაღალჩინოსანი გახლავთ, რომელიც რამდენადაც ვიცი, რამდენიმე დღეში დააწინაურეს. რეალურად, მე პოლიციამ აბსოლუტურად უკანონოდ მომიტაცა დიღმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რაც ჩვენი თანამებრძოლების დაპატიმრებას მოჰყვა. ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და ყველანაირი სტატუსის გარეშე, ბანდიტურად მომიტაცეს, ჩამსვეს მანქანაში და წამართვეს ტელეფონი. მატარეს თბილისის ფართო ქუჩებში და შემდგომ გადამიყვანეს საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც შემიყვანეს ოთახში და ორი საათი აბსულუტურად უკანანოდ დამაყოვნეს. არც პასუხს მცემდნენ და ადვოკატთან ურთიერთობაც ამიკრძალეს. როცა რამდენჯერმე ოთახის დატოვება ვცადე, ჭიდაობა დამიწყეს. დივანზე დამაგდეს და მითხრეს, რომ ვერსად წავიდოდი. ამ ჭიდაობაში და ფიზიკურ ძალადობაში გული წამივიდა. ძნელია, რამდენიმე ფიზიკურად ძლიერ ადამიანს ეჭიდავო.
– მხოლოდ ამის გამო თუ ისედაც გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები?
– ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, მაგრამ გული წამივიდა და როგორც შემდგომში სასწრაფოს ექიმმა მითხრა, კრუნჩხვა მქონდა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვეგდე ძირს, მაგრამ პოლიციელები ექიმს არ იძახებდნენ. ვიდეოკამერით მიღებდნენ და ეს ჩანაწერი, ალბათ, გააქრეს. გონს რომ მოვედი, ძირს ვიწექი და პოლიციელები თავზე მადგნენ. ერთი ამბობდა, ექიმი გამოვიძახოთ, თორემ რამე რომ დაემართოს, ჩვენი საქმე ცუდად იქნებაო. რაზეც მეორემ უპასუხა, რომ ზარს ელოდა. ჩემს მეგობრებსა და ადვოკატს, დაუვლიათ რამდენიმე პოლიციის განყოფილება და დაახლოებით, სამი საათის შემდეგ იქ მომაგნეს. ჩემმა ადვოკატმა, ქალბატონმა ცირა ჯავახიშვილმა, ფაქტობრივად, შემოანგრია კარი და ისე შემოვიდა იმ ოთახში. როცა ადვოკატმა სერიოზული ამბავი ატეხა, იძულებულები გახდნენ, სასწრაფო გამოეძახათ. მიუხედავად იმისა, ექიმი ეუბნებოდა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო და ის ჩემს სიცოცხლეზე პასუხისმგებელი ვერ გახდებოდა, ერთი საათის განმავლობაში ჩემს თავს არ ატანდნენ. მერე იძულებულები გახდნენ, რომ საავადმყოფოში გადავეყვანე. არც ეჭვმიტანილი ვიყავი და არც ბრალდებული, მაგრამ ის დღე-ნახევარი, რომელიც საავადმყოფოში გავატარე, თავზე ბადრაგი მადგა. ცინიკურად მეუბნებოდნენ, რომ ჩემზე თავდასხმა იყო მოსალოდნელი და იქ ყოფნით ჩემივე უსაფრთხოებას იცავდნენ. მერე მიხვდნენ, რომ ამ ამბავს აჟიოტაჟი მოჰყვებოდა და როგორც ჩემთვის ხელისუფლების კულუარებიდან გახდა ცნობილი, ჩემი კომპრომეტირება გადაწყვიტეს. ამიტომ „დაავერბორკეს“ ჩემი, ეგრეთ წოდებული, „ექიმი“, რომელიც სინამდვილეში, ჩვეულებრივი ავაზაკია და აბსოლუტურად ყველა კანონი დაარღვია. ამ დროს, პარალელურ რეჟიმში, სახელმწიფო კანცელარიიდან ქალბატონი ნინო შუბლაძე პირადად ხელმძღვანელობდა ჩემზე კარიკატურების გავრცელებას.
– კი ბატონო, მთელმა ერმა თქვენზე ისწავლა ფოტოშოპი.
– ეს შემთხვევითი მოვლენა კი არა, დაგეგმილი აქტი იყო, რომელიც სერიოზულმა ჯგუფმა განახორციელა.
– თუმცა ფოტო რომ გავრცელდა და მასზე გარეგნული დაზიანება არ გეტყობოდათ, ამ ფონზე კომენტარი – „პოლიციის მხრიდან სასტიკად ნაწამები“ – გახდა ქილიკის მიზეზი. წამებაში რაც იგულისხმება ახლა კი დეტალურად მოყევით, მაგრამ ხალხმა მაშინ ეს პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო.
– წამებაში, შეიძლება, ხანჯლის გარჭობა ან შანთით ამოწვა ვიგულისხმოთ, მაგრამ ეს შუა საუკუნეებში ხდებოდა. დღეს არსებობს წამების თანამედროვე მეთოდები, რომელზეც მოგიყევით.
– გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დღეების განმავლობაში ეს ყველასთვის სახალისო თემად იქცა.
– როცა ქრისტიანობის გამო უდანაშაულოდ ექვსი ახალგაზრდაა დაპატიმრებული, როცა იმ დღეებში ქართველი გმირის – ტატუნაშვილის, ცხედარს არ გვაძლევდნენ, ამ დროს კი სახლმწიფო და ხალხი კარიკატურების კეთებითაა დაკავებული, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის ავადმყოფი საზოგადოება. იმის მაგივრად, რომ ტატუნაშვილის საქმე მოეგვარებინა, ხელისუფლება სანდრო ბრეგაძის წინააღმდეგ მიმართული პიარკამპანიით იყო დაკავებული. ამ კამპანიას კაცმანი მეთაურობდა, ის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პიარტექნოლოგი და ჯორჯ სოროსის მეგობარია. მიატოვეს ტატუნაშვილის, ბიჭების პატიმრობის ამბავი და მთელი სახელმწიფო მანქანა ჩემ წინააღმდეგ მომართეს.
– ფიქრობთ, რომ თქვენ იმდენად დიდი საფრთხის შემცველი ხართ, ყველაფერი გააჩერეს და თქვენი დისკრედიტაციისკენ მოიმართნენ?

– სადმე გინახავთ, რომ გინებისთვის რვა ადამიანს აკავებდნენ, მათ შორის პირველი ჯგუფის ინვალიდს?! მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არ ვართ ამხელა საშიშროება, მაგრამ ვიღაცამ იფიქრა, რომ ჩვენი განადგურება შესანიშნავი გზა იქნებოდა იმისთვის, რომ ქვეყნის პირველი პირი გამხდარიყო. იმ დროს კვირიკაშვილის სავარძლისთვის მიმდინარეობდა ბრძოლა. ვიღაცამ შეიძლება, ჩათვალა, რომ „ქართული მარშის“ გამანადგურებელი, თეთრ ცხენზე ამხედრებული მშვენივრად ჩაჯდებოდა კვირიკაშვილის სავარძელში. არადა, წესით, ხელისუფლებისთვის, თუ ის ანტიქართულ საქმეს არ აკეთებს, დიდ საშიშროებას არ უნდა წარმოვადგენდეთ. ბევრად უფრო დიდი საშიშროება ვართ მამათმავლებისთვის, ეკლესიის მტრებისთვის, მაგრამ ხელისუფლების დამხობა ჩვენი მიზანი არაა.
– როცა საზოგადოებას დაავადებულს უწოდებთ, მე მათი პოზიციიდან გიპასუხებთ, ვისაც თქვენი სიმართლის არ სჯერა. თუ თქვენ ეუბნებით, რომ ტატუნაშვილის ფონზე ბრეგაძეზე ხუმრობისთვის მოიცალეს, ისინი გიპასუხებენ, რომ არ სჯერათ თქვენი სიმართლის და ჰგონიათ, რომ აფერისტობდით. ამ შემთხვევაში თქვენ უარესი გამოდიხართ, როცა, ტატუნაშვილის ფონზე, ასეთი რამ გაითამაშეთო – ამას აუცილებლად გეტყვიან.
– ჰო, მაგრამ ქვეყანაში პირველი თემა სანდრო ბრეგაძე არ უნდა ყოფილიყო, მე ამაზე მაქვს საუბარი. მათ ეს თემა საკუთარი უნიათობის გადასაფარადაც გამოიყენეს. ყველა „ქართული მარშით“ და მისი ლიდერის საავადმყოფოში წოლა-არწოლით იყო დაინტერესებული, რაც როგორც გითხარით, კაცმანმა მოაწყო. ვინც ამას ამბობს, რომ „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ ჩვენი პროტესტის ფორმა არ მოეწონა, უკეთესი პასუხი მან მოსთხოვოს. ჩემმა მეგობრებმაც მითხრეს, სანდრო, კარგია, რომ პროტესტი გამოთქვით, მაგრამ გინების გარეშე გაგეპროტესტებინათო. მე მათ ვუპასუხე, მოდი, შენ გააკეთე უკეთესად-მეთქი. იქ რომ „ქართული მარშის“ ახალგაზრდები არ მისულიყვნენ და ციხეში არ ჩამჯდარიყვნენ, „რუსთავი 2-ი“ ბოდიშს არ მოიხდიდა. მარშის თავგანწირულმა ახალგაზრდებმა უფალი ჩვენის, იესო ქრისტეს შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოახდევინეს „რუსთავი 2-ს“ და დააჩოქეს გვარამია. გააკეთეს ის, რაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. მე ხელისუფლებას მივმართავ, რომ 18 წლის ბიჭებს თავი დაანებონ და თუ ვინმეს დაპატიმრება უნდათ, მე და სხვა უფროსი მარშელები დაგვიჭირონ, ციხის არავის ეშინია.
– თუმცა, როცა თქვეს, რომ ავადმყოფობა მოიგონეთ, ამის მიზეზის ერთ ვერსიად, სწორედ, ციხისთვის თავის არიდებამ გაიჟღერა.
– როგორ უნდა აარიდო ციხეს თავი?! ამას ვერანაირად ვერ გააკეთებ. ხმამაღლა ვამბობ, დამიჭირონ და არც გირაოს და არც სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ მოვითხოვ. როცა ჩემი ძმები ციხეში არიან, ჩემთვის გარეთ ყოფნა ტანჯვაა.
скачать dle 11.3