კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ისტორია ოცდამეთვრამეტე
თეოს გასაჭირი
(მოქმედი პირები:
ისევ თეო და ისევ ზურა)

მაგრამ აშკარად ჯობდა, თეოს სიტყვა არც არასდროს მოესმინა. ამას არ ელოდა ზურა.  ის ამას არ იმსახურებს! მაგრამ, ეტყობა, თეო ასე სულაც არ ფიქრობს.
და რას ფიქრობს თეო?! რატომ ცრის კბილებში ასეთ სასტიკ და გესლიან წინადადებებს, რატომ უელავს ალქაჯივით თვალები და, საერთოდაც, რას ჰგავს მისი საქციელი?! განა თეოს არ უყვარს ზურა? განა თეო არ იქნებოდა ბედნიერი, რომ ზურას მისთვის ცოლობა ეთხოვა?!
და აი, აქ იხსნება ის კვანძი, რასაც ამ წუთებში ვერ ხსნის ვერც თეო და ვერც ზურა. გავა რამდენიმე დღე და თეო მიხვდება, თუ რამ გაამწარა ასე. თეო დეტალურად აღიდგენს იმ სცენას. საყვარლის სახეს, სიტყვებს, შეგრძნებებს გააცოცხლებს და მიხვდება – ზურამ არც ამჯერად სთხოვა მას ცოლობა! ზურამ მხოლოდ თავშესაფარი სთხოვა... ამას კი ვერ აიტანდა და ვერც გადახარშავდა. ეს არ იყო ის, რასაც თეო ელოდებოდა. ეს არც რომანტიკული სიყვარულის ჩარჩოში ჯდებოდა და არც არანაირში. ეს, უბრალოდ, არ იყო სიყვარული. ამის გააზრება ისეთ ტკივილს აყენებდა, ისე ამწარებდა, რომ ახლაც უკვირს, როგორ არ უთავაზა ამ უტიფარ სახეში რამე მძიმე და ბასრი. რომ ზურასაც სტკენოდა და იქნებ, გონს მოგებოდა, რომ... თუმცა არა... თეო იძულებული იყო, ეღიარებინა, რომ ზურა არასდროს იყო თეოზე მზრუნველი და დიდად არც ფიქრობდა იმაზე, თუ რას მოელოდა მისგან საყვარელი ქალი. სამაგიეროდ, დაწვრილებით იცოდა ლანას სურვილები, მოლოდინები და მოვალეობები! ლანას აგარაკზე წაყვანის დრო, ჩამოყვანის საათიც კი. ბავშვების წრეები და საფასური, მასწავლებლების შერჩევა და პატივისცემაც კი ზურაზე იყო. ზურამ იცოდა და ახსოვდა, როდის ჰქონდათ  ლანას მშობლებს ოქროს ქორწილი და რა ფერის ყლინჯი უნდა ჰკეთებოდა სიმამრს ბანკეტზე... ყლინჯია ზუსტადაც! – თეოს უნებურად გაეღიმა ამ უცნაურ ქართულ სიტყვაზე. სამაგიეროდ, მოგონებები ნაკლებად სასაცილო დასტას აფრიალებდა მისი გულისა და გონების ეკრანზეც. თეო იხსენებდა თითოეულ წელიწადს, თითოეულ თვეს და, ფაქტობრივად, თითოეულ დღეს, რომელიც  კი ზურას მოლოდინსა და ფიქრში გაატარა. იხსენებდა გაცრუებულ იმედებს, ატკიებულ სულს, შეურაცხყოფილ თავმოყვარეობას. ხელახლა სწყინდა დამალობანას თამაშები, სირცხვილები, დანაშაულები... თეო ხომ სულ დამნაშავის როლში დადიოდა. ზურას ოჯახის წინაშეც დამნაშავედ გრძნობდა თავს, საკუთარი ოჯახისაც რცხვენოდა, სამეგობროს უმალავდა და საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა, რომ მხოლოდ საყვარელია და არასოდეს იქნება ცოლი...
და ახლა, როცა წლების შემდეგ, რატომღაც –  აი, ეს მიზეზი დარჩა თეოს ამოუცნობი! – ზურამ პატივი დასდო და გადაწყვიტა, რომ ლანას ტოვებს და თეო უნდა, მაინც ჩაისვარა! მაინც ისე მოიხერხა, რომ თეო ისევ მოტყუებული დატოვა. უფრო ზუსტად – შეურაცხყოფილი! ზურამ თეოს მთავარი სიტყვა არ გააგონა, სხვა დანარჩენი კი უკვე დაგვიანებული იყო. ამიტომაც გადაირია თეო მაშინ, ფიკუს ბენჯამენის ჩრდილქვეშეთში. ამიტომაც ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ აშლილ ხასიათსა და ნერვებს. ამიტომაც მთელი გესლი და სიმწარე დაანთხია ზურას. ის კი იჯდა გაოგნებული, მოულოდნელობისგან დაპატარავებული, მხრებში უარესად მოხრილი და თავჩაქინდრული.
თეო არ ზოგავდა! რა აღარ უთხრა! ღმერთო, სად პოულობდა ასეთ სიტყვებს, ასეთ მწარესა და დაუნდობელს!.. სრულად გაასწორა მიწასთან, ახადა ნამუსი, წაშალა და მერე მიწა მიაყარა...
ზურა ხმას არ იღებდა და ეს უარესად ახელებდა ქალს! ქანქარას ისე ჰყავდა აწეულ-ატაცებული, ვერანაირი ძალა ვეღარ შეაჩერებდა, სანამ სრულად არ დაიცლებოდა და ქანცგაწყვეტილი არ მოდუნდებოდა. ასეც მოხდა. ბოლო სიტყვა უკვე ჩურჩულზე გადასულმა გამოცრა:
– მძულხარ! და არც არასდროს მყვარებიხარ...
– თეო...
– არც ჩემი სახელი ახსენო. დაბრუნდი, საიდანაც მოსულხარ. მე უხერხემლო კაცი არაფერში მჭირდება...
აი, ეს წინადადება ჩარჩა მეხსიერებაში, სხვა თითქოს არც არაფერი ახსენდებოდა. ისევე, როგორც ვერ იხსენებდა ასეთი გაავებისა და გადარევის მიზეზს. ისე ადგა და წავიდა ზურა, რომ თავი არც აუწევია. თეო კიდევ ცოტა ხანს იჯდა, ცხელი შოკოლადი ცივად დალია და მაგიდაზე ფული დააგდო, ოფიციანტსაც არ დაელოდა, ისე გავიდა სიბნელემოხვეული ქალაქის სინოტივესა და სიმარტოვეში.
სამაგიეროდ, ამ ბოლო წინადადებამ არიადნას ძაფივით გაიყვანა ლაბირინთის დასაწყისში. თეომ მანამ იმეორა – „დაბრუნდი, საიდანაც მოსულხარ. მე უხერხემლო კაცი არაფერში მჭირდება...“, სანამ არ გაუნათდა. სანამ არ გაერკვა საკუთარ ემოციებსა და სურვილებში. თეო ამ წლების განმავლობაში ერთადერთ რამეზე ოცნებობდა, თურმე. თეოს ერთადერთი სურვილი არ აძლევდა გახარებისა და სიმშვიდის შეგრძნებასა და უფლებას. თეოს სურდა, რომ ზურას ეღიარებინა მისი ფასეულობა, აერჩია თეო და ლანაზე წინ დაეყენებინა... ახლა თეო ამ განცდის აბსურდულობას მთელი სიცხადით შეიგრძნობდა. მაგრამ მაშინ... ჰო, მთელი ეს წლები და განსაკუთრებულად ბოლო რამდენიმე – თეოს იდეაფიქსად ექცა ზურას ცოლობა. თეოს ამისთვის აუცილებლად უნდა მიეღწია, რომ საკუთარი შელახული თავმოყვარეობა დაეამებინა. ის ერთხელ უკვე მიატოვეს! სხვა ქალი მოიყვანა მისმა საქმრომ ცოლად... ახლა სხვა ქალს არ ტოვებდა მისი საყვარელი მამაკაცი და იმ სხვას უწოდებდა ცოლს და არა – თეოს!
აი, სად იყო ძაღლის თავი და მთელი ტანფეხიც დამარხული! აი, რა სურდა თეოს ზურასგან – აღიარება, რომ ისიც ღირსია, იყოს ცოლი...
ზურამ კი მხოლოდ ის მოიხერხა, რომ ლანასგან წამოვიდა და  მასთან გადმოვიდეს უნდა...
ანუ მხოლოდ ჭერის შეცვლა გადაწყვიტა და არა ცოლის შერთვა...
თეომ ამოხსნა საკუთარი გაავების მიზეზი, სამაგიეროდ, ამას ვერ მიხვდებოდა ზურა. მაგრამ ახლა ეს არ ედარდებოდა თეოს. თეოს სხვა საფიქრალი გაუჩნდა – უყვარს კი ზურა?! უნდა კი მისი ცოლი ერქვას? და რა უნდა გააკეთოს ამ ყველაფრის შემდეგ, რომ მომავალი კვლავაც სანანებელი არ გაუხდეს.  ისეთივე სანანებელი, როგორიც წარსული?!

დასაქორწინებელი ოტელო
(მოქმედი პირები: ლაშა და ეკა)
ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, მე და ის ნაბიჭვარი ვაჟა მაინც გადავიკვეთებოდით. მაგრამ ის შალვა საიდან იცნობს, ნეტავ?! ფიქრები სატელეფონო ზარმა გამაწყვეტინა.
– გისმენ, ნოდარ… კი, სეიფი მაქვს… დოკუმენტები იყო… არაფერი მნიშვნელოვანი. შევამოწმებ. გმადლობ…
ეკა ხმას არ იღებდა და ისევ იქ იდგა.
– რატომ არ შემოდიხარ? ბოდიში, რომ ამას მოუსმინე. ვერ გაგატრიალე უკან.
– ჯობდა, სერთოდ არ შემოგეშვი.
– მეც მოვისმინე, სხვათა შორის, უფრო უარესი! და თან, მე…
– კაცი ხარ, ხომ?! კაი ერთი?! მოდი, მე წავალ. მგონი, ჩვენ არაფერი გამოგვივა მაინც და, ასე ჯობია.
– რას ჰქვია, წახვალ?! რატომ წახვალ?! – და მისკენ წავედი, მაგრამ ხელის მოძრაობით გამაჩერა: არ გინდა! არაფერი მოგივა, კიდევ იპოვი ვინმეს ამნაირს ან ჩემნაირს. რაღაც არ მომწონს, ინტუიცია მეუბნება, რომ ცუდად დამთავრდება ეს ამბავი.
– შენნაირს ვერ ვიპოვი. ამნაირი უკვე მყავდა და აღარ მინდა, არც სხვანაირი მინდა, რომ მინდოდეს, ვიპოვიდი. პირველივე წინააღმდეგობაზე გარბიხარ? ან ეს რა წინააღმდეგობაა?! არ იცოდი?! რამე ახალი გაიგე?!
– ჰო, ვიცოდი და ახლა რა ვქნა, მეც მაგიდაზე გარტყმევინო თავი?!
– მე შენთვის თავი არ მირტყმევინებია, მაგრამ, თუ მოგეშვება, მარტყმევინე.
– იმასთან მიეჩვიე სულ ამ ტალღაზე ყოფნას?
– არა, შენთან.
– მაცოფებ.
– შენ თვითონ იცოფებ თავს ამ სისულელეებით.
– მეც ასე გამიძახებ გარეთ, როდესაც მოგბეზრდები?!
– დაუჯერე?! აგაგდო, ესე იგი?!
– არა, ლოგიკურად მეჩვენა. შეიძლება, როგორც ფინთ გოიმს.
– ართულებ, ძალიან... რა მოგივა, რომ უბრალოდ იყო ჩემ გვერდით. უბრალოდ იყო და მენდო. მე და არა ვინმე სხვას. შენც ეს არ მითხარი?! ჰოდა, მე გიჯერებ. შენთან მინდა! კარგად ვარ შენთან! და, ბოლოს და ბოლოს, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. მეც არ მომწონს, ასე რომ გავხდი შენზე დამოკიდებული; არ მომწონს, რომ სულ თავს გაწონებ. შენ რომ არა, შუაზე გავგლეჯდი და ციხეში ვუკრავდი თავს, არც კი დავფიქრდებოდი ან დავასახიჩრებინებდი. ეს ვეღარ გავაკეთე. ვერ გავაკეთე შენ გამო. სრული იდიოტივით ვიდექი და ვუსმენდი, როგორ მაქაქავდა თავზე და როგორ გაყენებდა შეურაცხყოფას! რატომ იცი?! იმიტომ რომ შენ არ მოგეწონებოდა, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი. შენ არ მოგეწონებოდი!
– მე კი არა, შენს თავს შენვე უნდა მოეწონო. ისე, მე არა, შენ მოგაყენა შეურაცხყოფა და დაიმსახურე, იმიტომ რომ ამის ქმარი იყავი!
– კაი, ბატონო, დავიმსახურე და მივიღე კიდეც!
– ის ვერ გავიგე, მე რის სამაგიეროს ვიღებ?!
– ვერ გრძნობ, როგორი დამოკიდებულება მაქვს შენდამი? შანსი არაა, შენ ამას ვერ გრძნობდე.
– რაღაც ვერ ვარ ჩემს ტყავში. ეს ქალი ყველაფერს იკადრებს და მაკადრებს.
– ფეხებს ვერ მოგჭამს!.. თუ შენ, რა, ფიქრობ, ის ნაბიჭვარი კაცი მომერევა?! არ გინდა, მომიყვე, რა ხდებოდა თქვენ შორის? და საერთოდ, შენზე მომიყვე?
– არა, არ მინდა და არც შენ გინდა ამის მოსმენა და, თან, არაფერიც არ ხდებოდა.
– უნდა მენდო და ჩემთან უნდა იყო... და ჩემთან უნდა გადმოხვიდე აქ.
– ვერა, ხომ იცი, რომ ვერა.
– რატომ ვერა?! ვის უწევ ანგარიშს? ვინმეს აზრი გაინტერესებს თუ რა ხდება?! როდის მერე უსმენ სხვებს?
– შენ რა იცი, მე ვის რას ვუსმენ? ეს სერიოზული ამბავია, ასე უცებ…
– ანუ უცებ დაწვები ჩემთან და ეს არ არის სერიოზული ამბავი, ამაზე საერთოდ არ იფიქრებ ერთ წუთსაც კი, მაგრამ უნდა იფიქრო, გადმოხვიდე თუ არა ჩემთან.
– ჰო, მე არ გიცნობ შენ, არც შენ მიცნობ მე. ჯერ გავიცნოთ ერთმანეთი…
– მეტი რაღა უნდა გაგიცნო?! მაშაყირებ?! მე მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა, გიცნობ! სულ გიცნობდი.
– და რა გავაკეთო?! შენი დანამატი ვიყო?! დაგხვდე ეროტიკულ თეთრეულში და დილამდე შეუსვენებლად ვიჟიმაოთ?!
– თუნდაც. ცუდია?
– ეს მარაზმივითაა. მანიაკები ხომ არ ვართ?! თან, ამას სხვადასხვა სახლებში ცხოვრების შემთხვევაშიც გავაკეთებთ, სანამ რომელიმეს არ მობეზრდება.
– მე არ მომბეზრდება. ანუ, შენ მოგბეზრდები?
– არ ვიცი და არც შენ იცი. უცებ არაფერი ვარგა. ასე სწრაფად... თან, არ მომწონს, ჩემთან რომ დაწექი, წინა დღეს, ალბათ, ამასთან იწექი... ეს უნდა მოვინელო.
– ასეთივე ალბათობაა, რომ შენც იმავენაირ ამბავში იყავი, არა?!
– არა, მე იგივენაირი არ მქონია...
– არ მაინტერესებს ეს თემა... წამო, დედაშენი გამაცანი.
– ჯერ ადრეა. რატომ ჩქარობ?! და რომ არ გავიცნოთ ერთმანეთის არავინ, არ შეიძლება?!
– როგორც გინდა. მანდ რატომ დგახარ? ლანას ვეტყვი, რამე მოიფიქროს. არ წახვიდე და ჩვენ ამასობაში უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. გინდა, დავწვეთ და რამე ფილმს ვუყუროთ ერთად.
– არა, მულტფილმს ვუყუროთ, ჯობია. ლაშა, რა დროს დაწოლა და ფილმია?!
– და რა უდროობაა?
– არა, მოდი, ასე გავაკეთოთ: მე ახლა წავალ. თუ ზუსტად იცი, რომ ჩემთან გინდა, ორ-სამ კვირას რა მნიშვნელობა აქვს, ხომ? თან, სულ სამი კვირაა, რაც... ვნახოთ, თუ გაძლებ, თუ გავძლებ, იქნებ ექსტრემის შეგრძნება მოგვწონს და ეს მართლა მხოლოდ თამაშია. გთხოვ, ასე მოვიქცეთ. შენ არ გაინტერესებს, გაიგო, მე გინდივარ თუ, უბრალოდ, გულს აყოლებ? შენ ხომ არ გინდა, რომ მაწყენინო? თუ მართლა მნიშვნელოვანი ვარ შენთვის, ახლა გამიშვი, გთხოვ და თუ მოსასვლელი ვარ, მაინც მოვალ, თუ მოსასვლელი ხარ, შენც აქ იქნები. გთხოვ. არ მინდა, შემეშალოს. ისედაც ცეტივით მოვიქეცი, არასერიოზულად. დრო დასაფიქრებლად კი არ მინდა, შესანელებლად, რომ ყველაფერი ხელოვნური აჩქარების გარეშე მოხდეს. კაი?
არ ვიცოდი, რა მეპასუხა: ვხვდებოდი, რომ ეკა მართალს ამბობდა და, რაც მთავარია, სულ არ მინდოდა, მას გული სტკენოდა. მართლაც რომ გამსვლოდა მისდამი სურვილები?! თუმცა მე ამ აზრს არც კი ვუშვებდი.
– შენც ხომ იცი, რომ სიმართლეს ვამბობ? – თითქოს გაიგო ჩემი ფიქრები.
– კარგი და რომ დაგირეკო ხოლმე, შეიძლება?
– არა.
– რატომ?
– დაველოდები ხოლმე შენს ზარს და არ მინდა. ეს შენელება კი არა, გახელება გამოვა. – ეს მითხრა და გაეღიმა.
– და არავინ შეგაწუხებს სახლში?
– ისეთი არავინ მოვა ჩემს სახლში, გამორიცხულია, თუ მოვა, მართა იფრენს! და შენც არავის მომიჩენ! იცოდე, თუ მომიჩენ, არასდროს დავბრუნდები. მე თვითონ დაგირეკავ, ორი კვირა რომ გავა ან მეტი.
– კარგი. დამემშვიდობე მაინც. ჩამეხუტე.
ეკამ თავი გააქნია უარის ნიშნად, უხმოდ გატრიალდა და გავიდა.
მე ამ სახლში დარჩენა აღარ მინდოდა. ორი-სამი კვირა კი, წესით, უნდა მყოფნოდა საიმისოდ, რომ წინა ცხოვრების კუდები მომეშორებინა.
ჯერ ჩემი ბინის დაცვას დავურეკე და გავაფრთხილე, რომ ჩემ გარდა არავინ შეეშვათ; მერე კი – ჩემს დეტექტივს: ნოდარ, მანქანა აქ არის, კარგად შეამოწმეთ. ჩანაწერები გამომიგზავნეთ. თქვენ მიერ გაანალიზებული ინფოც მოაყოლეთ. იმ კაცის თვალთვალიც განაგრძეთ და, თან, ვინმე გაუშვი, ფული მიეცით და იმ ქალის კოორდინატები დაფქვას: ასე მირჩევნია. იმ ქალსაც უთვალთვალეთ და მასალები შეაგროვეთ. ჩემს ყოფილ ცოლსაც და პერიოდულად მომაწოდეთ ინფორმაცია... არა, იმ სეიფში არაფერი იყო მნიშვნელოვანი. ვინმე გამომიგზავნეთ, ჩემი ბინის გასაღებს მოგცემთ. მაინც დაათვალიერეთ.
ტვინში სიცარიელე ჩნდებოდა თუ არა, ეკაზე ვფიქრობდი. ისევ ტელეფონს დავწვდი და ჩემს დას დავურეკე.
– ლანა, უკვე შეგიძლია, მოხვიდე ხოლმე, როცა მოგინდება და მომილოცო: ისევ დასაქორწინებელი ვარ! ასე თუ გაგიხარდებოდა, ადრე ვიზამდი ამ საქმეს. კაი, მიყვარხარ. რამე ხომ არ გჭირდება? კაი... ჰო, ლანა, სათხოვარი მაქვს შენთან, ოღონდ ჩვენ შორის დარჩეს: ეკას მიაქციე ხოლმე ყურადღება, ვინ მივა, ვინ მოვა მასთან, ოღონდ არ შეგამჩნიოს არაფერი. როგორ იქნება... არა, არა, არ გვიჩხუბია. საქმეები მაქვს და ვერ მოვიცლი მისთვის.
ისევ ეკა გაბატონდა ჩემს ტვინში… ვიგრძენი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი. რა ეგოისტია, რატომ წავიდა?! ჩავეხუტებოდი და დავიძინებდი. არ უნდოდა და იწვეს მარტო. მის ლოგინს როგორი სურნელი ასდის. ძალიან კარგი – იმ ოთახში მე გავახსენდები და თუ სხვაც აუყვანია?! იმ ლოგინში სხვაც თუ იწვა?! ეს რომ გამეფიქრა, წამოვდექი. მერე ისევ დავჯექი და საკუთარ თავს ვუთხარი: ასე შენ გარეკავ! ვერ გამეგო, ან ქეთასთან თავს რატომ ვისულელებდი, ან ახლა ოტელო რატომ მემართებოდა?! ის ნაბიჭვარი კაცი რომ გამოჩნდეს, აი, შეიძლება, მოვკლა. თან – რომ დამემუქრა ეგ ახვარი! კაი გამახსენდა...
– ნოდარ, ისევ მე ვარ. ერთ ტიპზე მინდა ინფორმაცია. მის სუსტ წერტილებსა და წარსულზე. ოღონდ ფრთხილად. ჯერჯერობით მხოლოდ საჯარო ინფო და ჭორები. მადლობა.
როგორ ამირია ამ გოგომ ტვინი! სად წავიდა?! იქნებ, მართლაც, მოწყენილი ვარ და ეკასნაირი უსაფრთხო, გაწონასწორებული და დამოუკიდებელი ქალი მჭირდება, რომელიც დამატებით პრობლემებს არ შემიქმნის?! თუმცა, მეტი რაღა პრობლემა უნდა შემიქმნას?! ვზივარ და, მინიმუმ, ორი კვირა უნდა ველოდო! ვერც კი გავაჩერე! იმასაც ვერ ვახერხებ, სადმე წავიდე და მოვეშვა. სხეული მაინც დავასვენო! არა, მაინც როგორ დამტოვა?!
ტელეფონი ავიღე: ჯერ ასე პირში ჩალაგამოვლებული არავის დავუტოვებივარ! ჰოდა, არ ვაპირებ ჩალის ჭამას: ვისაც აჭმევდა, იმას აჭამოს! სატელეფონო წიგნში ნომრების ძებნა დავიწყე. უფრო თავს ვიმშვიდებდი, თორემ მე რომ არავისთან დამრეკავი ან წამსვლელი ვიყავი, თვითონაც კარგად ვიცოდი. ტელეფონი დავაგდე.
არა, შანსი არ აქვს! ახლავე მოვა! ან მე მივალ! წამოვდექი და ჩემმა ტელეფონმაც დარეკა: რა ხდება? რა გვამი? რომელ საწყობში? ვისი გვამი? მოიცა, გამოვდივარ. ადვოკატს დაურეკე. მოვიდეს სასწრაფოდ!

ისტორია ოცდამეცხრამეტე
შურისძიება
(მოქმედი პირები: ჯამლეთა და ბოზი მარინა)
ჯამლეთას ცემაზე მეტად ფულის დაკარგვა აწუხებდა. აი, სადღაც მეშვიდე გრძნობა ჰკარნახობდა, ამ ფულს დაემშვიდობეო, თორემ მეორე სასტავი უბრალოდ კი არ მიგბეგვავს, სისხლს გამოგიშვებსო! და არ იყო ჯამლეთა ის კაცი, სისხლი დაენთხია, თუნდაც, ფულის გამო. იოლი და უშრომელი უყვარდა ყველაფერი და ახლა კახპების ომში გმირულად დაცემა მის გეგმებში, სულაც, არ შედიოდა. მაგრამ აი, ლევანოსა და იმ (რა ერქვა?! კაცს რომ დუდუ ჰქვია, რა კაცობაზე უნდა ელაპარაკო?!) სირს კი უნდა გადაუხადოს სამაგიერო. მოიფიქრებს, აუცილებლად დაალაგებს სტრატეგიულ გეგმას და ისეთ ტაქტიკას შეიმუშავებს, თავბედი აწყევლინოს ორივეს. მოიცა და, რატომ ვითომ ორივეს?! გაცილებით მეტია ამ საქმეში მონაწილეც და დამნაშავეც. და რაც მთავარია – ყველაზე დიდი დანაშაული ვისაც მიუძღვის, აი, ის უნდა განადგურდეს! დიახ! ჯამლეთამ იცის, როგორც გადაიხდის ერთი და მარტივი მოქმედებით ყველას ვალს. აბა, რა ჰგონიათ? შერჩებათ? არა, ბიჭო, არ გამოვა ასე. მოხვიდე სხვის სახლში და ხელები იქნიო. თან – ოთხი ერთზე. ტარიელები, ბლ...დ.
ჯამლეთა გამოცოცხლდა. როგორც კი დამნაშავეთა წრე მოხაზა და მთავარი სამიზნეც გამოკვეთა, გულზე მოეშვა, თავმოყვარეობაც მიაწყნარა – ოთხნი იყვნენ და მე ერთიო. ფულზე ფიქრი კი აწუხებდა, მაგრამ გადაწყვიტა, ჯერ ერთ საქმეს მივხედავ და მერე მეორეს. მარინას უნდა ავადგე. სხვა გზა არ არის და ვნახოთ. იქნებ და, იქით დავაშანტაჟო...
ჯამლეთამ ჯიბის საიდუმლო ბლოკნოტი ამოიღო. „საიდუმლოს“ უწოდებდა, რადგან აქ ყველა მტერი და მომდურავი ჰყავდა ჩაწერილ-აღრიცხული. გვარები, ზედმეტი სახელები, ცოდვები, დანაშაულები, ტელეფონები და სხვა საინტერესო ინფო. ჯამლეტა არავის ივიწყებდა და რამდენიმე კაციც უკვე გადაეხაზა წიგნაკში წითელი ფანქრით, ზოგიც ლურჯად  და ზოგი კი შემოეხაზა. თან ძახილის ნიშანი დაესვა გვერდით. ასეთი ძახილისნიშნიანი ტელეფონი აირჩია, გასწვრივ – „თეოს საყვარელი, ზურიკელა“ – ეწერა. სახე დაებრიცა, ხელისგულები გაუოფლიანდა. ნომერი აკრიფა და ზარის გასვლას მიაყურადა. ცოტა ღელავდა. თუმცა წინდაწინ ზუსტად მიამზადა სიტყვები, ინტონაციაც და ფარული ნომერიც ჩადო ტელეფონში. ყველაფერი დეტალურად უნდა გათვალო, რომ კვალი არ დატოვო! ამას მარინა არაერთხელ უმეორებდა. და მართალია, დიდი თახსირი დიაცია, მაგრამ ტვინს ატოკებს, ვერაფერს იტყვი, ჰოდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3